რა შეიძლება გახდეს ბავშვებში სწავლის მოტივაციის არქონის მიზეზი – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

რა შეიძლება გახდეს ბავშვებში სწავლის მოტივაციის არქონის მიზეზი – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

მოტივაცია ყველა ადამიანს სჭირდება, განსაკუთრებით კი მოტივაცია მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. ეს პირდაპირ ასახება მათ ქცევასა და სწავლისადმი ინტერესზე. გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი თეო ნუცუბიძე.

რა არის მოტივაცია?

მოტივაცია შინაგანი მდგომარეობაა, რომელიც აღძრავს ქცევას და ბიძგს აძლევს ადამიანს, წარმართოს ქცევა კონკრეტული მანერით. მოტივაცია მონაწილეობს იმაში, თუ როგორ არჩევანს აკეთებს მოზრდილი ადამიანი თუ ბავშვი (მაგალითად, მოამზადებს გაკვეთილს/ წაიკითხავს წიგნს, თუ ამჯობინებს გართობას ამა თუ იმ აქტივობით); რა დრო სჭირდება მას ასამოქმედებლად (დაუყოვნებლივ იწყებს გაკვეთილის მომზადებას თუ ურჩევნია, ნებისმიერი მიზეზით, მისი გადავადება); როგორია სამიზნე აქტივობაში მისი ჩართულობა (რამდენად ყურადღებით არის ჩართული); როგორია მისი ემოციები კონკრეტული ქცევის განხორციელებისას (პროცესი სასიამოვნოა, თუ არა) და სხვ.

მოტივაციის სახეები…

ბავშვის ქცევა შესაძლოა აღძრას მისმა მოთხოვნილებამ, ინტერესმა ან ცნობისმოყვარეობამ. ამასთანავე, ქცევის წარმართველი შესაძლოა გახდეს ბავშვის მიკრო თუ მაკრო გარემოში არსებული ღირებულებები, მშობლებისა თუ საზოგადოების მოლოდინები; დასჯის თავიდან არიდება ან მოწონების დამსახურება და სხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოტივები შესაძლოა იყოს ერთ შემთხვევაში შინაგანი, სხვა შემთხვევაში კი- გარეგანი, შესაბამისად, არსებობს შინაგანი მოტივაცია და გარეგანი მოტივაცია. მოტივაციის ეს ორი ტიპი ერთმანეთს ხელს არ უშლის, შესაძლოა ორივე ერთდროულად ჰქონდეს ბავშვს, როცა კონკრეტულ ქცევას ანხორციელებს, მაგალითად, ბავშვი კითხულობს ამა თუ იმ ლიტერატურ ნაწარმოებს, რადგან სანაცვლოდ დედა მას მატერიალურ ჯილდოს დაპირდა (გარეგანი მოტივაცია) და ამასთანავე, მას აინტერესებს ეს კონკრეტული ნაწარმოები, ან კითხვის პროცესი ანიჭებს სიამოვნებას ( შინაგანი მოტივაცია).

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანს, როგორც შინაგან, ისე გარეგან მოტივაციას შეუძლია ქცევის აღძვრა და მისთვის შესაბამისი მიმართულების მიცემა, მასწავლებლების, მშობლებისა თუ ბავშვის სწავლა-სწავლების პროცესზე პასუხისმგებელი ყველა მოზრდილი ადამიანის მიზანი ბავშვის შინაგანი მოტივაციის გაღვიძება და გაძლიერება უნდა იყოს. სწავლის ქცევის განხორციელების სურვილის გაჩენისთვის გარეგანი მოტივატორების, განმამტკიცებლების, ბავშვის დაჯილდოების, სხვადასხვა მატერიალური თუ არამატერიული წამახალისებლების გამოყენება, დროთა განმავლობაში, სულ უფრო და უფრო მეტად უნდა ემსახურებოდეს ამ გარეგანი ინტერვენციების გარეშეც ბავშვის მიერ სწავლის ქცევის გამოვლენის ალბათობის გაზრდას. განმამტკიცებლების თანდათანობრივი გამოხშირვით ბავშვს უნდა დავეხმაროთ შეიძინოს სწავლის უნარი და სწავლის პროცესი გახდეს თავისთავად ღირებული და საინტერესო მისთვის. სხვა შემთხვევაში, უფროსების ძალისხმება აზრს კარგავს და შესაძლოა, შედეგად „განმამტკიცებლებზე დამოკიდებული“ ქცევა მივიღოთ, როცა ბავშვი გაკვეთილს მოამზადებს, მაგალითად, მხოლოდ მაშინ, როცა შედეგად დაპირდებიან ტკბილეულს, მოგზაურობას, სასურველ ტელეფონსა თუ სხვა მისთვის მნიშვნელოვან განმამტკიცებლებს. განმამტკიცებლების სია და მათი ღირებულება კი შესაძლოა ძალიან გაიაზარდოს დროთა განმავლობაში, რადგან დაჯილდოების შესაბამისად მოთხოვნებიც იზრდება.  ასეთ ვითარებაში კი გამოდის, რომ ბავშვს „მექანიკურად“ ვასრულებინებთ იმ ქცევას (სწავლას) რაც ჩვენ, უფროსებს გვსურს, რომ მან შეასრულოს.

რა შეიძლება იყოს ბავშვებში სწავლის მოტივაციის არქონის მიზეზი/ები?

  • ჭარბი რაოდენობით ბავშვისთვის უინტერესო ან ნაკლებად საინტერესო დასასწავლი მასალის არსებობა;
  • ბავშვის დაბალი თვითშეფასება და თვითრწმენის ნაკლებობა;
  • შეფასებითი დამოკიდებულება უფროსების მხრიდან;
  • ბავშვის წინსვლისა და პროგრესის აუღიარებლობა;
  • ბავშვის პიროვნების პირობითი მიღება და მისი უნარების დაუფასებლობა;
  • ბავშვისა და მისი მიღწევების სხვა ბავშვებთან (სხვა ბავშვების მიღწევებთან) მიმართებაში განხილვა და სხვ.

 7 რჩევა თეო ნუცუბიძისგან:

  1. ეცადეთ, დააინტერესოთ ბავშვი სწავლის პროცესითა და სასწავლო მასალით, იზრუნეთ მისი ცნობისმოყვარეობის გაღვიძებაზე – გახადეთ სწავლის პროცესი მეტად მრავალფეროვანი; გამოიყენეთ სხვადასხვა აქტივობები, ამუშავეთ წყვილებსა ან მცირე ჯგუფებში; გაიყვანეთ „კლასს გარეთ“ და დაეხმარეთ ასათვისებელი მასალის რეალურ სამყაროსთან კავშირის დანახვაში.
  2. ბავშვისთვის რთული ან უსიამოვნო აქტივობები დაუკავშირეთ მისთვის შესრულებად და საყვარელ აქტივობებს – შეარჩიეთ აქტივობები, რომლებსაც ის კარგად ართმევს თავს და მათი საშუალებით შეეცადეთ, მისთვის უფრო რთული მასალის/ აქტივობის ათვისებისათვის მოტივაციის გაღვივებაში დახმარებას. მაგალითად, თუ ბავშვს მოსწონს (კარგად გამოსდის) “კუბიკების” საშუალებით კონსტრუქციების შექმნა და უჭირს მათემატიკური ოპერაციების შესრულება, მაშინ ჩაერთეთ მისთვის საინტერესო საქმიანობაში და სწორედ მათი რაოდენობის ვარიაციების საშუალებით მიეცით არითმეტიკული ოპერაციების შესრულების საშუალება. დაიწყეთ მარტივი მაგალითებით, თანდათანობით გაართულეთ. შედეგედ მიღებული რთული კონსტურუქციის გარდა, მივიღებთ ანგარიშის გაუმჯობესებულ უნარსა და არითმეტიკული ამოცანების შესრულების გაზრდილ მოტივაციას. დროთა განმავლობაში, ბავშვისთვის ანგარიში ისეთივე სასიამოვნო პროცესი გახდება, როგორც კუბიკებისგან კონსტრუქციების აწყობა.
  3. დაეხმარეთ ბავშვს, რომ დარწმუნდეს საკუთარ ძალებში, დაანახეთ საკუთარი ძლიერი მხარეები – არც თუ ისე იშვიათად, ბავშვები არ სწავლობენ, არ ჰყვებიან გაკვეთილს, არ აქტიურობენ, არ ერთვებიან სასწავლო აქტივობებში იმის გამო, რომ ეშინიათ მარცხის; ფიქრობენ, რომ მაინც ვერ გაართმევენ თავს კონკრეტულ ამოცანას, შესაბამისად, არ აქვთ მოტივაცია სწავლის, აქტიურობისა თუ საკუთარი მოსაზრების გამოხატვის. მიეცით ბავშვს საკუთარი შესაძლებლობის გამოვლენის საშუალება, არა ძალდატანებით, არამედ იმის გაცნობიერებაში დახმარებით, რომ შეცდომა მისაღებია, რომ შეცდომას თითოეული ჩვენგანი უშვებს და შესაძლებელია, მოცემული აქტივობის შესრულებაში გავარჯიშება და მისი დახვეწა. ნებისმიერი აქტივობის შესრულებისთანავე, აღნიშნეთ ბავშვის ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი, იქნება ეს მთლიანი აქტივობა, თუ აქტივობის მცირედი დეტალები; თუნდაც ბავშვის მონდომება და მისი დამოკიდებულება შესარულებებლი დავალებისადმი.
  4. შენიშნეთ და აღნიშნეთ ბავშვის ქცევის დადებითი გამოვლინებები, ნაკლები ყურადღება დაუთმეთ ქცევის უარყოფით გამოვლინებებს – უფროსებისთვის, სამწუხაროდ, მიღებული პრაქტიკაა დაუყოვნებლივი რეაქცია ბავშვის მიერ მათთვის არასასიამოვნო ქცევის გამოვლენაზე და ნაკლები ყურადღება სასურველი ქცევის განხორციელებისას. მაგალითად, თუ ბავშვს მოყოლისას ეშლება ლექსი, დიდი ალბათობით, მშობელი თუ მასწავლებელი აძლევს შენიშვნას, ეუბნება საყვედურს და ა.შ. მაგრამ ჩვეულებრივად იღებს იგივე ბავშვის მიერ იმავე ლექსის შეცდომების გარეშე მოყოლას. ასეთ ვითარებაში, ბავშვს უჩნდება „მაინც ვერ ამჩნევენ“-განცდა და შესაბამისად, ნაკლებია მისი მოტივაცია სწავლისა.
  5. ბავშვის მიღწევები განიხილეთ მისსავე შესაძლებლობებთან მიმართებაში, ნუ შეადარებთ სხვა ბავშვებს – ბავშვის აკადემიური მოსწრებითა ან მიღწევებით უკმაყოფილო მშობლები ხშირად მოიშველიებენ ხოლმე ბავშვის სხვა, როგორც წესი, უფრო „წარმატებულ“ თანატოლთან შედარებას; ხაზს უსვამენ მეორე ბავშვის სიყოჩაღესა და უნარიანობას და მის ფონზე აკნინებენ საკუთარი შვილის უნარს. აღნიშნული მიდგომა პირიქით მოქმედებს ბავშვის მოტივაციაზე- ბავშვები, რომელთაც ძალიან მაღალ სტანდარტებს უწესებენ და ადარებენ ბევრად მეტი შესაძლებლობის მქონე თანატოლებს, ფიქრობენ რომ ამ სტანდარტამდე ისინი მაინც ვერასდროს მივლენ, შესაბაბისად მცდელობასაც არ აქვს აზრი. ბავშვი შეადარეთ მხოლოდ საკუთარ თავს- რა შეეძლო წარსულში და რა შეუძლია დღეს; პატივი ეცით მის ინდივიდუალიზმს და დააფასეთ მისი უნარები. სწორედ ამგვარი მიდგომითაა შესაძლებელი მასში მოტივაციის გაზრდა.
  6.  ბავშვს ყურადღება მივაქცევინოთ არა სწავლის შედეგზე, არამედ პროცესზე – დავინტერესდეთ არა იმით, თუ ბავშვმა რა ნიშანი მიიღო დღეს კონკრეტულ საგანში, არამედ იმით თუ რა მოეწონა ან/ და რა არ მოეწონა კონკრეტულ გაკვეთილში; ყურადღება გავამახვილოთ არა იმაზე, თუ რამდენად შეუცდომლად მოყვება დასწავლილს, არამედ იმაზე, თუ როგორაა ჩართული სასწავლო პროცესში, როგორია მისი დამოკიდებულება ამ პროცესისადმი, რამდენად სასიამოვნოა სწავლა მისთვის. ხშირად, გვავიწყდება რომ ნიშანი თუ ჯილდოდ მიღებული სხვადასხვა განმამტკიცებელი არის მხოლოდ გარეგანი მოცემულობა, რომლის გარეშედაც დროთა განმავლობაში მოსწავლემ უნდა შესძლოს სწავლა. გავაცნობიეროთ, რომ მაღალი ქულა მხოლოდ საშუალებაა, ხოლო ჩვენ მიზანს ბავშვის მიერ სწავლის, როგორც თავისთავად ღირებული პროცესის მიღება წარმოადგენს.
  7.  უთხარით, რომ თქვენ გჯერათ მისი, დაანახეთ პოზიტიური მოლოდინი – მოლოდინი ხშირად ცვლის ბავშვის ქცევას; ზრდის ან ამცირებს ბავშვის სწავლისა თუ ამა თუ იმ აქტივობის შესრულების მოტივაციას. ადამიანს, განსაკუთრებით მცირეწლოვან ასაკში, აქვს მოლოდინის შესაბამისად მოქმედების ტენდენცია მით უფრო, თუ მოლოდინები მომდინარეობს ბავშვისთვის ავტორიტეტული უფროსებისგან – მშობლებისა და მასწავლებლებისგან.

 

გადაცემის ჩანაწერი:

15 ოქტომბერი, 2017

სხვა ჩანაწერები