LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პრობლემებია სოფლის მეურნეობის დარგში

საქართველო  ოდითგანვე ცნობილია, როგორც მიწადმოქმედთა ქვეყანა, თუმცა სოფლის მეურნეობის, როგორც ეკონომიკური დარგის განვითარება ქვეყნის შესაძლებლობებთან შედარებით საკმაოდ დაბალია.

როგორც „ბიაში“ „ბიზნესკურიერს“ განუცხადეს, მათ ბაზაში 400-მდე იურიდიული პირი ფიქსირდება. დარგში კომპანიათა რაოდენობრივი გადანაწილება კი ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების მოყვანა/გადამუშავების მიხედვით თითქმის თანაბარია. ერთწლიან კულტურის წარმოება 738, ხოლო მრავალწლიანის –  355 ათას ტონას შეადგენს. ბიას ონლაინ მონაცემთა ბაზაში სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანის მიმართულებით არსებული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით გადანაწილება შემდეგნაირია:

6% მსხვილი ზომის კომპანია

18% – საშუალო

76% კი –  მცირე ზომის კომპანია

„ბიას“ წარმომადგენელმა „ბიზნესკურიერთან“ საუბარში აღნიშნა, რომ აგრარული სექტორისთვის ერთ-ერთი განმსაზღვრელი მიწის ანუ ქვეყნის ძირითადი რესურსის საკითხია. სალომე პატარიძე ამბობს, რომ ნიადაგის მრავალფეროვნების კუთხით, საქართველო მდიდარია, ვინაიდან ტერიტორიული სიმცირის მიუხედავად ქვეყანაში 48 სახის ნიადაგი გვხვდება, ასევე 3 მილიონი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელთაგან 900000 ჰექტარი სახნავ -სათესად, ხოლო 260000 ჰა მრავალწლიანი ნარგავებისთვის გამოიყენება. ბიას მონაცემთა ბაზაში სოფლის მეურნეობის დარგში არსებული კომპანიების 47% სასოფლო-სამეურნეო მიწას საკუთრებაში ფლობს, ხოლო 28% იჯარით სარგებლობს.

რაც შეეხება რეგიონების მიხედვით გადანაწილებას, „ბიას“ ცნობით, დარგში კომპანიების გადანაწილება პროპორციულია, თუმცა სხვა დარგებისგან განსხვავებით იურიდიულ პირთა სიჭარბით სამეგრელო-ზემო სვანეთი ლიდერობს, რომელშიც კომპანიათა 27% აქვს თავი მოყრილი.