LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის აუცილებელი ქოუჩად მუშაობის დაწყებისთვის – FM ქოუჩი

30

ქოუჩინგის მიმართულებით მუშაობის სურვილს სულ მეტი ადამიანი გამოთქვამს. როგორ უნდა დაიწყოთ მუშაობა ქოუჩად, ვინ ადგენს ქოუჩინგში სტანდარტებს –  გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ქოუჩი, ტრენერი ეკა ბაბუნაშვილი.

ვინ ადგენს ქოუჩინგში სტანდარტებს?

დღეს ქოუჩინგზე უკვე ბევრს საუბრობენ, რაც ძალიან მახარებს, თუმცა ცოტას თუ ესმის ქოუჩინგის ნამდვილი არსი და თუ რას უნდა ელოდეს პროფესიონალი ქოუჩისგან. ქოუჩინგში სტანდარტებს “ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაცია” (ICF) განსაზღვრავს, რომელიც ბაზირებულია ვაშინგტონში და მსოფლიოს მასშტაბით ათი ათასობით ქოუჩს აერთიანებს. ორგანიზაციას აქვს “ეთიკის კოდექსი”, რომელსაც განუხრელად უნდა იცავდნენ ორგანიზაციის წევრი ქოუჩები, იგი განმარტავს ქოუჩინგის არსს, არეგულირებს წესებს, რასთან შეიძლება მუშაობდეს ქოუჩი და რასთან არა. მაგალითად, ქოუჩები არ მუშაობენ ფობიებთან, ფსიქოლოგიურ დარღვევებთან, ნარკოტიკულ დამოკიდებულებებთან და სხვ. აქვე მსურს კიდევ ერთხელ განვმარტო ქოუჩინგის არსი. ეს არის პარტნიორობაზე დაფუძნებული, ღრმად დამაფიქრებელი პროცესი, რომელიც საუბრისა და შეკითხვების დასმის გზით წარიმართება. ქოუჩინგი მოწოდებულია ასტიმულიროს კრეატიული აზროვნების პროცესი და ამით მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ადამიანს პირადი თუ პროფესიული პოტენციალის აღმოჩენასა და განვითარებაში.

ICF-ს  ჩამოყალიბული აქვს 11 კომპეტენცია, რომელსაც უნდა ფლობდეს პროფესიონალი ქოუჩი. ეს კომპეტენციებია: 1.ეთიკის კოდექსის გათვალისწინებით საქმიანობის წარმართვა; 2.შეთანხმების შექმნა კლიენტთან; 3.გრძელვადიანი ურთიერთობების ფორმირება და ნდობის დამყარება; 4. ქოუჩინგის ატმოსფეროს შექმნა   5. აქტიური მოსმენის უნარი; 6. ძლიერი შეკითხვების დასმის უნარი; 7. პირდაპირი კომუნიკაცია, ანუ უკუკავშირის ხელოვნება; 8. ცნობიერების სტიმულირება და 9,10,11 კომპეტენციები, რომელიც დაგეგმარებას, მიზნების დასახვასა და პროგრესის მართვის, ფასილიტაციის უნარებს მოიცავს.

რა არის საჭირო ქოუჩის ICF-ში გასაწევრიანებლად და რა პრივილეგიებს აძლევს ეს  ქოუჩს?

ეს მნიშვნელოვანი საკითხია. საქმე იმაშია, რომ ორგანიზაცია არეგულირებს ქოუჩინგის სწავლების სტანდარტს და ICF-ის აკრედიტებული ქოუჩინგის შემსწავლელი ტრენინგები საუკეთესოა მსოფლიოში. თუმცა, ასეთი კურსების გავლა ავტომატურად არ ანიჭებს ქოუჩს ICF-ის წევრობას. მასში გაერთიანება ნებაყოფლობითია და დამატებით პროცედურებთანაა დაკავშირებული. როგორც ICF-ის. ჯერჯერობით ერთადერთმა წევრმა საქართველოდან, შემიძლია ვთქვა, რომ წევრობა ძალიან ბევრ შესაძლებლობას სთავაზობს ქოუჩებს – მუდმივ კვალიფიკაციის ამაღლებას, კონფერენციებში მონაწილეობის შესაძლებლობას, პროფესიულ კავშირებსა და ალიანსების ფორმირებას უწყობს ხელს. ვინაიდან პროფესია უწყვეტად და საკმაოდ სწრაფად ვითარდება წევრებს აქვთ საშუალება პირველებმა შეიტყონ ქოუჩინგში არსებული ახალი მიმართულებებისა და შესაძლებლობების შესახებ.

ქოუჩინგის ბენეფიციარებისთვის, კლიენტებისთვის კი ICF-ში აკრედიტებულ  ქოუჩთან მუშაობა ნიშნავს დამატებით გარანტიებს იმ ქოუჩინგის ხარისხისა, რომელსაც კლიენტი აუცილებლად უნდა იღებდეს. ეს ორგანიზაცია ქმნის ოქროს სტანდარტს ქოუჩინგში, წევრებისადმი მოთხოვნაც მაღალია. ორგანიზაცია მუდმივად ახდენს აკრედიტებული ქოუჩების ხელახალ სერტიფიკაციას და ეს 3 წელიწადში ერთხელ ხდება. აკრედიტაციისთვის კი საჭიროა ქოუჩმა დაამტკიცოს თავისი კვალიფიკაცია გამოცდის ჩაბარებით, წარმოადგინოს დასტური ჩატარებული ქოუჩინგის საათებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების გავლის შესახებ.

https://www.youtube.com/watch?v=wjkkXMek51A

რაში  ეხმარება  ქოუჩი კლიენტს?

ქოუჩინგში არსებობს 100-მდე სპეციალიზაცია: ბიზნეს ქოუჩი, მართვითი ქოუჩი, პიროვნული განვითარების ქოუჩი, ჯანსაღი ცხოვრების წესის ქოუჩი, ურთიერთობების ქოუჩი, კარიერული ქოუჩი და სხვ. ეს სპეციალისტები შესაბამის სფეროში ეხმარებიან თავის კლიენტებს წარმატების მიღწევაში. მე ადამიანებთან ვმუშაობ პიროვნული ეფექტურობის მიზნებზე, მართვითი ქოუჩინგით ბიზნესში, კომპანიების პირველ პირებთან, ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში ვეხმარები მათ, ვინც მომმართავს.

არის თუ არა აუცილებელი ქოუჩი ეტაპობრივად გადიოდეს გადამზადებას?

“ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაცია” (ICF) თავის აკრედიტებულ წევრებს აუცილებელ მოთხოვნად უყენებს მუდმივ განვითარებასა და გადამზადებას. ეს საკითხი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, როდესაც ახალბედა ქოუჩი იწყებს ქოუჩინგის შესწავლას სწავლების პროცესი არის აგებული ინსტრუმენტებზე, იგივე შეკითხვების დასმის სქემებსა და ვიზუალურ რუკებზე. ქოუჩი იწყებს აღნიშნული სქემების გამოყენებას და ამით უძღვება კლიენტს, რაც უზრუნველყოფს ქოუჩინგის პროცესის ეფექტურობას. შემდგომში, ქოუჩი გადის გადამზადებას, ეუფლება უფრო მეტ ინსტრუმენტს, კიდევ უფრო მეტს მუშაობს კოლეგებთან ერთად, რომლებიც ერთმანეთს უტარებენ ქოუჩ-სესიებს და არეალიც ფართოვდება. ქოუჩი იძენს კიდევ უფრო  მყარ კომპეტენციებს. ასეთ მხარდამჭერ გარემოში რთულია არ გაიზარდო! ქოუჩინგის სწავლებისა და გადამზადების პროცესი, ასევე, მოიცავს გამოცდილი ქოუჩების მიერ ჩატარებულ ქოუჩ-სესიებზე დასწრებას, მოსმენას. ეს კი მაგალითს აძლევს იმათ. ვისაც სურს პროფესიონალიზმისა და ქოუჩინგის კომპეტენციების განვითარება. გადამზადების დროს ქოუჩები მიმართავენ მენტორებს, რომლებიც ეხმარებიან კომპეტენციების განვითარებაში. სწორედ ასეთი პროგრამა დავასრულე რამდენიმე თვის წინ და პროფესიული ზრდა, რომელიც გადამზადებას მოყვება ბევრ შესაძლებლობას უხსნის როგორც ქოუჩს, ასევე ქოუჩინგის მიმღებს, ვინაიდან ხარისხი მუდმივად იზრდება, ყალიბდება კომპეტენციები – მოსმენის უნარი, პირდაპირი კომუნიკაციის უნარი, ფასილიტაციის უნარი და ქოუჩინგის პროცესიც კიდევ უფრო ნაყოფიერი ხდება.

მახარებს ქოუჩინგის მიმართ ასეთი ინტერესი, სულ უფრო მეტია მოთხოვნა ქოუჩინგის შემსწავლელ ტრენინგებზე. საქართველოში გვყავს ქოუჩების მზარდი საზოგადოება, რომელიც სხვადასხვა სპეციალიზაციით სთავაზობს ქოუჩინგის მომსახურებას, როგორც კორპორატიულ, ასევე, კერძო კლიენტებს. ასეთი ინტერესი კი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ქოუჩინგი საკმაოდ ნაყოფიერია და შედეგის მომტანი კლიენტებისთვის.

გადაცემის ლაივი

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1910725055618981/

გადაცემის ჩანაწერი:

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები