რა არის ნევროზი და როგორ უნდა გაუმკლავდეთ – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

299

გადაცემის ლაივი LIVE

ნევროზი ეს არის შექცევადი ხასიათის ფუნქციური ფსიქოგენური დარღვევებით მიმდინარე დაავადება, რომლის დროს ადამიანი არ კარგავს დაავადებისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას. რა ფორმით ვლინდება ნევროზი და როგორ უნდა დაიძლიოს ეს მდგომარება, გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია კლინიკის “ველესი” ფსიქოლოგი ინდირა გვარმიანი.

რა არის ნევროზი?

ნევროზი არის ჩვენი ფსიქიკის პასუხი მატრავმირებელ ვითარებაზე, ეს არის პასუხი დროში გახანგრძლივებულ სტრესზე, როცა შეუსაბამობაა ჩვენს მოთხოვნილებებს, ჩვენს შესაძლებლობებსა და გარემოს მიერ წაყენებულ მოთხოვნილებებს შორის. მაგ: ქალი, რომელიც უნდა იყოს ქალიც, კაციც, დედაც, მამაც, ოჯახის მარჩენალიც, პრობლემების მომგვარებელიც და ა.შ მაგრამ რეალურად უნდა გვახსოვდეს, რომ ის მხოლოდ ქალია. ქალი, რომელსაც აქვს თავისი განსაზღვრული ფიზიკური და ფსიქიკური რესურსები. რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში ძალიან მაღალია ალბათობა მოხდეს გამოფიტვა და ნევროზული მდგომარეობა ჩამოყალიბდეს.

განვიხილოთ მაგალითი, ავიღოთ ორი სხვადასხვა  ადამიანი და ჩავაყენოთ ერთი და იგივე მატრავმირებელ სიტუაციაში, ერთთან შეიძლება განვითარდეს ნევროზი, ხოლო მეორესთან არა. ანუ ნევროზი მხოლოდ მატრავირებელ შემთხვევაზე არ არის დამოკიდებული, ამ ფაქტორს წარმოადგენს პიროვნების მახასიათებლები, ის სუბიექტური შინაარსები და დამოკიდებულებები რაც მას კონკრეტულად ამ მოვლენის მიმართ აქვს. მაგ: გოგონა რომელიც ადრეულ ასაკში მიატოვა მამამ, მას სულ სხვანაირი დამოკიდებულება ექნება თუკი მას ზრდასრულ ასაკში მოუწევს შეყვარებულთან დაშორება, ეს შემთხვევა შესაძლოა გახდეს ტრიგერი და მოხდეს მატრავირებელი სიტუაციის განახლება, ერთის მხრივ ამოტივტივდეს ყველა ის განცდა, რაც ერთხელ უკვე გადაიტანა ან მეორეს მხრივ ხელი შეუწყოს ირაციონალური აზრის ჩამოყალიბებას საკუთარი თავის შესახებ. უნდა აღვნიშნოთ რომ ეს გაუცნობიერებლად ხდება.

ნევროზის გამოვლენის ფორმები…

ყველაზე ხშირად გვხვდება ნევროზის ისეთი ფორმები, როგორიცაა:  ასთენია; ისტერიული ნევროზი; აკვიატების მდგომარება, ობსესიურ კომპულსიური ნევროზი; იპოქონდრია. ყველა ფორმას თავისი სიმპტომატიკა ახასიათებს. სიმტომები ვლინდება როგორც ფსიქიკურ, ასევე სომატურ დონეზე.

ნევრასთენია ნევროზის ერთ-ერთ გავრცელებული კლინიკური გამოვლინებაა. იგი წარმოადგენს ფუნქციურ დაავადებას, რომელსაც ახასიათებს გამოფიტვის, გადაღლის შეგრძნება, მუდმივი გადაღლის შეგრძნება როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქიკურად. ასთენიის შემთხვევაში თავს იჩენს ემოციური და ფიზიკური დატვირთვის აუტანლობა და გაღიზიანებადობა. ადვილად უვითარდება ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ვეგეტატიური რეაქციები: გულისცემის შეგრძნება, ოფლიანობა, კიდურების გაციება, ძილის დარვევები, თავის ტკივილი, თავში პულსაციისა და ხმაურის შეგრძნება, რაც ართულებს გონებრივ მუშაობას. თანდათანობით გაღიზიანებას ცვლის გამოფიტვა, ძლიერი სისუსტე და დაღლილობა. ადამიანს უჭირს ყურადღების კონცენტრირება, გულს ვერ უდებს სამუშაოს, უჩნდება საკუთარი თავით უკმაყოფილების განცდა, ხდება გულჩათხრობილი, ხშირად ტირის. თუ თავს საქმის კეთება აიძულა, უჩნდება სისუსტის და ცუდად ყოფნის შეგრძნება. გამოხატული ვეგეტატიური სიმპტომების შემთხვევაში იწყებენ საკუთარი ორგანოების ფუნქციობისთვის „ზე მეთვალყურეობას“ (მაგალითად, აკვირდებიან, როგორ უცემთ გული, როგორ უმუშავებთ კუჭი, როგორ სუნთქავენ და ა.შ.), ყურადღებას ამახვილებენ უსიამოვნო შეგრძნებებზე და ფიქრობენ, რომ მძიმე დაავადება აქვთ.

ისტერიულ ნევროზს მრავალფეროვანი სიმპტომატიკა აქვს. ვლინდება ფუნქციურ-სომატური, ნევროლოგიური და ფსიქიკური დარღვევებით. ეს დარღვევები ავადმყოფის შთაგონებასა და თვითშთაგონებას უკავშირდება, ამიტომ ისტერიკის სიმპტომები სხვადასხვა დაავადების გამოვლინებას ჰგავდეს. დაავადების კლინიკურ სურათში წამყვანია ემოციის დემონსტრაციული ხასიათი: აფექტური რეაქცია ვლინდება ხალხში, ერთბაშად და უმიზეზოდ. ისტერიული პიროვნებისთვის დამახასიათებელია სიტუაციური მოვლენების დამძიმება, ფაქტების არაადეკვატური აღქმა, თვითკრიტიკის უქონლობა. ხშირია ისტერიული ეგოიზმის გამოვლენა, ტირილი და გულის წასვლა. ისტერიული ადამიანი ჩივის, რომ მისი არ ესმით, არ აფასებენ, რომ ვიღაცის მსხვერპლია. ეს ე.წ. მცირე ისტერიაა.

ისტერიული ნევროზისთვის დამახასიათებელია გულყრა: თავდაპირველად ვითარდება ზოგადი ტონური სპაზმი, შემცივნება და კანკალი ამას მოყვება კრუნჩხვა. კრუნჩხვა ვრცელდება მიმიკური ჯგუფის კუნთებში, კრიჭა შეკრულია, ცნობიერება – დაბინდული, მაგრამ არა ისე, როგორც ჭეშმარიტი ეპილეფსიური გულყრის დროს. ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ისტერიული გულყრის შემდეგ ავადმყოფი აღწერს ცნობიერების დაბინდვის მომენტს. ორიენტაცია და მოვლენების აღქმა შენარჩუნებულია. დაცემაც კი სხეულის დაუზიანებლად ხდება. რაც უფრო ძლიერია გარშემო მყოფთა აჟიოტაჟი, მით უფრო მეტხანს გრძელდება გულყრა. დამახასიათებელია მისი განვითარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. გულყრები შესაძლოა კრუნჩხვების გარეშე, ჰიპერტონიული ან გულისმიერი კრიზის, მოხრჩობის შეტევის, კანკალის, ხანგრძლივი ტირილის თანხლებით მიმდინარეობდეს. საკმაოდ ხშირია ისეთი სიმპტომები, როგორიც არის კიდურების დამბლა, სიარულის მანერის შეცვლა. რამდენადმე იშვიათია ისტერიული სიბრმავე, სიყრუე და სიმუნჯე: როცა კითხვას უსვამენ, ავადმყოფი დუმს, მაგრამ შეუძლია კითხვას წერილობით უპასუხოს.

აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი ანუ ობსესიური კომპულსია – ეს არის დაავადება, რომლის დროსაც უნებლიეთ ჩნდება აკვიატებული აზრები, შიში, მოძრაობა. ავადმყოფები მტკივნეულად იღებენ, ებრძვიან მათ, მაგრამ თავის დაღწევას ვერ ახერხებენ. უმეტესად გვხვდება აკვიატებული შიშები (ფობიები), რის გამოც ფობიურ ნევროზებს ცალკე გამოყოფენ. ფსიქიკური ტრავმის გავლენით თავდაპირველად აღმოცენდება ვეგეტატიური რეაქციები გულსა და მუცელში უსიამოვნო შეგრძნების სახით, რასაც თან ახლავს შფოთა. აკვიატებული ქმედებები (მოძრაობები) უნებლიეა. ისინი ძალიან ჰგავს ბუნებრივ, მაგრამ აზრს მოკლებულ ჟესტებსა და მოძრაობებს. აკვიატებული შეიძლება იყოს თავის ქნევა, თავსაბურავის, თმის, ტანსაცმლის ნაკეცის გასწორების მსგავსი მოძრაობა და სხვ.

პანიკური შეტევები – როცა ადამიანს ძლიერი აუხსნელი შიშის შეგრძნება ეუფლება დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. პანიკას ახასიათებს ხელების გაოფლიანება, კანკალის შეგრძნება, თავბრუ, მოხრჩობის შეგრძნება, შემცივნება ან შეხურება და სხვ.

დეპრესიული ნევროზი არის ფსიქოგენური დეპრესიული მდგომარეობა, რომლის დროსაც უგუნებობა ფუნქციურ სომატურ დარღვევებს ერწყმის. ნევროზული დეპრესია უმეტესად ემართებათ უკომპრომისო ადამიანებს, რომლებსაც მძაფრად აქვთ განვითარებული პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის გრძნობა. ამ დროს ფსიქიკური ტრავმა, ჩვეულებრივ ღრმავდება ან თავად ავადმყოფი იწვევს მას.

ჰიპოქონდრიული ნევროზი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანს ჰგონია, რომ უკურნებელი სენი სჭირს და საკუთარ ჯანმრთელობას გადამეტებულად ადევნებს თვალყურს. ჰიპოქონდრიული ნევროზის უკეთ დასახასიათებლად განვიხილოთ ასეთი მაგალითი: ვთქვათ ონკოლოგიური დაავადებით გარდაეცვალა ახლობელი. იპყრობს აზრი რომ მასაც იგივე შეიძლება დაემართოს ან ფიქრობს, რომ უკვე სჭირს. იწყებს ექიმებთან სიარულს, იტარებს კვლევებს, აქვს მაღალი შფოთვა. მთელი მისი სხვა ინტერესების ქრება და მთავარი გენერალიზებული აზრი ხდება „მისი დაავადება“.

ბავშვებში რა ფორმით გვხვდება ნევროზი?

საკმაოდ ხშირია ნევროზი ბავშვებში და ეს ძირითადად ოჯახში არსებილი მდგომარეობიდან მოდის. ბავშვებში ძირითადად შეიმჩნევა:  ვეგეტატიური და მოძრაობითი დარღვევები, ენურეზი, პირღებინება, ტიკი, ლოგონევროზი.

როგორ იკურნება ნევროზი?

დავიწყოთ იმით, რომ ნევროზი იკურნება. თუ მძიმე ან მწვავე ფორმით მიმდინარეობს ფსიქოთერაპიასთან ერთად ფარმაკოთერაპიაც უნდა მოვიაზროთ. თუკი სახეზეა სომატური დაავადებები, რომელიც თავისი არსით ფსიქოგენური წარმოშობისაა, მას ადეკვატური მკურნალობა სჭირდება. ეს შეიძლება იყოს: კუჭის წყლული, კუჭის მოქმედების დარღვევები, ფსორიაზი, არტერიული წნევის ხშირი ცვალებადობა გულის ფუნქციური დარღვევები  და ა.შ აუცილებელია შესაბამისი სპეციალისტი ექიმის მიერ მოხდეს მკურნალობის დანიშვნა. თუმცა ძირითადი წამყვანი მეთოდი მაინც ფსიქოთერაპია  არა იმიტომ, რომ ის პანაცეაა, არამედ იმიტომ, რომ ნევროზი ფსიქოგენური წარმოშობისაა  და შესაბამისად ფსიქოთერაპია ყველაზე ადეკვატური მეთოდია. თერაპიული მიზნის  მიიღწევა შესაძლებელია სხვადასხვა ტექნიკებით: გეშტალტერაპიით, არტ თერაპიით, კოგნიტუ-ბიჰევიორალური ტექნიკით  და ა.შ

 7 რჩევა ინდირა გვარმიანისგან:

  1. ნევროზის ახასიათებს ე.წ „ჩიხის“ განცდა. თითქოს გამოსავალი არ არსებობს. პირველ რიგში ვურჩევდი ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს გააცნობიერონ ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად ისინი ჯანმრთელები არიან, ნევროზი მხოლოდ და მხოლოდ დროებითი მდგომარეობაა. რეალურად ის გამკლავებადი პრობლემაა.
  2. ვურჩევდი მიმართონ სპეციალისტს, ფსიქოთერაპევტს, რათა მოხდეს სწორი დიაგნოსტირება და შესაბამისად ადეკვატური მკურნალობა. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა პრობლემა ეხება ბავშვს, ანუ საუბარია ბავშვთა ნევროზებზე. ბავშვის ფსიქიკა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და ნევროზულმა მდგომარეობამ შესაძლოა თავისი კვალი დატოვოს მის პიროვნულ მახასიათებლებზე. პიროვნული მახასიათებლები კი მოგეხსენებათ მთელი ცხოვრება მიჰყვება ადამიანს.
  3. მდგომარეობის ნორმალიზებისთვის უმეტესად საკმარისია ემოციური დაძაბულობის გამომწვევი სიტუაციის დარეგულირება და აქედან გამომდინარე მატრავმირებელი სიტუაციის იდენტიფიკაცია და ამ სიტუაციისგან განთავისუფლება მკურნალობის ტოლფასია.
  4. ნევროზს ახასიათებს სიამოვნების პრინციპზე უარის თქმა. იმ აქტივობების შემოტანა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც სიამოვნებასთან არის კავშირში ძალზედ მნიშვნელოვანია, ეს შესაძლოა იყოს სპორტის რომელიმე სახეობა, შემოქმედება, მოგზაურობა, ცურვა, სიყვარული და ა.შ.
  5. ვურჩევდი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს, მაქსიმალური მოთმინება და მხარდაჭერა გამოიჩინონ ასეთი ადამიანის მიმართ. ჩვენ სოციალური არსებები ვართ და სოციალური მხარდაჭერა გვჭირდება.
  6.  მნიშვნელოვანია აქტიური ცხოვრების წესი, პასიური ცხოვრების წესი მხოლოდ და მხოლოდ ნევროზული მდგომარების განმტკიცებას და „საკუთარ ნაჭუჭში“ გამოკეტვას შეუწყობს ხელს.
  7.  ხშირად ისმის კითხვა: რა აგვარიდებს ნევროზს? პირველ რიგში უნდა გამოვყოთ აღზრდა, აღზრდა რომელიც დღემდე ძალზედ საკამათო თემაა და თითქოს არ არსებობს ერთი მოდელი, რომელიც ყველასთვის ერთნაირად კარგი შეიძლება იყოს. აღზრდის წესი მიმართული უნდა იყოს ბავშვის ძლიერი მხარეების განმტკიცებაზე, მისი რესურსების გაძლიერებაზე. ეს აუცილებლად იქნება დაცვითი მექანიზმი, რომელიც თავიდან აგვარიდებს ნევროზის განვითარებას. ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესი, სრულფასოვანი კვება და ა.შ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები