LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღონისძიებები იგეგმება თბილისობასთან დაკავშირებით

5

11 ოქტომბერს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”-ს კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია, რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, მომღერლები დათო ნოზაძე და გიო ხუციშვილი სტუმრობდნენ, რომლებმაც თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

– ქალბატონო ია, სად გაიმართება თბილისობის მთავარი ღონისძიებები?

– როგორც მოგეხსენებათ, თბილისობა შემოდგომის და მოსავლის აღების დღესასწაულია, რომელსაც დედაქალაქი წელს 15-16 ოქტომბერს აღნიშნავს. თბილისობა ტრადიციულად რიყეზე გაიხსნება, სადაც რამდენიმე სივრცე მოეწყობა როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. იქნება რამდენიმე ახალი ლოკაცია, მათ შორის ლეღვთახევი, სადაც სტუმრებს ძალიან საინტერესო, მე-19 საუკუნის თბილისი დახვდებათ დამახასიათებელი ატმოსფეროთი და იმ ეპოქის კოლორიტული მეთულუხჩეებით, მეწაღეებით და მჭედლებით.  ტოლერანტობის ბაღში ქართული ტრადიციული ბაზარი გაიხსნება, ევროპის მოედანზე კი, ღვინის მოედანი გაკეთდება და სცენა მოეწყობა, სადაც ჟანრობრივად განსხვავებული კონცერტები გაიმართება.

15 ოქტომბერს კლასიკური მუსიკის კონცერტი მოეწყობა საბავშვო ორკესტრის მონაწილეობით, იქნება მეტად საინტერესო პროექტი ”იდირიჟორე”, ანუ მსურველები თავად შეძლებენ ორკესტრის დირიჟორობას და კლასიკად ქცეული მელოდიების შესრულებას. დღის მეორე ნახევარში საკონცერტო პროგრამა ახალგაზრდული წარმოდგენებით გაგრძელდება. 16 ოქტომბერს სცენა ჯერ ფოლკლორულ ჯგუფებს, შემდეგ ისევ ახალგაზრდებულ ბენდებს დაეთმობათ, საღამოს 9 საათზე კი, გალა კონცერტი გაიმართება მეიდანზე.

აბსოლუტურად განსხვავებული კონცეფციის თბილისობა გველოდება განახლებული აღმაშენებლის საფეხმავლო ნაწილში, სადაც თანამედროვე თბილისი იქნება წარმოდგენილი თავისი სტილიზებული მიზანსცენებით და არაერთი კულტურული თუ კულინარიული ღონისძიებით.

დღესასწაული საინტერესო იქნება მუსიკალური თვალსაზრისითაც, რადგან მსმენელის წინაშე ახალგაზრდა შემსრულებლებთან ერთად მერიის ბიგ-ბენდი და მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტიც წარსდგება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს  საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონია, რომელიც ტრადიციული ღონისძიებაა და ყოველ წელს იმართება.

– ვინ იქნება გალა-კონცერტის რეჟისორი?

– გალა-კონცერტის რეჟისორობა ბასა ფოცხიშვილმა ითავა, პროგრამა კი, ქართველი კომპოზიტორების თბილისზე შექმნილი და უკვე სიმბოლოდ ქცეული სიმღერებით შეივსო. საკმაოდ მასშტაბურ კონცერტში მონაწილეობას ორკესტრი, სხვადასხვა ბენდი და ცნობილი შემსრულებლები მიიღებენ.  

– ბასა, როგორი იქნება წლევანდელი თბილისობის გალა-კონცერტი და ვინ მიიღებს მონაწილეობას?

– კონცერტი კვირას, საღამოს 9 საათზე დაიწყება მეიდანზე. წლევანდელი კონცერტი 1950-1960-იანი წლების იმ ქართველ კომპოზიტორებს მიეძღვნება, ვინც მთელი თავისი შემოქმედება თბილისს უმღეროდა. მართალია, ყველასთვის საყვარელი სიმღერები ახლებურად და განსხვავებული არანჟირებით იქნება წარმოდგენილი, მაგრამ ორიგინალური სტილი მაინც შენარჩუნდება. ვფიქრობ ძალიან საინტერესო კონცერტი გამოვა და ბევრი არაჩვეულებრივი ჩანაფიქრი განხორციელდება. აუცილებლად მინდა ავღნიშნო, კონცერტის მხატვრული გაფორმება, დეკორაცია 50-60-იანი წლების თბილისის სტილში იქნება გადაწყვეტილი და ერთგვარად იმ პერიოდის არქიტექტურას შეეხმიანება.

– დათო როგორ ემზადებით კონცერტისთვის და რა პროგრამით წარსდგებით პუბლიკის წინაშე?

– მზადება უკვე დაწყებულია, ძალიან სასიამოვნოა ორკესტრთან  მუშაობა და თითქმის ყოველდღე გავდივართ რეპეტიციას. ჩვენს კონცერტში ანსამბლ ”შვიდკაცასთან” ერთად დათო გომართელი, გიო ხუციშვილი, მერაბ სეფაშვილი, მაია ჯაბუა და მარიამ როინიშვილი მიიღებენ მონაწილეობას, მხატვრული ხელმძღვანელი დათო მაზანაშვილი იქნება, პროგრამა კი, ყველასთვის ცნობილი სიმღერებით შევადგინეთ. რაც შეეხება გალა-კონცერტს – სხვა სოლო შემსრულებლებთან ერთად, მეც ცნობილი ქართველი კომპოზიტორების სიმღერებს შევასრულებ.

– გიო, თქვენ როგორ ემზადებით თბილისობისთვის?

– ჩემთვის დიდი ბედნიერებაა თბილისობა, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი, სხვანაირად ვუყურებ ამ დღესასწაულს და მიხარია რომ ამგვარ მასტაბურ ღონისძიებაში ახალი პროექტით ვიღებთბთ მონაწილეობას. 15 ოქტომბერს ”ვარდების ბაღში” საპატიო თბილისელის დაჯილდოება გაიმართება, იქნება ნინო ლაპიაშვილის ძალიან საინტერესო დადგმა რომელსაც ჩვენ მუსიკალურად გავაფორმებთ, 16 ოქტომბერს კი, ევროპის მოედანზე, გალა-კონცერტის დაწყებამდე წავრსდგებით პუბლიკის წინაშე ახალი პროგრამით.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები