LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პრობლემებია დღეს კომუნიკაციის თვალსაზრისით სკოლებში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

10

გადაცემის ლაივი LIVE

არის თუ არა მშობელსა და სკოლას შორის ურთიერთობის პრობლემა და რაში გამოიხატება, რა ნაბიჯებია გადასადგმელი, იმისთვის რომ ბავშვებში გაჩნდეს ნდობა სკოლის, ოჯახის წევრების მიმართ – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ორგანიზაციის “მშობლები განათლებისთვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი თაია მახარაშვილი.

რა პრობლემებია დღეს კომუნიკაციის თვალსაზრისით სკოლებში?

პრობლემა ხშირად თვითონ კომუნიკაციის ფორმებშია. მასწავლებლები მშობლებისგან განსხვავებულ აზრს, კრიტიკას ან თუნდაც რაიმეზე უარს ძნელად იღებენ. რატომღაც ფიქრობენ, რომ მშობელი მათ ვერაფერს ასწავლის და შეუსწორებს, არადა ასე სულაც არაა. შესაძლოა, მშობლების პასიურობიდან გამომდინარე, ეს სტერეოტიპი მასწავლებლებში ფეხმოკიდებულია, თუმცა ჩვენ ძალიან ბევრი მშობელი აღმოვაჩინეთ, რომელიც აქტიურადაა ჩართული შვილის სასწავლო პროცესშიც, საკმაოდ კარგად ერკვევა მის საგანმანათლებლო საჭიროებებში და სკოლისა თუ მასწავლებლის წინაშე სრულებით ლეგიტიმურ მოთხოვნებს აყენებს. ხშირად ასეთ მშობელს „ინტრიგანს“ უწოდებენ, რაც, რა თქმა უნდა, სერიოზული  პრობლემაა. პრობლემა მეორე მხარეშიცაა: ზოგჯერ მშობლები ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროების დაკმაყოფილებაზე მთელ პასუხისმგებლობას მასწავლებელს აკისრებენ და ავიწყდებათ, რომ ბავშვმა რომ შეძლოს საკუთარ თავზე დამოუკიდებლად მუშაობა და სწავლა, თავიდან ამისთვის მშობლის თანადგომა და დახმარებაა საჭირო. ზოგადად, ნებისმიერი საქმე წარმატებულია მაშინ, როდესაც მასში ჩართული მხარეები თანამშრომლობენ. თუ მასწავლებელი და მშობელი არ ითანამშრომლებენ, ბავშვის აკადემიური შედეგები არ იქნება ისეთი, როგორსაც ვისურვებდით.

არის თუ არა მშობელსა და სკოლას შორის ურთიერთობის პრობლემა და რაში გამოიხატება?

ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების გარდა, გამოწვევაა სკოლის მხრიდან ყველა უსიამოვნო ფაქტის, შემთხვევისა თუ შეცდომის ტოტალურად მიჩქმალვა და დამალვა. მთავარია, სკოლის კედლებს არ გასცდეს ასეთი ინფორმაცია და თუ გასცდა, სკოლის ადმინისტრაცია ამაში უფრო დიდ პრობლემას ხედავს, ვიდრე თვითონ კონკრეტულ შემთხვევაში. მათ შორისაა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მოუწესრიგებელი საპირფარეშოები, ბულინგის შემთხვევები, მასწავლებლის მხრიდან ძალადობის შემთხვევები, არასათანადო და არაობიექტური შეფასება და ა.შ. ასეთი ინფორმაციის შესახებ მშობლის მიერ განათლების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირება, ასევე საჯარო პოსტი სოციალურ ქსელში იწვევს სკოლის ადმინისტრაციის გულისწყრომას. ამას ზოგჯერ მოსწავლის ათვალწუნებაც მოსდევს და საბოლოო ჯამში სწორედ ეს განაპირობებს მშობლების მასობრივ პასიურობას. მათ არ აქვთ იმედი, რომ სკოლა შვილს არ დაუჩაგრავს. სწორედ ასეთი მშობლების თანადგომისთვის, ერთიანი ძალისხმევით სკოლის პრობლემების დაძლევისთვის, ამ კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვის და ყველა მხარისთვის საკუთარი უფლება-მოვალეობების შეხსენებისთვის შეიქმნა ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“, რომელიც ემიჯნება ყოველგვარ დაპირისპირებას სკოლასა და მშობელს შორის. ჩვენი სურვილია ორივე მხარე მომწიფდეს თანამშრომლობისთვის და მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ პარტნიორობით უფრო მეტად გააძლიერებენ ერთმანეთს, ვიდრე დაპირისპირებით. მშობლებმა უნდა გააცნობიერონ საკუთარი უფლება-მოვალეობები, ხოლო სკოლები და მასწავლებლები უფრო მეტად უნდა გაიხსნან. თითის გაშვერა და ერთმანეთისთვის გადაბრალება პრობლემებს ისევ მოუგვარებელს ტოვებს, ეს კი არც ერთ მხარეს არ უნდა სურდეს.

რა ნაბიჯებია გადასადგმელი, იმისთვის რომ ბავშვებში გაჩნდეს ნდობა სკოლის, ოჯახის წევრების მიმართ?

უნდა გავიხსენოთ ისევ ჩვენი ბავშვობიდან. შესაძლოა ჩვენი შვილი სულაც არ იყოს ისეთივე, როგორიც ჩვენ ვიყავით ბავშვობაში, მაგრამ არის რაღაც, რაც ნდობას ყველა ადამიანში ერთნაირად აყალიბებს. პირველ რიგში, ვფიქრობ, მშობელმა შვილს არ უნდა გაუცრუოს იმედი, არ უნდა მისცეს ისეთი დაპირება, რომელსაც ვერ შეასრულებს, არ უნდა მოატყუოს ეს და ეს უნდა იყოს უცვლელი პრინციპი მშობლისა და შვილის ურთიერთობაში მცირეწლოვანი ასაკიდანვე. ბავშვები ხომ ყველაზე კარგად განასხვავებენ გულწრფელ დამოკიდებულებას ყალბისგან. მათ ვერ მოვატყუებთ. თუ მასწავლებელი ბავშვებთან ურთიერთობაში იქნება გულწრფელი, მეგობრული, ობიექტური, ის ასევე დაიმსახურებს ბავშვის ნდობას და პატივისცემას. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ბავშვი როცა სწავლობს, თუ როგორ ისწავლოს, მნიშვნელოვანია მშობელმა და მასწავლებელმა ეს პროცესი სასიამოვნო, მოტივაციებით სავსე, საინტერესო საქმიანობად უქციონ. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში ბავშვს ეყვარება სკოლა და ექნება ნდობა როგორც მასწავლებლის, ისე მშობლის მიმართ.

იცილებს თუ არა სკოლა პასუხისმგებლობას, როცა ხდება ბავშვებში კონფლიქტი? 

სამწუხაროდ, სკოლის ადმინისტრაცია ხშირად იცილებს პასუხისმგებლობას და სკოლის კედლებში მომხდარ კონფლიქტს აფასებს როგორც ბავშვების „გართობას“, „გაურკვევლობას“, „მცირე გაუგებრობას“ და ა.შ. მოსწავლეებთან არასწორი და არაჯანსაღი კომუნიკაციის გამო, მათ კიდეც რომ სურდეთ, ვერ შეიტყობენ სიმართლეს. ამ დროს ეს ერთი შეხედვით „მცირე გაუგებრობა“ უდიდეს რისკებს შეიცავს. გამოსასწორებელია ალბათ ის, რომ სკოლამ უფრო ქმედით ზომებს უნდა მიმართოს ბულინგის პრევენციისთვის და ამაში აუცილებლად უნდა ჩართოს მშობლები. მათ შეუძლიათ ერთობლივად დაგეგმონ ისეთი ღონისძიებები, რომელიც არამარტო კლასის შიგნით, არამედ კლასებს შორის გააუმჯობესებს ურთიერთობას და საფუძველს ჩაუყრის მათ მეგობრობას. სკოლა არ უნდა იდგეს სირაქლემას პოზაში. ჩვენ ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ სიმართლეს, თვალი უნდა გავუსწოროთ იმ ფაქტს, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიაც ასეთი ე.წ. „ბავშვური კინკლაობით“ დაიწყო. ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავრისკოთ.

 

https://youtu.be/VoBcRpZZ4AY

 

მშობლის როლი როგორც ავტორიტეტის…

ყველამ ვიცით, რომ მშობლები ქცევის მოდელებს წარმოადგენენ შვილებისთვის. ყოველ შემთხვევაში გარკვეულ ასაკამდე მაინც. შემდეგ უკვე მათ შორისაც ჩნდება ის მარადიული „მამათა და შვილთა“ ბრძოლის ელემენტები, მითუმეტეს, პუბერტატულ ასაკში. მე ვფიქრობ, ყველა სირთულის დაძლევა შვილთან მეგობრობით შეიძლება. ჩვენ უნდა ვემეგობროთ ჩვენს შვილებს, მათთან ერთად უნდა განვიცადოთ ის პატარ-პატარა პრობლემები, რაზეც ხშირად ეცინებათ ხოლმე. უნდა გავიხსენოთ, მის ასაკში ჩვენთვისაც რომ რთული იყო ბევრი რამ. ამ მჭიდრო ურთიერთობით კი თანდათან ისინი ბევრ რამეს ისწავლიან. არ შეიძლება მშობლები მხოლოდ ვქმნიდეთ სიცოცხლეს, მერე ამ სიცოცხლის უსაფრთხოებაზე და გამოკვებაზე ვფიქრობდეთ. ეს საკმარისი არაა. ჩვენ ბავშვის დამოუკიდებელ პიროვნებად, კარგ მოქალაქედ, მაღალი დონის პროფესიონალად ჩამოყალიბებაზე უნდა ვიზრუნოთ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები