LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ფერებია წელს ტენდენციური და რას სთავაზობენ ქართველი დიზაინერები მოდის მიმდევარებს?

5

ვინ აკრიტიკებს ქართულ მოდას მაშინ, როდესაც არ არსებობს მოდის კრიტიკოსი?

თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა 5-დან 9 ნოემბრის ჩათვლით, საერთაშორისო მოდის კვირეულს „Mercedes-Benz  Fashion week Tbilisi 2015“-ს უმასპინძლა. შემოდგომის ყველაზე მოდურ სანახაობაზე დიზაინერები, მოდელები, ბაიერები, ჟურნალისტები და მაღალი მოდის თაყვანისმცემლები შეგროვდნენ. გადაცემა არტ FM-ი დიზაინერებს, ლელა ელოშვილსა და ანუკა ქებურიას გაესაუბრა და მათგან შეიტყო თუ როგორ ჩაიარა მოდის კვირეულმა.

– შეაფასეთ მოკლედ მოდის კვირეული, არსებობენ თუ არა თქვენი აზრით მოდის კრიტიკოსები?

ლელა ელოშვილი: – არ არსებობენ, იმედი მაქვს გაიზრდებიან, ამ სფეროს გამოცდილება და დიდი ცოდნა სჭირდება. კარგია კრიტიკა, ყველასგან გავითვალისწინებთ, თუმცა ამ დარგის  სპეციალისტები არ გვყავს.

– ვისაუბროთ მოდის კვირეულის სტუმრებზე, მათ ძალიან მოეწონათ საქართველო, ქართველი დიზაინერების ნამუშევრები, რამდენიმე ბლოგი უკვე დაიწერა, ხომ არ დაისახა სამომავლო გეგმები?

– მე ბედნიერი ვარ, რომ მოვაწონე უცხოელ სტუმრტებს თავი. ისინი დაგვაკვირდებიან, ჩვენზე ბევრს დაწერენ, შემდეგ კი მივიქცევთ მსოფლიოს ყურადღებას.

– როგორ ახერხებთ ფინანსურად ახალ კოლექციებზე მუშაობას?

– ქართველმა მომხმარებელმა ყურადღება მოგვაქცია, გახდა უფრო გაყიდვადი, გაიხსნა დიზაინერების სახლები. ძალიან კარგი გაყიდვები გვაქვს, როდესაც შემოსავალი არის, ავტომატურად გვაქვს იმის საშუალება, რომ ვიმუშავოთ ახალ კოლექციაზე. გვაქვს შეკვეთები რუსეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და რა თქმა უნდა საქართველოდან. ქართველი დიზაინერები მოდაში ვართ და დიდ ყურადღებას ვგრძნობთ.

– არის ალბათ რაღაც გამორჩეული შენთვის შენივე კოლექციაში…

– დავიწყოთ აქსესუარებიდან, ძალიან ტენდენციური გახდა დიდი საყურეები. მქონდა კოლაბორაცია ნათია ხუციშვილთან, ტყავში გავაკეთეთ სამკაულები. ძალიან მნიშვნელოვანია ფეხსაცმელი, სპორტული ელემენტებით გავაკეთე, რადგან ეს ძალიან აქტუალურია. ვერ გამოვყოფ კოლექციიდან თუ რომელი კოსტიუმი მომწონს, ის ჩემთვის შვილივით არის. ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი რომელია გამორჩეული, თუმცა პრინტები მაქვს ამოჩემებული და ძალიან მსიამოვნებს მასზე მუშაობა. წითელი, მწვანე და კრემისფერი იყო ჩემს კოლექციაში დომინანტი.

– ძალიან მოეწონა საზოგადოებას თქვენი კოლექცია…

ანუკა ქებურია:- ძალიან ბედნიერი ვარ პირველ რიგში იმით, რომ ვიღებ მონაწილეობას ”მერსედეს ბენცის” მოდის კვირეულში, მიხარია, რომ ქართველ დიზაინერებს მოგვეცა საშუალება ჩვენი კოლექცია სამომავლოდ საზღვარგარეთ გავიტანოთ. სოფო ჭყონიამ ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები მოიწვია.

– რა არის მოდური თქვენთვის და რას სთავაზობთ მომხმარებლებს, სულ ცოტა ხნის წინ ჩამოხვედთ უკრაინის მოდის კვირეულიდან, მიემგზავრებით ყაზახეთში…

– დიახ ასეა, შესაძლოა ბაქოშიც მომიწიოს წასვლა. წელს აზერბაიჯანის მოდის კვირეული ჩატარდა, სადაც ქართველი დიზაინერები პირველად ვიყავით წარდგენილნი. ბაქოს კვირეული ემთხვევა ყაზახეთის შოუ რუმს და ვერ გადავწყვიტეთ სად წავიდეთ. კიევში ორი კვირის წინ ვიყავი პირველად. რამდენიმე მაღაზიამ შემომთავაზა თანამშრომლობა და ჩემი კოლექცია დაიტოვეს. რაც შეეხება იმას, თუ რა არის მოდაში, პირველ რიგში ის, რაც უხდება ადამიანს. ვითვალისწინებთ ყველა იმ ტენდენციას, რაც მსოფლიო მოდის ბაზარზეა აქტუალური. ჩემს კოლექციებში ყოველთვის მუქი ფერი სჭარბობს, ამჟამადაც შავი კოლექცია მქონდა.

– ვის რჩევას ითვალისწინებთ?

– ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის პირველ რიგში ჩემი შვილის, დედისა და მეგობრების აზრს. როდესაც ქმნი კოლექციას, ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკოსის მოსაზრება, თუმცა საქართველოში არ არსებობს ამ დარგის სპეციალისტი. ჩვენ კოლექციას ჩვენ თვითონვე ვაკრიტიკებთ. ძალიან საინტერესო სტუმრები ჩამოიყვანა სოფო ჭყონიამ.

– რა ფერებია ტენდენციური?

– ჩემს კოლექციაში ყოველთვის შავი სჭარბობს. წინა კოლექციაში კრემისფერი და ნაცრისფერი მქონდა შეტანილი, ბოლო კოლექცია კი თავიდან ბოლომდე შავია. ”თბილისი მოლში” იმ ქართველი დიზაინერების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი, რომლებმაც ”მერსედესის მოდის” კვირეულზე მიიღეს მონაწილეობა. მსურველებს ნამუშევრების დათვალიერება და შეძენა ახალ წლამდე შეეძლებათ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები