LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის DISC-ი და რამდენად მნიშვნელოვანია DISC-ის შეფასების სისტემა მენეჯერებისთვის – FM ქოუჩი

14

DISC-ის შეფასების სისტემა საქართველოში ნელ-ნელა მკვიდრდება.  DISC-ის შეფასება არის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი თვითშემეცნებისთვის, რომელიც ადამიანის პიროვნულ ზრდას ემსახურება. ეს არის ოქროს სტანდარტი ადამიანური რესურსების მართვაში როგორც რეკრუიტინგის ანუ დასაქმების სტადიაზე, ისე თანამშრომელთა განვითარების მიზნით იმ კომპანიებისთვის, რომლისთვისაც უწყვეტი განვითარება პრიორიტულია. გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ტრენერი, ქოუჩი ეკა ბაბუნაშვილი.

რა არის DISC-ი?

ამ ინსტრუმენტით შეგვიძლია ავიყვანოთ სამსახურში, დავაწინაუროთ ან ჰორიზონტალურად გადაავაადგილოთ თანამშრომელი, შევთავაზოთ სხვა პოზიცია, რომელიც მეტად შეესაბამება მის ტიპოლოგიას, ანუ იმ ქცევით მოდელს, რომელსაც იგი ბუნებრივად ავლენს. ეს არის საკვანძო მომენტი, ვინაიდან ცნობილია, რომ ადამიანი ყველაზე ეფექტური სწორედ მაშინ იქნება, როდესაც იმ საქმეს გააკეთებს, რაც მის ბუნებრივ ქცევით მოდელს, ტალანტებსა და ძლიერ მხარეებს ეხმიანება.

ნებისმიერი თანამედროვე კომპანიის ხელმძღვანელობას ყოველდღიურად უწევს პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს: როგორ უზრუნველვყოთ თანამშრომლების მაქსიმალური ჩართულობა და ეფექტურობა? როგორ შევუქმნათ მოტივაცია? როგორ შევკრათ პროდუქტიული გუნდი ამა თუ იმ პროექტის გარშემო? როგორ დავრწმუნდეთ მოცემული საკადრო გადაწყვეტილების სისწორეში? როგორ შევქმნათ თანამშრომელთა განვითარებისთვის კარგი გარემო? რომელი კანდიდატზე შევაჩეროთ არჩევანი რეკრუიტინგის დროს? და ა.შ

თვითონ ინსტრუმენტის დასახელება აბრევიატურაა, რომელიც შემდეგნაირად იშიფრება: D – დომინანტურობის ფაქტორი; I – გავლენის ფაქტორი; S – სტაბილურობის ფაქტორი და C – ადაპტიურობის (შესაბამისობის) ფაქტორი. ყოველი ფაქტორის მდებარეობა გრაფიკებზე გარკვეულ ქცევით მოდელს ნიშნავს, ხოლო არსებული ფაქტორების განლაგება და მათი კომბინაცია დამატებით ინფორმაციას გვაძლევს ადამიანის შესახებ.

როგორია DISC -ის შეფასების პროცესი?

ეს გახლავთ მარტივი ტესტირება, რომელსაც საშუალოდ 10 წუთი სჭირდება. დღევანდელ დღეს, სამწუხაროდ DISC -ის ლიცენზირებული ტესტი ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა მისი გავლა შესაძლებელია 40მდე უცხო ენაზე რომელსაც კანდიდატი კარგად ფლობს. ადამიანს ელ. ფოსტის საშუალებით მისდის მარტივი ტესტი, რომელსაც იგი ავსებს უწყვეტად. როგორც კი ტესტირება დასრულდება, სისტემა ამუშავებს მიღებულ ინფორმაციას და გვაძლევს პასუხს გრაფიკებისა და მათი განმარტების სახით, სადაც ასახულია ამ კონკრეტული ადამიანის ქცევითი მოდელის თავისებურებები სამ განზომილებაში: ადამიანის პორტრეტი, ანუ ის ქცევითი მოდელი, რომელიც მას ახასიათებს სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში; ქცევითი მოდელი სამუშაო გარემოში და ქცევითი მოდელი ცაიტნოტში – სტრესულ სიტუაციებსა და წნეხის ქვეშ.

კარგია ის, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ათწლეულების მანძილზე გამოცდილ ალგორითმთან და აქ გამორიცხულია პირადი შეფასებები. ამ ინსტრუმენტის გამოყენებას ლიცენზია სჭირდება და შემდგომ უკვე ყოველ 3 წელიწადში ერთხელ დამატებითი სერტიფიკაცია. მე ლიცენზირებული სპეციალისტი გახლავართ. ტესტირება და ტესტირების შემდგომი ინტერვიუ არის კონფიდენციალური პროცესი. თუ ეს ტესტირება თანამშრომლისთვის შეუკვეთა კომპანიამ და ადამიანი დათანხმდა მის გავლას, კომპანიის ადამიანური რესურსების განვითარების მენეჯერიც ეცნობა ტესტის პასუხებს, თუმცა ინტერვიუ რჩება კონფიდენციალურ საუბრად DISC-ის სპეციალისტსა და პიროვნებას შორის, რომელმაც გაიარა ტესტირება. აქ არ არსებობს ტესტის “კარგი” ან “ცუდი” პასუხი. არსებობს ადამიანის პირადი პროფესიული თუ ცხოვრებისეული მიზნები და ის თუ რამდენად მიიყვანს მას დღევანდელი ქცევითი მოდელი ამ მიზნებამდე.

 

რა შედეგი აქვს აღნიშნული შეფასების სისტემას?

მარშალ გოლდსმიტმა, რომელიც #1 ქოუჩად დასახელდა აშშ-ში, წელს თავისი წიგნი მაჩუქა. წიგნის სათაურს თუ ვთარგმნით, იგი დაახლოებით ასე ჟღერს: ის რამაც აქამდე მოგიყვანათ, ახალ ცხოვრებამდე ვერ მიგიყვანთო. თითოეულ ჩვენთაგანს აქვს ეტაპი, როდესაც სურს გაიუმჯობესოს ცხოვრება, მიაღწიოს უფრო თამამ მიზნებს. ამისთვის არის სწორედ DISC-ი. ძველი უნარ-ჩვევებით ახალი მიზნებისკენ სვლა ფუჭი დროის ხარჯვაა, ხოლო საკუთარი ქცევითი მოდელის გააზრება, არსებული უნარ-ჩვევების გადახედვა ადამიანებს აძლევს საშუალებას გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან, ისწავლონ ახლებურად კეთება, განივითარონ ის უნარები, რომლებიც მათ ამ თამამი მიზნებისკენ მიიყვანთ.

ასეთ შემთხვევებში, ტესტირების შემდგომ ადამიანები მომმართავენ ქოუჩინგისთვის და სწორედ ქოუჩინგის პროცესი ქმნის იმ გარემოს, სადაც ძველი ქცევითი მოდელის გარდაქმნა ხდება და ახალი, ადამიანის დღევანდელი ამოცანების შესაბამისი მოდელის ჩამოყალიბებაზე მიმდინარეობს მუშაობა. ეს კი საოცრად ღრმა და საინტერესო პროცესია. მომმართავენ კომპანიების ხელმძღვანელი პირები, რომელთაც სურთ გახდნენ უკეთესი მენეჯერები, განავითარონ მენეჯერული კომპეტენციები, არის ინტერესი ადამიანებისგან, რომლებსაც სურთ შეცვალონ ცხოვრების წესი, დაიწყონ თავისი საქმე და DISC ქოუჩინგთან ერთად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა პიროვნული თუ პროფესიული ზრდისთვის.

DISC- ის ტესტირების შემდგომ აუცილებლად ტარდება ინტერვიუ და აქ ჩვენ ვუსმენთ თუ რას ეთანხმება და არ ეთანხმება ადამიანი, რამდენად შეესაბამება მისი არსებული სამსახური მის ბუნებრივ ქცევით მოდელს, რამდენად სიამოვნებს თავისი საქმეა ა.შ. ეს არის საკვანძო მომენტები, ვინაიდან იმ შემთხვევაში თუ ნახსენები სამი სურათი (პორტრეტი, სამუშაო გარემო და ცაიტნოტი) ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება, დგება საკითხი იმისა, რომ ადამიანს ამა თუ იმ მიზეზის გამო ქცევის შეცვლა უხდება, ეს კი სტრესს იწვევს და დროთა განმავლობაში დიდ პრობლემად შეიძლება იქცეს. მე მიმუშავია ადამიანებთან, რომლებმაც ტესტირების შემდგომ, ინტერვიუს დროს გადაწყვიტეს დაეტოვებინათ არსებული სამსახური და ეკეთებინათ ის, რაც მათთვის უფრო მამოტივირებელია. მიმუშავია, ასევე ისეთ მენეჯერებთან, რომლებმაც პირიქით გადაწყვიტეს ამ კომპანიაში განვითარება და ქოუჩინგის საშუალებით, ასევე,  ბუნებრივია საკუთარ თავზე მუშაობით გამოიმუშავეს ის უნარ-ჩვევები, რამაც მათი როგორც მმართველის პოზიციები გაამყარა და მათ საქმეს თავდაჯერებულობაც შემატა. ყველა ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას რა კურსი აირჩიოს და როგორ განვითარდეს.

მრავალი ქეისი-შემთხვევა არსებობს და თითოეული ინდივიდუალურია.

DISC არის საუკეთესო უკუკავშირი, ხოლო ინტერვიუს დროს ხდება ამ უკუკავშირის გააზრება და პიროვნული მიზნებისთვის მორგება. აქ კი საკუთარ თავთან გულახდილობას ოქროს ფასი აქვს. ყველა არ არის მზად, მაგალითად, მიიღოს ის მოცემულობა, რომ შეიძლება სხვა საქმეში უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე იმაში, რასაც ბოლო 7 წელია აკეთებს და თუ მაინც გამოიჩენს სითამამეს, გაიაზრებს, ადამიანი ყოველთვის მოგებული რჩება. ჩვენ ყველას გვაქვს ნიჭი, ძლიერი მხარეები და ამისი გამოყენება ჩვენს სასიკეთოდ ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო ცალკეული უნარებისა და კომპეტენციების განვითარება ყოველთვის შეიძლება, როდესაც ეს ჩვენს მიზნებთან და სურვილებთანაა შესაბამისობაში.

 გადაცემის ჩანაწერი:

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები