LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პრობლემები აწუხებთ სკოლის მოსწავლეებს – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

63

სკოლის ასაკში ბავშვებს ხშირად აწუხებთ სხვადასხვა პრობლემები. ამ პრობლემებზე დროული რეაგირება აუცილებელია. პრობლემის მოგვარებაში კი ბავშვს უნდა დაეხმაროს მშობელი, მასწავლებელი, საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტი. გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარი მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგ სალომე კაკაბაძეა. აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ფუნქციონირება დაიწყო 2013 წლიდან და მისი მთავარი მიზანია ფსიქოლოგიური (ემოციური) და ქცევითი პრობლემების მქონე სკოლის ასაკის ბავშვებისა და მოზარდების (6-18 წ.), ასევე, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციისთვის ფსიქო-სოციალური  მომსახურების გაწევა (ფსიქოკორექცია, რესოციალიზაცია, პრევენცია).

როგორ ხდება სკოლის ასაკის ბავშვისთვის დახმარების აღმოჩენა?

ცენტრში მომართვიანობა ორი გზით ხდება: საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სკოლის წარმომადგენლის მიერ ან თვითდინებით. მომსახურება უფასოა. ამჟამად, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები ფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, თელავში, გორსა და რუსთავში. პრობლემის იდენტიფიკაციის შემდეგ, სამსახურის მულტიდისციპლინარული გუნდი ეხმარება ბავშვებს, მოზარდებს და მათი ოჯახის წევრებს ქცევითი და ემოციური პრობლემის  მიზეზების დადგენასა და მართვაში. შემთხვევის სირთულიდან გამომდინარე, მულტიდისციპლინარული გუნდი მიდის ადგილზე სკოლაში, ახდენს სიტუაციის  შესწავლა/შეფასებას (ადმინისტრაციასთან, ბავშვთან/მოზარდთან, მშობელთან) და ისახავს შემდგომ სამოქმედო გეგმას. საჭიროების შემთხვევაში ახდენს ინდივიდუალურ და ჯგუფურ  კონსულტირებას.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რასაც სამსახური ახორციელებს ეს არის ძალადობრივი და დესტრუქციული ქცევის ამოცნობა და პრევენცია, რომლის მიზანია ძალადობრივი და დესტრუქციული ქცევის თავისებურებების გაცნობა, პრევენცია და ეფექტური რეაგირების უნარების გამომუშავება, პრობლემის იდენტიფიცირების შემთხვევაში, ბავშვსა და მოზარდთან თერაპიული მუშაობის, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. ხშირად პრობლემა შეუმჩნეველი რჩება და ჩარევა ისეთ ეტაპზე ხდება, როდესაც უკვე მდგომარეობა გართულებული და მაღალი რისკის შემცველია. აღსანიშნავია, რომ ძალოდობრივ, დესტრუქციულ და თვითდესტრუქციულ ქცევას ახასიათებს გარკვეული ნიშნები, რომელთა ცოდნა საშუალებას იძლევა, რომ რეაგირება მოხდეს დროულად. მასწავლებლები ის მნიშვნელოვანი რგოლია, რომელიც დიდ დროს ატარებს და ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ჯანსაღ განვითარებაში, ამიტომაც, ამ პროგრამის უპირველეს სამიზნე ჯგუფად გვესახება.

 

რა პრობლემები  იკვეთება სკოლის ასაკის ბავშვებში?

 სკოლაში ადაპტაციის პრობლემა – ადაპტაციის პრობლემას ვაწყდებით ძირითადად დაწყებით კლასებში. ხშირად, ბავშვებს არ აქვთ ადაპტაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, სკოლისათვის მზაობა და შესაბამისად, უჭირთ ყურადღების კონცენტრაცია, გარემოსთან შეგუება. ასეთ დროს, ბავშვებში შეიძლება გამოვლინდეს ქცევითი ან ემოციური პრობლემები. როგორიცაა: დეზორგანიზებული ქცევა (ხმამაღლა ლაპარაკი, სიარული საგაკვეთილო პროცესის დროს), მოუსვენრობა და შფოთვა, იმპულსურობა, ადვილად გაღიზიანება ან გაბრაზება.

როდესაც ბავშვი იცვლის კლასს ან სკოლას, ხშირად ვაწყდებით ადაპტაციის პრობლემას, გარემოს შეცვლა ბავშვისთვის სტრესულია და სჭირდება გარკვეული დრო, რომ შეეგუოს ახალ სიტუაციას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახალი გარემო როგორ დახვდება ბავშვს და რამდენად ხელშემწყობი, პოზიტიური და ბავშვის საჭიროებებზე მორგებული იქნება.

კომუნიკაციის პრობლემები – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც ხშირად ვხვდებით ცენტრში, ეს არის ბავშვის/მოზარდის კომუნიკაციის პრობლემები თანატოლებთან, მშობლებთან ან მასწავლებლებთან. ამ პრობლემის მიზეზი მრავალი ფაქტორი შეიძლება იყოს, როგორც ბავშვიდან, ასევე გარემო პირობებიდან გამომდინარე: აგრესიული ქცევა, ჩაკეტილობა, დაქვეითებული გუნებ-განწყობა.

მოზარდობის ასაკისთვის დამახასიათებელი სირთულეები – მელანქოლიური გუნება-განწყობა, იმპულსურობის ზრდა, დევიაციური ქცევა (საზოგადოების მიერ მიღებული სამართლებრივი, კულტურული და მორალური ნორმებიდან გადახრილი ქცევა), ფსიქო-სომატური პრობლემები.

ყურადღების ნაკლებობის პრობლემა – მშობლის/მეურვის მხრიდან ყურადღების ნაკლებობის პრობლემას ძალიან ხშირად ვხვდებით. დატვირთული რეჟიმის და სამსახურის გამო, ძალიან ხშირად, შვილები ყურადღების მიღმა გვრჩება, რაც დიდ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, გუნებ-განწყობასა და კომუნიკაციაზე.

ბავშვის ზედმეტი დატვირთულობის პრობლემა –  ყველა მშობელს სურს, რომ საკუთარ შვილს მაქსიმალური ცოდნა, უნარ-ჩვევები, შესაძლებლობები მისცეს. მაგრამ ხშირად, მშობლები ვერ აცნობიერებენ, თუ რამდენად დატვირთული ჰყავთ შვილები და დატვირთულობა ზიანს აყენებს ბავშვს. მათ თამაშის დროც კი არ რჩებათ და განიცდიან სოციალური ურთიერთობების ნაკლებობას. ამ საკითხში გარკვეული ზღვარის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უარყოფითი შედეგი არ მივიღოთ.

 

7 რჩევა სალომე კაკაბაძისგან:

 მიეცით ბავშვებს თამაშის საშუალება. შეეცადეთ შეუქმნათ მათ პოზიტიური გარემო;

  1. შეეცადეთ, ყოველდღიურად გამოყოთ საკუთარი შვილისთვის პრივატული დრო; დაუთმეთ მათ უფრო მეტი ყურადღება, მაგრამ დაიცავით ზღვარი, რომ თქვენი ყურადღება ჰიპერმზრუნველობაში არ გადაიზარდოს;
  2. მაქსიმალურად მოარიდეთ ბავშვები ელექტრონულ საშუალებებს 9 წლამდე მაინც და ჩაუნაცვლეთ სხვა თამაშებით. თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის;
  3. შეეცადეთ, მიაჩვიოთ კითხვას ისე, რომ ბავშვებს კითხვის მიმართ გაუჩინოთ პოზიტიური განწყობა;
  4. მოზარდობის ასაკში მიაქციეთ ყურადღება მათ სურვილებს და მოთხოვნებს, მოექეცით თანმიმდევრულად და თანასწორად;
  5. კარგი იქნება, თუ პედაგოგებს შეეძლებათ იმ სპეციფიური საგანგაშო ნიშნების ამოცნობა, რის შემდეგაც მოხდება შესაბამისი სპეციალისტების ჩართვა;
  6. რჩევა ბავშვებისთვის – თუ გაქვთ პრობლემა და ვერ ახერხებთ მის გადაჭრას, მიმართეთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს (მშობელს, თანაკლასელს, საყვარელ მასწავლებელს).

 

გადაცემის ჩანაწერი:

 

         

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები