LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეიძლება გახდეს ბავშვის გულჩათხრობილობის მიზეზი – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

22

ბავშვები უმეტესწილად ცნობისმოყვარეები და გახსნილები არიან სამყაროს მიმართ. თუმცა ზოგჯერ ისინი იკეტებიან საკუთარ თავში, იზოლირებულები არიან სოციალური გარემოსგან, ნაკლებად საუბრობენ და გულჩათხრობილები ხდებიან. გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი სალომე კაკაბაძე.

როდის იწყება გულჩათხრობილობა?

გულჩათხრობილობა და ჩაკეტილობა სხვადასხვა ასაკში შეიძლება გამოვლინდეს, ადრეული ბავშვობიდან მოზარდობამდე, რამაც ისეთ უარყოფით შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ბავშვი, როგორიცაა სოციალურ-ემოციური სირთულეები – დაბალი თვითშეფასება, შფოთვა, დეპრესიული სიმპტომები. ასევე, პრობლემები თანატოლებთან და სასკოლო სირთულეები – დაბალი აკადემიური მოსწრება, კომუნიკაციის პრობლემები მასწავლებელთან და ა.შ.

გულჩათხრობილობას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, რაც გამოწვეულია მრავალი შინაგანი, თუ გარე ფაქტორისგან. ხშირ შემთხვევაში ის დაკავშირებულია მოულოდნელ სტრესთან და ფსიქოლოგიურ ტრავმასთან.

რა შეიძლება გახდეს გულჩათხრობილობის მიზეზი?

პირველი მიზეზი, რამაც შეიძლება ბავშვის ჩაკეტილობა გამოიწვიოს ეს არის ოჯახური მდგომარეობა – როდესაც ბავშვი არის ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ძალადობის მომსწრე და მონაწილე: როდესაც ხშირად ხდება ოჯახური კონფლიქტები, თავადაც ჩართულია კონფქლიქტებში, მეტისმეტად მკაცრად ეპყრობიან, როდესაც ემუქრებიან, აშინებენ, უყვირიან, ლანძღავენ, სჯიან და ფიზიკურად უსწორდებიან. შედეგად, ბავშვები ხშირად საკუთარ თავს იდანაშაულებენ, მიიჩნევენ, რომ თვითონ არიან დამნაშავეები ამა თუ იმ სიტუაციაში, ემატებათ შფოთვა, კარგავენ თავდაჯერებულობას და იკეტებიან საკუთარ თავში.

გადაცემის ლაივი Live

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/2009669292391223/

 

მეორე მიზეზი, რამაც ბავშვი შეიძლება გულჩათხრობილი გახადოს, ეს არის მისი სოციალური გარემო, ურთიერთობები თანატოლებთან. ხშირად, ბავშვები განიცდიან ბულინგს სხვა თანაკლასელების ან მათზე უფროსების მხრიდან. ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც მიმართულია ბავშვების საზიანოდ: მათ დასცინიან, ჩაგრავენ, აყენებენ სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას, აშანტაჟებენ, იზოლირებულს ხდიან მათგან და აიგნორებენ. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია, მითუმეტეს თუ ბულინგს ინტენსიური ხასიათი აქვს. შედეგად, ბავშვები ირგებენ „დაჩაგრულის“ როლს, უმეტესად ვერ უმკლავდებიან პრობლემას, აქვთ დაბალი თვითშეფასება, ექმნებათ აკადემიური პრობლემები და ხდებიან იზოლირებულები სოციალური გარემოსგან. ასეთ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მასწავლებლის, ასევე მშობლის ჩართულობა პრობლემის მოგვარებაში. მასწავლებელი/მშობელი უნდა შეეცადოს, გაერკვეს სიტუაციაში და აგრძნობინოს ბავშვს მხარდაჭერა.

მესამე მიზეზი, რამაც შეიძლება ბავშვის ჩაკეტილობა გამოიწვიოს, ეს არის მოზარდობის პერიოდისთვის დამახასიათებელი სირთულეები. მოზარდობის ასაკში ბავშვები ხდებიან ეგოცენტრულები, მოვლენებს საკუთარი თვალთახედვით აღიქვამენ და უჭირთ სხვისი პოზიციიდან სხვადასხვა სიტუაციის შეფასება. მშობელი კარგავს ავტორიტეტს, აქედან გამომდინარე, ხშირად აქვთ ოჯახური კონფლიქტები და მოზარდისთვის მნიშვნელოვანი მეგობრის აზრი ხდება. მშობელი უნდა შეეცადოს, რომ ამგავარი ფაქტები არ აღიქვას მტკივნეულად, რადგან ეს არის განვითარების თავისებურება.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ბავშვი გულჩათხრობილი შეიძლება იყოს, ეს არის საყვარელი ადამიანის გარდაცვალება, მშობლების განქორწინება. ასეთ დროს, მშობელი აუცილებლად უნდა გაესაუბროს ბავშვს და სწორად მიაწოდოს ინფორმაცია. ასევე, ჩაკეტილობა შეიძლება ისეთი საკითხის/პრობლემის არსებობამ გამოიწვიოს, რისი გამხელაც ბავშვს სხვებთან უჭირს. დღევანდელი ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე, საკითხები, რომლებიც „ზედაპირზე“ არ ჩანს, ხშირად,  ყურადღების მიღმა გვრჩება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლები ჰქონდეთ მეტი კომუნიკაცია შვილებთან და იყვნენ ყურადღებით, რომ დროულად მიხვდნენ, როდის არის მათი ჩარევა საჭირო.

7 რჩევა სალომე კაკაბაძისგან:

  1. მნიშვნელოვანია, მშობლებს ჰქონდეთ მეტი კომუნიკაცია შვილთან – გამოიჩინეთ მეტი ყურადღება მის მიმართ, უფრო მეტად დაუახლოვდით და ხშირად ესაუბრეთ.
  2. თავი აარიდეთ თქვენი შვილის შედარებას სხვა ბავშვებთან. შეადარეთ მხოლოდ საკუთარ თავს, დადებითი კუთხით.
  3. გამოყავით ბავშვისთვის პრივატული დრო, ყოველ დღე 15 წუთი მაინც.
  4. შეეცადეთ, არ გაამახვილოთ ყურადღება მის წარუმატებლობაზე, პირიქით, შეეცადეთ განუმტკიცოთ საკუთარი ძალების რწმენა, ხშირად შეაქეთ და ყურადღება გაამახვილეთ მის ძლიერ მხარეებზე.
  5. აგრძნობინეთ შვილს, რომ ის მნიშვნელოვანია და გამოხატეთ სითბო მის მიმართ.
  6. იყავით გულწრფელები და გახსნილები, პატივი ეცით მის აზრს და გაუზიარეთ თქვენი შეხედულებებიც.
  7. თუ ზემოთ აღნიშნულ პრობლემასთან გამკლავება თქვენს ძალებს აღემატება, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები