რა დაავადებებით ხასიათდება ენდოკრინოლოგიური სისტემის დარღვევა – დავით მეტრეველი და ეკატერინე კვარაცხელია გადაცემაში “პულსი”

9

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

 

24 მარტს რადიო “ფორტუნას” და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას “პულსი”, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი დავით მეტრეველი და ამავე ცენტრის ექიმი ენდოკრინოლოგი, ქალბატონი ეკატერინე კვარაცხელია სტუმრობნენ, რომელთაც ენდოკრინოლოგიის მეტად მწვავე პრობლემებზე ისაუბრეს.

– ბატონო დავით, ენდოკრინოლოგია საკმაოდ ფართო ცნებაა, თუმცა  ბევრისთვის სამწუხაროდ ის მხოლოდ დიაბეტსა და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიითაა ცნობილი. საინტერესოა კიდევ რა დაავადებებით ხასიათდება ენდოკრინოლოგიური სისტემის დარღვევა?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ დღეს ტუბერკულოზთან ბრძოლის დღეა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ენდოკრინოლოგია და ფტიზიატრია ძალიან ბევრ საკითხში იკვეთება. სხვათაშორის, შაქრიანი დიაბეტით დასნეულებულებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მაიქციონ ამ დაავადებას, რადგან თირკმელისა და ჯირკვლის ტუბერკულოზი ანუ თირკმელებისა და ჯირკვლების ქერქის ქრონიკული და ტოტალური გამოფიტვა, ენდოკრინოლოგიური სისტემის ძალიან სერიოზულ დარღვევას იწვევს. ზოგადად, ენდროკინოლოგია ძალიან ფართო სფეროა და არ არსებობს მედიცინის დარგი, რომელიც მეტად ან ნაკლებად ენდოკრინოლოგიას არ უკავშირდება, ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ კარდიოლოგები ან თუნდაც ონკოლოგები პაციენტებს სწორედ ჩვენთან ამისამართებენ. დიაბეტისა და ჩიყვის გარდა არსებობს ისეთი სერიოზული სისტემური პათოლოგია როგორიც ოსტრეოპოროზია, რომელიც არც თუ ისე იშვიათად სწორედ ენდოკრინოლოგიური ჯირკვლების დაზიანებითაა გამოწვეული და 50 წელს გადაცილებულ ქალბატონებს მენსტრუალური ციკლის დასრულების და საკვერცხეების ჰორმონების პროდუქციის სპექტრის ცვლილების შედეგად უჩნდებათ. მსგავსი პრობლემა მამაკაცებს აწუხებთ, თუმცა შედარებით გვიან. სამწუხაროდ, ოსტრეოპოროზის თემას მოსახლეობა ნაკლებად იცნობს და ყოველთვის დაგვიანებით იწყებს მკურნალობაზე ზრუნვას, არადა თავისუფლად შეიძლება პრევენციული ზომების მიღება და პროფილქტიკის სახით გამოკვლევის ჩატარება. ჩვენ, კლინიკაში სპეციალური აპარატი გვაქვს, რომელიც დროულად აფასებს ოსტრეოპოროზულ ცვლილებებს, გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ თუ რა მდგომარეობაშია ძვლები, რამდენად დიდია მოტეხილობის შანსი და დავნიშნოთ შესაბამისი მკურნალობა. ყველაზე ხშირად ოსტრეოპოროზი უფროსი ასაკის ქალბატონებს და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის მქონე პაციენტებს აწუხებთ, ასევე მათ ვინც მჯდომარე ცხოვრების წესს მისდევს და ვისაც ჭარბი წონის წყალობით მეტაბოლური სინდრომი აღენიშნება.

– რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი კვლევების სწორედ ენდოკრინოლოგიური პროფილის კლინიკში ჩატარება. ალბათ, ბევრად მართებულია, როცა ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე მისული პაციენტი პარალელურად ძვალ-სახსროვანი სისტემის მდგომარეობასაც ამოწმებს?

– აბსოლუტურად გეთანხმებით, რადგან ოსტრეოპოროზი ანუ ძვლების დაზიანება უამრავი მიზეზით შეიძლება გაჩნდეს, თუმცა უმთავრესი მაინც ენდოკრინოლოგიური სისტემის დარღვევაა. მართალია, ამგვარი აპარატი ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ ჩვენ გამოვნახეთ საჭირო რესურსები და შევიძინეთ, რადგან სხვაგვარად ზუსტი დიაგნოზირება და სრულფასოვანი მკურნალობა უბრალოდ შეუძლებელია.

– ქალბატონო ეკატერინე, უაღრესად მნიშვნელოვანია ბავშვების ფიზიკური და სქესობრივი განვითარების თემა, თუმცა, ხშირად მშობლები ძალიან გვიან მიმართავენ ექიმს, რითაც პირველ რიგში ბავშვები ზარალდებიან. საინტერესოა, რა პრობლემები შეიძლება განვითარდეს დაგვიანების შემთხვევაში?

– ენდოკრინოლოგიური სისტემა ერთგავრი მარეგულირებელია ბავშვის ნორმალური ზრდისა და სქესობრივი განვითარების პროცესში. სამწუხაროდ, მშობლები მართლაც ძალიან ხშირად მოგვართავენ დაგვიანებით, რისი მიზეზიც ან პრობლემის ვერ გაცნობიერებაა ან პედიატრის შეცდომა, რომელიც მშობელს მოცდას ურჩევს და არწმუნებს, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი ბუნებრივად მოგვარდება. სინამდვილეში, ბავშვის განვითარების პარამეტრებზე დაკვირვება დაბადებიდან იწყება. პედიატრი განვითარების ინდივიდუალურ მრუდს ადგენს და აკვირდება რამდენად სწორად და ასაკთან შესაბამისად ვითარდება ბავშვი, დარღვევის – დროზე ადრე განვითარების ან პირიქით, ჩამორჩენის შემთხვევაში კი, სხვა მიზეზების გამორიცხვის შემდეგ აუცილებლად ენდოკრინოლოგთან ამისამართებს. ცხადია, რაც უფრო სწრაფად მოხდება რეაგირება და დარღვევის აღმოჩენა, მით ეფექტური იქნება მკურნალობა.

– ბატონო დავით, პედიატრები მართლაც ძალიან ხშირად ურჩევენ მშობლებს 13-14 წლამდე მოცდას იმ იმედით, რომ ყველაფერი თავისით ჩადგება ნორმაში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები თუ  მშობელი გაითვალისწინებს ამგვარ რჩევას, მერე კი, აღმოჩნდება, რომ ის შეცდომაში შეიყვანეს?

– სამწუხაროდ, მოზარდი ყმაწვილების შემთხვევაში არაერთხელ აღმოვჩენილვართ სავალალო მდგომარეობაში. იყო შემთხვევები, როცა პაციენტს ჭეშმარიტი კრიპტორქიზმი ჰქონდა და პრაქტიკულად დაგვიანებული იყო მისი მკურნალობა, რადგან თუ დაავადებას ადრეულ ასაკში არ უმკურნალე, მერე უკვე სერიოზული პრობლემები – უნაყოფობა და სქესობრივი ფუნქციის სრული დარღვევა იწყება. არსებობს ცრუ კრიპტორქიზმი, რომელიც მართლაც არ საჭიროებს მკურნალობას, რადგან ასაკთან და სქესობრივ მომწიფებასთან ერთად ყველაფერი ნორმალიზდება. თუმცა, აუცილებელია დაისვას სწორი და დროული დიაგნოზი. გარდა ამისა, ზრდასრულ მამაკაცებში საკმაოდ გავრცელებულია ჰიპოგონატიზმი ანუ სათესლე ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითება, რომელზე საუბარიც პაციენტს ეუხერხულება და ამიტომ ურჩევნია საერთოდ არ მიმართოს ექიმს. სხვათაშორის, ჰიპოგონატიზმის დროს მეტაბოლური სინდრომი, რომელიც მაღალ არტერიულ წნევას, ჭარბ წონას, დიაბეტს და ლიპიდების ცვლის დარღევას აერთიანებს, უფრო რთულად მიმდინარეობს, დავადების მკურნალობის შემთხვევაში კი, არა მარტო მეტაბოლური სინდრომის კორექცია ხდება, არამედ საგრძნობლად უმჯობესდება მამაკაცის საერთო ფიზიკური და ემოციონალური მდგომარეობა, ის უფრო აქტიური, ენერგიული და ხალისიანი ხდება.

– ბატონო დავით, რამდენად ხშირად მოგმართავენ თირკმელების და ჯირკვლების პრობლემებით და რას ურჩევდით მათ, ვისაც ამგვარი დაავადებები აწუხებს? 

– ყველამ კარგად იცის, რა პრობლემებს იწვევს არტერიული წნევის მომატება, თუმცა, ბევრს წარმოდგენაც არ აქვს, რომ მაღალი არტერიული წნევა, რომელსაც სისხლში კალიუმის დონის შემცირებაც ახლავს, თირკმლისა და ჯირკვლის ერთ-ერთი ენდოკრინოლოგიური დაავადება – პირველადი ჰიპერალდესტერონიზმია, რომლის მკურნალობა არა მარტო ქირურგიული ჩარევით, არამედ მედიკამეტურადაც შეიძლება. მთავარი პრობლემის დროულად აღმოჩენაა, რადგან მეტად ვერაგ დაავადევას თირკმელებთან ერთად სისხლძარღვების, გულის კუნთის და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებაც შეუძლია. არსებობს კუშინგის სინდრომიც, რომელიც საკმაოდ თვალსაჩინო ცვლილებებს იწვევს გარეგნობაში – მრგვალდება სახე, წითლდება ლოყები, გროვდება ტანზე ცხიმი და მართალია, ადამიანს კიდურები თხელი რჩება, მაგრამ სიმსუქნე აშკარად შესამჩნევი ხდება ტანზე და სახეზე. ასეთი პაციენტები ვიზუალურადაც იქცევენ ყურადღებას, მთავარია ენდოკრინოლოგთან დროული მისვლა და სწორი დიაგნოსტირება. გარდა ამისა, მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, გამონაყარი ანუ ე.წ. აკნე და ჭარბთმიანობაც ხშირად შეიძლება იყოს თირკმელისა და ჯირკვლის თანდაყოლილი დისფუნქციის მიზეზი, რომლის მკურნალობა მეტად ეფექტურად შეიძლება მედიკამენტებით. ყველას ვურჩევ მეტი ყურადღება მიაქციოს საკუთარ ჯანმრთელობას და ჩაიტაროს პროფილაქტიკური გამოკვლევა, რადგან დაავადების მკურნალობა საწყის ეტაპზე უფრო ეფექტურია, ვიდრე დაგვიანების და გამწვავების შემთხვევაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები