რა თავისებურებები და რა სირთულეები ახლავს ბავშვებში დიაბეტის მართვას

6

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

 

1 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ კლინიკა „ენმედიცის“ ექიმი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი მარიამ ბალახაძე სტუმრობდა.

– ქალბატონო მარიამ, 14 ნოემბერს მსოფლიომ დიაბეტთან ბრძოლის დღე აღნიშნა, ამიტომ აქტუალური იქნება ვისაუბროთ, თუ რას წარმოადგენს ბავშვთა დიაბეტი ზოგადად?

– 14 ნოემბერს ფრედერიკ ბანტინგის დაბადების დღეა, რომელმაც ინსულინის ჰორმონის აღმოჩენით უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ბავშვებში ძირითადად პირველი ტიპის დიაბეტია გავრცელებული, რომლის დროსაც ორგანიზმი ინსულინის ჰორმონის დეფიციტს განიცდის და სწორედ ამიტომ ვითარდება შაქრიანი დიაბეტი. ინსული – კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონია, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ნახშირწყლის რეგულაციაში.

– რა მიზეზით უვითარდება ბავშვს პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი?

– სამწუხაროდ, პირველი ტიპის დიაბეტი არაპროგნოზირებადი დაავადებაა და მისი განვითარების მიზეზები დღემდე დაუდგენილია. ვიცით, რომ ესაა ჯუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა-უჯრედების ავტოიმუნური დესტრუქციის შედეგად გამოწვეული დაავადება, ანუ ორგანიზმში ის უჯრედები ზიანდება, რომლებიც ინსულინს გამოიმუშავებენ, თუმცა, რა არის ამგვარი დაზიანების მიზეზი, ბოლომდე შესწავლილი არაა. მართალია, მედიკოსები მთელი მსოფლიოდან აქტიურად არიან ჩართული პრობლემის კვლევაში და  გარკვეული თეორიებიც არსებობს, მაგრამ საბოლოო დასკვნა ჯერ არ გაკეთებულა. მართალია, არსებობს წინასწარი გენეტიკური განწყობა ანუ პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე მშობლების შემთხვევაში ბევრად მაღალია მათ შვილებს ოდესმე დიაბეტის დაავადების რისკი, მაგრამ ჩვენი პაციენტების მაგალითებით თუ ვიმსჯელებთ, უმრავლეს შემთხვევაში დაავადება არ ფიგურირებს გენეტიკაში.

– რა თავისებურებები და რა სირთულეები ახლავს ბავშვებში დიაბეტის მართვას?

– პირველ რიგში გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი, ბევრად მარტივია მისი მართვა პატარებში, როცა ეს მშობლებზეა დამოკიდებული. მოგვიანებით, როცა სქესობრივ სიმწიფესთან ერთად, გარკვეულ ცვლილებებს განიცდის მოზარდის ორგანიზმი და ფსიქიკა, ყველაფერი რთულდება. რა თქმა უნდა, არსბობს განსაკუთრებით მძიმე ფორმები, როცა ვერ ვიმორჩილებთ დიაბეტს, გვიწევს ინსულინის დოზის და სახის შეცვლა, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ექვემდებარება მართვას, თუმცა აუცილებელია პაციენტის და მისი მშობლების შესაბამისი განსწავლა, რადგან დაავადების სამართავად აუცილებელია, ცოდნა თუ რასთან აქვთ მათ საქმე და როგორ იმოქმედონ, გაიაზონ რამდენად მნიშვნელოვანია მკურნალი ექიმის რჩევის და დანიშნულების გათვალისწინება.

– რამდენად ხელმისაწვდომია ინსულინი და რა როგორ ეხმარება სახელმწიფო დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს?

– საბედნიეროდ, სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს პაციენტებს არა მხოროდ ინსულინით, არამედ დიაბეტის მართვისთვის საჭირო ხელსაწყოებით, მათ შორის გლუკომეტრით, გლუკომეტრის და შარდში აცეტონის განმსაზღვრელი ჩხირებით. მართალია, ამგვარი ჩხირების რაოდენობა ხშირად საკმარისი არაა, რადგან დაავადების სწორი მართვისთვის დღეში რამდენჯერმეა საჭირო სისხლში გლუკოზის განსაზღვრა, მაგრამ ბევრი პაციენტის მშობლისთვის მაინც ძალიან დიდი შეღავათია. ჩვენს კლინიკაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტები უზრუნველყოფილი არიან უფასო ინსულინით, ექიმის კონსულტაციით და გარკვეული გამოკვლევებით.

– კვების რაციონზე რომ ვისაუბროთ, ძალიან რთულია, როცა ბავშვს ეკრძალება ტკბილეულის მირთმევა

– ბოლო გაიდლაინების გათვალისწინებით  ბავშვებს არ აქვთ განსაკუთრებული შეზღუდვა კვების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ტკბილის შეზღუდვა საჭიროა და არა მხოლოდ დაავადებულ, არამედ ჯანმრთელ ბავშვებშიც, რადგან არაა სასურველი მისი ყოველდღე მიღება. დიაბეტის შემთხვევაში შესაძლებელია გამონაკლისის დაშვება, თუმცა აუცილებლია ინსულინის გარკვეული დოზით მიღებაც. გარდა ამისა, საჭიროა კვების რეჟიმის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. სხვათაშორის, დაავადების სწორად მართვის შემთხვევაში დიაბეტით დაავადებული ბავშვი, უფრო სიცოცხლისუნარიანია, ვიდრე მისი თანატოლი, რომელიც საერთოდ არ ზრუნავს ჯანმრთელობაზე. დღეს, თანამედროვე ინსულინის და სხვა საშუალებების წყალობით, თავისუფლად შეგვიძლია ორგანიზმში ნახშირწყლოვანი ცვლის  ფიზიოლოგიურად მიმდინარე პროცესებთან მიახლოვება. მთავარია ბავშვისა და მშობლის მზაობა, მარტო ექიმი კი, ვერაფერს გახდება, რადგან ავადმყოფობის მართვა მხოლოდ თანამშრომლობითაა შესაძლებელი.

– არსებობს მოსაზრება, თითქოს საჭიროა ბავშვის დაზოგვა ფიზიკური დატვირთვისგან?

– ერთადერთი სპორტი, რომლელიც იზღუდება – წყალში ყვინთვაა, ნებისმიერი სხვა სპორტუილი აქტივობა კი, პირიქით მისასალმებელია და რაც უფრო ინტესიური იქნება მით უკეთესია, რადგან ბევრად ამარტივებს დაავადების მართვას.

– რას ურჩევთ დიაბეტით დაავადებული ბავშვების მშობლებს?

– პირველ რიგში არ შეეშინდეთ და არ აქციონ დაავადება ტრაგედიად, ნუ ჩაკეტავენ საკუთარ შვილს სახლში და ნუ შეუქმნიან ფსიქოლოგიურ ბარიერებს, პირიქით გაახალისონ და მისცენ ლაღად ცხოვრების უფლება, რადგან დიაბეტის მართვა საკმაოდ მარტივია და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, თავისი დადებითი მხარეებიც აქვს, რადგან ბავში იძულებულია იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით. ძალიან ბევრი კეთდება მედიცინაში დაავადების მართვის თვალსაზრისით, მინიმუმამდეა დაყვანილი გართულებები, გვაქვს გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა, გარდა ამისა, საუბარია ხელოვნური პანკრეასის დანერგვაზე და დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში დიაბეტი ბევრად მარტივი სამართავი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები