რა ეტაპები უნდა გაიაროთ პროფესიის არჩევამდე – FM ქოუჩი

რა ეტაპები უნდა გაიაროთ პროფესიის არჩევამდე – FM ქოუჩი

მოსწავლეებს ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი გადაწვეტილების მიღება დამამთავრებელ კლასებში უწევთ, მაშინ როდესაც პროფესიას ირჩევენ. პროფესიის არჩევამდე  კი მთელი რიგი ეტაპებია გასავლელი. როგორ ხდება უმოკლეს დროში ერუდიციის ამაღლება, როგორ გავავარჯიშოთ მეხსიერება, როგორ  გამოვიმუშაოთ არგუმენტირებული საუბრის უნარი – გადაცემის „FM ქოუჩი“ სტუმარია ერუდიციის ცენტრ „სოფიქსის“ დამფუძნებელი გიორგი გოგელია.

 

როგორ ხდება უმოკლეს დროში ერუდიციის ამაღება?

თუ როგორ გავხდეთ ჭკვიანი მოკლე დროში – ეს მეთოდიკა მოიგონეს 150 წლის წინ, დიდგვაროვანი ოჯახებისთვის, სამეფო საგვარეულოებისთვის. გასულმა პერიოდმა და 150 წელმა საკუთარი კორექტივები შეიტანა და ჩვენ ახლა უკვე მივიღეთ მეთოდიკა, რომლის მიხედვითაც, მოკლე დროში შესაძლებელია ადამიანი გახდეს უფრო მეტად ერუდირებული. ეს შეიძლება გამოიმუშაოთ 12 კვირაში შემდეგნაირად, წაიკითხოთ 12 ძალიან საინტერესო მწერლის ნაწარმოები, დაამუშაოთ 12 ადამიანის ბიოგრაფია და გაიგოთ 12 სახელმწიფოზე ინფორმაცია. კვირაში ერთხელ უნდა წაიკითხოთ 1 წიგნი. მიდგომა, რომ ყველამ ერთნაირად უნდა აითვისოს არასწორია.

როგორ ხდება მეხსიერების გავარჯიშება?

მეხსიერების გავარჯიშების ბევრი მეთოდიკა არსებობს. მეხსიერებაზე კვების ფაქტორიც მოქმედებს, მაგალითად, თხილი  ან შოკოლადი. მეხსიერებას უწყობს ხელს პატარ-პატარა ნოველების წაკითხვა, რომელზეც 3 წუთს დახარჯავთ და ბევრად წინ წახვალთ. მაგალითად, ო ჰენრის მოთხრობები…როდესაც მე ვიყავი 13 წლის და მამაჩემი მეუბნებოდა, წამეკითხა „3 მუშკეტერი“, მე ვერ ვხედავდი  თავგადასავალს, რომელიც ამ წიგნში იყო, არამედ ეს იყო ჩემთვის 300 გვერდი. ანუ წიგნი არ უნდა იყოს ტანჯვის მომტანი, არამედ ადვილად დასაძლევი გარკვეულ ასაკში.

როგორ უნდა მოხდეს არგუმენტირებული საუბრის უნარის გამომუშავება?

ამ უნარის გამომუშავებისთვის საჭიროა რამდენიმე პუნქტი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სიტყვათა მარაგია, რასაც ხელს უწყობს სწორედ წიგნების კითხვა, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კომპეტენტურობა. სოკრატე ამბობდა, „მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი“. თუკი კარგად მოსაუბრე ადამიანი ბრძანდებით, მაშინ ნებისმიერი, რომელსაც ეგონა, რომ საუბარში დაგამარცხებდათ, აუცილებლად იმედგაცრუებული დარჩება.

როგორ უნდა განვითარდეს თვითრწმენა?

საკუთარ სახლში ერთი თარო გამოითავისუფლეთ, დაალაგეთ ის წიგნები, რომელსაც წაიკითხვათ, სამ კვირაში 3 წიგნს რომ წაიკითხავთ, თვითრწმენაც მოდის. თვითრწმენას უნდა ნელ-ნელა გამომუშავება, ისევე როგორც ნებისყოფას. ჩვენ ვხედავთ მარტო იმას, რომელმაც ჯეკპოტი მოიგო ლოტოში, თუმცა ბევრი ვერ იგებს ჯეკპოტს და ამ ადამიანებს ჩვენ ვერ ვხედავთ. საჭიროა ნელა სვლა და საფეხურების გავლა. ჯობია ვიცოდეთ ცოტა და ხარისხიანად, ვიდრე ბევრი და დაგვავიწყდეს მალე. არასდროს არის გვიან, დაიწყოთ კითხვა, გაეცნოთ ლიტერატურას.

პროფესიის არჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული გადაწყვეტილებაა…

17-18 წლის ასაკში ადამიანი არ უნდა წყვეტდეს, ვინ უნდა გამოვიდეს 42 წლის ასაკში, ძალიან ადრეა. მაგალითად, გერმანიაში ცალკე საგანია, რომელსაც გადიან 3 სემესტრი და სწავლობენ, რა პროფესიები არსებობს გერმანიაში და შემდეგ ირჩევენ. ადამიანმა გამოცდილი ადამიანისგან რჩევა უნდა მიიღოს, თუმცა მამა რომ ექიმია და შვილიც რომ აუცილებლად ექიმი უნდა გამოვიდეს, არ არის სწორი…

მე მაქვს იურისტის განათლება, მაგრამ იურისტად არ ვმუშაობ, თუმცა მიმუშავია. რატომ ავირჩიე ეს პროფესია?  ალბათ რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე, მაგალითად, ამ გადაწყვეტილებაზე იმოქმედა იმ პერიოდში არსებულმა, იურიდიულზე ჩაბარების მოდამ,  ოჯახის წევრების გავლენამ, 10 მეგობრიდან 7 იურიდიულზე აბარებდა და ა.შ. მე სამწუხაროდ არ მქონდა პასუხიმგებლობა საკუთარ მომავალზე, ის გადავწყვიტე იურისტობა. თუმცა არასდროს არის გვიან აირჩიო ის საქმე, რომელიც გიყვარს.

გადაცემის ჩანაწერი:

8 ივნისი, 2017

სხვა ჩანაწერები