LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გავლენას ახდენს გენდერული სტერეოტიპები საზოგადოებაზე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

47

სტერეოტიპები ცვლიან ჩვენს ცხოვრებას. ერთი ჯგუფის მიერ დამკვიდრებული სტრეოტიპები ზღუდავენ ადამიანების სხვა ჯგუფის არჩევანს და ხელს უშლიან მათი სურვილების განხორციელებას. რა გავლენას ახდებს გენდერული სტრეოტიპები საზოგადოებაზე, გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი ელენე ყიფიანი.

რას ნიშნავს სტერეოტიპი?

ტერმინი „სტერეოტიპი“ ნიშნავს  სოციალური ჯგუფის შესახებ  ინდივიდის ცოდნას, რწმენებს და მოლოდინებს. ეს არის რწმენათა ერთობლიობა, რომელსაც მოცემული კულტურის ფარგლებში იზიარებენ ადამინები. სტერეოტიპი შეიძლება ეხებოდეს  ასაკს, სქესს, რასას რელიგიას და ა.შ.

პირველად ტერმინი „სტერეოტიპი“ გამოიყენა  ჟურნალისტმა ლიპმანმა 1922 წელს და ის აღწერდა, თუ როგორ იქმნიან ადამინები გონებაში სხვა ადამიანთა ჯგუფის შესახებ წარმოდგენებს, განმეორებით მიაწერენ  ერთსა და იმავე თვისებებს  ერთ ჯგუფში გაერთიანებულ ადამიანებს.

სტერეოტიპების ჩამოყალიბებისას პირველ რიგში ხდება  სხვების ჯგუფში კატეგორიზება  და შემდეგ ყველა ჯგუფის წევრის ფუნქციურად ერთნაირად აღქმა. რასა, გენდერი და ასაკი, არის ის სოციალური კატეგორიები, რომლებიც ინტენსიურად გამოიყენება  სტერეოტიპების შესაქმნელად. სტერეოტიპების ჩამოყალიბებაზე კოგნიტური და ემოციური ფაქტორებიც ახდენენ გავლენას, როდესაც უკვე ჩამოყალიბებულია რწმენა, ადამიანებს შეუძლიათ ეს რწმენები კომენტარების და ქცევით გადასცენ სხვებს.

რაც შეეხება სქესს და გენდერს, პირველ რიგში უნდა განვსაზღვროთ რას ნიშნავს სქესობრივი განსხვავება. ეს არის ბიოლოგიური მახასიათებლები, რითაც მდედრობითი სქესი განსხვავდება მამრობითი სქესისგან. ამ განსხვავებებში შედის  რეპროდუქციული  ფუნქციები, ანატომიური  და ჰორმონალური სხვაობები, რაც უნივერსალურია და არ ექვემდებარება სოციალურ გავლენებს. ამით შეიძლება აიხსნას ბავშვების განსხვავებული ქცევები, რომ ბიჭები უფრო აგრესიული თამაშებისკენ არიან მიდრეკილნი, ვიდრე გოგოები.

რა კვლევები არსებობს გენდერულ სტერეოტიპებთან დაკავშირებით?

გენდერი სქესისგან განსხვავებით, ფსიქოლოგიური ფენომენია და მოიაზრებს სქესთან დაკავშირებით შეძენილ ქცევებს. ადამიანებს აქვთ განზოგადოებული აზროვნებისკენ მიდრეკილება ე.წ. სოციალურ სქემებს, რაც არის ჩვენი ზოგადი წარმოდგენა მოვლენებზე, სხვებზე და საკუთარ თავზეც. მაგალითად თუკი დავინახავთ ბიჭს, რომელსაც ხელში უჭირავს ნევროლოგიის წიგნი, ჩვენი გონება მაშინვე აკეთებს დასკვნებს, რომ იგი არის მედიცინის სტუდენტი, ესე იგი არის მდიდარი, ჭკვიანი, მიზანდასახული და ასე შემდეგ. კულტურული მოლოდინები თამაშობს  დიდ როლს სოციალური იდენტობის ჩამოყალიბებაში, რომლის ნაწილიც არის გენდერული იდენტობა. ერთ-ერთ კვლევაში, ფსიქოლოგებმა ინტერვიუს სახით გამოკითხეს 1 დღის ახალშობილის მშობლები და გამოვლინდა, რომ მშობლები მიდრეკილები იყვნენ  ახალშობილი გოგოს მიმართ გამოეყენებინათ ისეთი ეპითეტები, როგორიცაა „ლამაზი“, „საყვარელი.“ ბიჭების მიმართ მშობლები მსგავს ეპითეტებს ნაკლებად იყენებდნენ. ამის გარდა მამები დადებით უკუკავშირს აძლევდნენ თავიანთ შვილებს თუკი ისინი მათი სქესისთვის დამახასიათებელი სათმაშოთი თამაშობდნენ.

გენდერულ სტეროტიპებთან დაკავშირებით ჩატარდა კიდევ ერთი კვლევა, როდესაც მამაკაცებს აჩვენეს წარმატებული ქალი ექიმის სურათი, ისინი ფიქრობდნენ, რომ მისი  წარმატების მიზეზი იყო არა ქალის უნარები, არამედ შემთხვევითობა. ასეთ ტენდენციას ისინი არ უშვებდნენ, როდესაც წარმატებული კაცი ექიმის სურათს ხედავდნენ. სხვათაშორის უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ სტერეოტიპულ აზროვნებას მიმართავდნენ როგორც მამაკაცები, ასევე ქალებიც. ამგვარი რწმენები არ ვითარდება ვაკუუმში. აღსანიშნავია, რომ შეისწავლეს მშობლების დამოკიდებულებები. გაირკვა, რომ მშობლების დამოკიდებულებებს ბავშვები სარკესავით ირეკლავდნენ ანუ თუკი გოგონების დედა ფიქრობდა, რომ მათი შვილი მათემატიკაში იყო სუსტი, ბავშვიც ანალოგიურად ფიქრობდა, ხოლო, თუკი გოგონებს ასეთი თვითრწმენები არ გააჩნდათ.

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ სტერეოტიპები დროთა განმავლობაში არ იცვლება, ეწინააღმდეგება ცვლილებებს. მაგალითად, ამერიკელთა სტერეოტიპული დამოკიდებულება შავკანიანი ადამიანების მიმართ მდგრადია რამდენიმე ათწლეულების მანძილზე. მეორეს მხრივ სხვა კვლევები აჩვენებენ,  რომ შესაძლებელია  სტერეოტიპების შეცვლა. მაგალითად, იაპონელების მიმართ დამოკიდებულება, რომელიც ძალიან ნეგატიური იყო  მეორე მსოფლიო ომის დროს, რადიკალურად შეიცვალა ბოლო ათწლეულებში. ამგვარად შესაძლებელია სტერეოტიპის შეცვლა.

7 რჩევა ელენე ყიფიანისგან:

  1. დავუკვირდეთ საკუთარ ფიქრებს. სტერეოტიპის პროცესს ავტომატური ხასიათი აქვს, თუმცა ჩვენ შეგვიძლია გავაცნობიეროთ ჩვენივე სტერეოტიპები და გავაკონტროლოთ ჩვენივე ქცევა.
  2. გვახსოოვდეს, რომ მიუხედავად ჩვენი ბიოლოგიური განსაზღვრულობისა, გენდერულ როლებს ძალიან დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეთ ჩვენს ცხოვრებაზე.
  3. ბავშვებს არ ჩავუნერგოთ გენდერული სტერეოტიპები. ბიჭებსაც და გოგონებსაც მივცეთ მოტივაცია და რწმენა, რომ მათ შეუძლიათ ყველაფრის სწავლა
  4. არ გავაკონტროლოთ ბავშვების ქცევა და არ მოვახვიოთ მასზე გენდერული როლები მკაცრად.
  5. ბიჭების და გოგონების მიმართაც გამოვიყენოთ მსგავსი ეპითეტები.
  6. გვახსოვდეს, რომ ჩვენი უნარები არ  არის დამოკიდებული ბიოლოგიაზე და თუკი ქალს უნდა მათემატიკა შეისწავლოს, ის ამას შეძლებს. ასევე, თუკი კაცს სურს გამოვიდეს დიზაინერი, შეუძლია გამოვიდეს.
  7. გვახსოვდეს, რომ ჩვენ მაგალითს ვაძლვეთ საკუთარ შვილებს და თუკი გოგონა შეამჩნევს დედას რომ არის შეზღუდული, ისიც ასეთი იქნება. თუკი ბიჭი შეამჩნევს, რომ მამა არის აგრესიული, ის გადაიღებს მსგავს ქცევით ტიპს.

გადაცემის ჩანაწერი:

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები