LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა რეაქცია აქვს კაცს, როცა ქალი ღვინოს სვამს: საქმის წარმატება გუნდურ მუშაობაზეა დამოკიდებული

4

8 მაისს რადიო “ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას “წარმატების ფორმულა” გიგა აგლაძე სტუმრობდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომისტის სპეციალობის შეძენის შემდეგ გიგა ჯერ კინოთი დაინტერესდა, მერე მუსიკამ გაიტაცა, დღეს კი, დევიდ ლინჩის ფონდის საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლობის პრეზიდენტია.

– გიგა, სულ ცოტა ხნის წინ დევიდ ლინჩის ფონდის საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლობის პრეზიდენტად დაინიშნეთ. საინტერესოა, რა თემებზე გეგმავს ფონდი მუშაობას?

– ფონდი მრავალი მიმართულებით აპირებს მუშაობას – გენდერული თანასწორობის პრობლემებით, ბავშვების და სტუდენტების დახმარებით დაწყებული, ომის შემდგომ სამხედროების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციით დასრულებული. თუმცა, ჩვენი მუშაობის მთავარი მიზანი მაინც დევიდ ლინჩის სახელობის უნივერსიტეტის გახსნაა. ოთხი წლის წინ, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს უკვე ჰქონდათ საშუალება სკაიპით დაესვათ კითხვები ცნობილი რეჟისორისთვის, რაც მართლაც წარმოუდგენელი გამართლება იყო, ახლა კი, უფრო მეტის შესაძლებლობა ექნებათ, რადგან საქართველოს ყოველთვე ეწვევა ცნობილი ვარსკვლავი, რომელიც ლექციებს წაიკითხავს რეჟისურასა და სამსახიობო ოსტატობაში. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ლინჩის ფონდში უამრავი ცნობილი ადამიანია გაერთიანებული, მათ შორის  ოპრა უინფრი, ჯონ პოლ ჯონსი, პოლ მაკარტნი, ჯიმი პეიჯი, ჰიუ ჯეკმანი, მარტინ სკორსეზე და მრავალი სხვა. ლინჩის უნივერსიტეტი, რომლის ანალოგის გახსნასაც ჩვენ ვგეგმავთ, მეტად პრესტიჟული სასწავლებელია ლოს-ანჯელესში, სადაც საკმოდ ძვირია სწავლა, ჩვენთან კი, მართალია ზუსტად იგივე ლიცენზია გაიცემა, მაგრამ სწავლა შედარებით ხელმისაწვდომი იქნება. გარდა ამისა, ფონდი ყველა იმ ნიჭიერ სტუდენტს დაეხმარება, ვისაც არ აქვს სწავლის თანხის გადახდის შესაძლებლობა.

– როდის გეგმავთ უნივერსიტეტის გახსნას?

– ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს, მალე ჯერ ვაშინგტონში, მერე კი ლოს-ანჯელესში გავემგზავრები, სადაც უნივერსიტეტის პრორექტორს შევხვდები.

– ვინ იქნება პირველი ვარსკვლავი, ვინც ქართველ სტუდენტებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას? 

– წინასწარ ვერაფერს გეტყვით, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ვარსკვლავს ვუმასპინძლებთ, გვექნება სკაიპ-კონფერენციებიც. პროფესიონალების მოწვევას სხვადასხვა ქვეყნიდან ვგეგმავთ, ამიტომ სწავლება მხოლოდ ინგლისურ ენაზე იქნება. რა თქმა უნდა, ქართველ სპეციალისტებსაც ექნებათ საზღვარგარეთ გამგზავრების და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება, მაგრამ უნივერსიტეტის ძირითადი ბირთვი მაინც უცხოელები იქნებიან.

– ფონდი გენდერულ საკითხებზეც გეგმავს ყურადღების გამახვილებას. საინტერესოა, თავად რა მთავარ პრობლემებს ხედავთ ამ კუთხით?

– დაახლოებით ორი წლის წინ ერთ-ერთი უკრაინული გადაცემის Вокруг М შემოქმედებითი ჯგუფი იყო ჩამოსული, რომელიც ქართველ მამაკაცებზე აკეთებდა გადაცემას. ჩემთან, როგორც მეღვინესთანაც ჩაწერეს ინტერვიუ  და ძალიან უცნაური კითხვები დამისვეს ქართველი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, აინტერესებდათ  თუ რა რეაქცია ჰქონდა კაცს, როცა ქალი ღვინოს სვამდა, რამდენად აღიზიანებდა მას მსმელი ქალბატონი და სხვა. მართალია, დიდხანს მომიწია მტკიცება, რომ ძალადობა ჩვენს ხასიათში არაა, მაგრამ პრობლემები ამ კუთხით რა თქმა უნდა მაინც გვაქვს, თუმცა, ეს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ გლობალური პრობლემაა, რაც პირველ რიგში ნაკლები განათლების ბრალია, რადგან  შეუძლებელია, ნორმალური ფსიქიკის და ინტელექტის პატრონი მოძალადე გახდეს. მართალია, ყველა ოჯახშია უსიამოვნება, მაგრამ ეს არა უნდა გადავიდეს ფიზიკურ ან თუნდაც სიტყვიერ შეურაცხყოფაში, რადგან როცა ურთიერთობაში ენა ცვდება, იქ ურთიერთობაც აუცილებლად გაცვდება.

– რამდენადაც ვიცი, თქვენ ღვინის ბიზნესიც გაქვთ. რამ განაპირობა თქვენი ამ სფეროთი დაინტერესება და რამდენად მომგებიანია დღეს მეღვინეობა?

– ვფიქრობ, მომგებიანი მხოლოდ მსხვილი საწარმოებისთვისაა ანუ მათთვის, ვისაც საერთაშორისო ბაზარზე გააქვს საკუთარი პროდუქცია. რამდენიმე წლის წინ Hennessy-ს დაკვეთით დოკუმენტურ ფილმზე ვმუშაობდი და ძალიან ახლოს გავეცანი მათი პროდუქციის წარმოებას. ხშირად მიწევდა მოგზაურობა და თან ქართული ღვინოც მიმქონდა. ერთხელ მორის ჰენესი გურულ “მწვანეზეც” კი დავპატიჟე და აღფრთოვანებული დარჩა, მერე კი, ავუხსენი, რომ ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით რა არის ღვინო, რადგან სწორედ ჩვენგან მოდის ღვინის კულტურა. იყო პერიოდი, როცა რუსეთის ბაზარზე ფალსიფიცირებული სასმელი ხვდებოდა, რაც მრავალი უსიამოვნების მიზეზი გახდა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ახლა საქართველოში მხოლოდ საუკეთესო ღვინო მზადდება.

– გეგმავთ თუ არა საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანას?

– რა თქმა უნდა. მართალია, ღვინოს საკმაოდ მცირე პარტიით ვაწარმოებთ, მაგრამ ჩვენი პროდუქცია უმაღლესი ხარისხისაა, დანამატების გარეშე და აბსოლუტურად ნატურალური. საქართველოში მეტ-ნაკლებად უკვე იცნობენ ჩვენს ღვინოს, თუმცა მოგება ჯერ ნაკლები გვაქვს. იმედია, ოდესმე აუცილებლად გახდება ჩვენი ბიზნესი მომგებიანი.

– რა პროექტებზე მუშაობთ კინოსა და მუსიკაში?

– საკმაოდ უცნაურ პროექტზე ვმუშაობ და ვფიქრობ, ფილმიც ძალიან განსხვავებული იქნება. სცენარი თვითონ დავწერე, თუმცა, არ ვიცი, რამდენად მიიღებს მას ფართო საზოგადოება. შესაძლოა, ბევრმა ვერც გაიგოს, ბევრი კი გაღიზიანდეს. წინასწარ არაფერს ვიტყვი სიუჟეტზე, რადგან ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ და იმედი მაქვს მომავალ წელს აუცილებლად შევძლებთ გადაღებების დაწყებას. მიხარია, რომ ძალიან კარგი შემოქმედებითი ჯგუფი შეიკრიბა, მსახიობებიც თითქმის შერჩეულია, მხოლოდ მთავარი როლის შემსრულებელს ვეძებთ. რაც შეეხება მუსიკას – ყველასთვის ცნობილი სიმღერის “ლამაზი დღე” შემდეგ, ძალიან დიდი დრო გავიდა, მეც გავიზარდე და ახლა, აბსოლუტურად სხვა მუსიკას ვქმნი. პირველ რიგში კინომუსიკაზე ვმუშაობ, რაც ძალიან მომწონს. თუმცა, ვაპირებ რამდენიმე კომპოზიიციის ჩაწერას ე.წ. ალტერნატიული ფიუჟენის სტილში.

– რა სტილის ტანსაცმელში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

– ჩაცმულობა ჩემი ხასიათია ანუ რა ხასიათზეც ვარ, იმ ხასიათზე ვიცვამ. ძალიან მიყვარს ჯინსები და სწორედ თავისუფალი სტილის ტანსაცმელში ვგრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად.

– რას აქცევთ ყურადღებას საქმიან შეხვედრაზე პირველ რიგში?

– ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ადამიანის მანერებს, პირველ რიგში მის თითებს და თვალებს, რაც ძალიან ბევრს მეუბნება თავად ადამიანზე.

– გადატვირთული სამუშაო გრაფიკის ფონზე როგორ ახერხებთ დროის სწორად გადანაწილებას და ყველაფრის მოსწრებას?

– ვფიქრობ, მთავარი პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაა. აუცილებლად წინა პლანზე უნდა წამოსწიო მთავარი, თუმცა, ძალიან მიჭირს, რადგან ყოველთვის მენანება ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეების მიტოვება. ჩემთვის მთავარი მაინც იმ ადამიანთა ჯგუფია, ვისთანაც ვმუშაობ, რადგან ნებისმიერი საქმის წარმატება სწორედ გუნდური პრინციპით მუშაობაზეა დამოკიდებული.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ზოდიაქოს ნიშნით სასწორი ვარ და ალბათ ყველაფრის აწონ-დაწონა უნდა მახასიათებდეს, თუმცა, გადაწყვეტილებას მაინც სწრაფად ვიღებ.

ბლიც-კითხვები:

– რომელ ფილმს გამოყოფდით დევიდ ლინჩის შემოქმედებიდან?

– ბავშობაში “ლურჯი ხავერდი” მიყვარდა, ახლა კი “მალჰოლანდ დრაივი” მომწონს, რადგან ეს არა მხოლოდ ფილმი, არამედ მთელი ფილოსოფიაა.

– რა სტილის მუსიკას უსმენთ, როცა ისვენებთ?

– ძირითადად ჯაზს ვუსმენ.

– რომელ პროფესიაში ვერ ხედავთ საკუთარ თავს?

– არ ვიცი, ალბათ ქიმიკოსი ვერ ვიქნებოდი ვერასდროს.

– რა არის თქვენთვის ტანგო?

– შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ ტანგო ჩემთვის – სექსია.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– OK!

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი ხართ?

– ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ, რას დახატავდით გადაცემაში “წარმატების ფორმულა”?

– თქვენ დაგხატავდით.

– ხართ თუ არა კოლექციონერი და რას აგროვებთ?

– ბავშვობაში მარკებს ვაგროვებდი, ახლა კი, სათამაშო ბანქოს ვაგროვებ.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– მთავარი სწორი არჩევანია. ადამიანმა ზუსტად უნდა იცოდეს რისი კეთება უნდა, რასაც აუცილებლად თან უნდა ახლდეს ამ საქმის კეთების სურვილი და შესაძლებლობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები