LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვს მივცეთ არჩევანის თავისუფლება – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

168

გადაცემის ლაივი LIVE

ბავშვის განვითარება მოიცავს ფიზიკურ, შემეცნებით და სოციალური-ემოციურ განვითარებას. სოციალური და ემოციური განვითარება გულისხმობს ბავშვის მხრიდან სათანადო კომპეტენციების ათვისებას. შედეგად, ბავშვი ხდება კომპეტენტური და შეუძლია გააზრებული, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღება, მიღებული გამოცდილების გენერალიზება სხვადასხვა სიტუაციებზე, საკუთარი ქცევების, ემოციებისა და აზრების მართვა. რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვს მივცეთ არჩევანის თავისუფლება – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი თეო გუბიანური.

რას ნიშნავს არჩევანის თავისუფლება?

ხშირად გვესმის: „ბავშვია, მაგან რა იცის!“, „პატარაა და დახმარება სჭირდება“, „ამის გაკეთებული რა იქნება..“ – მართალია, მცირეწლოვანი ბავშვის განვითრების დონე მნიშვნელოვნად ჩამორჩება ზრდასრულისას, თუმცა, ეს იმას არ  ნიშნავს, რომ ის ჩვენს დახმარებას საჭიროებს ნებისმიერ სიტუაციაში. ჩვენ, უფროსები, ბავშვებს ყოველდღიურად მკაცრ შეზღუდვებს ვუწესებთ  და ვზღუდავთ მათი არჩევანის თავისუფლებას.

უნდა მივცეთ თუ არა არჩევანის თავისუფლება ბავშვს, რა შემთხვევაში და როგორ გავაკეთეთოთ ეს? არჩევანის თავისუფლებაში არ ვგულისხმობთ მშობლისგან მიშვებულობას, აქ მნიშვნელოვანია უფროსი იყოს ავტორიტეტული პირი ბავშვისთვის, რომელიც, ერთი მხერივ, აკონტროლებს მას, მეორე მხრივ კი მისი მხარდამჭერია. ასეთ შემთხვევაში, ბავშვს უვითარდება კომპეტენტურობისა და ავტონომიურობის განცდა.

შევეცადოთ, ვასწავლოთ ბავშვს არჩევანის გაკეთება და მივცეთ არჩევანის საშუალება. დღევანდელ რეალობაში ეს რთული გასაკეთებელია მშობლებისათვის, რადგან დიდ დროსა და მოთმინებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, გვირჩევნია შვილს ჩვენ ავურჩიოთ ტანსაცმელი, სათამაშო, საკვები.  ასეთ შემთხვევაში კი  ჩვენ გაუცნობიერებლად ვახდენთ გავლენას ბავშვზე.

როდიდან უნდა მისცეს მშობელმა ბავშვს არჩევანის თავისუფლება?

სულ მცირე ასაკიდან. არჩევანის თავისუფლების მიცემა არ ნიშნავს სრულ თავისუფლებას.  ჩვენ თუ ვთვლით, რომ ბევრი ტკბილეული მავნებელია პატარის ჯანმრთელობისათვის, მას კი არ სურს, ვთქვათ, სტაფილო, რომელსაც ვთავაზობთ ნაყინის ნაცვლად, შეგვიძლია სტაფილოსთან ერთად მივაწოდოთ სხვა ბოსტნეული (მაგალითად კიტრი), და შევთავაზოთ აირჩიოს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ბავშვს არჩევანის თავისუფლებასაც ვაძლევთ და ვაკონტროლებთ კიდეც, ბავშვი აღარ გრძნობს თავს ცუდად იმის გამო, რომ მას რაღაცას ვაძალებთ და ამავე დროს, უჩნდება კომპეტენტურობის განცდა: მან ხომ არჩევანი გააკეთა!  იგივე შეიძლება გავიმეოროთ, თამაშისას, ტანსაცმლის არჩევისას. ვიცით, რომ პატარებს უყვართ საკუთარი ინიციატივით ტანსაცმლის არჩევა, ხშირად ეს ჩვენთვის საკმაოდ სასაცილო და ხანდახან შემაშფოთებელია, თუკი, ვთქვათ, საღამურით გადაწყვეტს ბაღში წასვლას, თუმცა, ეს მისი არჩევანია და თუ ეს მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის, რატომაც არა? სამწუხაროდ, უფროსებს უფრო მეტად გვაინტერესებს სხვები რას იტყვიან, ვიდრე ის, რა სურს ჩვენს პატარას.

შეზღუდვები აისახება თუ არა მოზარდობის პერიოდზეც?

მოზარდობის პერიოდში,  ასეთი შეზღუდვები ვრცელდება ინტერესის იმ სფეროებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მოზარდის იდენტობის ჩამოყალიბებისთვის.  ხშირია შემთხვევა, როდესაც მშობელი თვითონ  ურჩევს შვილს, რა ჰობი ჰქონდეს, ვისთან იმეგობროს, რა წაიკითხოს, სად წავიდეს და ა.შ.  „ის ბავშვია, მე მისთვის უკეთესი მინდა”-ს პრინციპით ვმოქმედებთ და შედეგად ვიღებთ მოზარდს, რომელსაც პრობლემები ექმნება სოციალიზაციის პროცესში, უჭირს პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება სხვებთან, აქვს პრობლემები ემოციურ რეგულაციაში, შესაძლოა გამოხატავდეს  გაღიზიანებას, აგრესიას, წინააღმდეგობრივ  ქცევას (თვითრეგულაციის პრობლემა),  ან აქვს თვითშეფასების პრობლემა, რადგან აკლია საკუთარი თავის რწმენა. სამწუხაროდ, უფროსები ზრდასრული შვილების პირად ცხოვრებაშიც ხშირად ერევიან, მათთვის თითქოს პრობლემების არიდების მიზნით, თუმცა ბუნებრივია არც ეს არის სწორი.

 

 

7 რჩევა თეო გუბიანურისგან:

  1. ნაკლები ყურადღება მივაქციოთ, იმას თუ რას იტყვიან სხვები, მაშინ როდესაც საქმე ბავშვის არჩევანს ეხება.
  2. ყოველდღიური შეზღუდვები შევცვალოთ დისკუსიით.
  3. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა თავად გადაწყვიტოს რა სურს, თუმცა მშობელთან ერთად დისკუსიაში.
  4. სერიოზულად მოვეკიდოთ და პატივი ვცეთ მათ არჩევანს.
  5. სანამ დახმარებას გადავწყვეტთ, დავაკვირდეთ – სჭირდება თუ არა დახმარება.
  6. მართალია, ბავშვები პატარები არიან, თუმცა მათ საკმაოდ ბევრი რამის გაგება შეუძლიათ.
  7. დარჩით შვილებისთვის ავტორიტეტები, აკონტროლეთ ისინი და ამავე დროს, მხარი დაუჭირეთ მათ ავტონომიურობას.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები