LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად მნიშვნელოვანია პიროვნული განვითარების როლი კარიერაში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

67

გადაცემის ლაივი LIVE

კარიერას ხშირად უკავშირებენ ერთ კონკრეტულ საქმიანობას და ტრადიციული გაგებით, ის გაიგივებულია ანაზღაურებად სამუშაოსთან. თუმცა თანამედროვე სამყაროში კარიერა გულისხმობს სწავლისა და განვითარების უწყვეტ პროცესს. ნებისმიერი აქტივობა, რომელიც მიმართულია ადამიანის პროფესიული თუ პიროვნული განვითარებისკენ, კარიერის ნაწილია. მაგალითად, ტრენინგები, სამუშაო გამოცდილების მიღება, განათლება, საზოგადოებრივი აქტივობა, მოხალისეობრივი სამუშაო, ჰობი, და ა.შ. – თითოეული მათგანი ქმნის და აყალიბებს ადამიანის კარიერას. როგორია პიროვნული განვითარების როლი კარიერაში – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია შრომის და ორგანიზაციის ფსიქოლოგი, ანა სიჭინავა.

რა განსხვავებაა კარიერასა და სამუშაოს შორის?

სამუშაოსგან განსხვავებით კარიერა ეკუთვნის ადამიანს და არ შემოიფარგლება იმ მოკლე დროით, როცა ადამიანი ერთ კონკრეტულ კომპანიაში კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობს. კარიერა არის ხანგრძლივი გზა წარმატებისკენ. ის ქმნის წინაპირობას, რომ რამდენიმე წელიწადში იყო საუკეთესო და ყველაზე მაღალანაზღაურებადი კადრი შრომის ბაზარზე. სამუშაოსგან განსხვავებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში შემოიფარგლება კომპანიის შიგნით კავშირებით, კარიერა სავსეა ისეთი კონტაქტებით, რომელიც ქმნის შენი განვითარებისა და წარმატებისთვის საჭირო გარემოს. შეიძლება ითქვას, რომ სამუშაო არის კარიერული გზის ერთ–ერთი საფეხური. კარიერა კი ხშირად ასახავს ადამიანის ოცნებებსა და სურვილებს. ამიტომ სასურველია, თითოეული სამუშაო იყოს ისეთი, რომ ცოტათი მაინც მიგაახლოვოს შენს საოცნებო საქმიანობასთან.

იმისთვის, რომ მივხვდეთ რომელი საქმიანობა გაგვაბედნიერებს, მოგვიტანს მენტალურ თუ ემოციურ სიამოვნებას, გაგვაძლიერებს ფინანსურად და სოციალურად, ასევე ხელს არ შეგვიშლის ფიზიკურ განვითარებასა და ჯანსაღად ცხოვრებაში, ამისთვის აუცილებელია დავიწყოთ საკუთარი თავის შემეცნება: რა არის ჩემი ინტერესები, რა მომწონს, რა უნარები მაქვს ამ მოცემულ მომენტში, რა გამომდის კარგად, რა არის ჩემი ფასეულობები, რა არის ჩემთვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა განვსაზღვრო სად ვარ ახლა, სად მინდა ვიყო რამდენიმე წელიწადში და რა მჭირდება იქ მისასვლელად. თუკი, აღმოაჩენ, რომ შენი პიროვნული რესურსები არ შეესაბამება შენს მიზნებსა და ამბიციებს, დროა დაიწყო პიროვნული განვითარება.

რა არის პიროვნული განვითარება?

პიროვნული განვითარება არის პიროვნული ზრდისკენ ცნობიერი და გააზრებული სწრაფვა, რაც თვით–შემეცნების, ცოდნის გაღრმავებისა და პიროვნული უნარების განვითარების გზით მიიღწევა. ეს განვითარება ეხება როგორც ჩვენს მენტალურ და ემოციურ ნაწილს, ასევე ფიზიკურ სხეულს. პიროვნული განვითარების საბოლოო მიზანია, რომ ადამიანი იყოს თვით–რეალიზებული, რაც ნიშნავს იმას, რომ მან მიაღწიოს წარმატების სასურველ დონეს მისი ცხოვრების მენტალურ, ფიზიკურ, ემოციურ, სოციალურ და ფინანსურ სფეროში. პიროვნული განვითარება აუცილებელია იმისთვის, რომ ვიყოთ ბედნიერები. ეს არის პროცესი, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება. უბრალოდ, საჭიროა, რომ რაღაც მომენტში გავჩერდეთ, დავფიქრდეთ, დავაკვირდეთ და შევაფასოთ ჩვენი პიროვნული მახასიათებლები, უნარები და შესაძლებლობები და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ვიყოთ კიდევ უფრო უკეთესები. ამ მიზნის მისაღწევად კი დავისახოთ კონკრეტული ამოცანები ჩვენი პოტენციალის მაქსიმალურად გაზრდისა და გამოყენებისთვის. პიროვნულ განვითარებას ხელს უწყობს ფსიქოლოგიური და მხატვრული ლიტერატურის კითხვა, პიროვნული განვითარების ტრენინგებზე დასწრება, მედიტაცია, პირადი დღიურების წარმოება. საკუთარ თავზე მუშაობის პროცესში შესაძლოა ისეთი ადამიანების რესურსის გამოყენება, როგორებიც არიან მასწავლებლები, მენტორები, კონსულტანტები, მენეჯერები, თუ ქოუჩები.

რა როლი და სარგებელი აქვს პიროვნულ განვითარებას კარიერაში?

პიროვნული განვითარება ადამიანს ხელს უყობს პოზიტიური და ეფექტური პიროვნების ჩამოყალიბებაში. ეს კი გვეხმარება ყველაფერი კარგად ვაკეთოთ და თავი გავართვათ სირთულეებს. ჩვენი მიზნების მიღწევა შესაძლებელი ხდება ნაკლები სტრესითა და კონფლიქტებით.  პიროვნული განვითარება გვეხმარება ცხოვრების პოზიტიურ აღქმაში, რაც სხვების თვალში უფრო სანდოს და თავდაჯერებულს გვხდის. იმისთვის, რომ კარიერულ გზაზე წინსვლა განვიცადოთ, აუცილებელია ვიყოთ თავდაჯერებულები და გვქონდეს საკუთარი თავის რწმენა. ეს გვეხმარება ჩვენი ამოცანები უფრო მარტივად შევასრულოთ და რთულ ისტუაციებში სწრაფად მოვძებნოთ გამოსავალი. ეს ყველაფერი გვეხმარება ჩვენს სამუშაოზე მივაღწიოთ უფრო მეტს – დავწინაურდეთ მაღალ პოზიციაზე, მივიღოთ მეტი  მატერიალური თუ არამატერიალური სარგებელი. ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც პიროვნულ განვითარებას მოყვება, არის მტკიცე და ძლიერი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც ჩვენი მომავალი წარმატების წინაპირობაა. პოზიტიური და გამორჩეული პიროვნული მახასიათებლები ასევე დაგეხმარებათ დაიცვათ ბალანსი პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორის.

უფრო რომ დავკონკრეტდეთ:

  • პიროვნული განვითარება დაგეხმარებათ გააანალიზოთ, რისი კეთება გსურთ ცხოვრებაში. თქვენ უფრო მეტს გაიგებთ თქვენი უნარებისა და შესაძლებლობების შესახებ. უფრო ნათელი წარმოდგენა შეგექმნებათ, რა არის თქვენი ცხოვრებისეული ფასეულობები და რწმენები.
  • პიროვნული განვითარება დაგეხმარებათ ჩამოაყალიბოთ უფრო ნათელი მიზნები და ამოცანები. განსაზღვროთ რა დაგეხმარებათ ამ მიზნების მიღწევაში. ასევე აღმოაჩინოთ, რომ გარკვეული გზები და მიმართულებები, რომელშიც ხედავდით თქვენს წარმატებას, სულაც არ არის თქვენი მიზნისკენ მიმავალი „ბილიკები“.
  • როცა გექნებათ ნათელი და რეალური ამოცანები, გექნებათ მეტი მოტივაცია და ენთუზიაზმი მათ მისაღწევად. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო პროდუქტიული იქნებით და გაგიჩნდებათ მოთხოვნილება, შეასრულოთ თქვენი ამოცანები ხარისხიანად და შედეგიანად. პიროვნული განვითარება საუკეთესო გზა არის თქვენი კარიერული მიზნების მისაღწევად.

7 რჩევა ანა სიჭინავასგან:

  1. გამოყავით დრო, ენერგია, ძალისხმევა და ფინანსები და ჩადეთ ყველაზე დიდი ინვესტიცია თქვენს პიროვნულ განვითარებაში. ეს არის ის ინვესტიცია, რომლის ამონაგები შეუფასებლად ძვირფასი იქნება თქვენთვის.
  2. წინასწარ განსაზღვრეთ რა შედეგს გინდათ მიაღწიოთ და ჩამოწერეთ ის კრიტერიუმები, რითაც გაზომავთ თქვენს განვითარებას და გაუმჯობესებას.
  3. იზრუნეთ მტკიცე და ძლიერი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე. ამისთვის საკმარისია ჩვევების დონეზე გამოიმუშავოთ თქვენთვის ძვირფას და მნიშვნელოვან ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტის შენარჩუნება. მაგალითად, დღის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ მიირთვით საჭმელი სხვა ადამიანებთან ერთად. ნუ შემოიფარგლებით ვირტუალური ურთიერთობებით. გამოიჩინეთ ინიციატივა, შეეხმიანეთ და მოიკითხეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები. შესთავაზეთ შეხვედრა. დაეხმარეთ მათ პრობლემის გადაჭრაში.
  4. განივითარეთ თქვენი ცხოვრების ფილოსოფია. ამაში დაგეხმარებათ მედიტაცია, ასევე პირადი დღიურის წარმოება. საკუთარი ფიქრების, ემოციებისა თუ დამოკიდებულებების გამოსავლენად საუკეთესო გზაა მხატვრული ლიტერატურის კითხვა. ასევე ყოველ დღე ჩამოწერეთ თითო რამ, რისთვისაც მადლიერი ხართ ცხოვრებაში. ეს დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი.
  5. ყოველი დღე გამოიყენეთ მაქსიმალურად ეფექტურად – დილით ჩამოწერეთ 3 აუცილებელი ამოცანა, რომელიც გსურთ რომ დღის ბოლომდე შეასრულოთ. ყოველი 50 წუთიანი მუშაობის შემდეგ დაისვენეთ 10 წუთი. დღის ბოლოს გამოყავით 10 წუთი იმისთვის, რომ დაფიქრდეთ, შეაჯამოთ და შეაფასოთ თქვენი განვლილი დღე.
  6. ისწავლეთ ყოველდღიურად – აიძულეთ თქვენი თავი დღეში ერთხელ წაიკითხოთ თქვენთვის საინტერესო წიგნი ან ჟურნალი. უყურეთ შემეცნებით გადაცემებს და ვიდეო–ლექციებს. ხმამაღლა გააჟღერეთ ყველა იდეა, რომელიც თავში მოგივათ და სადმე დაწერეთ ისინი.
  7. აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო ჰობი და მისთვის ყოველკვირეულად გამოყავით მინიმუმ 3 საათი. ფიზიკური ვარჯიში, რაიმე მუსიკალურ ინსტუმენტზე დაკვრა, ახალი სალაპარაკო ენის შესწავლა და წიგნების კითხვა – ეს ის საქმიანობებია, რომელიც, გარდა სიამოვნების მიღებისა და გართობისა, ხელს შეუწყობს თქვენს გონებრივ და პიროვნულ განვითარებას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები