LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა გაითვალისწინოთ ბავშვის აღზრდის პროცესში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

72

ბავშვის აღზრდა მშობლის მთავარი ფუნქციაა. აღზრდის სტილი განსხვავებული არსებობს. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ აღზრდის დროს მშობელი შვილისთვის ემოციურად მისაწვდომი უნდა იყოს. გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი ნინო ლაბარტყავა.

როდის იწყება აღზრდის პროცესი?

ბავშვი სამყაროს მოევლინება თუ არა, ის განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს უფროსების მხრიდან. მიიჩნევა, რომ ბავშვის პიროვნების ფორმირებაზე პირველივე დღეებიდან გავლენას ახდენს მშობლებლის (მზრუნველის) ინდივიდუალური ურთიერთობების სტილი. ვინაიდან ის, თუ როგორ ზრუნავენ ადამიანზე, არის სამყაროსადმი ნდობის, საკუთარ თავსა და სხვა ადამიანებზე წარმოდგენის ფორმირების საფუძველი. მაშასადამე, უფროსების ქცევა ბავშვის მიმართ მნიშვნელოვნად აისახება მის   განვითარებაზე. თუ მშობელი ან ადამიანი, რომელიც ზრუნავს მასზე არის – თბილი, მგრძნობიარე ბავშვის საჭიროებების მიმართ და თანმიმდევრული –   ასეთ დროს  ბავშვი სამყაროს აღიქვამს როგორც უსაფრთხო, სტაბილურ ადგილს, ადამიანებს კი – მზრუნველ და სანდო არსებებად. ასეთი სამომავლოდ იოლად პოულობს მეგობრებს, ადვილად უმკლავდება სტრესს,  აქვს კარგი თვითშეფასება, არის ცნობისმოყვარე და სიამოვნებას იღებს გარემოს შესწავლისაგან.

რას განიცდის ბავშვი, როდესაც მშობელი ემოციურად მიუწვდომელია?

მაგალითად, თუ დედა (ან ადამიანი, რომელიც ზრუნავს ბავშვზე) ხშირად ემოციურად მიუწვდომელია,  არ მოსწონს, როდესაც ბავშვი მასზეა დამოკიდებული, აქებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის დამოუკიდებლად მოქმედებს, ან არ აწუხებს მას და თითქმის არ გამოხატავს  ბავშვის მიმართ თბილ ემოციებს,  ბავშვს უჩნდება იმგვარი წარმოდგენა, რომ უფროსები არ არიან მისი მხარდამჭერები, სანდონი და რომ ემოციების გამოხატვა სისუსტის ნიშანია. უფროსის ამგვარი დამოკიდებულების დროს  ბავშვი შესაძლოა თანატოლთა წრეში აგრესიულად იქცეოდეს, რის გამოც კლასიდან გარიყული იყოს. მაგრამ, ვინაიდან იგი არაა მიჩვეული სხვების მხრიდან დახმარების აღმოჩენას, იგი დამოუკიდებლად შეეჭიდება თავის პრობლემების მოგვარებას. იმ შემთხვეაშიც კი, როცა საამისო ცოდნა და გამოცდილება არ გააჩნია.

არც თუ ისე სასურველი სურათი გვაქვს მაშინაც, თუ მშობელი ბავშვთან ურთიერთობის დროს  არათანმიმდევრული და ქაოტურია. ასეთი მშობელი  ხშირად ავლენს ბავშვის მიმართ სიყვარულსა და ყურადღებას, მაგრამ ეს არ შეესატყვისება ბავშვის რეალურ საჭიროებებს და მის საუკეთესო ინტერესს, ან მშობელი ზოგჯერ ძალზედ ბრაზდება, თუ ბავშვი მის მოლოდინებს არ ამართლებს. ასეთ დროს ბავშვს უჭირს იმის განჭვრეტა თუ რა დროს რას უნდა მოელოდოს მშობლისგან. მშობელთან ამგვარი ურთიერთობის დროს ბავშვს უჩნდება განცდა, რომ ის არ არის უპირობოდ სიყვარულის ღირსი, მაგრამ შეუძლია მოიპოვოს  სიყვარული.  ასეთი ბავშვი ხშირად განიცდის შფოთვას, ზედმეტად არის დამოკიდებული სხვებზე, შესაძლოა თანატოლთა წრეში აღმოჩნდეს  განტევების ვაცი, და ამის დასაძლევად მიეკედლოს ვინმეს, უარი თვას საკუთარ საჭიროებებსა და სურვილებზე.

რაც შეეხება იმ შემთხვევას , როდესაც მშობელი ძლიერ განრიდებულია ბავშვისგან, და ამავდროულად აგრესიულად იქცევა მისადმი, მაშინ ამგვარი ურთიერთობის შემთხვევაში ბავშვებს უჭირთ იმპულსური ქცევის კონტროლი, სტრესის რეგულირება. მათ უჭირთ საკუთარი გრძნობებისა და ქცევის კონტროლი. ნაკლებად შეუძლიათ თანაგრძნობა. ვერ ხვდებიან, ვის შეიძლება ენდონ და ვის არა. უჭირთ ახლო, სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბება. შესაძლოა შემთხვევითი ნაცნობები მეგობრებად აღიქვან, ხოლო მათზე მზრუნველი და მოსიყვარულე ადამიანი – საშიშად. გადაჭარბებული შფოთვა ხელს უშლის ცნობისმოყვარეობის , ფანტაზიის და გარემოს კვლევის უნარების განვითარებას.

აქედან გამომდინარე შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი დღეებიდანვე  ბავშვის უპირობო მიღება, მისი საჭიროებების ცოდნა, სითბოს გამოვლენა და აღზრდის პროცესში თანმიმდევრულობა. ბავშვის უპირობო მიღება კი გულისხმობს, რომ იყვარდეს, პატივს ვცემდეთ მას და მის ინტერესებს, საჭიროებებს  არა იმის გამო, რომ ის ლამაზია, ჭკვიანია, და . არამედ იმიტომ , რომ არის.

როგორ უნდა დაიცვას მშობელმა ბალანსი?

მნშვნელოვანია სითბოს გამოვლენისა და კონტროლის ფუნქცია.  ამ ორი პარამეტრის მიხედვით განარჩევენ აღზრდის ოთხ სტილს: ავტორიტეტულს, ავტორიტარულს, ლიბერალურსა  და ინდიფერენტულს. სხვადასხვა აღზრდის სტილი ბავშვებში განსხვავებული თვისებების ფორმირებას განაპირობებს.

მშობლები, რომლებიც აღზრდის ავტორიტეტულ სტილს იყენებენ, ბავშვებს უპირობოდ იღებენ და  ჩართულნი არიან მათ ცხოვრებაში, გამოხატავენ მათ მიმართ დადებით ემოციებს. ამავდროულად, ავტორიტეტული აღზრდის სტილის მშობლები ახდენენ თანმიმდევრულ, აზრიან და სამართლიან კონტროლს ბავშვის ქცევაზე. იციან ბავშვის ადგილსამყოფელი, ვისთან მეგობრობს, ამავდროულად ენდობიან მას და გვერდში უდგანან სოციალური გამოცდილებისა და ცოდნის შეძენის პროცესში. მათი კრიტიკა დასაბუთებულია.  ხშირად ესაუბრებიან და წაახალისებენ აზრის და შეხედულების გამოხატვაში. ასეთი მშობლები აღიარებენ შვილების ავტონომიას და უვითარებენ დამოუკიდებელად გადაწყვეტილების მიღების უნარს. შესაბამისად, ბავშვებიც მეტად ხალისიანები, თავდაჯერებულნი არიან და მეტად შეუძლიათ ემოციების კონტროლი.

სრულად განსხვავებულია ავტორიტარული აღზრდის სტილი. ასეთ დროს  მშობლები, ნაკლებად იღებენ ბავშვს უპირობოდ, დირექტიულნი არიან ბავშვის მიმართ ისე, რომ ხშირ შემთხვევაში უგულველველყოფენ მის საჭიროებებსა და სურვილებს. ბავშვის ნაცვლად იღებენ გადაწყვეტილებებს და არ უხსიან საკუთარი გადაწყვეტილებების მიზეზებს. ასეთ მიდგომას კი ხსნიან იმით, რომ მათ კარგი უნდათ შვილისთვის და მათი კეთილდღეობისთვის იქცევიან ასე. მიაჩნიათ, რომ მათ უფრო მეტი გამოცდილება და ცოდნა აქვთ, მთლიანად იღებენ ბავშვზე პასუხისმგებლობას და ცდილობენ ყოველი ნაბიჯი დაუგეგმონ. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მიმართავენ სასჯელს. არ აძლევენ ბავშვს ავტონომიის საშუალებას.  ამგვარი მიდგომა ყველაზე გავრცელებული შეცდომა არის ხოლმე ბავშვის აღზრდის დროს, ვინაიდან, ამგვარად აღზრდილი ბავშვებისთვის დამახასიათებელია დაბალი თვითშეფასება, საკუთარი უძლურების  შეგრძნებით გამოწვეული მუდმივი შფოთვა. ასეთი ბავშვები ხშირად სხვაზე არიან  დამოკიდებული. ასეთი აღზრდის სტილი, თრგუნავს ბავშვის თვითგამოხატვისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სურვილს. მაგრამ ისეც ხდება, რომ ამგვარი ბავშვები  მომავალში აგრესიულ ქცევას ავლენენ გარემოს მიმართ.

რაც შეეხება ზედმეტად ლოიალურ, ლიბერალური აღზრდის სტილს, ამ დროს მშობლები ბავშვის მიმართ გამოხატავენ სითბოს, მაგრამ ზედმეტად დამთმობნი არიან და არ აკონტროლებენ მათ. ნაადრევად აძლევენ სრულ თავისუფლებას, რისთვისაც ბავშვი ზოგჯერ მზად არ არის. ამგვარად გაზრდილ ბავშვებს ნაკლებად შეუძლიათ საკუთარი ქცევის მართვა, უჭირთ სხვისი აზრის გათვალისწინება, ახასიათებთ საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა, რაც ხშირად იწვევს სირთულეებს ოჯახის გარეთ ურთიერთობების პროცესში. ასე რომ,  ითვლება, რომ არც ზედმეტი ლოიალობა არის ხოლმე სასურველი.

მეოთხე, ინდიფერენტული აღზრდის სტილის შემთხვევაში მშობლები მხოლოდ  ბავშვის მინიმალური მოთხო­ვნილებების (კვება და ჩაცმა) დაკმაყოფილებაზე ზრუნავენ. ნაკლებად აინტერესებთ ბავშვის საჭიროები, არ უჭერენ მხარს ემოციურად. შეგვიძლია ვთქვათ რომ უგულვებელყოფენ ბავშვებს. ამიტომ ასეთი ბავშვები ხშირად განიცდიან შფოთვას, ახასიათებთ სამყაროს მიმართ უნდობლობა და გაუცხოვება. ამ ყოველივემ კი შეიძლება გამოიწვიოს იმგვარი პრობლემები, როგორიც არის –  ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ძალადობრივი ქცევა სხვათა მიმართ.

რომ შევაჯამოთ ყოველივე ზემოთ ნათქვამი, ბავშვის სრულფასოვანი განვითარების ხელშესაწყობად მნიშვნელოვანია ბავშვის მიმართ თბილი დამოკიდებულება და თანმიმდევრული კონტროლი.  ზედმეტმა  სიმკაცრემ სითბოს გამოხატვის გარეშე და ბავშვისთვის სრული თავისუფლების მინიჭებამ შესაძლოა ნაკლებად შეუწყოს ხელი მის კეთილდღეობას.

 

7 რჩევა ნინო ლაბარტყავასგან:

  1. მნიშვნელოვანია ბავშვის საჭიროებების, შესაძლებლობების ცოდნა და მათი გათვალისწინება აღზრდის პროცესში, ბავშვის უპირობო მიღება და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვი წარმატებას აღწევს და ჩვენ ამბიციებს აკმაყოფილებს.
  2. ადეკვატური რეაგირება ბავშვის საჭიროებებზე. მაგალითად ბავშვი შეიძლება მაშინ ავლენდეს ბრაზს, როდესაც უნდა რომ სურვილი შევუსრულოთ, ან რაღაც არ გამოუვიდა და შფოთავს. თუ პირველ შემთხვევაში საჭიროა იმის  ახსნა , თუ რატომ არ ვუსრულებთ სურვილს, მეორე შემთხვევაში საჭიროა დახმარების სურვილის დემონსტრირება და ადეკვატური დახმარება;
  3. ბავშვის დახმარება ემოციების მართვაში. თუ ჩვილ ბავშვთან სასურველია გვქონდეს შერჩეული ადეკვატური სტრატეგია, რომელიც მას ამშვიდებს, შემდგომში მნიშვნელოვანია დავეხმაროთ ყურადღების გადატანაში, ემოციების ამოცნობასა და მათ სახელდებაში, საკუთარი სურვილების არააგრესიული გზით გამოხატვაში.
  4. კარგია, როდესაც ოჯახში გვაქვს წესები, რომელიც უნდა დაიცვას ბავშვმა, მაგრამ ამავდროულად საჭიროა ავუხსნათ მას, თუ რატომ არის მათი დაცვა მნიშვნელოვანი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ არ არის სასურველი ერთი და იგივე ქცევა დაშვებული იყოს ერთი მშობლის და აკრძალული მეორეს მიერ. ამ შემთხვევაში ბავშვი ვერ ხედავს ამ წესების დაცვის საჭიროებას და ითავისებს იმას, რომ შესაძლებელია მათი დარღვევა მაშინ, როდესაც ვერ ხედავენ და სწავლობს ტყუილის თქმას.
  5. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წესები, რომელთა დაცვასაც ვითხოვთ ბავშვისგან, თავად არ დავარღვიოთ. ვინაიდან, ბავშვს მეტად ამახსოვრდება ის ქცევა, რომელიც განვახორციელეთ და არა ის, რასაც ვეუბნებოდით. ამავდროულად, სასურველია არ დაგვავიწყდეს ბავშვის შექება და წახალისება მაშინ, როდესაც ის კარგად იქცევა. არასასურველი ქცევის დროს კი მნიშვნელოვანია მისთვის ახსნა, თუ რატომ არის  ეს ქცევა არასასურველი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უფროსების (45%) ემხრობა ბავშვის აღზრდისას ფიზიკური დასჯის მეთოდების გამოყენებას, რის გარეშეც ბავშვი „გაფუჭდება,“  საჭიროა აღვნიშნოთ, რომ ფიზიკური დასჯის დროს არასასურველი ქცევა დროებით წყდება, მაგრამ ნაკლებად ხდება სასურველი ქცევის ფორმირება. ამასთანავე, ფიზიკურ დასჯას  ძალადობის ფორმა აქვს, ბავშვი ხშირ შემთხვევაში ამგვარ სასჯელს აკავშირებს იმ ადამიანთან, რომელიც მას სჯის და არა  ქცევასთან, რისთვისაც დაისაჯა, თანაც, ის ბავშვები, რომლებსაც ამგვარად სჯიან, თანატოლებთან შედარებით მეტი აგრესიულობით გამოირჩევიან.  აქედან გამომდინარე, სასურველი ქცევის წახალისებამ, ახსნამ, თუ რა არის კარგი და რა ცუდი და არასასურველი ქცევის დროს – ბავშვისთვის საყვარელი საქმიანობის დროებით აკრძალვამ, შესაძლოა უკეთესი შედეგი გამოიღოს. მნიშვნელოვანია რომ კრიტიკული შენიშვნაც აქცენტს აკეთებდეს არა პიროვნებაზე (რა ზარმაცი, უქნარა ხარ) არამედ ქცევაზე. ქცევასთან დაკავშირებული  შენიშვნის მიცემის დროსაც სასურველია ხაზი იყოს გასმული, რომ კრიტიკა მასზე ზრუნვით არის გამოწვეული. მაგ., მე მინდა რომ შენ კარგად შეასრულო საშინაო დავალება, გთხოვ კიდევ ერთხელ გადახედო არის თუ არა დაშვებული შეცდომა. ან შენიშვნა პოზიტიური სიტყვებით იყოს ფორმირებული. მაგ., ,,შენ ლამაზი ფეხსაცმელი გაცვია, მაგრამ სადილის დროს მაგიდაზე ფეხების შეწყობა არ შეიძლება! “
  6. ასაკის მატებასთან ერთად დავეხმაროთ ბავშვს ავტონომიური, დამოუკიდებელი ქცევის განხორციელებაში. თანდათან შევამციროთ ჩვენი დახმარების ხარისხი.  ვინაიდან, ბავშვისთვის ჩვენი დახმარება მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც  მას თავად ვერ უმკლავდება. ახალი ქცევის დასწავლისას კი სასურველია ჯერ ჩვენ ვუჩვენოთ მაგალითი, შემდეგ გავაკეთოთონ მასთან ერთად და ასე თანდათან ჩამოვაცილოთ ჩვენი დახმარება.
  7. მოვუსმინოთ ბავშვებს, გამოვხატოთ ინტერესი მათი საქმეების მიმართ. თუ ბავშვს სურვილი აქვს გაგვიზიაროს სკოლის შთაბეჭდილები, მნიშვნელოვანია სრული გულისყურით მოვისმინოთ, ჩავწვდეთ არა მხოლოდ იმ შინაარსს, რომელსაც გადმოგვცემს, არამედ ჩავწვდეთ მის ემოციებსაც. ამგვარი ქცევის შემთხვევაში ბავშვი ირწმუნებს, რომ ჩვენ დაინტერესებულნი ვართ მისი ცხოვრებით და გაგვიზიარებს ცხოვრებისეულ როგორც დადებით, ისე უარყოფით მოვლენებსაც, რაც უფროსებს მეტად მოგვცემს მისი დახმარების შესაძლებლობას.

 

გადაცემის ჩანაწერი:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები