LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სარგებელი მოიტანა პერინატალური რეგიონალიზაციის პროგრამამ – ვერიკო ბაზიარი და ნოდარ ზალდასტანიშვილი სტუმრად გადაცემაში „პულსი“

20

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

 

24 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი, პერინატალური რეგიონალიზაციის პროგრამის კოორდინატორი, ქალბატონი ვერიკო ბაზიარი და ექსპერტი მეან-გინეკოლოგი ბატონი ნოდარ ზალდასტანიშვილი სტუმრობდნენ.

– ქალბატონო ვერიკო, რას ნიშნავს ზოგადად პერინატალოგია?

– პერინატალოგია – ორსულისა და ახალშობილის მაღალკვალიფიციურ მომსახურებას გულისხმობს, პერინატალური მეცნიერების განვითარებას კი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორსული ქალებისა და ახალშობილების ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირების თვალსაზრისით. ჩვენი პროგრამა ჯერჯერობით მხოლოდ ერთ სისტემურ რეფორმას ითვალისწინებს, რომელიც აღნიშნულ დარგში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. მართალია, დღეს საკმაოდ მარტივად გამოიყურება, სამედიცინო დაწესებულების დონეებად დაყოფა, მაგრამ სინამდვილეში პროცესის დასაწყებასა და განვითარებას საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო სამუშაო უძღოდა წინ.

– საინტერესოა, როდის დაიწყო პროგრამაზე მუშაობა?

– მსოფლიოში დიდი ხანია მიმდინარეობს ამგვარ პროგრამებზე მუშაობა. რამდენიმე წლის წინ ჩვენც გადავწყვიტეთ სფეროს გაუმჯობესება და აქტიურად შევუდექით მუშაობას. სამწუხაროდ, პროგრამის განხორციელება გარკვეული დროით გადაიდო და მოგვიანებით განახლდა. პროექტზე, რომელიც დღესაა წარმოდგენილი ინტენსიური მუშაობა 2014 წლის მეორე ნახევარში დაიწყო და იურიდიული ბაზის მომზადების შემდეგ, 2015 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა, როცა იმერეთის დაწესებულებების შეფასება დაიწყო, 1-ლი მაისიდან კი, უკვე პილოტი ამუშავდა.

– ბატონო ნოდარ, თქვენ როგორ შეაფასებთ პროგრამის მიმდინარეობას?

– ვფიქრობ, ამგვარი პროგრამის ამოქმედება ძალიან დიდი წარმატებაა, რადგან სწორედ ის გვეხმარება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. მართალია, 2000 წლიდან მონაცემები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა – საგრძნობლად იკლო ბავშვთა სიკვდილოანობამ, მაგრამ, დედათა სიკვდილიანობა მაინც საკმაოდ ხშირია და სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი ამგვარი პროგრამის ამოქმედება. პროექტზე  ექსპერთა უზარმაზარი ჯგუფი მუშაობდა სამინისტროს წარმომადგენელთა და პრაქტიკოს ექიმთა შემადგენლობით, რომელთა მთავარ მიზანს არსებული სიტუაციის ობიექტური შეფასება წარმოადგენდა. სამუშაოს სერიოზული პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ, რადგან სწორედ ჩვენ უნდა შეგვეფასებინა დაწესებულების სიძლიერე და ის სამედიცინო სერვისები, რომლებიც მომავალში უნდა უზრუნველყოს დაწესებულებამ. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა  დაწესებულების ხელმძღვანელებთან და პრაქტიკოს მედიკოსებთან თანამშრომლობაც, რათა შემოწმებას არა კონტროლის არამედ რეკომენდაციის ხასიათი ჰქონოდა.

– ქალბატონო ვერიკო, უამრავ დაწესებულებასთან და ადამიანთან მოგიწიათ ურთიერთობა, რამდენად რთული იყო მუშაობა?

– პროფესიონალების ბრწყინვალე გუნდის მიუხედავად, სამუშაო მართლაც ურთულესი აღმოჩნდა, რადგან როგორც ნებისმიერი სხვა რეფორმა, ჩვენი პროგრამაც საკმაოდ მტკივნეულ საკითხთან იყო დაკავშირებული, თუმცა შევეცადეთ პროცესი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გაგვეტარებინა, ყველასთვის თანაბარი დახმარება და შეღავათი გაგვეწია. ორწლიან პროგრამაში 105 დაწესებულება მონაწილეობდა, რომელთაგან თითოეულს რამდენჯერმე ვესტუმრეთ და საერთო ჯამში 350 ვიზიტზე მეტი განვახორციელეთ, რათა დაწყებული საქმე აუცილებლად წარმატებით  მიგვეყვანა ბოლომდე.

– რა სარგებელი მოიტანა პერინატალური რეგიონალიზაციის პროგრამამ ?

– პროგრამის დაწყებამდე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ახალშობილის გადაყვანა, რადგან ბავშვები აუცილებლად თბილისში მოჰყავდათ, რეფერალური ავტომობილი კი, საკმარისი არ იყო. ახლა იმერეთს თავისი ცენტრი აქვს, რომელიც ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და ფინასურადაც გამართლებულია, რადგან ნაკლები იხარჯება ტრანსპორტირებაზე. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჯანდაცვის მინისტრს, რომელმაც პროექტის სხვა რეგიონებში განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. აქვე ავღნიშნავ, რომ 105 დაწესებულიდან მხოლოდ 24-ს არ განესაზღვრა დონე, 75-ს უკვე მიიღო შეფასება, 6 კი – დასკვნით შემოწმებას ელის. გარდა ამისა, გაიხსნა 2 ახალი კლინიკა, რომლებიც ასევე შემოწმდება და განესაზღვრება დონე.

– ბატონო ნოდარ, თქვენი აზრით, რა სარგებელს მოუტანს პერინატალური რეგიონალიზაცია ორსულ ქალბატონებს და ახალშობილებს?

– 2013 წელს დანერგილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ აღმოჩნდა საკმარისი ოსულებისა და ახალშობილებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გასაწევად და სწორედ ამიტომ გაჩნდა პერინატალური რეგიონალიზაციის ანუ პერინატალური დაწესებულებების დონეებად: პირველ – საბაზისო, მეორე – სპეციალიზირებულ და მესამე – სუბსპეციალიზირებულ დონედ დაყოფის აუცილებლობა, რამაც შესაძლებელი გახადა  ნებისმიერი ორსულის თუ მშობიარე ქალბატონის ან ახალშობილის მისთვის საჭირო კლინიკაში მოხვედრა და სრულფასოვანი კვალიფიციური მომსახურების მიღება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები