რა სირთულეების გადალახვა უწევთ შშმ პირებს – 7რჩევა ფსიქოლოგისგან

28

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გარკვეული სირთულეების გადალახვა უწევთ. გარემო ფაქტორები და ადამიანების დამოკიდებულება მნიშვნელოვანია ადაპტაციისთვის. რა სირთულეების გადალახვა უწევთ შშმ პირებს – გადაცემის “7რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარები არიან ფსიქოლოგი მარიკა ზაქარეიშვილი და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებეთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

რა სირთულეების გადალახვა უწევთ შშმ პირებს?

რატი იონათამიშვილი:

სირთულეები დგება მაშინ, როცა პირი, რომელსაც გააჩნია ფიზიკური ხარვეზი  იწყებს ურთიერთობას ფიზიკურ და სოციალურ გარემოსთან და ვერ ექცევა განვითარების, ან რეალიზების თანაბარ პირობებში. ანუ პრობლემა არ არსებობს ადამიანში, ის არსებობს – ხედვაში, მიდგომებში, გარემოში… რა მექანიზმი უნდა იცავდეს პირველ რიგში ასეთ დროს ადამიანს? ცხადია, ეს არის კანონი და მისი აღსრულების მექანიზმები და ინვიდუალურ საჭიროებებზე ორიენტებული მიდგომები სახელმწიფოს მხრიდან. მე ყოველთვის ვერიდები შეზღუდული შესაძლებლობის განხილვის დროს სხვადასხვა საჭიროების მქონე პირებს მივანიჭო მეტი, ან ნაკლები პრიორიტეტი, ყურადღება, დავყო რამე ნიშნით, საჭიროებებისა და ინდივიდუალური მახასიათებლების გარდა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შშმ ბავშვის მშობლისგან გამიგია მსგავსი მიდგომები, რაც არის უკიდურესად არასწორი.  მიუხედავად იმისა, რომ  ძალიან მრავალფეროვანი და განსხვავებული საჭიროებები არსებობს (მაგ. ეტლი, თეთრი ხელჯოხი, ყურთსასმენი, ქცევის თერაპევტი და სხვ.), ძირითადი პრობლემები ყველა კატეგორიის და ასაკის შშმ პირებისთვის მაინც საერთოა  და ეს უპირველესად – სამოქალაქო უფლებების და ინტერესების დაცვაა.

გარემოსთან ადაპტაციაში რა როლი აქვს საზოგადოებას?

რატი იონათამიშვილი:

როდესაც საუბარია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, ვგულისხმობთ როგორც შშმ პირებს, ასევე დანარჩენ საზოგადოებას, სადაც ჯერ კიდევ ძლიერია დისკრიმინაციული მიდგომები და სტიგმა. ასევე, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის არსებული სტერეოტიპები და სოციალური მოდელის პრინციპებით ხელმძღვანელობა. დღეს საზოგადოებაში ძირითადად ორი უკიდურესი მიდგომა არის შესამჩნევი – თუ ხარ შშმ პირი, ხარ ან მსხვერპლი, ან გმირი. ორივე მათგანი უხერხული და არასწორია და ბევრი შშმ პირზე ახდენს ნეგატიურ გავლენას. ხელს უწყობს მათ ჩაკეტილობას, გარიყვას და იმედგაცრუებას.

ეს მიდგომები შემდგომ მატერიალიზებული ხდება ბუნებაშიც. კერძოდ, როცა ჩვენ ვუყურებთ გამოუსადეგარ პანდუსებს, რომლითაც ვერ სარგებლობენ შშმ პირები, სოციალურ და საგანმანათლებლო პროგრამებს, სადაც არ ხდება შშმ პირთა ჩართულობა და მათი აზრის გათვალისწინება. ამიტომ საზოგადოების ადეკვატური დამოკიდებულება უმნიშვნელოვანესია შშმ პირებისთვის თანაბარი შესაძლელობის უზრუნველყოფის პროცესში. შშმ პირები არ არიან არც სხვაზე უკეთესი, არც სხვაზე უარესი, არამედ არიან პირები, ვისაც სჭირდებათ უფლებების დაცვა და ადაპტირებული გარემოთი და სერვისებით უზრუნველყოფა.

მარიკა ზაქარეიშვილი:

ნებისმიერ ადამიანს გნავითარებისათვის  ესაჭიროება სოციუმი, სხვაგვარად შეუძლებელია. ფართო ჭრილში თუ შევხედავთ,  მეტმა განათლებამ, დაგროვილმა გამოცდილებამ მოიტნა  აქცენტი საზოგადოების ინკლუზიურობასა და ღიაობაზე. ადამიანის ბუნებრივი გარემო არ არის ერთსახოვანი, პიროვნებას სჭირდება მრავალფეროვანი გამოცდილება, რომ უკეთ შეიმეცნოს საკუთარი თავიც და სამყაროც. რასაკვირველია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ინდივიდებს თვითრეალიზებისა და ადპატაციისათვის სჭირდებათ საზოგადოებასთან აქტიური ინტერაქცია.

საჭიროებს თუ არა საზოგადოებას განათლებას ამ მიმართულებით?

მარიკა ზაქარეიშვილი:

საზოგადოება საჭიროებს  მეტ განათლებას იმ მიმართულებით, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არც რაიმე მომაკვდინებელი დიაგნოზია, არც დაუსრულებელი ტრაგედია და არც უუნარობა. შეზღუდული შესაძლებლობა ნამდვილად გულისხმობს იმას, რომ პიროვნებას ამა თუ იმ სფეროში აქვს უფრო მეტი გამოწვევა გარემოსთან ურთიერთობისას, ვიდრე დანარჩენებს, თუმცა  პროცესების კარგი ორგანიზების, განათლების მიწოდების პირობებში ადამიანებს აქვთ უნარი თავისი შესაძლებლობების ფარგლებში რეალიზდნენ, უყვარდეთ , მუშაობნენ და ასე შემდეგ. ამის გაცნობიერება ნამდვილად სჭირდება დღეს ჩვენს საზოგადოებას.

რატი იონათამიშვილი:

ეს ვალდებულება ჩვენს სახელმწიფოს აქვს აღებული გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციით, სადაც მე-8-ე მუხლი დათმობილი აქვს ცნობიერების ამაღლებას. ამ მუხლის მიხედვით, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას მიიღონ გადაუდებელი, ეფექტური და შესაბამისი ზომები, რათა:

ა. ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება, მათ შორის ოჯახის დონეზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მიმართებაში; ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და ღირსების პატივისცემას;

ბ. ებრძვიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მიმართებაში ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სქესსა და ასაკზე დაფუძნებულ სტერეოტიპებს.

გ. ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოტენციალსა და წვლილს.

ჩვენ გვაქვს გარკვეული მიღწევები. საზოგადოების მხრიდან დამოკიდებულების საერთო ფონი სულ უფრო ადეკვატური ხდება შშმ პირთა მიმართ, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რათა საზოგადოებაში მაქსიმალურად დაიმსხვრეს სტიგმა და სტერეოტიპები. გამოვყოფ რამდენიმე წარმატებულ პროგრამას და აქტივობებს: სახელმწიფო პროგრამა საქართველოს პარაოლიმპიური მოძრაობის და პარასპორტის განსავითარებლად, რომლის ფარგლებშიც დღეს უკვე ვითარდება სპორტის 14 სახეობა და 300-მდე შშმ სპორტსმენი გვყავს, მათ შორის ვითარდება გუნდური თამაშები, ზამთრის პარასპორტის სახეობები, გვყავს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები, პარაოლიმპიადის გამარჯვებული. ეს მაშინ, როცა 2013 წლამდე ვითარდებოდა სულ  2 სახეობა და გვყავდა 4 სპორტსმენი. მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს , რომ პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარება ყველაზე ეფექტურად ამსხვრევს სტერეოტიპებს და საზოგადოებას ათავისუფლებს ცრუ წარმოდგენებისგან.

ასევე, გადამწყვეტია ამ მიმართულებით უწყვეტი ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფა, რათა ბავშვობის ასაკიდანვე ხდებოდეს სწორი ხედვების ფორმირება. მუდმივი ტრენინგები საჯარო მოხელეებისთვის, განსაკუთრებით იმ სფერეოებში, რომელსაც უშუალო შეხება აქვს მოქალაქეებთან (მაგ. შშს, იუსტიციის სახლის პერსონალი, ადგილობრივი თვითმმართველობები და სხვ.), მნიშვნელოვანია სამაუწყებლო და სოციალური მედიის როლი, სადაც საკითხის დასმა მოხდება სწორად. მოკლედ რომ ვთქვა, შშმ პირები არ იქნებიან წარმოდგენილნი, როგორც ქველმოქმედების ობიექტები, არამედ აქცენტი გაკეთდება მათ საჭიროებებზე, გამოწვევებზე, მიღწევებზე და უფლებებზე. და ბოლოს, უმნიშვნელოვანესია, რომ თვითონ შშმ პირები იყვნენ აქტიურები. იბრძოდნენ საკუთარი უფლებებისთვის და ინტერესებისთვის. მათი ჩართულობა და აქტიურობა ნებისმიერ დონეზე არის გადამწყვეტი თანაბარი შესაძლებლობებისთვის.

 

 

7 რჩევა ფსიქოლოგ მარიკა ზაქარეიშვილისგან:

1.სახელმწიფო სისტემებმა  ტერმინი “ინკლუზიურობა” ფართო მნიშვნელობით უნდა გაიაზრონ, როგორც საშუალება, რომ  ნებისმიერმა მოქალაქემ შეძლოს საზოგადოებაში ფუნქიონირება. ახალი შენობის დაგეგმარებისას, ახალი კანონის შემუშავებისას, თუ ახალი სერვისების დანერგვისას  გათვალისწინებული უნდა იყოს თანაბარი მისაწვდომობის პრინციპი.  ამგვარი სისტემური მიდგომით სახელმწიფო რეალურად თითოეული ინდივიდის  ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს და  თითოეულისთვის ქმნის პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

2.მნიშვნელოვანია სისტემები მუშაობდეს ისე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჰქონდეთ  განვითარებული თვითადვოკატირების უნარები. აზრის გამოხატვის ნებისმიერი ფორმა და საშუალება ვერ იქნება მიჩნეული თვითადვოკატირებად, საჭიროა თანმიმდევრული დაგეგმა და  ინდივიდების მხარდაჭერა, რათა მათი  მოთხოვნები და რეკომენდაციები რეალურად   იქნას  გათვალისწინებული.

3. გამოწვევაა, როდესაც ცხოვრებაში ადამიანი ერთი ეტაპიდან მეორეზე გადადის (მაგალითად  ბაღიდან-სკოლაში/ სკოლიდან -დასაქმების ადგილზე).  სისტემიდან სისტემაში ტრანზიციის პროცესი კიდევ უფრო სენზიტიურია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. შესაბამისად, ადრეული ასაკიდანვე  მშობელმა უნდა დაგეგმოს განვითარების რომელ სერვისებში ჩართავს შვილს, როგორ მოამზადებს  ბაღში შესვლისა და შემდგომ სკოლაში გადასვლისთვის. სკოლას უნდა ჰქონდეს მექანიზმი, რომელიც მხარს უჭერს მოსწავლის განათლების შემდგომ საფეხურზე გადასვლას.  უნდა განვითარდეს მექანიზმი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს კარიერის დაგეგმვის შესაძლებლობას აძლევს. თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ პირის სისტემიდან სისტემაში გადასვლის პროცესში არ იკარგებოდეს ინფორმაცია  მისი განვითარების, გაწეული პროგრესისა და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების შესახებ.

4. ნებისმიერი ადამიანისათვის მნიშვნელოვანია თვითრწმენა,  სწორი წარმოდგენა საკუთარ შესაძლებლობებზე. პირებს, რომლებიც მუშაობენ, თანაცხოვრობენ ან ასწავლიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს,  კარაგად უნდა ჰქონდეთ შესწავლილი  მათი ხასიათი, არსებული უნარები, რათა  მაქსიმალურად შეუწყონ ხელი  თვითაღქმასა და თვითრეალიზებაში. კმაყოფილების განცდა, საკუთარი მნიშვნელობის აღქმა გადამწყვეტია  განვითარების პროცესში.

5.ადამიანის განვითარების ეკოლოგიური მოდელი  ყურადღებას ამახვილებს ოჯახზე, როგორც ბავშვის განვითარებისათვის  უმიშვნელოვანეს მიკრო სისტემაზე. არსებითია  მშობლებმა  “მიიღონ” საკუთარი შეზღუდული შესაძლებობის მქონე შვილი და გაუჩინოს მას  უსაფრხოებისა და  კეთილგანწყობის განცდა მუდმივი კონტაქტის, ემოციის გაზიარების და მათ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელბის გზით.  აღნიშნული ფაქტორი განსაზღვრავს შემდგომში იდივიდის მიერ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრების უნარებს,  ადეკვატურ თვითშეფასებას და ღიაობას სამყაროს მიმართ.

6.მიეცით შესაძლებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს  გამოხატონ  ინტერესები, ნუ მოაქცევთ საკუთარი სურვილების გავლენის ქვეშ  და ნუ გადაწვეტთ მათ მაგივრად რომელი პროფესია არჩიონ, რა სამოსი  ჩაიცვან, სად ურჩევნიათ  გართობა და სხვ.

7.გასათვალისწინებელია ტერმინები, რომელთაც ჩვენ ვიყენებთ შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან დაკავშირებით. დაუშვებელია დამაკნინებელი და ღირსების შემლახველი ტერმინებით საუბარი, მაგალითად, “ინკლუზიური” ბავშვი, ,”შეზღუდული” პიროვნება და სხვ. გვახსოვდეს, რომ ჩვენი მეტყველება ასახვას ჩვენს დამოკიდებულებას მოვლენების მიმართ.

გადაცემის ლაივი LIVE

გადაცემის ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები