LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ფაქტორები აფერხებს წარმატებას – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

15

გადაცემის ლაივი LIVE

ყველა ადამიანს სურს იყოს წარმატებული და რეალიზებული, ჰქონდეს საყვარელი საქმე. თუმცა, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე არსებობს ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი. რა ფაქტორები აფერხებს წარმატებას – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია “კამარას” ფსიქოლოგი მაგდა ფერაძე.

რა არის წარმატება?

წარმატება, ისევე როგორც ბედნიერება, ძალიან ფართო და ინდივიდუალური ცნებაა. თითოეულ ადამიანს სამყაროში ბედნიერების მისეული აღქმა აქვს. ასევეა წარმატებაც ზოგისთვის ბედნიერ ქორწინებასთან ასოცირდება, ზოგისთვის კარიერასთან და ზოგისთვის სულიერ განვითარებასთან. წარმატების მთავარი იდეა მაინც მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანმა მიაღწიოს იმ მიზანს და ოცნებას, რომლის განხორციელებაც მთელი გულით სურს. არსებობს ორი სახის წარმატება: 1. დიდი წარმატება, რომელიც არის ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იდეალის დონეზე აყვანილი, სადაც გაერთიანებულია მისი ოცნებები, მიზნები, სურვილები და მოთხოვნილებები. 2. პატარა წარმატება, რაც დაკავშირებულია ყოველდღიური ცხოვრების პროცესში პატარ-პატარა გამარჯვებებთან, რასაც ხშირად ადამიანები დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. თუმცა, საბოლოოდ სწორედ ამ პატარა ბრძოლების მოგებით მიდიხარ ომის მოგებამდე.

რას ნიშნავს იყო წარმატებული ადამიანი?
იყო წარმატებული ადამიანი, პირველ რიგში გულისხმობს იყო ჰარმონიაში საკუთარ თავთან. საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა კი სამყაროსთან ჰარმონიას გულისხმობს. წარმატებული ადამიანი თვითკმარია, მიუხედავად მისი სტატუსის და რეგალიებისა, აქვს უნარი შეიგრძნოს სიხარული და სიამოვნება ცხოვრებისგან აქ და ახლა. არასოდეს კმაყოფილდება მიღწეული განვითარების დონით და მუდმივად ორიენტირებულია პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე. წარმატებული ადამიანები არასოდეს ნებდებიან, მიუხედავად მარცხისა, რომელიც ხშირია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. არ ჩერდებიან ერთ ადგილას. რადგან გაჩერება სტაგნაციას გულისხმობს, სტაგნაცია კი საბოლოოდ რეგრესს. ეს ადამიანები არიან აწმყოში და აგრძელებენ წინსვლას დასახული მიზნისკენ. არ ეშინიათ დაბრკოლებების, აქვთ ნებისყოფა და არ ეზარებათ შრომა. ყველაზე მთავარი ადამიანის ფსიქოლოგიური განწყობაა. როდესაც მას სჯერა საკუთარი თავის, ზუსტად იცის რა უნდა და აქვს რწმენა, ის აუცილებლად მიაღწევს მისთვის სასურველ მიზანს.

რა ფაქტორები აფერხებს წარმატებას?
არსებობს შინაგანი და გარეგანი ხელისშემშლელი ფაქტორები. შინაგან ხელისშემშლელ ფაქტორებში იგულისხმება პიროვნების დაბალი თვითშეფასება, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, პესიმიზმი, წარსულით ან მომავლით ცხოვრება, მუდმივად გრანდიოზული მოვლენის მოლოდინი, შიშის და სირცხვილის გრძობა, სიზარმაცე, უნებისყოფობა, მუდმივად გარემოს დადანაშაულება საკუთარ წარუმატებლობაში, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის არ აღება.
არსებობს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური აზროვნება. აქედან გამომდინარე ცხოვრებაში ბევრი რამ ჩვენს ფიქრებსა და აზროვნებაზეა დამოკიდებული. არსებობს გაგება, რომ ფიქრები მატერიალიზდება და ბუმერანგივით გვიბრუნდება უკან. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ რას ვფიქრობთ და როგორ ვფიქრობთ. რამდენად ვაღვივებთ უარყოფით ფიქრებს ჩვენს თავში. პოზიტიური აზროვნება ოპტიმისტურ ხედვას გულისხმობს. ოპტიმისტური ხედვა და განწყობა ხელს უწყობს ადამიანს საკუთარი თავის პოვნაში, რაც პირდაპირ კავშირშია ბედნიერებასა და წარმატებასთან. ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანს რამდენად გაცნობიერებული აქვს საკუთარი სურვილები და მოთხოვნილებები, საკუთარი ,,მინდა”.  როდესაც ,,მინდა” გაუცნობიერებელია, მისკენ მიმავალი გზა ბუნდოვანია. როდესაც ზუსტად იცი რა გინდა ცხოვრებისგან, სურვილი კონკრეტულ ქმედებაში გადადის, რის შედეგადაც მიზნის მიღწევის შემდეგ მოთხოვნილება კმაყოფილდება. ადამიანი სოციალური არსებაა და მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნილება, აღიარების მოთხოვნილებაა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი მიღწევები იყოს მოწონებული და აღიარებული სოციუმის მიერ.

7 რჩევა მაგდა ფერაძისგან:

1. პირველ რიგში, მთავარია ზუსტად გააცნობიეროთ რა გინდათ ცხოვრებაში.
2.  უნდ გჯეროდეთ, რომ მიაღწევთ დასახულ მიზანს.
3. არასოდეს შეიტანო ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში.
4. არ მისცეთ შიშს უფლება დაგაბრკოლოთ.
5. ნუ იწუწუნებთ, ნუ ჩათვლით, რომ სხვაგან უკეთესად იქნებოდა, რადგან სადაც წახვალთ საკუთარ თავთან ერთად უნდა იაროთ.
6. ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია მთავარია თავად რამდენის გამღებია ამისთვის.
7. არასოდეს დანებდეთ, რამდენჯერაც დაეცემით იმდენჯერ წამოდგომა და და ახალი ძალებით გზის გაგრძელება უნდა შეგეძლოთ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები