LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქირურგი მერაბ კილაძე სტუმრად თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემაში “პულსი”

16

9 დეკემბერს რადიო „ფორტუნა“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემა „პულსი“ გრიგოლ მუხაძის ქირურგთა საზოგადოების თავჯდომარეს, პროფესორს, ბატონ მერაბ კილაძეს მასპინძლობდა.

– ბატონო მერაბ, როგორ შეიქმნა, გრიგოლ მუხაძის ქირურგთა საზოგადოება, რას წარმოადგენს ის დღეს და რა არის მისი მთავარი მიზანი?

– საქართველოს მრავალწლიანი ქირურგიული ტრადიციები აქვს, ჩვენ ყოველთვის ძლიერი ქირურგიული სკოლა და მომიჯნავე დარგები გვქონდა. აღმავლობის ახალი ეტაპი მე-20 საუკუნეში დაიწყო, როცა  ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტი და პირველი ქირურგიული კათედრები გაიხსნა აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის (ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგე), პროფესორ ნიკოლოზ კახიანის (ზოგადი ქირურგიის კათედრის გამგე) და პროფესორ ალექსანდრე მაჭავარიანის (საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის გამგე) ხელმძღვანელობით. განსაკუთრებით გრიგოლ მუხაძეს გამოვყოფდი, რომელიც სამართლიანად ითვლება ქართული მეცნიერული და კლინიკური ქირურგიის ფუძემდებლად. 1933 წელს ბატონმა გრიგოლმა საქართველოს ქირურგთა საზოგადოება დააარსა, 1955 წლიდან კი, თბილისის ქირურგთა საზოგადოებას ჩაუდგა სათავეში, რომელსაც სხვადასხვა დროს ქირურიის ისეთი კორიფეები თავჯდომარეობდნენ, როგორებიც  აკადემიკოსები ეგნატე ფიფია, დავით იოსელიანი, მიხეილ ჩაჩავა, დავით მამათავრიშვილი, ზაალ კახიანი, თენგიზ ახმეტელი და სხვები იყვნენ. ქირურგთა საზოგადოება მართლაც ძალიან დიდ როლს და უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებდა, რადგან ნაყოფიერად მუშაობდა და მეტად სასარგებლო საქმეს აკეთებდა. თუმცა, ბატონი თენგიზ ახმეტელის გარდაცვალების შემდეგ, 2000 წელს  საზოგადოების საქმიანობა რამდენიმე წლით შეჩერდა და მხოლოდ 2015 წელს აღდგა, ბატონ გურამ ტატიშვილის თაოსნობით და უშუალო მონაწილეობით. ჩატარდა 15 სხდომა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, გაიხსნა ფილიალები აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოში, შიდა ქართლში და თავისუფლად შეიძლება ითქვას, წლების მანძილზე არსებული დეფიციტიც სრულად შეივსო. ძალიან მასშტაბური გეგმები ჰქონდა ბატონ გურამს და სამწუხაროდ არ დასცალდა, თუმცა ჩვენ – მისი თანამოაზრეები ყველაფერს გავაკეთებთ მისი ჩანაფიქრის და მიზნების განსახორციელებლად.

– არსებობს კლინიკური და მეცნიერული ქირურგია. რა განსხვავებაა მათ შორის, რეალურად ვინ არიან ქირურგები – პრაქტიკოსები თუ თეორეტიკოსები და რას წარმოადგენს თავად დარგი ქირურგია?

– ქირურგია ძალიან სპეციფიური დარგია, რომელიც ერთდროულად ხელოვნებაცაა და მეცნიერებაც. ქირურგი აუცილებლად კაცთმოყვარე და ჰუმანური უნდა იყოს, რადგან წარმატების მისაღწევად მხოლოდ პროფესიონალური ოსტატობა საკმარისი არაა. ქირურგი მთელი ცხოვრება უნდა სწავლობდეს და მითუმეტეს ახლა – ტექნოლოგიების დამკვიდრების ეპოქაში. ის ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა კონფერენციებში, რადგან სწორედ ამგვარ შეხვედრებზე, გამოცდილების ურთიერთგაზიარებით იბადება ახალი იდეები, მიმართულებები და მიდგომები, რაც საბოლოოდ ისევ პაციენტების კეთილდღეობისთვის კეთდება. ალბათ იცით, რომ ოპერაცია კლინიკაში მხოლოდ მეცნიერული ექსპერიმენტის შემდეგ ხორციელდება. პირდაპირ კლინიკაში ვერასდროს მიხვალ, თუ არ გაქვს გარკვეული თეორიული გამოცდილება.

– მედიცინა საკმაოდ რთულია სფეროა, ქირურგია და ექსტრემელური ქირურგია კი, ურთულესი დარგია. რამდენად ინტერესდებიან  ახალგაზრდები ექიმის და ზოგადად ქირურგის სპეციალობით?

– ვფიქრობ, დღეს საკმაოდ გაუფასურებულია ქირურგის პროფესია, რადგან 10-15 წლის წინ უფრო მეტს სურდა ქირურგობა, ვიდრე დღეს. ალბათ იმიტომ, რომ ქირურგია მართლაც რთული დარგია, რომელსაც  მრავალწლიანი სწავლა და მძიმე შრომა ჭირდება. სხვათაშორის, მსგავსი პრობლემა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია. ახალგაზრდებს დღეს ფინანსები უფრო აინტერესებთ, ვიდერ მედიცინა.

– ბატონო მერაბ, თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს, თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს ქირურგის პროფესიის მეტი პოპულარიზაციისთვის?

– ზოგადად მედიცინის და კონკრეტულად ქირურგიის პოპულარიზაცია მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც საზოგადოებამაც და სახელმწიფომაც თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ჩემი აზრით, სახელმწიფომ სათანადო დაფინანსებასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფაზე უნდა იზრუნოს, არანაკლებ მნიშვნელოვანია სათანადო ფინანსური დაინტერესება იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც საკუთარი ცხოვრების სულ ცოტა 15-20 წელი უნდა შესწირონ მედიცინას. ჩვენს ახალგაზრდებს მოტივაცია არ აქვთ, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვი, საქართველოში ჩამოსულ უცხოელ სტუდენტებზე, რომლებიც ყოველთვის მაქსიმალური ცოდნის და გამოცდილების შეძენას ცდილობენ. რაც შეეხება საზოგადოებას – დღეს რატომღაც მედია მხოლოდ ნეგატივზე აკეთებს აქცენტს და არაფერს ამბობს დადებით მხარეებზე. სამწუხაროდ, ქირურგია გართულებების და ფატალური შედეგების გარეშე არ არსებობს, რა თქმა უნდა, ყველაფერი განხილული და გამოძიებული უნდა იყოს, თუმცა, არ მგონია, რომ მართებულია მუდმივად ნეგატივის ტირაჟირება, რადგან ეს პირველ რიგში პაციენტზე მოქმედებს უარყოფითად, რომელიც პატივს უნდა სცემდეს ექიმს და აუცილებლად უნდა სჯეროდეს მისი. სამწუხაროდ საქართველოში განსხვავებული ტენდენციაა – ჩვენთან ყველაფერი კომერციალიზაციისკენ მიდის და მედიცინაც ერთგვარ ბიზნესად იქცა. ბევრს ჰგონია, რომ თუ ფართს და სამედიცინო აპარატურას შეიძენს კლინიკასაც აამუშავებს, სამედიცინო დაწესებულება კი, სინამდვილეში გამართული სისტემა და პროფესიონალი კადრებია. რაც შეეხება ქირურგიას – ის ყველა მაღალტექნოლოგიურ და მრავალპროფილურ კლინიკაში წამყვანი დარგია, ქირურგიული კლინიკის ხელმძღვანელი კი, ერთგავრი ლოკომოტივია, რომელიც პასუხს აგებს როგორც მარცხზე, ისე წარმატებაზე. ვფიქრობ ახალგაზრდები ჩვენი სასიქადულო ქირურგების მაგალითზე უნდა გავზარდოთ, რადგან მედიცინა და კონკრეტულად ქირურგია, ხომ ის ღირსეული პროფესიაა, რომელიც ადამიანს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ჩუქნის. სიცოცხლეზე ღირებული და ფასეული კი, ვფიქრობ არაფერია.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები