LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მნიშვნელობა აქვს სიტყვის ძალას პირად ურთიერთობებსა და სამსახურში – FM ქოუჩი

126

სიტყვას აქვს დიდი ძალა როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე სამსახურში. სიტყვა ამცირებს დისტანციას, ბარიერს. როგორ მივცეთ ჩვენს სიტყვებს სწორი ფორმულირება  და რა მნიშვნელობა აქვს სიტყვის ძალას პირად ურთიერთობებსა და სამსახურში, გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ქოუჩი, ტრენერი გიორგი კალატოზიშვილი.

რა მნიშვნელობა აქვს სიტყვის ძალას პირად ურთიერთობებში?

პირად ურთიერთობებში სიტყვებს ვფანტავთ ხოლმე, რადგან ამ სიტყვებს არ აქვთ ისეთი გავლენა ჩვენ ცხოვრებაზე, როგორიც საქმიან გარემოში ნათქვამ სიტყვებს, რომლებმაც შეიძლება დაასრულონ ჩვენი კარიერა, ან პირიქით – დაგვაწინაურონ… მლიქვნელებმა ეს კარგად იციან. სიტყვა ამცირებს დისტანციას, ბარიერს, წინააღმდეგობას… ამას ვსწავლობთ ბავშვობიდანვე, როცა მშობლებისთვის ნათქვამი სიტყვები „გთხოვ“, „გეხვეწები“, „თუ შეიძლება“ ამცირებენ არსებულ დისტანციას, ბარიერს, წინააღმდეგობას… ცოტა ხნის წინ გამოვაქვეყნე სტატუსი სოციალურ ქსელში იმის შესახებ, რომ ძალიან მინდა გავაკეთო საჯარო, ღია ლექცია “ენით დაკოდილი” – ლექცია სიტყვის ძალაზე. სულხან-საბა ორბელიანი გენიოსი იყო. მისი იგავი სამაგალითოა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ხანდახან გაუთვითცნობიერებლად კლავს სხვაში ოპტიმიზმს, მოტივაციას, მიზანდასახულობას, სურვილს… ერთი მეგობარი მყავდა, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. 19 წლის იყო, როცა აფხაზეთში გაიპარა, იბრძოლა, პოსტ-ტრავმატული სინდრომით იცხოვრა სიკვდილამდე. წლების განმავლობაში მოიხმარდა ნარკოტიკებს, დასნეულდა, გადაიტანა რამდენიმე ოპერაცია, “მოილოცა” ბიშკეკი და დადო თავისი წილი ქვა თავის გოლგოთაზე… ხოდა ერთხელაც უთხრა თავის თავს ისევ STOP! დამირეკა, მთხოვა ექიმთან გავყოლოდი, ასე უფრო გამიადვილდება საკუთარ თავში ძალის პოვნაო. წავედით ერთად, თუმცა ექიმთან მარტო შევიდა. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ კარი გაიღო, ჩამიარა, ზურგიდან, უკანმოუხედავად მესროლა “წავედით!” როცა დამშვიდდა, მერე მომიყვა ის, რომ ექიმს ელაპარაკებოდა მკურნალობაზე, გადასხმებზე, საკუთარი თავის დაბრუნებაზე. ექიმს უთქვამს “მე კი გიმკურნალებ, მაგრამ რად გინდა?!” ერთი სიტყვით “მოკლული” ადამიანი, ენით დაკოდილი. ენას ძვალი არ აქვს, მაგრამ თავად ძვლებში გამტვრევს. ხანდახან ფერებ-ფერებაში გვირტყამენ; როცა თან გეფერებიან, თან სილას გაწნიან და გეუბნებიან “კარგია, მაგრამ…” ჩვენ გავცივდით ერთმანეთის მიმართ. ნაკლებად გვხიბლავს სხვა ადამიანის მოტივირება და დადებითი მუხტით დამუხტვა. ამიტომაც დადის ძალიან ბევრი ენით დაკოდილი… მე ვისურვებდი იმას, რომ ადამიანებს ჰქონდეთ უფრო მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიტყვებს ასე არ „ისროდნენ“. „გასროლილი“ სიტყვაც კლავს.

სიტყვის ძალა, როგორც მოტივაცია სამსახურში

„კარგია, მაგარია, მომწონს, ყოჩაღ, მაგრამ…“ აი, ეს „მაგრამ“ დაახლოებით ჰგავს იმ ერთ კოვზ კუპრს, რომელიც აფუჭებს ერთ კასრ თაფლს. დამეთანხმეთ, ასე ხშირად ამწარებენ ერთმანეთს სამსახურში, განსაკუთრებით ზემდგომი – დაქვემდებარებულს და ა.შ. სამწუხაროდ ამის შემდეგ, რაც არ უნდა უთხრათ თქვენ „გამწარებულ“ თანამშრომელს, როგორც გინდა ისე „მოთაფლეთ“, ერთი კოვზი თაფლი ერთ კასრ კუპრს ვერავითარ სიტკბოს ვეღარ შესძენს. გონიერი ხელმძღვანელი ყოველთვის წონის თავის სიტყვებს. გონიერი ხელმძღვანელი ასევე ყოველთვის ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებთან ერთად აყალიბებს და ნერგავს სამოტივაციო პროგრამებს სამსახურში. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თანამშრომლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ არამატერიალურ ღირებულებას, რომელსაც სთავაზობს დამსაქმებელი. მადლობა – ეს არის დაფასებისა და აღიარების არამატერიალური გამოხატულება. ფული – ეს არის მატერიალიზებული მადლობა J გონიერ ხელმძღვანელს ყოველთვის შეუძლია დააბალანსოს საქმიანი ურთიერთობა მატერიალური და არამატერიალური გზით, რა დროსაც სიტყვებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

როგორ შეიძლება დაუკარგო მოტივაცია თანამშრომელს სიტყვით?

მე ყოველთვის მიჭირდა იმ თანამშრომლის მოტივირება, რომელსაც აკლდა კომპეტენცია, კვალიფიკაცია. ალბათ, აქ უკიდურესად სუბიექტური და ეგოისტი ვიყავი, რადგან აღვიქვამდი ასეთ ადამიანს, როგორც ქრონოფაგს – პირს, საგანს, რომელიც მპარავს ძვირფას დროს… მე არ შემეძლო რუტინული საქმეების დელეგირებაც კი და ეს მფიტავდა სამსახურში. იმ დროს კონფლიქტურ რეგიონში მოქმედი ტელეკომპანიის დირექტორი ვიყავი, ჩემ დაქვემდებარებაში უამრავი ადამიანი იყო. თითქმის ყველა მთხოვდა დახმარებას, მოდიოდა რჩევისთვის, მაჩვენებდა მომზადებულ სიუჟეტს და აინტერესებდა მომწონდა თუ არა? და თითქმის ყოველთვის მივმართავდი ერთსა და იმავე სტრატეგიას: „კარგია, მაგარია, მომწონს, ყოჩაღ, მაგრამ…“ წლების შემდეგ, როცა გავიარე პროფესიონალი ქოუჩის სასერტიფიკატო პროგრამა და ვიგრძენი პოზიტიურად აზროვნების ძალა, გულწრფელად ვინანე, რომ ამ ადამიანებს ყოველ დღე არ ვეუბნებოდი მადლობას.

როგორ გამოვიყენოთ სიტყვის ძალა პოზიტიური კუთხით?

სიტყვა ქმნის აწმყოსა და მომავალს. სიტყვამ შეიძლება განსაზღვროს თქვენი ბედი. მე ამის მჯერა. ამავე სიტყვებმა შეიძლება განსაზღვროს სხვა ადამიანების ბედიც. მაგალითად, თქვენი კლიენტის მომავალი. საკონსულტაციო სფეროში ჩემი კარიერის დასაწყისში ხშირად ვუშვებდი ერთსა და იმავე შეცდომას – პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრაზე ხაზგასმით ვახსენებდი მათ პრობლემებს, სამიზნე ჯგუფებთან არსებულ საკომუნიკაციო ბარიერებს, საინფორმაციო სივრცეში არსებული ნეგატივის შემცირების აუცილებლობას. ახლა დაუკვირდით, რამდენ უარყოფით, ან ნეგატიური კონოტაციის მქონე სიტყვებს ვიყენებდი მათთან კომუნიკაციის დროს: „პრობლემა“, „ბარიერები“, „ნეგატივი“, „შემცირება“. ის შეხვედრა დღეს რომ გამემართა, აუცილებლად ვილაპარაკებდით არა პრობლემაზე, არამედ „ამოცანაზე“; არა საკომუნიკაციო ბარიერებზე, არამედ კომუნიკაციის „გაუმჯობესებაზე“, არა არსებული ნეგატივის შემცირებაზე, არამედ პოზიტიური განწყობების „ზრდაზე“. მაქსიმალურად გაფილტრეთ თქვენი ენა და გზავნილები, ჩამოაშორეთ სიტყვებს ნეგატიური კონოტაცია, დაანახეთ ადამიანებს პერსპექტივა და ჰორიზონტი არსებული ჩარჩოსა და კედლების ნაცვლად.

გადაცემის ლაივი Live

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები