LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ფაქტორები განაპირობებს თქვენს წარმატებას თუ წარუმატებლობას – “7 რჩევა ფსიქოლოგისგან”

14

ყველას სურს იყოს წარმატებული, ჰქონდეს საყვარელი საქმე, რომელიც კარგად ექნება აწყობილი, თუმცა ამისთვის ადამიანები ხშირად არასწორ მეთოდებს მიმართავენ. რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი წარმატების ფორმულა შეიმუშაოთ, გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ბიზნეს ფსიქოლოგიის ტრენერი ზაზა ქოიავა.

 

შეცდომები, რომელსაც ადამიანები წარმატებისკენ გზაზე უშვებენ…

ზაზა ქოიავა მიიჩნევს, რომ მთავარია თვითგამორკვევის პროცესი. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს თუ რა არის მისი სუსტი თუ ძლიერი მხარეები, იმისთვის რომ მივიდეს დასკვნამდე, რა სურს ცხოვრებაში. მისივე თქმით, 18-დან 25 წლამდე პერიოდი განსაზღვრავს ადამიანის შემდგომ ცხოვრებას. თუ ამ პერიოდში სწორი მიმართულებით წარმართავთ ცხოვრებას, წარმატებისკენ მისასვლელ გზაზე ნაკლები სიძნელეები დაგხვდებათ. სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება ადამიანი.

 

„როდესაც ჩვენ ვიწყებთ ასე აზროვნებას  –  ვაკეთოთ ნაკლები, მივიღოთ მეტი, ეს არის ცხოვრების ერთ-ერთი საბედისწერო შეცდომა. შეცდომების გამოსწორება ხდება მათი აღიარებით, ჩვენ კი ხშირად არ ვაღიარებთ შეცდომას, ისტერიულად უარვყოფთ და ვიწყებთ გარემო ფაქტორებზე გადაბრალებას. ჩვენი პიროვნული განვითარებით ვახდენთ თვითრეალიზაციას. ვისაც არჩეული აქვს ძლიერი მხარეები ის თვითრეალიზაციას ახდენს და უფრო მეტად არის კარიერულად წინ წაწეული, ხოლო ვინც ფულისთვის მუშაობს, ის ვერ ახდენს თვითრეალიზაციას, ვერც კომფორტის ზონას ტოვებს, კომფორტის ზონაში კი განვითარება არ ხდება, საჭიროა გამბედაობის ზონაში გადასვლა, ადამიანი, რომელიც გამოწვევას არ უშინდება, პერიოდულად ტოვებს კომფორტის ზონას“.

 

ზაზა ქოიავა ამბობს, რომ ადამიანის ეგოს არ სიამოვნებს კრიტიკული მოსაზრების მოსმენა, თუმცა მთავარია განსაზღვრა, ვინ რატომ გაკრიტიკებთ და რა ფორმა ექნება ამ კრიტიკას. „ერთია, როცა ვიღაც ცდილობს კრიტიკით დაგამციროთ, მეორე, როცა კრიტიკით თქვენი გაზრდა სურთ. კრიტიკამ შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის დემოტივაცია. მისაღები ფორმაა, როცა გეკითხებიან „ასე ხომ არ გვეცადა“, ვიდრე „რას გავს შენი საქციელი“.  ადამიანი კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა მიიყვანო იქამდე, რომ საკუთარ თავთან აღიაროს შეცდომა“.

 

რა ფაქტორები განაპირობებს წარმატებას?

ზაზა ქოიავა ამბობს, რომ წარმატების საწყისი არის პიროვნული განვითარება. წარმატებას ძირითადად სამი ფაქტორი განსაზღვრავს:

წარმატებული პირადი ცხოვრება;

სამსახური, რომელიც თვითრეალიზაციის საშუალებას მოგცემთ;

მეგობრული საზოგადოებრივი გარემო, სადაც შეძლებთ საზოგადოების საკეთილდღეოდ მოქმედებას, სანაცვლოთ კი არაფერს უნდა ელოდოთ.

 

„წარმატება იწყება იქიდან, როცა დაუსვამ საკუთარ თავს შეკითხვას რა გინდა. მეც მკითხეს, რა არის ის საქმე, რომელსაც დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი უფასოდ,  ვუპასუხე, რომ ტრენინგს წავიკითხავდი. თუ იცით, რა არის საქმე, რომელსაც უფასოდ  გააკეთებთ და ამ საქმის კეთება გსიამოვნებთ, ამ საქმეში ისე დახელოვნდებით, რომ ადამიანები სიამოვნებით გადაგიხდიან  ფულს…ადამიანებს, რომლებმაც პიროვნული განვითარება არასწორად წარმართეს და მხოლოდ ხელფასისთვის მუშაობენ, საქმეში კონტროლი სჭირდებათ, ხოლო  ვინც პროფესია თავად აირჩია და იცის რაც უნდა, კონტროლი აღიზიანებს“.

 

 7 რჩევა წარმატებისთვის ზაზა ქოიავასგან:

 

  1. სწორად განსაზღვრეთ სტრატეგია და მოხვდით საჭირო დროს საჭირო ადგილზე.
  2. შექმენით სასიამოვნო მოტივაციური გარემო, შექმენით გუნდი და შეეგუეთ მათ ამბიციებს.
  3. მოემზადეთ პასუხი აგოთ ყველაზე და ყველაფერზე.
  4. გახსოვდეთ, ხარისხი ნიშნავს სწორად კეთებას მაშინაც კი, როდესაც არავინ გიყურებს.
  5. დაიხსომეთ, რომ სხვადასხვა მოთხოვნილების ადამიანი იმართება სხვადასხვაგვარად.
  6. არ ეცადოთ გაამართლოთ გაუგებარი მოთხოვნები და ნუ ეცდებით ყველა კამათის თქვენს სასარგებლოდ გადაწყვეტას.
  7. ზუსტად იცოდეთ რას მოელით ადამიანებისაგან, ასევე შეუქმენით მოლოდინი თქვენს შესახებაც და არასდროს გაუცრუოთ იმედი.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები