ქეთი ფარესაშვილი და ლაშა ღლონტი სტუმრად გადაცემაში "არტ-FM" | Radio Fortuna - ოფიციალური ვებგვერდი

ქეთი ფარესაშვილი და ლაშა ღლონტი სტუმრად გადაცემაში „არტ-FM“

ქეთი ფარესაშვილი და ლაშა ღლონტი სტუმრად გადაცემაში „არტ-FM“

13 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ქეთი ფარესაშვილი და ლაშა ღლონტი სტუმრობდნენ ახალი სიმღერის პრემიერით.

– ლაშა, როგორ გაჩნდა სიმღერის შექმნის იდეა?

– ალბათ, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა საკუთარი სიმღერის ჩაწერის სურვილი უჩნდება. წლების წინ, როცა რომანტიკული გრძნობები მქონდა, ოჯახსა და მეუღლეზე ვიყავი შეყვარებული, ნანა ცინცაძის ტექსტზე შექმნილი დათო არჩვაძის სიმღერა „მონატრებიხარ ფიქრებს“ ჩავწერეთ, რომელმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. თითქმის 10 წლის და უამრავი კარგი სიმღერის შესრულების შემდეგ კი, უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში – შვილიშვილი შემეძინა. პატარას დაბადებამ ყველაფერი შეცვალა და მართალია, ცოტა ადრე გავხდი ბაბუა, რამაც ძალიან მანერვიულა, მაგრამ ეს იმდენად ფანტასტიკური გრძნობა აღმოჩნდა, დღესაც მიჭირს სიტყვებით გადმოცემა.  ყოველთვის ძალიან მომწონდა ჯანსუღ ჩარკვიანის არაჩვეულებრივ ტექსტზე შექმნილი მამუკა ჩარკვიანის სიმღერა „შენ რომ დიდი იქნები, მე რომ აღარ ვიქბნები“, რომელიც ბატონი ჯანსუღის შვილიშვილს ირმა გიგანს მიეძღვნა. სიმართლე ვთქვა, დიდხანს ვერ ვაცნობიერებდი რამდენად დიდი დატვირთვა ჰქონდა სიმღერას, შვილიშვილის შეძენასთან ერთად კი, მისი მუხტი თითქოს ჩემზეც გადმოვიდა. ჩვეულებრივ, მხოლოდ ჩემთვის დაწერილ სიმღერებს ვასრულებ, რადგან ძალიან არ მიყვარს სხვისი ნამღერის გამეორება, თუმცა ამჯერად ძალიან მომინდა მამუკას ამ სიმღერის შესრულება და მართალია, მას ვერ შევბედე, რადგან მეტად პირადული მომეჩვენა, მაგრამ ჩემს მეგობარს ეკა გამცემლიძეს გავუზიარე ჩემი სურვილები და როცა მამუკას თანხმობა მივიღე, სიხარულით ჩავწერე. ვფიქრობ, კარგად ნამუშევარი გამოვიდა, ერთ-ერთ არხზე უკვე შედგა პრემიერა, უზარმაზარი გამოხმაურება მოჰყვა და მსმენელმაც მოიწონა, რაც ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა, რადგან უამრავი ბრწყინვალე კომპოზიციის მიუხედავად, დღეს სწორედ მას ვთვლი ჩემს სიმღერად.

– ქეთი, ვალენტინობის ღამეს თქვენი კონცერტი გაიმართა, რომელიც რა თქმა უნდა, სიყვარულს მიეძღვნა,

– ვფიქრობ, სიყვარულს კონკრეტული თარიღი არ სჭირდება, რადგან სიყვარული ყველგან და ყოველთვისაა, თუმცა, ვალენტინობაზე შეყვარებულებს ერთმანეთისთვის სიურპრიზის გაკეთების, ჩვენ კი, მილოცვის განსაკუთრებული მიზეზი გვეძლევა.

– ლაშა, ხშირად მოგზაურობთ უცხოეთში. უახლოეს მომავალში სად გეგმავთ გასტროლებს?

– მართლაც ძალიან ბევრს ვმოგზაურობ. ყველა ქვეყნის ქართულ დიასაპორას კარგად ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ, თუმცა განსაკუთრებით საბერძნეთში მცხოვრები ქართველები მიყვარს. ქალბატონი ინგა ფალავანდიშვილის წყალობით, რომელიც აბსოლუტურად უანგაროდ და მხოლოდ დიდი სიყვარულით მართავს უცხოეთში ქართული სიმღერის ნამდვილ დღესასწაულს, უახლოეს მომავალში საბერძნეთს ვეწვევით და ამჯერად არა აკადემიურ, არამედ მსუბუქ, გასართობ კონცერტს მოვაწყობთ ერთ-ერთ კლუბ-რესტორანში, სადაც ქეთისთან ერთად ყველასთვის საყვარელ სიმღერებს შევასრულებ. გარდა ამისა, მარტის დასაწყისში რამდენიმე კონცერტს გავმართავ საქართველოს რეგიონებში.

– ქეთი, მორიგი დუეტის ჩაწერას ხომ არ აპირებთ ლაშასთან?

– ორი სიმღერა უკვე შერჩეული გვაქვს, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან ჯერ თავს შევიკავებ.

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

15 თებერვალი, 2018

სხვა ჩანაწერები