LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იწვევს ბავშვებში კომპლექსებს – „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“

21

საკითხი კომპლექსების შესახებ, არა მხოლოდ მეცნიერებაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია. კომპლექსებმა, შესაძლოა ადამიანის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იჩინოს თავი და გარკვეული გავლენა იქონიოს მის კეთილდღეობასა თუ წარმატებულ ცხოვრებაზე.  კომპლექსები სათავეს ბავშვობიდან იღებს. რა იწვევს ბავშვებში კომპლექსებს – გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარი თსუ-ს ლექტორი, ფსიქოლოგი თეონა ნუცუბიძეა.

 

 

რა არის კომპლექსი?

ფსიქოლოგის თქმით, კომპლექსები ხშირად ის გაუცნობიერებელი მოგონებებია, რომლებმაც შესაძლოა ადამიანზე, დროის გარკვეულ მომენტში, ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. კომპლექსების საფუძველი ხშირად ადრეულ ბავშვობაშია. შეიძლება თავი იჩინოს ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ სოციალური ხასიათის პრობლემების სახით, მაგალითად, ისეთი გამოხატულებით, როგორიცაა გარეგნული, ფიზიკური მონაცემებით უკმაყოფილება; ინტელექტით, გონებრივი შესაძლებლობებითა და უნარებით უკმაყოფილება; სოციალური სტატუსით, შემოსავლით, სამსახურეობრივი პოზიციით, წარმომავლობითა თუ სოციალური წრით უკმაყოფილება და სხვ.

 

 

რა შეიძლება იყოს ბავშვებში კომპლექსების არსებობის მიზეზები?

 

ფსიქოლოგის თქმით, არსებობს რამდენიმე მიზეზი, რაც იწვევს ბავშვებში კომპლექსს, მათ შორის: ბავშვის უნარ-შესაძლებლობების გაუფასურება, ბავშვის შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება, რამაც თავის მხრივ შეიძლება არაადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. ასევე ბავშვის მახასიათებლებისა თუ უნარების სხვებთან მიმართებაში განხილვა. “ბავშვზე განაწყენებული უფროსები ხშირად მიმართავენ ბავშვის „დაკნინების“ არაპირდაპირ ხერხებს, ადარებენ თანატოლებს, ან მეორე შვილს. ამ შედარებით გამოწვეული სხვაობით ბავშვზე ვერბალური თუ არავერბალური ზეწოლა ხორციელდება. ბავშვებს ეუფლებათ საკუთარი უუნარობისა და არასაჭიროების განცდა და ხშირად აღარ ავლენენ წარმატების მიღწევის მცდელობებს, რადგან თვლიან, რომ ყოველთვის იარსებებს ვიღაც სხვა, რომელიც მას აჯობებს”, – განაცხადა ფსიქოლოგმა.

 

7 რჩევა თეონა ნუცუბიძისგან:

  1. დააფასეთ ბავშვის უნარ-შესაძლებლობები – ბავშვთან მიმართებაში, თავი შეიკავეთ ფრაზებისგან: „არ შეგიძლია,“ „უუნარო ხარ,“ „მაინც არ გამოგივა“ და სხვ. აღნიშნული აისახება ბავშვის ფსიქოსოციალურ მდგომარეობაზე, ხელს უწყობს თვითშეფასების დადაბლებას და შესაძლოა, კომპლექსების სახით იჩინოს თავი მოგვიანებით.
  2.  აღნიშნეთ ბავშვის მიერ თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი – არ არის აუცილებელი, დაელოდოთ როდის განახორციელებს ბავშვი რთულ ქცევას სრულყოფილად; როდის დაისწავლის მრავალსტროფიან ლექსს ბოლომდე; როდის დაეუფლება ყველა იმ უნარს, რომელიც მისი ასაკისთვისაა შესაფერისი… დააფასეთ და გარკვევით აღნიშნეთ ბავშვის თითოეული წინ გადაგმული ნაბიჯი. ამით, კომპლექსების პრევენციასთან ერთად, მას დაეხმარებით, შეძლოს „დანახვა“ რა არის სასურველი ქცევა, როგორ ქცევას მოელიან უფროსები მისგან და რა მიმართულებით განაგრძოს მან სვლა.
  3. არ შეაქოთ ან შეაფასოთ ბავშვი გადამეტებულად – ბავშვისათვის მიცემული ნებისმიერი შეფასება, შექება თუ წახალისება, ეცადეთ იყოს მისი „გაკეთებული საქმის“ შესაფერისი. ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერ სოციალურ გარემოში- ჯერ ბაღში, შემდეგ სკოლაში, მოგვიანებით კი უფრო ფართო საზოგადოებაში, ბავშვს მოუწევს წინააღმდეგობებთან გამკლავება, რაც ყოველთვის მარცხის გარეშე არ ჩაივლის. ამდენად, ადრეული ასაკიდანვე იზრუნეთ იმაზე, რომ განცდილი წარუმატებლობა კიდევ უფრო რთულად გადასატანი არ გახდეს ბავშვისთვის, მისი არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასების გამო.
  4. რ შეადაროთ ბავშვი სხვას –  დააფასეთ ბავშვი, როგორც ინდივიდუალური არსება და მისი ნებისმიერი უნარი, შესაძლებლობა თუ მოცემულობა განიხილეთ მისსავე თავთან მიმართებაში: რა შეეძლო გუშინ და რა შუძლია დღეს, რას ვერ აკეთებდა გუშინ და რას აკეთებს დღეს და სხვ.
  5. შეაფასეთ ბავშვის ქცევა და არა მისი პიროვნება – თავი შეიკავეთ ბავშვის უნარებზე საუბრისგან, როცა მას რაღაც არ გამოსდის. ნაცვლად იმისა, რომ უთხრათ „შენ ეს ვერ შეძელი/ არ შეგიძლია,“ უთხარით, რომ „ამჯერად, შენ მიერ შესრულებული სამუშაო სრულყოფილი/ კარგი არ არის“.  ამით ბავშვის ყურადღებას გაამახვილებთ მის ქცევაზე, რომლის შეცვლაც შესაძლებელია, მაგრამ არა უნარზე.
  6. გაითვალისწინეთ და განიხილეთ მისი ქცევა პერსპექტივაშიც – დაეხმარეთ ბავშვს იმის გაცნობიერებაში, რომ წარმატება ქცევის არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი შედეგი შეიძლება იყოს. მიუხედავად ბავშვის ამჟამინდელი  წარუმატებლობისა, უთხარით მას, რომ მომავალში, შესაბამისი ძალისხმევითა  და მონდომებით, მას აუცილებლად გამოუვა.
  7. არ „იძალადოთ“ ბავშვზე; არ გამოიწვიოთ/ გაამძაფროთ მასში შიში – ხშირად, უკვე ჩამოყალიბებულ კომპლექსთან გვაქვს საქმე, შესაბამისად, საჭიროა მასთან გამკლავება და არა პრევენცია. როცა ბავშვს აქვს კონკრეტულ სიტუაციებსა ან გარემოში გარკვეული ქმედების განხორიცელების კომპლექსი ან შიში, არ დააძალოთ მას კონკრეტული ქცევის განხორიციელება. ამის ნაცვლად, თანდათანობითი მიახლოების მეთოდით, დაეხმარეთ მას ჯერ შესძლოს მოცემულ გარემოში ადაპტირება, შემდეგ კი კონკრეტული ქცევის განხორციელების შესაძლებლობებზე ფიქრი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვის შიშებისა და კომპლექსების კიდევ უფრო გამძაფრებას შევუწყობთ ხელს.

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები