LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა კრიზისები არსებობს წყვილის ურთიერთობებში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

50

გადაცემის ლაივი LIVE

თანაცხოვრების დროს წყვილის ურთიერთობას თან ახლავს კრიზისები, რომლის გადალახვაც შესაძლებელია. თუმცა რიგ შემთხვევაში იქმნება ისეთი  მდგომარეობა, როდესაც დაშორება გარდაუვალი ხდება. რა კრიზისები არსებობს წყვილის ურთიერთობებში – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია “კამარას” ფსიქოლოგი მაგდა ფერაძე.

რა არის კრიზისი ურთიერთობებში?

კრიზისი ურთიერთობაში მხოლოდ უარყოფით კონტექსტში არ განიხილება.ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას თანაცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. მისი გადალახვის შემდგომ ურთიერთობა უფრო მჭიდრო და მყარი ხდება, რაც გარკვეულწილად პიროვნულ ზრდას უკავშირდება. პირველი კრიზისული ეტაპი ქორწინების პირველ წელს დგება, როდესაც ორი ადამიანი ერთ სივრცეში იწყებს ცხოვრებას. ერთია, როდესაც შეყვარებულები ერთმანეთს სასიამოვნო გარემოში ხვდებიან, ორიენტირებულნი არიან მეტი დადებითი ემოცია გამოხატონ ერთმანეთის მიმართ და ურთიერთობაში მეტი რომანტიკა იყოს, ამ ყველაფერს ხელს უწყობს ის ფაქტიც რომ ამგვარ ურთიერთობაში პასუხისმგებლობა ნაკლებია, ხოლო თანაცხოვრების პროცესში  ერთმანეთის თავიდან გაცნობა ხდება. თანაცხოვრების პერიოდში წყვილი ერთმანეთის მიმღელობას სწავლობს.  აქ იგულისხმება ინდივიდის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე. ეს არის ერთმანეთთან შეგუების, შეთავსების და მიღების ეტაპი.

როდის დგება მეორე და მესამე კრიზისული ეტაპი?

მეორე კრიზისული ეტაპია ბავშვის დაბადება. ეს დიდ სიხარულს და ასევე დიდ პასუხისმგებლობას უკავშირდება. ამ დროს ქალის ორგანიზმი და ფსიქიკა გამოფიტულია, შესაძლოა მშობიარობის დეპრესიაც განუვითარდეს. ქალს მთელი ყურადღება ბავშვზე გადააქვს, რაც ხშირად მამაკაცის გაღიზიანებას იწვევს. შესაძლოა მამაკაცს ჰქონდეს განცდა რომ საყვარელი ქალის შვილთან გაყოფა უწევს. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ გარემოს, წყვილის ასაკს, ფსიქოლოგიურ და პიროვნულ სიმწიფეს.

მესამე კრიზისული ეტაპია, როდესაც წყვილის ურთიერთობაში ერთფეროვნების ხანა დგება. ამ დროს წყვილს უჩნდება ახალი თავგადასავლების და შთაბეჭდილებების მოთხოვნილება. ეს პერიოდი დაკავშირებულია ერთფეროვნების კრიზისთან. ყოფითმა პრობლემებმა და ყოველდღიურმა რუტინამ შესაძლოა გამოიწვიოს ვნების განელება. ამ დროს ადამიანებს ეუფლებათ ერთმანეთის მიმართ გაუცხოების განცდა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოციალურ ფაქტორებს, გარემოს, საერთო ინტერესებს. ვნების განელებას ასევე ხელს უწყობს ერთი ადამიანის მხრიდან მუდმივი კრიტიკა და უკმაყოფილება. როდესაც წყვილი ერთმანეთში არ საუბრობს გულახდილად, ერთად არ ეძებს გამოსავალს და მათ შორის სექსის თემა ტაბუირებულია.

როდესაც წყვილი ვერ ახერხებს კრიზისების გადალახვას…

ხანდახან წყვილის ურთიერთობაში დგება მომენტი როდესაც დაშორება გარდაუვალია. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მხარემ თანაბრად აიღოს პასუხისმგებლობა და შეეცადონ ერთმანეთს არ გადააბრალონ ურთიერთობაში დაშვებული შეცდომები. არ ეძებონ დამნაშავე. რაც ყველაზე მთავარია, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ორ ადამიანს უნდა ეკუთვნოდეს. ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობლები, მეგობრები, გარემო ახდენს გავლენას წყვილის დაშორებაზე. ცოლ-ქმარი ეს არის ცალკე ავტონომია, რომელიც შედგება ორი ინდივიდისგან.

7 რჩევა მაგდა ფერაძისგან:

1. წყვილმა უნდა მიიღოს ერთმანეთი ისეთები, როგორებიც არიან, ნუ შეეცდებიან ერთმანეთის გადაკეთებას.

2. ცოლ-ქმრობა არ ნიშნავს კლასიკური გაგებით ოჯახს. ცოლ-ქმარი ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები, საყვარლები და თანამოაზრეები უნდა იყვნენ.

3. ორივე მხარე უნდა ეცადოს ყოველდღიურობა არ გადააქციონ ყოფად და რუტინად. გადაახალისონ ყოველდღიურობა, შემოიტანონ მრავალფეროვნება ურთიერთობაში.

4. წყვილმა უნდა ისაუბროს გულახდილად, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი სიხარული და ტკივილი. ნუ მოიტყუებენ თავს თითქოს ყველაფერი კარგად არის.

5. ნუ ისაუბრებენ ერთმანეთის ნაკლოვანებებზე სხვა ადამიანებთან, ეს ურთიერთობას აუფასურებს. ერთმანეთთან გამოხატონ რაც არ მოსწონთ, ნუ ჩაიხშობენ უარყოფით ემოციებს.

6. წყვილის ურთიერთობაში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია სრულყოფილი სექსუალური ურთიერთობა. შეუთავსებლობის შემთხვევაში ღიად ისაუბრონ პრობლემაზე და ერთად ეძებონ გამოსავალი.

7. პერიოდულად დაისვენონ ერთმანეთისგან, დაიტოვონ საკუთარი თავისთვის სივრცე.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები