LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის ბავშვებში მიჯაჭვულობის დარღვევის მიზეზები – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

59

ადრეულ ასაკში დადებითი მიჯაჭვულობითი კავშირის ჩამოყალიბება, არამხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელიცაა ბავშვის ჯანსაღი სოციო-ემოციური განვითარებისათვის. მიჯაჭვულობა, ეს არის გარკვეულწილად ხანგრძლივი ემოციური კავშირი იმ ადამიანთან, რომელიც მნიშვნელოვანი, უნიკალური და შეუცვლელია, რომელთანაც თავს დაცულად, უსაფრთხოდ და კონფორტულად გრძნობს. თუმცა ხშირად ხდება მიჯაჭვულობის დარღვევები. რა არის ბავშვებში მიჯაჭვულობის დარღვევის მიზეზები – გადაცემის 7 რჩევა ფსიქოლოგისგან  სტუმარი ფსიქოლოგი  თეონა ნუცუბიძეა.

 

რატომ არის აუცილებელი მცირე ასაკში ბავშვს ჩამოუყალიბდეს მიჯაჭვულობა მშობლის მიმართ?

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ბავშვს სჭირდება, ჰქონდეს  მიჯაჭვულობა უფროსი ადამიანის მიმართ იმისთვის, რომ სრულყოფილად წარიმართოს მისი განვითარების პროცესი, შეძლოს სტრესულ სიტუაციებთან, შფოთვასთან, შიშსა და სხვა უარყოფით ემოციებთან გამკლავება. მნიშვნელოვანია, რომ დედასა (ან იმ ადამიანს, რომელიც ძირითად პასუხისმგებლობას იღებს ბავშვისთვის მზრუნველობაზე) და ბავშვს შორის ჩამოყალიბდეს სანდო მიჯაჭვულობა, რათა სწორედ მასთან დამყარებული ნდობა გამოიყენოს მაკრო გარემოსთან ნდობის დამყარებისთვის, სხვა ადამიანებთან ჯანსაღი ურთიერთობების შესაძლებლობისათვის. ამისათვის ნიშვნელოვანია, დედის (მზრუნველის) სენსიტიური დამოკიდებულება ბავშვისა და მისი მოთხოვნილებებისადმი, თანმიმდვრულობა აღზრდაში, თბილი და არადამსჯელობითი ღონისძიებების გამოყენება ბავშვთან მიმართებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მიჯაჭვულობის დარღვევასა და არასანდო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებას ჰონდეს ადგილი, რამაც, შეიძლება, არამხოლოდ გარემოსთან ადაპტირებაში შეუშალოს ბავშვს ხელი, არამედ, ასევე, საფრთხე შეუქმნას ბავშვის ფიზიკური, სოციალური, ემოციური ან/და ინტელექტუალური სფეროს განვითარებას.

 

რა შეიძლება იყოს ბავშვებში მიჯაჭვულობის დარღვევის მიზეზები?

ადრეულ ასაკში დეპრივაცია- თუ ბავშვის არსებითი ფიზიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური ან/და ემოციური მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ბავშვი ვერ იღებს საჭირო, საკმარის და აუცილებელ რესურს, რაც მას ხელს უშლის ჯანსაღ განვითარებაში ისევე, როგორც მზრუნველთან სანდო მიჯაჭვულობის დამყარებაში.

ახლო ადამიანთან / მშობელთან მოულოდნელი (შესაძლოა, მტკივნეულიც) განშორება – აღნიშნული, არა მხოლოდ ცალსახად მატრავმირებელია ბავშვისათვის, არამედ მიჯაჭვულობითი კავშირის დარღვევის მნიშვნელოვანი მიზეზი შეიძლება გახდეს.

საცხოვრებელი ადგილის ხშირად ცვლა – ახალი გარემო, ახალი მეგობრები, ახალი საცხოვრებელი, ახალი ბაღი/ სკოლა … ბავშვისთვის მოულოდნელია როგორ გარემოში მოუხდება ცხოვრება თუ სწავლა, შესაბამისად, მოულოდნელობის ეფექტი, მას მუდმივად ამყოფებს შფოთვის მდგომარეობაში, ეს უკანასკნელი კი არახელსაყრელად აისახება ბავშვის სოციო-ემოციურ განვითარებაზე.

დარღვეული ურთიერთობები ან ძალადობა ოჯახში – ოჯახში ბავშვი იძენს ურთიერთობების გამოცდილებასა და ქცევის მოდელს. ურთიერთობათა დადებითი მოდელი, პოზიტიურად აისახება ბავშვის შემდგომ ურთიერთობებზე, ხოლო ძალადობისა და აგრესიული ურთიერთობების მოდელმა, შესაძლოა, დამანგრეველად იმოქმედოს მის ფსიქო-სოციო-ემოციურ განვითარებასა და კეთილდღეობაზე.

 

7 რჩევა თეონა ნუცუბიძისგან:

  1. გამოიყენეთ სენსიტიური აღზრდის სტილი – არ იურთიერთოთ ბავშვებთან რუტინული მანერით; დააკვირდით მათ ქცევებს, რეაქციებსა და ემოციებს ამ თუ იმ სიტუაციაში და შესაბამისად ირეაგირეთ მათ საჭიროებებსა თუ მოთხოვნილებებზე. დროულად გამოხატეთ დახმარებისთვის მზაობა და ინტერესი, რათა ხელი შეუწოთ სანდო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებას და, შესაბამისად, არასანდო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებისგან ბავშვის დაცვას.
  2.  იყავით თანმიმდევრულნი – ამა თუ იმ ქცევის გამო, ბავშვისთვის სანქციების დაწესებისა ან მისთვის წამახალისებელი სტიმულების მიწოდებამდე, დაფიქრით, უწინ, იმავე ქცევისთვის, ხომ არ გამოავლინეთ საპირისპირო რეაქცია- წინათ წაახალისეთ იმისთვის, რამაც, მოცემულ შემთხვევაში, წყრომა დაიმსახურა თქვენგან, ან პირიქით, უწინ მიიღო საყვედური, ამჯერად კი გაუღიმეთ მოცემული საქციელის გამო.
  1. ოჯახში იმოქმედეთ შეთანხმებულად – ერთი მხრივ, კარგია ოჯახში რამდენიმე უფროსი ადამიანის არსებობა, რომელთაც შეუძლია ბავშვზე მზრუნველობის პასუხისმგებლობის გადანაწილება, თუმცა, მეორე მხრივ, აღნიშნული ყოველგვარ სარგებლიანობას კარგავს, თუ, ბავშვის აღზრდასთან მიმართებაში, ოჯახის თითოეულ წევრს განსხვავებული მიზნები, ურთიერთსაპირისპირო სტრატეგიები და მოქმედების წესები აქვთ. შეიმუშავეთ წესები, რომელთაც დაემორჩილება არა მხოლოდ ბავშვი, არამედ უნდა გაითავისოთ და დაემორჩილოთ უფროსებიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი არა მხოლოდ „ვერ იგებს“, თუ რომელია სასურველი ქცევა, რომლის განხორციელებასაც ელიან მისგან, ან პირიქით, რომელი ქცევა არ უნდა გამოავლინოს, არამედ, შესაძლოა, დადებითი ემოციური კავშირი ჩამოუყალიბდეს, შესაბამისად, მის რეაგირებას ანიჭებდეს უპირატესობას საკუთარი ქცევის ავკარგიანობის შეფასებაში – იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ხშირად წაახალისებს მას, თუმცა, მისი აღმზრდელობითი მიდგომები უსარგებლო იყოს და უარყოფითად აისახებოდეს ბავშვის ზრდა-განვითარებაზე. მაგალითად, უღიმის არასასურველი ქცევის განხორციელების შემდეგ მაშინ, როცა ოჯახის სხვა წევრი შენიშვნასა ან საყვედურს ეუბნება აღნიშნული საქციელის გამო.
  2.  შეუქმენით ბავშვს სტაბილობის განცდა – გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვები, მტკივნეულად რეაგირებენ საცხოვრებელი ადგილის ხშირ ცვლილებებსა და ახლო ადამანებთან განშორებაზე, მნიშვნელოვანია, რომ არ გადავტვირთონ ბავშვი მუდმივად ახალ გარემოში გადასვლით, რადგან მას ავარიდოთ მუდმივი შფოთვა, რომელიც თან ახლავს ახალ გარემოში ადაპირების პროცესსა და შეგუების მოლოდინს.
  3. მოარიდეთ ბავშვი ძალადობრივ გავლენებსა და სიტუციებს ოჯახში – ძალადობრივ გარემოში აღზრდილი ბავშვი, რომელიც ხშირად ხდება უარყოფითი ზემოქმედების ქვეშ და რომელსაც ხშირად არ უკმაყოფილდება მოთხოვნილებები, ვერ ამყარებს სანდო მიჯაჭვულობას აღმზრდელის/ მზრუნველის მიმართ. გარდა ამისა, მან შესაძლოა, „თავდაცვის მიზნით“ არსებული ოჯახის ხატის, როგორც ნორმალურის, მიღება და შენაჩუნება დაიწყოს. სამომავლოდ, კი მოსალოდნელია, რომ, ადამიანებთან ურთიერთობებში, აგრესია, ძალადობა გამოიყენოს ქცევის წამყვან ფორმად. ხშირად მოიქცეს დესტრუქციულად- მოიპარონ, მოიტყუონ, რათა დამსახურონ საჭირო ან სასურველი ადამიანების ყურადღება.
  4. დღის განმავლობაში, გამონახეთ დრო ბავშვთან ერთად აქტივობისთვის – რთული სამუშაო რეჟიმის შემთხვევაშიც კი, მნიშვნელოვანია ბავშვმა იგრძნოს თქვენთან, როგორც მზრუნველთან ახლო ემოციური კავშირი, ამისათვის, სასურველია, მასთან ერთად ჩაერთოთ ერთ საქმიანობაში, ისაუბროთ აქტივობის გეგმისა და მსვლელობის შესახებ; დაეხმაროთ მას ისევე, როგორც ითხოვოთ მისგან დახმარება თამაშის პროცესში. ამ და სხვა სახის ვერბალური თუ არავერბალური მოქმედებების გამოყენებისას, ერთსა და იმავე აქტივობაში ჩართულობა აუმჯობესებს სოციალურ და ემოციურ კავშირს ბავშვთან, იწვევს მასში დადებით ემოციებს. სჯობს, ნახევარი საათი დაუთმოთ, მსგავსი სახით, ბავშვთან აქტიურ ურთიერთობას, ვიდრე მთელი დღე გაატაროთ მასთან და პარალელურად სხვა საქმიანობით იყოთ დაკავებულნი.
  5. მიიღეთ ბავშვი უპირობოდ – ემოციური კავშირის დარღვევები ხშირია იმ ოჯახებში, სადაც ბავშვს „აიძულებენ“, იფიქროს, რომ მან მშობლების სიყვარული უნდა დაიმსახუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება მისი მიღება, მისი აღიარება და მისი შეყვარება. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობლის სიყვარული დამოკიდებული არ არის მის მიერ სასურველი თუ არასასურველი ქცევის გამოვლენაზე; აუხსენით ბავშვს, რომ არასასურველი ქცევის გამო მისთვის მიცემული შენიშვნა ან სხვა სახის სანქცია, არ გულისხმობს რომ ის „ცუდი“ ბავშვია, რომ ის არ უყვართ; თბილ და მოსიყვარულე გარემოცვაში, დაანახეთ ქცევის სასურველობისკენ შეცვლის შესაძლებლობა და წააქეზეთ მისკენ სწრაფვისთვის.

 

 გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები