LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღონისძიებებს მოიცავს თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი

9

30 მაისს რადიო “ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM”-ს თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის დირექტორი ჯაბა სიხარულიძე სტუმრობდა.

– ჯაბა, პირველ რიგში, სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ წელს ფესტივალი უკვე მეათედ იხსნება თბილისში.

– ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ 10 წელია დაუღალავად ვშრომობ და მართლაც უზარმაზარ ენერგიას ვხარჯავ ფესტივალზე, მთავარი მოტივაცია კი, რა თქმა უნდა, სტუდენტობის ხელშეწყობაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა წელიწადში ერთხელ მაინც გავმართოთ მსგავსი ღონისძიება და უცხოელ სტუდენტებთან ერთად ჟიურის წევრებიც მოვიწვიოთ, რომლებიც უფასოდ ჩაატარებენ სტუდენტების განვითარებისთვის აუცილებელ, მართლაც საინტერესო მასტერკლასებს. აქვე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, ეროვნულ კინოცენტრს, თბილისის მერიასა და კულტურის სამინისტროს, რადგან მრავალი წელის მანძილზე სწორედ ეს სამი უწყება უდგას მხარში ფესტივალს, სწორედ ისინი არიან ჩვენი მთავარი პარტნორები და ძალიან გვეხმარებიან სტუდენტური კინოს მასშტაბურად წარმოდგინაში.

– რამდენადაც ვიცი, წლევანდელ ფესტივალზე შედარებით ნაკლები ფილმია წარმოდგენილი.

– გეთანხმებით, ფილმების მიღების ფორმატი მართლაც შეიცვალა და თუ მანამდე ღია მიღების წესი არსებობდა, ახლა მსგავსი წესი მხოლოდ კინოსკოლებზე ვრცელდება. გამარტივდა სელექციის წესებიც – კინოსკოლებმა რამდენიმე ფილმი შემოგვთავაზეს, ჩვენ კი, 19 ქვეყნის საუკეთესო 38 ფილმი შევარჩიეთ.

– რა ცვლილებებია ზოგადად ფესტივალის პროგრამაში?

– წელს ფესტივალის ფარგლებში ხუთი ძალიან საინტერესო მასტერკლასი ჩატარდება სხვადასხვა თემაზე – პროდიუსერის ახალბედა რეჟისორთან ურთიერთობით დაწყებული, რემეიქის გადაღებით დასრულებული. გარდა ამისა, გვეყოლება სპეციალური სტუმარი – პოლონელი ოპერატორი იერჟი რუდჟინსკი,რომელიც ანჯეი ვაიდასთან, კშიშტოვ კისლევსკისთან და უამრავ სხვა ცნობილ რეჟისორთან მუშაობდა, თბილისში კი, უაღრესად საინტერესო სამდღიან ვორკშოპს ჩაატარებს ოპერატორებისთვის. აუცილებლად მინდა გამოვყო ჩვენი ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ქალბატონი ნინო კასრაძეც, რომელიც ვორკშოპს თემაზე “მსახიობის მუშაობა კამერასთან” ჩაატარებს, რაც ვფიქრობ, ერთნაირად საინტერესო იქნება, როგორც მომავალი რეჟისორებისთვის, ისე მსახიობებისთვის.

– რამდენად ექნებათ მსურველებს ფესტივალზე დასწრების საშუალება?

– ფესტივალი ყველასთვის ღიაა,  ვისაც სტუდენტური კინო აინტერესებს. ასე რომ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია გვესტუმროს 31 მაისიდან 4 ივლისის ჩათვლით თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, სადაც კინოჩვენებებთან ერთად მასტერკლასები და ვორკშოპები მოეწყობა. ფესტივალი კი, გიორგი ოვაშვილის ფილმის “ვაგონეტი” ჩვენებით გაიხსნება.

– როდის გაიმართება დაჯილდოვების ცერემონია?

– დაჯილდოვების ცერემონია, 4 ივნისს გაიმართება და ერთგარი მუსიკალური საღამო იქნება თბილისის ბიგ-ბენდის მონაწილეობით, სტუდენტებისთვის ელექტრონული მუსიკის ღამე მოეწყობა, მანამდე კი, საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური კინოს ნომინანტები დაჟილდოვდებიან და გამოვლინდება ჟიურის გრან-პრის მფლობელი. გარდა ამისა, სერთიფიკატები გაიცემა იმ ძირითადი კინოსპეციალობების მიხედვით როგორიცაა, რეჟისურა, მონტაჟი, კამერასთან მუშაობა და ხმის რეჟისურა.

– მართალია, თანამედროვე ქართულ კინოს უამრავი პრობლემა აქვს, მაგრამ, საინტერესოა რა სირთულეებია სტუდენტურ კინოში და რა კეთდება მათ დასაძლევად?

– გეთანხმებით, ქართული კინოწარმოება ბევრად ჩამორჩება ევროპულ, ამერიკულ და თუნდაც აზიურ კინოწარმოებას. პრობლემები გვაქვს ჩვენც თუმცა, ბოლო რამდენიმე წელია კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით თეტრალური უნივერსიტეტის ტექნიკური ბაზა საგრძნობლად გაუმჯობესდა ახალი აპარატურის ხარჯზე, ახლა ყველაფერი გავქვს, რაც სასაწავლო პროცესისთვისაა აუცილებელი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს  მართალაც მაღალი ხარისხის პროდუქციას ვაწარმოებთ საკმაოდ დიდი რაოდენობით. ჩვენი ფილმები დიდი წარმატებით მონაწილეობენ  საერთაშორისო ფესივალებში. სხვათაშორის, წელს მირანდა ნამიჭეიშვილის ფილმი მოხვდა კანის ფესტივალის სტუდენტურ სექციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები