ქეთი ჩხიკვაძე: “2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე ვმუშაობთ, რომლის ნაწილი უკვე გაიგზავნა მილანში”

ქეთი ჩხიკვაძე: “2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე ვმუშაობთ, რომლის ნაწილი უკვე გაიგზავნა მილანში”

12 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ დიზაინერი ქეთი ჩხიკვაძე სტუმრობდა, რომელმაც მოდურ ტენდენციებზე, გეგმებზე და ახალ, 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე ისაუბრა, რომლის ნაწილიც უკვე მილანში გაიგზავნა.

 

– ქეთი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს, მოდურ ტენდენციებს სწორედ ქართველი დიზაინერები განსაზღვრავენ. საინტერესოა, დღეს როგორ აფასებენ უცხოელი დიზაინერები ქართველი კოლეგების შემოქმედებას?

– ქართველი დიზაინერები მართლაც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ მოდის სამყაროში, რაც პირველ რიგში დემნა გვასალიას დამსახურებაა, თუმცა, არც ჩვენ ვაკლებთ მონდომებას. ინტერერესის ზრდასთან ერთად, ჩვენი პასუხისმგებლობაც იზრდება, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ სტილისა და ხარისხის დახვეწას.

– ახლა რა პროექტებზე მუშაობთ და როგორ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი?

– ახლა, 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე ვმუშაობთ, რომლის ნაწილი უკვე გაიგზავნა მილანში და ბაიერებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება. თვის ბოლოს პარიზში მივემგზავრები, სადაც ე.წ. private showroom-ს მოვაწყობ და საკუთარ კოლექციას წარმოვადგენ, რაც ვფიქრობ მეტად თამამი ნაბიჯია, რადგან საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, თუმცა წარმატების მიღწევა სხვაგვარად შეუძლებელია.

– რამდენადაც ვიცი, თბილისში ორი, ბათუმში კი, ერთი მაღაზია გაქვთ. რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი პროდუქცია ქართველი მომხმარებლისთვის?

– მართალია, ჩვენი პროდუქცია ძვირია, რადგან იძულებული ვართ, დავიცვათ მსოფლიო ნორმები და ყველა ქვეყანაში ერთნაირი ფასი შევინარჩუნოთ, მაგრამ მაინც გვყავს მყიდველი. ასე რომ, გარკვეული სირთულეების მიუხედავად, მაინც კმაყოფილი ვარ.

– რა განაპირობებს სირთულეებს?

– ალბათ, მსოფლიო კრიზისი, რადგან დღეს ყველა განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს კოლექციების შეძენისას.

– თქვენი აზრით, როგორ უნდა იმართებოდეს მოდის ბიზნესი, რათა სათანადოდ იქნას წარმოდგენილი მსოფლიო ბაზარზე?

– ჩვენი ბრენდი 10 წელია მსოფლიო ბაზარზეა წარმოდგენილი. გარკვეული გამოცდილება უკვე შევიძინე და სხვებთან შედარებით, უფრო თამამად შემიძლია ბარიერების და სირთულეების დაძლევა, რაშიც ერთგული კლიენტებიც მეხმარებიან, რომლებიც ყოველთვის ჩემს გვერდით არიან. ვფიქრობ, ბიზნესის სწორად მართვას ინტუიცია, სწორი გათლა და რა თქმა უნდა, დაუღალავი შრომაა სჭირდება.

– ვის რჩევას ითვალისწინებთ პირველ რიგში?

– ბიზნესზე მხოლოდ მეუღლესთან ვსაუბრობ და რჩევებსაც სწორედ მისგან ვღებულობ.

 მრავალწლიანი საქმიანობის ფონზე, საინტერესოა სად პოულობთ შთაგონებას და რა არის მთავარი მოტივაცია?

– ვფიქრობ, გაყიდული კოლექციები ყველაზე კარგი მოტივაციაა. ბედნიერი ვარ, როცა ჩემი ნამუშევრები გულწრფელად მოსწონთ და ეს გრძნობა ნებისმიერ შემოსავალზე ძვირფასია. მუშაობა და მუდმივად ახლის შექმნა შინაგანი მოთხოვნილებაა, რომლის გარეშე უბრალოდ ცხოვრება არ შემიძლია.

– თავად რა სტილის ტანსაცმელში გრძნობთ თავს კომფორტულად?

– ჩემთვის კომფორტული სადა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი საშუალო ქუსლზე და ძვირფასი აქსესუარია. სხვათაშორის, ბოლო დროს აქსესუარებს უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევ, ვიდრე ტანსაცმელს.

– თქვენი აზრით, როგორ უნდა გამოიყურებოდეს საქმიანი ქალი?

– ღონისძიებას გააჩნია. მოდურ ღონიძიებაზე, რა თქმა უნდა გემოვნებით უნდა ეცვას, ბიზნეს შეხვედრაზე კი, სადა, მუქი ფერის ტანსაცმელი, რათა ყურადრბის კონცენტრირება შეხვედრაზე, კონკრეტულ საკითხებზე მოხდეს.

– თავად რას აქცევთ ყურადღებას პირველ რიგში საქმიან შეხვედრაზე?

– რა თქმა უნდა, ვიზუალურ მხარეს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან გარკვეული გამოცდილების შეძენის შემდეგ, მხოლოდ იერითაც შეგიძლია განსაზღვრო, ვისთან გაქვს საქმე.

– რას აფასებთ ადამიანში?

– თავმდაბლობას და სისადავეს.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ძალიან სწრაფად, რაშიც პირველ რიგში ინტუიცია და გამოცდილება მეხმარება.

ბლიც-კითხვები:

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იმეორებთ დღის განმავლობაში?

– სამწუხაროდ, „ძალიან დავიღალე!“

– საყვარელი ფერი, რომელსაც კოლექციებშიც ხშირად იყენებთ?

– შავი.

– გაქვთ თუ არა სამაგიდო წიგნი?

– ძალიან ბევრი წიგნი მომწონს და ყოველთვის აქტიურად ვცდილობ გავეცნო სიახლეებს.

– სად ისვენებთ ყველაზე კარგად?

– სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– სახლი გამახსენდა და ჩემი პატარა მომენატრა.

– რა გაღიზიანებთ თანამედროვე მოდის სამყაროში და ვისი ნამუშევრები არ მოგწონთ?

– სიმართლე ვთქვა, არასდროს მიფიქრია. რაიმე თუ მომეწონა აუცილებლად ავღნიშნავ, სხვისი კრიტიკა კი, ძალიან არ მიყვარს.

– გაქვთ თუ არა საყვარელი კერძი?

– ძალიან მიყვარს მაკარონი ყველით.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– გულს თავისი ისრით.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– ვფიქრობ, მთავარი დაუღალავი შრომა, საქმის გულწრფელი სიყვარული და პატიოსნებაა.

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

13 თებერვალი, 2018

სხვა ჩანაწერები