LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სიურპრიზებს პირდება ბეკო მომხმარებელს 20 წლის იუბილეზე: რეჟისორი დირექტორის ქართული ცხოვრება

8

27 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ საქართველოში კომპანია “ბეკოს” გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი სტუმრობდა.

შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეჟისორის სპეციალობის შეძენის შემდეგ, მეჰმედმა კომპანია „ბეკოს“ ქართულ წარმომადგენლობაში დაიწყო მუშაობა, პირველი გამოცდილება შეიძინა, მოგვიანებით კი გენერალური დირექტორის პოსტი ჩაიბარა.

– ბატონო მეჰმედ, როდის გადაწყვიტეთ საქართველოში ჩამოსვლა და როდის იქცა ჩვენი ქვეყანა თქვენთვის მეორე სამშობლოდ?

– საქართველოში პირველად 1999 წლის სექტემბერში ჩამოვედი და ძალიან მომეწონა. მანამდე თურქეთის ტელევიზიაში ვმუშაობდი, ამ სფეროში მინდოდა განათლების მიღება და თბილისის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში ჩავაბარე. ერთი სიტყვით, თითქმის 20 წლის წინ ჩამოვედი და დღესაც აქ ვარ.

– როგორი იყო „ბეკოს“ პირველი ნაბიჯები საქართველოში?

– საქართველოში „ბეკო“ 1997 წელს შემოვიდა და პირველი მაღაზია ბათუმში გახსნა. ერთ წელიწადში თბილისში გადმოინაცვლა, ახლა კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით 60 მაღაზიითა და 5 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, არ ვჩერდებით და სულ უფრო ვფართოვდებით. წელს 20 წლის იუბილეს აღვნიშნვათ და გამომდინარე აქედან ჩვენს მომხმარებელს მეტად საინტერესო სიურპრიზებს ვუმზადებთ.

– კონკრეტულად რას სთავაზობთ „ბეკოს“ მომხმარებელს?

– უზარმაზარი ლატარიის გათამაშებას ვგეგმავთ, მომხმარებელს კი, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სხვადასხვა წვრილმანების გარდა, ავტომობილების მოგების საშუალებაც ექნება, თუმცა, მანამდეც გვაქვს სიურპრიზები. მაგალითად, მარტის თვეში ქალბატონებს შევთავაზებთ სპეციალურ აქციას.

– ქალბატონები უფრო აქტიურად სტუმრობენ „ბეკოს“ მაღაზიებს თუ მამაკაცები?

– საყოფაცხოვრებო ტექნიკა ძირითად ქალბატონებისთვისაა, ამიტომ მომხმარებლებშიც ისინი ჭარბობენ, თუმცა, ქართველი მამაკაცები ჯენტლმენები არიან და ხშირად ანებივრებენ საყვარელ ქალბატონებს  საჩუქრებით.

– თქვენი აზრით, რამდენად კომფორული ბიზნესგარემოა დღეს საქართველოში?

– თავიდან ძალიან გაგვიჭირდა, რადგან საკმაოდ რთული პერიოდი იყო. 2004 წლიდან კი, მეტ-ნაკლებად ყველაფერი დარეგულირდა და ჩვენმა ბიზნესმაც წარმატებით გააგრძელა განვითარება.

– რომელი იყო კომპანიისთვის ყველაზე რთული და ყველაზე მომგებიანი პერიოდები?

– ყველაზე რთული ომის შემდგომი პერიოდი – 2009-2010 წლები იყო, მცირე პრობლემები გვქონდა 2012 წელსაც, საკმაოდ მომგებიანად  შემიძლია ჩავთვალო 2004-2006, ასევე 2015-1016 წლები. ახლა კი, ბიზნესი წარმატებით ვითარდება და იმედი მაქვს მომავალშიც ასეთივე ტემპით გავაგრძელებთ ზრდას.

– თქვენი მრავალმხრივი გამოცდილების გათვალისწინებით, საქმიანობის რომელი სფერო უფრო მოგწონთ?

– ჟურნალისტიკა ყოველთვის ძალიან მიყვარდა, „ბეკოში“  მისვლის შემდეგ კი, მარკეტინგი შემიყვარდა.

– რა პროფესიის არჩევაზე ოცნებობდით ბავშვობაში?

– ბავშვობაში ძალიან მინდოდა გავმხდარიყავი ექიმი.

– რამდენადაც ვიცი, თქვენ დოკუმენტური ფილმებიც გაქვთ გადაღებული?

– ორი ფილმი გადავიღე. ერთს „სიყვარულის ძალა“ ჰქვია, მეორე კი იმ ოსტატებს მივუძღვენი, ვინც ვერცხლისა და ოქროსგან ხანჯლებს, დანებს და სხვა საოცარ ნაკეთობებს ქმნის.

– თქვენი აზრით, როგორ უნდა დეხმაროს ხელისუფლება ბიზნესის განვითარებას?

– პირველ რიგში ბიზნესის ნდობა უნდა მოიპოვოს, ბიზნესმენები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ ხელისუფლება მათ გვერდითაა. გარდა ამისა, აუცილებელია ვალუტის კურსის დარეგულირება, არანაკლებ მნიშვნელოვანია კომუნიკაციის დამყარება ხელისუფლებასა და უცხოელ ინვესტორებს შორის.

– საშუალება რომ გქონეთ, კიდევ რა საქმიანობას შეითავსებდით ანუ რომელ ბიზნესში ხედავთ საკუთარ თავს?

– მე კინოზე ვარ ორიენტირებული, ამიტომ სიამოვნებით გადავიღებდი ფილმებს როგორც საქართველოში, ისე თურქეთში. სხვათა შორის, ბევრმა ქართველმა არ იცის, რამდენად მდიდარი კულტურა და ისტორია აქვს მის სამშობლოს.

– პირადად თქვენ რამ მოგხიბლათ საქართველოში?

– ალბათ ადამიანების დამოკიდებულებამ და თბილმა გარემომ. ძალიან ბევრი ქართველი მეგობარი მყავს და მიყვარს მათთან ერთად თავისუფალი დროის გატარება. სხვათა შორის, სწორედ მათ მასწავლეს თამადობა.

– რამდენად მარტივი იყო ქართული ენის სწავლა?

– ქართული ენის სწავლა არასდროს გამჭირვებია, მით უმეტეს, რომ ძალიან ჰგავს ლაზურს. 6 თვეში უკვე ნორმალურად ვლაპარაკობდი, მერე კი მეუღლემ მასწავლა.

– რა კრიტერიუმებით არჩევთ თანამშრომლებს?

– პირველ რიგში კარგი განათლება და საღი აზროვნება უნდა ჰქონდეს, არანაკლებ მნიშვნელოვანია გუნდური პრინციპით მუშაობის და საკუთარ თავზე ინიციატივის აღების უნარი.

– რამდენად დაცულია თქვენს კომპანიაში გენდერული ბალანსი?

– მთელი საქართველოს მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ, ქალები უფრო მრავლად არიან კომპანიაში, ვიდრე მამაკაცები. რადგან, ქალები მამაკაცებზე სწრაფად და ბევრად მარტივად იღებენ გადაწყვეტილებას.

– როგორი ხელმძღვანელი ხართ?

– მართალია, ხელმძღვანელი მკაცრი უნდა იყოს, მაგრამ მე სიმკაცრე არ გამომდის და ვფიქრობ საკმაოდ რბილი ხელმძღვანელი ვარ.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– საკმაოდ სწრაფად, თუ რა თქმა უნდა, საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი არაა.

ბლიც-კითხვები:

– რა სლოგანი აქვს „ბეკოს“?

– „თქვენი ყოველდღიურობის ოფიციალური პარტნიორი!“

– როგორ იწყება თქვენი დილა – ყავით თუ ფინჯანი ჩაით?

– რა თქმა უნდა, ჩაით, რადგან თურქული ჩაი ძალიან გემრიელია.  ასე რომ, დილას ჩაის თუ არა დავლევ, მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვარ.

– აქსესუარი, რომლის გარეშეც არასდროს ტოვებთ სახლს?

– ტელეფონი და მანქანის გასაღები.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– „სწრაფად და იაფად!“

– როგორ ისვენებთ გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ?

– სამუშაო დღის შემდეგ ძალიან მიყვარს მასაჟის გაკეთება. სამსახურში გვაქვს ასეთი მომსახურება, რომლითაც თანამშრომლებსაც შეუძლიათ სარგებლობა.

– ხართ თუ არა სპორტით გატაცებული?

– ძალიან მიყვარს ფრენბურთი და ყოველთვის ვთამაშობ, როცა თავისუფალი დრო მაქვს.

– ზღაპარი, რომელსაც შვილებს უყვებით?

– ჩემი შვილები უკვე დიდები არიან, თავის დროზე კი, ზღაპრებს დედა უკითხავდა.

– გაქვთ თუ არა საყვარელი კერძი?

– ზოგადად, კერძების მომზადება ძალიან მიყვარს, ხშირად ვაცხობ ნამცხვრებსაც.

– ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ, რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ სტუმართ-მოყვარეობას დავხატავდი.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– წარმატების მთავარი ფაქტორი შრომისმოყვარეობაა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ნაცნობობის დიდი წრე და მიღებული დავალების სრულყოფილად შესრულება.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები