LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ ბავშვმა დაუჯეროს – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

19

ბავშვები ხშირად არ უჯერებენ მშობლებს და ეს განვითარების ნორმალური ეტაპია. მშობლებმა ისიც უნდა იცოდნენ, რომ ზედმეტად დამჯერი ბავშვი მომავალში შეიძლება ბევრი პრობლემის წინაშე დადგეს, ამიტომ ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ უმჯობესია თავიდანვე მიაჩვიოთ ბავშვი დამოუკიდებლობასა და პატარ-პატარა წინააღმდეგობების დაძლევას. გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარი თსუ-ს ლექტორი, ფსიქოლოგი ინა ბუროვაა.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ ბავშვმა დაუჯეროს?

ფსიქოლოგის თქმით, მშობლები საკმაოდ ინფორმირებულები უნდა იყვნენ და ერთად, შეთანხმებული წესების მიხედვით მოქმედებდნენ. პირველი მწვავე კრიზისი 3 წლის ასაკშია – თუკი ბავშვს მანამდე ანებივრებდნენ, მაშინ შეუძლებელია ერთ დღეში მოთხოვონ, რომ დაუჯეროს. ამას საფუძველი თავიდანვე სჭირდება.

„ბავშვები ხშირად იქცევიან ცუდად მშობლების ყურადღების მისაქცევად. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რატომ იქცევიან ასე და დროული რეაგირება პრობლემის მოსაგვარებლად. პირველ რიგში აუცილებელია ფიქსირებული დღის რეჟიმი ნორმალური განვითარებისათვის: ძილის რეჟიმი, კვებითი რეჟიმი, მნიშვნელოვანია ნებისმიერ ასაკში და განსაკუთრებით პატარა ასაკში“.

რომელი ასაკიდან უნდა მიეჩვიოს  ბავშვი დამოკიდებლობას?

სამი წლის პატარებმა ძალიან კარგად იციან რა უნდათ, მაგრამ მშობლები ხშირად მათ ნაცვლად იღებენ გადაწყვეტილებებს, რაც ფსიქოლოგის აზრით, არასწორია.

„მიაჩვიეთ ბავშვები დამოუკიდებლობას, გადაწყვეტილების მიღებას, არჩევანის გაკეთებას. თავდაპირველად შესთავაზეთ შეზღუდული არჩევანი – მაგ.: ტანსაცმლის არჩევისას დაულაგეთ 2-3 ვარიანტი და მიეცით საშუალება აირჩიოს მისთვის სასურველი. იგივე შეიძლება საკვების, სათამაშოების და სხვა ნივთების არჩევისას. ამით ბავშვი კმაყოფილი დარჩება“.

ფსიქოლოგის თქმით, სამი წლიდან  პატარები ხშირად მიმართავენ სხვადასხვა ხერხს (ტირილს, წუწუნს, ისტერიკას და სხვ.) სურვილის შესასრულებლად, რასაც მშობელი არ უნდა აჰყვეს. თუ სურვილის შესრულებას აპირებს, მაშინ უმჯობესია თხოვნა მანამ შეუსრულოს, სანამ   ბავშვი ტირილს დაიწყებს.

მშობელს უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე მყისიერი რეაქცია ქცევაზე, რომელიც არ მოსწონს. (მაგ.: თუ თქვენ ბავშვს არ აძლევთ რაღაცის უფლებას, მაშინ ეს აკრძალვა უნდა მოქმედებდეს ყველა სიტუაციაში) . ასევე უნდა მოერიდოს  სხვისი თანდასწრებით შენიშვნის მიცემას.

„ბავშვებს მოსწონთ, როდესაც ვესაუბრებით, როგორც დიდებს. არ დაუმალოთ თქვენი განცდები. ასევე მოსწონთ, როდესაც დახმარებას სთხოვთ, როცა მონაწილეობას იღებს გადაწყვეტილების მიღებაში, როცა  არჩევანის საშუალება აქვს“.

 

როდის უნდა წაახალისოს მშობელმა  ბავშვი?

ბავშვებისთვის აუცილებელია შექება და არა მხოლოდ ცუდ ქცევაზე ხაზგასმა. თუ მშობელს მოეწონა ბავშვის  ქცევა, უნდა  მოეფეროს, შეაქოს,  დააკონკრეტოს რა მოეწონა და რისთვის უხდით მადლობას, ხაზი გაუსვას მის წვლილს და უთხრას რა გამოუვიდა კარგად.

გარდა ამისა, მშობელმა ბავშვს ხშირად არ უნდა უსაყვედუროს, რადგან ბავშვისთვის სულ ერთი გახდება და შენიშვნა მისთვის ძალას დაკარგავს. მშობელს შეუძლია იყოს მომთხოვნი, მაგრამ ეს არ უნდა გამოხატოს ყვირილით. მან უნდა მისცეს მაგალითი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა პატარების კითხვებს გასცენ პასუხი, თუნდაც კითხვები მეორდებოდეს. მშობელს ამ პერიოდში დიდი მოთმინება მართებს,  სწორედ ასე უყალიბდება ბავშვს ნდობა.

ბავშვებს მოსწონთ როცა წინასწარ აფრთხილებეთ, უთანხმდებიან. მშობელმა ბავშვის ნივთის აღებისას ნებართვა უნდა ითხოვოს, რომ შემდეგში ბავშვმაც გაიმეოროს იგივე.

ბავშვები ხშირად სვამენ შეკითხვას „რატომ არ შეიძლება“? მხოლოდ კატეგორიული „არა“ არ ჭრის, უფრო ეფექტურია დასაბუთება, არგუმენტების მოყვანა და ახსნა, მაშინ იჯერებენ ნათქვამს.

„სასურველი ქცევისთვის მკაფიოდ გამოხატეთ მნიშვნელოვანი წესები. მაგ.: მთელი კვირის მანძილზე, როგორც იქცეოდა ისე შეუსრულეთ სურვილები უქმეებზე. შეგიძლიათ სახლში გააკეთოთ პატარა დაფა, სადაც ფერადი ფურცლებით აღნიშნავთ ცუდად და კარგად მოქცევის დღეებს, კვირის ბოლოს კი ერთად დააჯამეთ. მან წინასწარ უნდა იცოდეს რა ელოდება სხვადასხვა შედეგის შემთხვევაში“.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ არსებობს ფრაზები, რომლებიც ბავშვებთან ურთიერთობაში მშობლებს ეხმარება, მაგალითად: „ძილის დროა – აბა რომელი სათამაშო წავიღოთ საძინებელში“ – ნაცვლად “წადი დაიძინე”; ან „პიჟამოს ჩაცმის და კბილის გახეხვის დროა – აბა ვინ მოასწრებს!“.

ზოგჯერ აუცილებელია, რომ მშობელმა ბავშვს მისცეს სრული თავისუფლება სახლში: იცეკვოს, გამოხატოს ემოციები და უბრალოდ დაიცალოს ენერგიისგან.

 

 7 რჩევა ინა ბუროვასგან:

  1. გამოიჩინეთ სიმტკიცე ბავშვებთან ურთიერთობისას – ბავშვებმა ზუსტად უნდა იცოდნენ რა შეიძლება და რა არა, ყველაფრის უფლების მიცემა დაუშვებელია.
  2. შეძლებისდაგვარად შექმენით სახლში ისეთი გარემო, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გამოიყენოთ ფრაზა „არ შეიძლება „“.
  3. არ შეპირდეთ იმას რისი შესრულებაც არ შეგიძლიათ, არ მოატყუოთ ,თქვენი ნდობა და იმედი უნდა ჰქონდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაგიჯერებენ.
  4. ელაპარაკეთ როგორც დიდებს, მაგრამ მათთვის გასაგებ ენაზე.
  5. გამოიყენეთ მასთან ურთიერთობისას პირობები „თუ ……. , მაშინ“, ასევე შეთანხმებები . მათ ბევრად მოსწონთ შეთანხმებები, ვიდრე ბრძანებები და ნოტაციები. ამით მათ აგრძნობინებთ, რომ პატივს სცემთ.
  6. აუკრძალეთ, რაც მისთვის საფრთხეს წარმოადგენს და აუხსენით მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
  7. ხშირად შეახსენეთ თქვენ მიერ შეთანხმებული წესები.

 

გადაცემის ჩანაწერი:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები