რა სიმპტომები ახასიათებს ალცჰაიმერის დაავადებას – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

რა სიმპტომები ახასიათებს ალცჰაიმერის დაავადებას – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

ალცჰაიმერის  დაავადება  დემენციის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ეს არის ქრონიკული, ხშირად პროგრესირებადი და შეუქცევადი მდგომარეობა, რომელიც მნიშვნელოვნად აუარესებს პიროვნების ცხოვრების ხარისხს. გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარი ფსიქოლოგი მაია მაჭავარიანია.

 

რა სიმპტომები ახასიათებს ალცჰაიმერის დაავადებას?

ალცჰაიმერის დაავადება დემენცის მხოლოდ ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია, არსებობს  დემენციების რამდენიმე ტიპი,  მაგალითად, ქერქქვეშა ბირთვების დაზიანებით გამოწვეული დემენცია, ლევის სხეულაკებით გამოწვეული დემენცია, ვასკულური (ანუ სისხლძარღვოვანი პათოლოგიით გამოწვეული) დემენცია, შერეული ტიპის და ა.შ. თუმცა, ყველა ამ მდგომარეობისათვის საერთო  დამახასიათებელი სიმპტომატიკა არის  მეხსიერებისა და  სხვა უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების  თანდათან დაქვეითება, ქცევითი ცვლილებები და ემოციურ-პიროვნული სფეროს დარღვევები.  დემენციის მქონე პირებს უჭირთ ორიენტაცია ნაცნობ გარემოში, უჭირთ ყოველდღიური, ჩვეული ამოცანების გადაწყვეტა, მაგ. კომუნალური გადასახადების გადახდა, აღენიშნებათ ახალი ინფორმაციის დამახსოვრების გამოხატული სიძნელეები, ზოგჯერ უჭირთ საჭირო სიტყვების გახსენება საუბრის დროს, ხშირად სვამენ ერთსა და იმავე კითხვებს. დაავადების  განვითარებასთან ერთად, ირღვევა აზროვნება, ვლინდება პიროვნული ცვლილებები, ვეღარ ცნობენ ოჯახის წევრებს.

 

რა ასაკში ვლინდება ალცჰაიმერის დაავადება?

ალცჰამერის  დაავადება ვლინდება ძირითადად 65 წლის შემდეგ. თუმცა დღეს საუბრობენ ამ დაავადების გაახალგაზრდავებაზე, სულ უფრო ხშირი ხდება დაავადების გამოვლენა 40-50 წლის ასაკში და არის აღწერილი 28 წლის პაციენტიც კი.

დაავადების გამოვლენის ერთ-ერთი მთავანი ნიშანი არის მეხსიერების დაქვეითება.  აქვე უნდა ითქვას, რომ მეხსიერების გაუარესება ჯანსაღი დაბერების  დამახასიათებელი ნიშანიც არის. ასაკთან ერთად  ჩვენი კანი კარგავს თავის ელასტიურობას, ქვეითდება მხედველობა, სახსრები ხდება ნაკლებად მოქნილი, ასევე იცვლება თავის ტვინის ქსოვილიც, მართალია ეს ცვლილებები არ არის ისეთი თვალსაჩინო როგორც ნაოჭები, მაგრამ მათი წყალობით ჩვენი კოგნიტური (ანუ შემეცნებითი) ფუნქციები, როგორიცაა მეხსიერება, ყურადღება, აზროვნება უარესდება. დაბერების პროცესში ჩვენი აზროვნება კარგავს ჩვეულ სისხარტეს, ხოლო გონება სიმახვილეს, მაგრამ დემენციისაგან განსხვავებით, აღნიშნული ცვლილებების ფონზე ადამიანს არ უჭირს ყოველდღიური ფუნქციონირება,  ახორციელებს ყოფით მოქმდებებს  და ხშირად წარმეტებით აგრძელებს მუშაობას საპენსიო ასაკის მიუხედავად.

დღევანდელი სტატისტიკით, ალცჰაიმერის დაავადების გავრცელება  მსოფლიო მასშტაბით 24 მლნ-ს შეადგენს. ამ  დაავადების სიხშირე  განვითარებად ქვეყნებში უფრო მაღალია. დღევანდელი მანაცემებიდან გამომდინარე, ეს რიცხვი ყოველ 20 წელიწადში გაორმაგდება.  შესაბამისად, ბევრ ქვეყანაში მოქმედებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამები მიმართული ამ დაავადების  ადრეული გამოვლენის, სათანადო მკურნალობის და ასევე პრევენციის მიმართულებით.

შესაძლებელია თუ არა ამ დაავადების განკურნება?

დღეისათვის დემენციების და, მათ შორის, ალცჰაიმერის დაავადების განკურნება სამწუხაროდ შეუძლებელია. თუმცა, აუცილებელია ამ მდგომარეობის მქონე პაციენტების სწორი მართვა, რაც გულისხმობს კომპლექსურ მიდგომას, რომლის შედეგად შესაძლებელია დაავადების განვითარების გარკვეული დროით გადავადება და დაავადების სიმპტომების შემსუბუქება. ეს მიდგომა მოიაზრებს ექიმის მეთვალყურეობას მედიკამენტებით მკურნალობას, ოკუპაციური თერაპევტის, ფიზიკური თერაპევტის და ფსიქოლოგის დახმარებას.

ალცჰაიმერის დაავადების, ისევე როგორც სხვა დაავადებების შემთხვევაში, მეტად მნიშვნელოვანია მდგომარეობის ადრეული გამოვლენა, რადგან ასეთ შემთხვევაში მკურნალობა და დახმარება გაცილებით ეფექტური იქნება. ამავე დროს, როგორც უკვე აღინიშნა, ადრეულ სტადიებზე დაავადების კლინიკური ნიშნები არ არის ძლიერად გამოხატული და არასპეციალისტისთვის შეუმჩნეველიც შეიძლება იყოს.  ასეთ შემთხვევაში, ხშირად ოჯახის წევრები სათანადოდ ვერ აფასებენ ამ დაავადების მქონე ადამიანის შესაძლებლობებს და ზოგჯერ დასცინიან,  უბრაზდებიან  მათი მოქმედების გამო.

ვინაიდან,  გარკვეულ დონეზე მეხსიერების და სხვა ფსიქიკური ფუნქციების დაქვეითება ჯანმრთელი მოხუცებულობის დამახასიათებელი ნიშანია. დემენციის ადრეული დიაგნოსტიკა კომპლექსური პროცესია და საჭიროებს მულტიდისციპლინურ მიდგომას. ეს პროცესი მოცავს ნევროლოგიურ გამოკვლევას, ნეიროვიზუალიზაციას (მაგ.თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას), დეტალურ ნეიროფსიქოლოგიურ გამოკვლევას და ფსიქიატრის კონსულტაციას. ამ პროცესში უნდა გამოირიცხოს სხვა მსგავსი სიმპტომატიკის მქონე მდგომარეობები, მათ შორის დეპრესია, დელირიუმი, ვიტამინ  B12-ის ნაკლებობა, მედიკამენტების გვერდითი ეფექტები, ალკოჰოლის ჭარბის მოხმარება, ინტოქსიკაცია და ა.შ.

 

რამდენად შესაძლებელია დაავადების თავიდან არიდება?

ალცჰაიმერის დაავადების შემთხვევაში, ცნობილია ამ დაავადების ოჯახური შემთხვევები და გამოვლენილია ამ დაავადების მემკვიდრეობითი ფორმა. ასეთ შემთხვევაში გენეტიკური კვლევების მეშვეობით შესაძლებელია დაავადებისადმი მიდრეკილების გამოვლენა. სხვა შემთხვევებში აღნიშნული მდგომარეობა შეძენილია და  განპირობებულია ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობით, ცხოვრების წესით, ინტელქტუალურ და სოციალურ საქმიანობაში ჩართულობით.  კლინიკური გამოცდილების  გათვალისწინებით, დემენციის დასაწყისი ხშირად უკავშირდება ძლიერ სტრესს, როგორიცაა მეუღლის ან სხვა ძალიან ძვირფასი ადამიანი დაკარგვა, სამსახურიდან დათხოვნა, რაც ბუნებრივია 60 წის ზემოთ ასაკის მქონე პირებთან ხშირია. ასეთ შემთხვევაში, ადამიანი კარგავს მისთვის ჩვეულ სოციალურ როლს, ის რჩება ფუნქციის გარეშე და ხშირად ეს იმდენად დიდი განსაცდელია მისთვის, რომ იწვევს მთელ რიგ ნეგატიურ პროცესებს, მათ შორის ფიზიკური ჯანმრთელობის და ინტელექტუალური სფეროს გაუარესებას.

 

7 რჩევა მაია მაჭავარიანისგან:

  1. პირველი რაც უნდა გაკეთდეს, არის დაავადების პრევენცია. ამისათვის მნიშვნელოვანია ასაკის მატებასთან ერთად მეტი ყურადღება დავუთმოთ ჯანმრთელობას. ჯანსაღი საკვები, სრულფასოვანი ძილი, ფიზიკური აქტივობა და აქტიური დასვენება არის ჯანმრთელად დაბერების აუცილებელი პირობები.
  2.  მხოლოდ ფიზიკური აქტივობა არ არის საკმარისი. ისევე როგორც სხეულს, ჯანმრთელობის მაქსიმალური შენარჩუნებისათვის  ჩვენს ტვინს ესაჭიროება ზომიერი დატვირთვა, მაგ; კროსვორდების, თავსატეხების, რებუსების ამოხსნა, ახალი ინფორმაციის ანალიზი, ახალი შთაბეჭდილებები.
  3.  იქონიეთ ჰობი, თუ გაქვთ მაქსიმალურად ეცადეთ განვითარდეთ ამ მიმართულებით, მოიძიეთ ახალი ინფორმაცია, გაეცანით სიახლეებს თქვენთვის საინტერესო სფეროში და ეცადეთ გამოიყენოთ ეს სიახლეები და დანერგოთ თქვენს ყოველდღიურობაში. ეს შეიძლება იყოს მებაღეობა და მცენარეების მოვლა, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, ლიტერატურა, ცეკვა, სპორტი, ხელოვნებისა და ხელობის სხვადასხვა დარგები.
  4. ასაკთან ერთად მოსალოდნელია მეხსიერების, ყურადღების და სხვა ფსიქიკური ფუნქციების გარკვეული ხარისხის გაუარესება, ეს ბუნებრივი პროცესია და ამას ისევე უნდა შეეგუოთ, როგორც სათვალეს. ასეთ შემთხვევაში გამოიყენეთ დამხმარე საშუალებები, ჩაიწერეთ ან ჩაინიშნეთ საჭირო ინფორმაცია, თუ გიჭირთ ახალი ტექნიკური საშუალებების გამოყენება სთხოვეთ ოჯახის წევრებს დახმარება.
  5. თუ თქვენ ან თქვენი ახლობელი უჩივით მეხსიერების დაქვეითებას, აუცილებლად დროულად მიმართეთ სპეციალისტებს, რომ დადგინდეს მეხსიერების დაქვეითების მიზეზები და  საჭიროების შემთხვევაში განხორციელდეს ჩარევა.
  6. ალცჰაიმერის ან სხვა ტიპის დემენციის მქონე პაციენტის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია და ეცადეთ შეასრულოთ სპეციალისტების რეკომენდაციები. დაეხმარეთ ამ მდგომარეობის მქონე ადამიანს წინასწარმეტყველებადი და მის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებზე მორგებული გარემოთი. აუცილებელია მოწესრიგებული დღის რეჟიმი, ნუ ჩამოართმევთ მას ფუნქციებს, შესაძლებლობის გათვალისწინებით ჩართეთ ოჯახურ საქმიანობაში, დაეხმარეთ იპოვოს და ჩაერთოს ისეთ საქმიანობაში, რაც მას სიამოვნებას ანიჭებს. ყოველივე ამის და სათანადო მკურნალობის დახმარებით შესაძლებელია დაავადების გვინდელი სტადიის და მუდმივი მეთვალყურეობის აუცილებლობის გადავადება.
  7. ეცადეთ გაგებით მოეკიდოთ, რომ დღის მანძილზე მეასედ გეკითხებათ ,,დღეს რა რიცხვია?“ აღარ ახსოვს სად ინახავს პირად ნივთებს და ვერ იხსენებს თქვენს დაბადების დღეს. სამწუხაროდ, ზოგჯერ ადამიანებს გვავიწყდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არის მხოლოდ ფიზიკური შეზღუდვა, მეხსიერება ან მსჯელობის უნარის არმქონე ადამიანს ისეთივე ზრუნვა და სიყვარული ესაჭიროება, როგორც მხედველობის ან სხვა მეტად თვალსაჩინო უნარის შეზღუდვის შემთხვევაში. აგრძნობინოთ თქვენი სიყვარული და მხარდაჭერა ყოველდღე, რადგან ხშირად ასეთი ადამიანებისათვის ,,გუშინ“ უკვე არ არსებობს.

გადაცემის ჩანაწერი:

20 მაისი, 2017

სხვა ჩანაწერები