LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შედეგი ექნება ქოუჩინგის მეთოდოლოგიის დანერგვას სკოლებში – FM ქოუჩი

19

რამდენიმე კერძო სკოლაში ქოუჩინგის მეთოდით სწავლების დანერგვა იგეგმება. მიმართულებები შემდეგია: განათლება და ბიზნესი. თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამები განვითარებულ ქვეყნებში (მაგ.: ნორვეგია) უკვე აქტიურად იყენებენ ისეთ მეთოდოლოგიას, როგორიც არის ქოუჩინგი. განსაკუთრებით, კრიტიკული (გარდამტეხი) ასაკის მოსწავლეებთან, როდესაც ყველაზე მძაფრად შეინიშნება სწავლის მოტივაციის დაქვეითება. გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ქოუჩი ირინა ჭოჭუა.

 

რა არის ქოუჩინგი?

ეს არის წარმატების მიღწევის ტექნოლოგიები, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის სააზროვნო სისტემის გაფართოებაზე. ქოუჩთან მუშაობის შედეგად ადამიანი იწყებს საკუთარი რესურსების და უანარების გამოყენებას და ეძებს მისთვის ოპტიმალურ გზას დასახული მიზნის მისაღწევად.

ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) განმარტებით, ეს არის პარტნიორობის პროცესი, რომელიც უკეთებს სტიმულირებას კლიენტის სააზროვნო სისტემას და მის შემოქმედებითობას. ქოუჩთან მუშაობის შედეგად, კლიენტი მაქსიმალურად ავითარებს თავის პიროვნულ თუ პროფესიულ პოტენციალს.

თიმოთი გოლუის (Timothy Gallway) განმარტებით, ქოუჩინგი არის ადამიანის პოტენციალის აღმოჩენის ტექნოლოგია, მისი ეფექტურობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით.

ქოუჩინგს ძალიან დიდი ადგილი უკავია ბიზნესში, ეკონომიკაში, პოლიტიკაში, განათლებაში და ა.შ. ქოუჩთან მუშაობის შედეგია მიზნების დასახვა, ღირებულებების და შესაძლებლობების გამორკვევა, შინაგანი პოტენციალის, რესურსების, უნარების მობილიზება და განვითარება, ახალი უნარების დასწავლა, სამოქმედო ენერგიაზე მუშაობა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ქოუჩინგური დიალოგი არის მუშაობის ფორმატი, რომლის მიზანია კითხვების დასმის საშუალებით მოახდინოს ტრანსფორმაცია. ეს არის ტრანსფორმაციული დიალოგი.

 

რა მეთოდებით მუშაობს ქოუჩინგი განათლებაში?

ქოუჩინგი განათლებაში მუშაობს რამდენიმე მეთოდით. ერთი მხრივ ეს არის სკოლა, როგორც გამართული ბიზნეს-მოდელი. აქ მოიაზრება საგანმანათლებლო პროცესების ქოუჩინგური მოდელებით მართვა. ასევე მასწავლებლების გადამზადება, მათთვის ქოუჩინგური დიალოგების და ინსრუმენტების სწავლება, როგორც დამატებითი მოდული სასკოლო პროგრამასთან, რაც მიმართული იქნება არამხოლოდ საგნის სწავლებაზე, არამედ მოსწავლის რესურსებზე მუშაობაზე. ქოუჩინგის გამოყენებით მასწავლებლები შეძლებენ საკუთარი უნარების და რესურსების განვითარებას, როგორც პირად, ასევე პროფესიულ ცხოვრებაში. მეორე მხრივ ეს არის ქოუჩინგი მოსწავლეებთან, რაც მათ ხელს შეუწყობს აქტიურად და გაცნობიერებულად ჩაერთონ სასწავლო პროცესში, დასახონ მიზნები, შეისწავლონ და განავითარონ საკუთარი რესურსები და უნარები, დამოუკიდებლად იმუშაონ თვით-შემეცნებაზე და თვით-განვითარებაზე, შეცვალონ და განავითარონ ქცევები, განახორციელონ კონკრეტული, შედეგზე ორიენტირებული და დროში გაწერილი ქმედებები და მიიღონ შედეგები.

ზოგჯერ სასწავლო პროცესი ხდება მოსაწყენი ვალდებულება, მოსწავლის მოსწრების და წარმატების შედეგები კი მკვეთრად ეცემა. შედეგად, მოსწავლეს უჭირს სწავლების შემდეგ ეტაპზე გადასვლა და განვითარება. შემდეგი ეტაპი კი არის მნიშვნელოვანი და საკმაოდ რთული, როდესაც უკვე ხდება ცხოვრებისეული მიზნების და პროფესიის განსაზღვრვა. ამ ეტაპზე მოსწავლე უკვე უნდა აცნობიერებდეს საკუთარ შესაძლებლობებს, ინტერესის სფეროს, უნარებს და რესურსებს. თუმცა დღეს სახეზეა ფაქტი, როდესაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები პროფესიას შემთხვევითობაზე დაყრდნობით ირჩევენ. ამ მეთოდით სწავლება ხდება მე-6 კლასიდან და ზევით. სწავლების დანერგვას 2018 წლიდან ვაპირებთ რამდენიმე კერძო სკოლაში.

რა შედეგი ექნება ქოუჩინგის მეთოდოლოგიის დანერგვას სკოლებში?

ქოუჩის მთავარი ამოცანაა მხარი დაუჭიროს მოსწავლის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას, მისი თვითშეფასების სისტემის ჩამოყალიბებას. აქ მთავარი ფაქტორებია მოტივაცია, გაცნობიერება, რწმენა, მიზნების დასახვა, პასუხისმგებლობის ფორმირება, რესურსული მდგომარეობა.

ქოუჩის მუშაობა ითვლება წარმატებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ყველა ამ საფეხურზე მიიღებს გაცნობიერებას და განახორციელებს ქმედებას. შედეგების მისაღებად მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ ითანამშრომლოს ქოუჩთან. ამისათვის აუცილებელია ქოუჩინგის მეთოდოლოგიის სწორი ფორმით მიწოდება, სკოლის ადმინისტრაციის ჩართულობა და აქტიური სამუშაო გარემოს ინიცირება.

ქოუჩინგის მეთოდოლოგიის მთავარი შედეგი იქნება მიზანდასახული, ქმედებაზე ორიენტირებული მოსწავლე, სწორი თვითშეფასების უნარებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვე-მიზანია მოსწავლეებში თვით-ქოუჩინგის უნარების განვითარება იმისათვის, რომ მათ დამოუკიდებლად შეძლონ საკუთარ თავზე მუშაობა და განვითარება.

ასევე, მნიშვნელოვანი კომპონენტია უკუკავშირი და მონიტორინგი. სამუშაო გეგმაში გაწერილი უნდა იყოს უკუკავშირის მიღების ფორმები და შედეგების შეფასების კრიტერიუმები.

მოდელი:

  1. მიზნის დასახვა და მისი რეალობის გაცნობიერება
  2. წარმატებისთვის აუცილებელი ფაქტორების ანალიზი
  3. შესაძლებლობების ანალიზი
  4. სამოქმედო გზაბის შერჩევა, სტრატეგიის ჩამოყალიბება
  5. ცვლილებების დანერგვა
  6. შედეგების მონიტორინგი

ყველა ამ ეტაპისთვის არსებობს კონკრეტული ქოუჩინგური ინსტრუმენტები, რომლის შერჩევა/კომბინაციასაც აკეთებს ქოუჩი.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები