LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი თუთბერიძე: “ზოგჯერ განცდა მაქვს, რომ ჩემი პოსტებით უფრო მეტს ვამბობ, ვიდრე სტატიებით ან რეპორტაჟებით”

ბლოგი დაახლოებით 8 წლის წინ, სრულიად სპონტანურად შექმნა. ძირითადად ლიტერატურასა და სოციალურ თემებზე წერდა, ხშირად გენდერულ საკითხებზე. ბლოგზევე აქვეყნებდა საკუთარ ლექსებსა და თარგმანებს, რომელიც სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალებში იბეჭდებოდა. ამბობს, რომ თავიდან ერთობოდა. გადაცემის “ბლოგერები საუბრობენ” სტუმარია ქეთი თუთბერიძე.

 

-ეს ჩემი ე.წ. „ბლოგერობა“ სულ რაღაც ორი წელი გაგრძელდა, რეალურად სანამ მოქმედი ჟურნალისტი გავხდებოდი. ფაქტობრივად, ტელერეპორტიორობამ ჩემი და ბლოგის ურთიერთობას საბოლოო წერტილი დაუსვა. თუმცა რამდენიმე წელიწადში ბლოგების წერას კვლავ დავუბრუნდი, ამჯერად რადიკალურად განსხვავებული თემებით, ახალი მოსაზრებებით და შეიძლება ითქვას, სრულიად განსხვავებული მიზეზით, ვიდრე თავდაპირველად, როცა საკუთარ ბლოგზე პოსტების წერა დავიწყე. მიზეზი ბლოგების თავიდან წერისა იყო ჩემივე პროფესია. ვისაც საინფორმაციო სამსახურში ერთი თვე მაინც უმუშავია, მიხვდება, როგორ ეზღუდება ჟურნალისტს ჟურნალისტური ეთიკის ფარგლებშივე საკუთარი აზრების ღიად გამოხატვის საშუალება მასალის მომზადების პროცესში, მითუმეტეს, თუ მას რაღაცის ეპატაჟური ფორმით გამოხატვა სურს. საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოვდიოდი, პროფესიის შეცვლაზე არც მიფიქრია, თუმცა დაგროვილი ემოციებისა და სიტყვების სხვა მატერიად გარდაქმნა მინდოდა, შეიძლება ითქვას.

მერე დაემთხვა, რომ საინფორმაციო პორტალის Europe for Georgia / eugeorgia.info რედაქტორმა ბლოგის დაწერა შემომთავაზა ერთ-ერთ აქტუალურ საკითხზე. მას შემდეგ ვთანამშრომლობთ, როცა სათქმელი დამიგროვდება ხოლმე.

 

როგორია შენი ბლოგის მიზნობრივი აუდიტორია?

ყველა ბლოგერს, რა თქმა უნდა, ერთმანეთისგან განსხვავებული მიზნობრივი აუდიტორია ჰყავს. მე ვერაფრით ვუწოდებდი ჩემ თავს ბლოგერს, თუმცა ზოგჯერ განცდა მაქვს, რომ ჩემი პოსტებით უფრო მეტს ვამბობ, ვიდრე სტატიებით ან რეპორტაჟებით. შესაძლოა, ჩემ ბლოგს მათი მკითხველები, ვინც საკუთარ თავს ბლოგერებად მიიჩნევენ, ნაკლებად კითხულობენ თემატიკიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც მგონია, რომ გარკვეულ აუდიტორიამდე ჩემი სათქმელი აღწევს. ასე ვფიქრობ თუნდაც იმიტომ, რომ სიანფორმაციო პორტალის „ევროპა საქართველოსთვის“ (eugeorgia.info) მკითხველები, სადაც მე ვწერ, სწორედ ის ჯგუფია, რომელიც ქვეყნაში ვესტერნიზაციის პროცესით არის დაინტერესებული. ამ პორტალის მიზანიც სწორედ ესაა. შესაბამისად, მგონია, რომ ჩემი პოსტების მიზნობრივი აუდიტორია თავად ჟურნალისტები, პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი და საერთაშორისო პოლიტიკით დაინტერესებული პირები არიან. თუმცა საკმარისია ბლოგპოსტი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ან სოციალურ თემაზე დავწერო, ნახვების რაოდენობა თითქმის 4-ჯერ იზრდება. განსაკუთრებით მახსოვს, დიდი ინტერესი და არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია საყდრისის აფეთქების შესახებ დაწერილმა ბლოგმა.

 

ამბობს, რომ სტატიებისგან განსხვავებით, ბლოგის წერისას ბევრად თავისუფალია ყველანაირი შეზღუდვისგან, შეუძლია სუბიექტურად იმსჯელოს. ფიქრობს, რომ ბუნებრივია, როცა ვიღაცისთვის მისი ანალიზი მისაღებია, ვიღაცისთვის – არა. მიიჩნევს, რომ წერის პროცესში არაპოპულარული მოსაზრების გამოხატვამ ავტორი არ უნდა დააფრთხოს.

 

 

ბლოგს მიღმა…

ბლოგს მიღმა საკუთარ თავზე ალბათ არც ისე ცოტა რამ შეიძლება ითქვას და ამავდროულად, ძალიან ძნელია ჩემ თავზე ვისაუბრო, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შევეცდები, უცხო თვალით შევხედო საკუთარ თვისებებსა და უნარებს. ერთი, რაც მინდა აღვნიშნო, ბლოგების, სტატიებისა და რეპორტაჟების მიხედვით მკითხველს, მსმენელსა და მაყურებელს შესაძლოა ძალიან სერიოზული ადამიანი ვეგონო, არადა მუდამ ვცდილობ საკუთარ თავში მეექვსე გრძნობა სულ უფრო მძაფრად განვავითარო. მეექვსე გრძნობად იუმორის გრძნობას მოვიხსენიებ.

რეალურად, ეს ის არის, რის გარეშეც ადამიანებთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება ძალიან რთული მეჩვენება. შესაძლოა, ამიტომაც მძულს დიქტატორები. მათ ხომ ყველაზე მეტად ორი რამ აკლიათ – თანაგრძნობა და იუმორი.

 

წიგნი, რომელსაც ურჩევ მსმენელს…

ჩემთვის გამორჩეულად საყვარელ სამ წიგნს ვურჩევდი სხვებს: მარიო ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმი“, ხუალ რულფოს „პედრო პარამო“ და მილორად პავიჩის „ხაზარული სიტყვისკონა“. პირველი წიგნი დომინიკის რესპუბლიკაში ტრუხილიოს საზარელი დიქტატურული რეჟიმის შესახებ მოგვითხობს. ეს არის დოკუმენტური ფაქტების მიხედვით შექმნილი მხატვრული ნაწარმოები, სადაც მართლაც შეუდარებლად არის აღწერილი დიქტატურის მახინჯი ანატომია თავისი სისასტიკით, სისხლისმსმელი ბუნებით და ბოროტების მანქანით, რომელიც ყველაფერ ადამიანურს ალპობს და ანადგურებს. რულფოს „პედრო პარამო“, ისევე როგორც მილორად პავიჩის „ხაზარული სიტყვისკონა“ მაგიური რეალიზმია. ვფიქრობ, რომ მარკესის და სალმან რუშდის, ასევე ოთარ ჭილაძის გენიალური რომანის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ მიმდევრებს განსაკუთრებით მოეწონებათ. „პედრო პარამო“ არის ერთგვარი წიგნი-პორტალი მკვდრების სამყაროში. რაც შეეხება პავიჩის ამ რომანს, რომელიც უკვე ორჯერ ვახსენე, არის წიგნი-მაგია გაჯერებული ფილოსოფიურ-მისტიკური პასაჟებით, სადაც სერბმა მწერალმა დემონის სრულიად ახალი სახე შექმნა. პავიჩის სატანა არც მეფისტოფელს ჰგავს და არც ვოლანდს, ის ერთ-ერთ მართლმადიდებლურ მონასტერში ხატმწერად მსახურობს.

 

 

სირია განადგურების ზღვარზე: არაბული ჰოლოკოსტი

ქეთი თუთბერიძე

 

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“  ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა,  ხოლო ალეპომ, სიდიდით  მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო,  თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო, გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

დასავლეთი 2011 წლიდან დღემდე დუმს…

ერთ დროს 2-მილიონიანი ქალაქიდან, რომლის დიდ ტერიტორიას  ბოლო წლების განმავლობაში მეამბოხეები, მცირეს კი “ნუსრას ფრონტი” და “დაეში” (“ისლამური სახელმწიფო”) აკონტროლებდნენ, ნანგრევებისა და ცხედრების მეტი აღარაფერი დარჩა. ბაშარ ასადის მთავრობა რუსეთთან ერთად გამარჯვებას მალე იზეიმებს. პასუხი კითხვაზე, თუ რისთვის სჭირდება სირიელ დიქტატორს საკუთარი მოქალაქეების სისხლისღვრის ფასად მოპოვებული გაცამტვერებული ქალაქი, მარტივია – ეს იქნება ასადის რეჟიმისა და მისი სტრატეგიული მოკავშირე მოსკოვის ყველაზე დიდი პროპაგანდისტული იარაღი ვაშინგტონი-ევროპის წინააღმდეგ, კონტექსტით – „ის რაც დასავლეთმა ვერ შეძლო, შეძლო ვლადიმერ პუტინმა.“ ცოტა ხნის წინ ანტიკურ ქალაქ პალმირაში განცდილი მარცხის შემდეგ რუსეთისთვის ალეპოს აღება ამ ომში გადამწყვეტია, ზუსტად ამიტომ გაეროსა და დუმაში სიტყვით გამოსვლისას რუსი დიპლომატები ჩვეული უტიფრობით ამტკიცებენ, რომ მათი სამიზნე ტერორისტები არიან და არა – მშვიდობიანი მოსახლეობა, მაგრამ ფაქტები, რომლებიც  ვიდეო და ფოტო კადრებმა ასახა და რომელსაც ალეპოელები ყვებიან, უტყუარია და საპირისპიროს ამტკიცებს.

დასავლეთი დუმს…

ალეპოსთვის ბრძოლა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც სირიის შეიარაღებულმა ძალებმა მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი ანკლავი ალყაში მოაქციეს. ქალაქში 250 ათასზე მეტი ადამიანი იყო დარჩენილი. ივნისიდან დღემდე ასადის მთავრობა კონტროლს ალეპოზე დღითიდღე აღადგენდა. მეამბოხეთა გასანადგურებლად რუსეთმა არაბი მოკავშირის დასახმარებლად ჩვეულ მეთოდს მიმართა და უკვე რამდენიმე კვირაა, ალეპოზე საჰაერო იერიში არ წყდება. გაერომ მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად რეზოლუცია, როგორც ყოველთვის, დაგვიანებით მიიღო – ალმოდებული ქალაქიდან ხალხის გაყვანა ეტაპობრივად, პერიოდული შეფერხებით მიმდინარეობს. და, როგორც ყველა ომს, ამ ომსაც ჰყავს ანა ფრანკი – 7 წლის ბანა ალაბედი, ალეპოელი გოგონა, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ალყაში მოქცეული და დაცემის ზღვარზე მყოფი ქალაქიდან მიმდინარე პროცესების შესახებ „თვითერში“ ინფორმაციას ავრცელებდა. ბანა ალაბედმა მშობლიური ქალაქი რამდენიმე დღის წინ დატოვა, თუმცა, ალბათ, მას ისტორია იმაზე მნიშვნელოვან მისიას დააკისრებს, ვიდრე სოციალური ქსელით მედიისთვის ფაქტების მიწოდებაა. როდესაც მსოფლიო სირიის ომის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებით დაინტერესდება, სასამართლო პროცესზე ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმის სტატუსით გამოვა.

სირიის ომის ტრაგედია ის არის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა და ბავშვების მასობრივი დაობლება მხოლოდ ალეპოში არ დაწყებულა. ამ კონფლიქტში კეთილი მხარე არ არსებობს. რევოლუციის დაწყებიდან მალევე პროდასავლური ოპოზიცია საზოგადოების ნდობას კარგავს, ძლიერდებიან ექსტრემისტული ძალები, ხოლო დიქტატორი ასადის რეჟიმის ერთადერთ დადებით თვისებას – სეკულარიზმს – ჩალის ფასი აქვს მაშინ, როცა პრეზიდენტის ბრძანებით,  2011 წელს მის დასამხომად გამართულ საპროტესტო აქციებზე მოქალაქეებს ჯარი ცეცხლს უხსნის. ეს დასაწყისის დასაწყისია.  მოგვიანებით ბაშარ ასადი მეამბოხეების გასანადგურებლად ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, რაც ასობით ადამიანის სიკვდილს, ნაყოფის პათოლოგიებსა და სხვადასხვა ნევროლოგიურ დაავადებას გამოიწვევს. ასადის სტრატეგია დაუნდობელია, მიზანი – ძალაუფლების შენარჩუნება. ის „არაბული გაზაფხულის“ ერთადერთი გადარჩენილი დიქტატორია. ასადი ამბოხის ჩასახშობად მშვიდობიან მოსახლეობას  ე.წ. „კასრის ბომბებით“ ანადგურებს, რასაც მოგვიანებით, 2015 წლის თებერვალში, ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში უარყოფს და ყველაფერს დასავლური მედიის პროპაგანდას აბრალებს. ომის დაწყებიდან მალევე ასადი მუამარ კადაფს და პოლპოტს ემსგავსება – იგი ცივილიზებული სამყაროსგან გარიყული დიქტატორის სტატუსს ირგებს. სირია, როგორც სახელმწიფო, განადგურების პირასაა, როცა 2014 წლის დასაწყისში ქვეყანას ახალი ეპიდემია ატყდება თავს – თვითგამოცხადებული სახალიფო, იგივე ერაყისა და ლევანტის (სირიის) ისლამური სახელმწიფო, „დაეში“, რომლის მიზანი ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სამხრეთ ევროპის რუკის შეცვლაა. „ალ ქაიდაზე“ გაცილებით ძლიერი ტერორისტული ორგანიზაცია გეოპოლიტიკური წესრიგის შეცვლას ქრისტიანების, შიიტების, იეზიდების და ქურთების გენოციდით იწყებს. მალე მისი საცეცები ევროპასაც მისწვდება… „დაეშის“ ანტიკური სისასტიკით მოგებული ბაშარ ასადი რჩება და მოსკოვს აქვს საბაბი ისლამური სახელმწიფოს აღორძინებაში ჯერ შეერთებული შტატები დაადანაშაულოს, შემდეგ კი სირიაში შეიჭრას და ტარტუსსა და ლატაკიაში განლაგებული სამხედრო ბაზებიდან იერიში დაიწყოს.

დასავლეთი დუმს… დუმს შიიტური ირანიც, რომელიც ექსტრემისტი სუნიტების მსხვერპლად ქცეული შიიტი მუსლიმების დასაცავად ასადის რეჟიმის მხარდაჭერის გარდა არაფერს აკეთებს.

ერთ-ერთი მძიმე დღე, რამაც სირიელი ბავშვების ტრაგედია მსოფლიოს ნათლად დაანახა, იყო ჰულას მასობრივი მკვლელობა 2012 წლის 25 მაისს. ასადის რეჟიმის მხარდამჭერმა რადიკალურმა დაგჯუფება საბიჰამ ქალაქ ჰულაში 108 ადამიანი მოკლა,ძირითადად, ქალები და 49 მცირეწლოვანი. ერთი წლის თავზე ასადის მთავრობამ ადრასა და გუტაში მშვიდობიანი მოსახლების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, რის შედეგადაც 1500 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ბავშვებიც. შემდეგ იყო შემზარავი კადრები ჰომსიდან – პოლიეთილენის პარკებში გახვეული პატარა ზომის სხეულები. იმ დღეს ექსტრემისტებმა კიდევ ერთი სკოლა ააფეთქეს.

როცა სირიელი მშობლები მზის ჩასვლამდე შვილებს მარხავენ, მეორე დღეს შიმშლით თუ აფეთქების შედეგად, სირიელი და რუსი ჯარისკაცების, თუ „დაეშის“ ხელით სხვა ბავშვები იხოცებიან. მათი სიკვდილი სირიისთვის ყოველდღიურობაა. გაეროს ანგარიშის მიხედვით, სირიაში 100 ათასი გარდაცვლილიდან  7 ათასი ბავშვია (2011 წლიდან დღემდე სირიაში 300 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა), მათ შორის 2 ათასამდე მცირეწლოვნის ასაკი ათ წელს არ აღემატება. ომის შედეგად 10 სირიელიდან 5 სკოლაში ვერ დადის, 2 მილიონზე მეტი შიმშილობს, 10-დან  5-ს სამედიცინო დახმარება და ვაქცინაცია ესაჭიროება, თითქმის 6 მილიონი კი უსახლკაროდაა დარჩენილი.

დასავლეთი წუხს, მაგრამ ეს წუხილი ევროპის საზღვრებს არ სცდება. სწორედ ამ დუმილის გამო, სწორედ იმის გამო, რომ სირიის სამოქალაქო ომი დაწყებისთანავე ვერ შეჩერდა, თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორი სამ კონტინენტს ერთდროულად მისწვდა. სწორედ უმოქმედობის შედეგად ახლო აღმოსავლეთში 30-წლიანი პაუზის შემდეგ რუსი ჯარისკაცები ჰეგემონიური იდეებით დაბრუნდნენ, სადაც ვლადიმერ პუტინს არაბული ვნებების განხორციელებაში ხელს ვეღარავინ შეუშლის.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქვეყანას გადარჩენა არ უწერია.

 

გადაცემის ჩანაწერი: