LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა იცოდეთ, ვიდრე მშობელი გახდებით – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

6

გახდე მშობელი დიდი პასუხისმგებლობაა. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ხშირად ამისთვის ქალები და კაცები მზად არ არიან. რა ეტაპები უნდა გაიაროთ, ვიდრე მშობლები გახდებით – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა.

რა არის ის მიზეზები, რატომაც არ არიან მზად მშობლის მოვალეობის შესასრულებლად?

საყოველთაოდ ცნობილია, რომ რეპროდუქციულობის ბიოლოგიურ  და ფსიქო-სოციალურ მზაობას შორის ინტერვალი რაც დრო გადის მით უფრო და უფრო იზრდება. მაშინ როცა კვერცხუჯრედი განაყოფიერებისთვის(12-13წ.) მზადაა, გოგონა არც ფსიქოლოგიურად და არც სოციალურად  ვერ შეესაბამება დედობის ვალდებულებებს. ვალდებულებების ცნობიერების ანუ პასუხისმგებლობის გარეშე კი ადამიანი რა ასაკისაც არ უნდა იყოს, ზრდასრულად მაინც ვერ ჩაითვლება.

სექსუალური გამოცდილების მიღების ინტერესის გაახალგაზრდავებამ, მითუმეტეს მასზე უპასუხისმგებლო დამოკიდებულების პირობებში, სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა, როგორც მოზარდების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე  ჩანასახის შემთხვევაში მისი განვითარებისა და აღზრდის მიმართულებაც.

გლობალურად არსებული სოციალური სირთულეებიდან გამომდინარე გაჩნდა ,,ბავშვის დაგეგმვის“ ცნება. იქ სადაც პასუხიმგებლობის განცდა არსებობს, რომელიც ბავშვის აღზრდის მატერიალურ და ფსიქოლოგიურ უზრუნველყოფას გულისხმობს, მის ამქვეყნად მოვლინებისთვის სპონტანურობას ადგილი ვეღარ ექნება.

არა მხოლოდ ბავშვის აღზრდა, არამედ თვით ჩანასახის, ნაყოფის სრულყოფილი განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია  თუ რამდენად ჯანსაღია მომავალი დედისა და ბიოლოგიური მამის ცხოვრების წესი. სიგარეტი, ალკოჰოლი და სხვა საშუალებები, დანაშაულია მომავალი შვილის წინაშე. სად, როდის და როგორ იჩენს თავს მათი მავნებლობა არავინ იცის. ასევე გასათვალისწინებელია მომავალი დედის ღამის ძილის გრაფიკის დაცვა, არა მხოლოდ  ორსულობის პერიოდში, არამედ ორსულობამდეც.  ღამის ძილის დარღვევა ნერვულ, გულსისძარღვთა, საჭმლის მომნელებელ და ა.შ სისტემის ფუნქციონირებას აფერხებს და რაც მთავარია, დამანგრევლად მოქმედებს ფსიქიკის შემეცნებით, ემოციონალურ და ნებელობით პროცესებზე., რომელიც ბავშვის აღზრდის პროცესისთვის ყველაზე საიმედო ფსიქოლოგიურ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

რა პასუხისმგებლობა აქვს მშობელს?

შვილის გაჩენის პასუხისმგებლობა ითხოვს თვითორგანიზებულობის დიდ უნარს, რადგან ჩვილობისა და ცხადია, შემდგომ პერიოდშიც ბავშვის მოვლა-აღრდა საჭიროებს სოლიდურ ფიზიკურ დატვირთვას, რომელიც  მხოლოდ ორგანიზებულობითა და დროის ოპტიმალური დაგეგმვით რეგულირდება. თუ ყოველივე მომავალ დედას წინასწარვე ჩვევაში  არა აქვს, მაშინ ბავშვზე ზრუნვა იქნება ხარვეზებით სავსე.  დედა აღმოჩნდება პერმანენტულად   გაღიზიანებული და აგრესიული ან გულგრილი, ე.ი. დედობასთან გაუცხოებული. ამავდროულად, დედას შეიძლება გაუჩნდეს  თვითდანაშაულის განცდა, რომლის ,,გადასაფარავადაც“ მიმართოს ,,გამამართლებელ“ სხვადასხვა ტიპის აქტივობებს-პრინციპით:,,მე ხომ დრო საერთოდ აღარ მაქვს“. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ბავშვის გაჩენა პირიქით, გახდეს ქცევითი ჩვევების შეცვლის მოტივატორი. თუ მანამდე გოგონა ვერ ახერხებდა დროის რაციონალურ განაწილებას, ახლა აუცილებლობის მიღებამ ანუ დედის ვალდებულებებმა მთლიანად ჩართოს  ბავშვზე ზრუნვაში. ამით ის ერთნაირად გააბედნიერებს ბავშვსაც, თავისთავსაც და გარშემო მყოფებსაც. ამავდროულად, ეს იქნება მისი პიროვნული ზრდის სასიკეთო პროცესი.

დედის როლის  განხორციელების  მცდელობით არა მხოლოდ ბავშვის აღზრდის, არამედ საკუთარი თავის განვითარებისა და სრულყოფილებისკენაც ვიღებთ გეზს. თვითაღზრდა უსასრულო პროცესია და მისი ნებისმიერი მომენტის ხელიდან გაშვება, მარტივად რომ ვთქვათ, არაგონივრულია.ამ თვალსაზრისით  საკუთარი შვილის აღზრდაც ყველაზე უნიკალურ მომენტად უნდა ჩაითვალოს.

ჩვილის ამქვეყნად მოვლინებამდე უნდა მოვემზადოთ ორსულობის შესახებ ცოდნის მისაღებად, შევისწავლოთ ჩვენი ორგანიზმი, რომ უზრუნველყოთ ჯანსაღი კვებით, ჟანგბადით, ემოციური პოზიტიურობითა და ა.შ. გავეცნოთ ბავშის მოვლის წესებს, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ განვითარების მახასიათებლებს.

7 რჩევა ნანა ჩაჩუასგან:

  1. გახსოვდეთ ბიბლიური შეგონება: ,,გაფიცებთ თქვენ ასულნო იერუსაილიმისა, ველის ნიამორებსა და ირმებს გაფიცებთ: არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრე ამას თავად არ ინებებს!“ ანუ ნუ იჩქარებთ!
  2. გააცნობიერეთ დედობის ვალდებულებები
  3. შეისწავლეთ საკუთარი ორგანიზმი, უარი თქვით ყველა მავნე ჩვევაზე
  4. ყველას და ყველაფრის მიმართ განეწყეთ სიყვარულით. ხშირად მოუსმინეთ და მუცლად მყოფ ნაყოფსაც მოასმენინეთ კლასიკური მუსიკა, განსაკუთრებით მოცარტის სავიოლინო და საფორტეპიანო კონცერტები. ელაპარაკეთ როგორ გიყვართ და უყვართ ყველას, რომ მას ელოდებით, გულში ჩაიკრავთ და ა.შ.
  5. გაეცანით ბავშვის აღზრდისა და განვითარების შესახებ არსებულ ფსიქოლოგიურ ლიტერატურას
  6. გახსოვდეთ უპირველესად ბავშვია მთავარი, ყველაფერი მას ეძღვნება, იგი მის ირგვლივ არსებულ გარემოს მიმართ უნდა განიცდიდეს კეთილგანწყობას. აჩუქეთ თქვენს შვილს ბედნიერი ბავშვობა
  7. არასოდეს არ გაიხადოთ ბავშვი კონფლიქტის ინსტრუმენტად, არ შეადაროთ იგი თქვენთვის არასაყვარელ   ადამიანებს, რომ არ ჩამოუყალიბდეს თვითდანაშაულის, არასრულფასოვნების განცდა. მხოლოდ ბავშვი და ზოგადად ჭეშმარიტი სიყვარული შეგაძლებინებთ ამას!

გადაცემის ლაივი

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1906759489348871/

გადაცემის ჩანაწერი:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები