LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად მნიშვნელოვანია სექსუალური განათლება ბავშვებსა და მოზარდებში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

37

სექსუალური განვითარება იწყება დაბადებიდან, ისევე როგორც ადამიანის განვითარება ყველა სხვა მიმართულებებით. სექსუალური განვითარება ბავშვის ზრდასთან ერთად მოიცავს არა მხოლოდ ფიზიკურ ცვლილებებს, არამედ ცოდნისა და დამოკიდებულელების სწავლას, ქცევის გამოვლენას. გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია World Vision საქართველოს ადრეული განვითარების პროგრამის კოორდინატორი, ფსიქოლოგი ცირა ბარქაია.

რას გულისხმობს სექსუალური განვითარება ბავშვებსა და მოზარდებში და რატომ არის მნიშვნელოვანი გვქოდეს ცოდნა სექსუალური განვითარების შესახებ?

შეგვიძლია ვთქვათ, რომ სექსუალობა ყალიბდება ემოციური, სოციალური, კულტურული, შემეცნებითი და ფიზიკური განვითარების პარალელურად და გავლენით. ბავშვის სექსუალურ ცოდნასა და ქცევაზე გავლენას ახდენს: ბავშვის ასაკი, თუ რას აღიქვამს, ამჩნევს ბავშვი (მათ შორის, მისი ოჯახის და მეგობრების სექსუალური ქცევა); რას ასწავლიან ბავშვს (კულტურული და რელიგიური ხედვები სექსუალობასთან დაკავშირებით).

ჩვილები და ბავშვები ცხადია სექსუალობას ისე არ იაზრებენ, როგორც ზრდასრულები, მაგრამ ისინი სწავლობენ და სექსუალობასთან დაკავშირებით უყალიბდებათ ხედვა ზრდასრულებისგან, რაც მათ მომავალ მოქმედებებსა და დამოკიდებულებებს განსაზღვრავს.

მაგალითად, როცა 3 წლის ბავშვი ტანსაცმელს ყველას წინაშე იხდის, მშობელმა  შეიძლება უთხრას ,,შიშველი ყოფნა შეიძლება ბანაობისას, შენს ოთახში, მაგრამ არა სტუმრების თანასწრებით”. ბავშვი ამით სწავლობს, რომ არის მომენტები, როცა დაშვებულია შიშველი ყოფნა და მომენტები, როცა ეს არ არის მისაღები.

როდესაც ზრდასრულები კარგად იაზრებენ ბავშვის განვითარებას, მათ შორის ბავშვის სექსუალური განვითარების ასპექტებს, არჩევენ ერთმანეთისგან რა არის ტიპური, ბუნებრივი და რას შეიძლება მიაქციონ ყურადღება, როგორც პრობლემას, მათ უკეთ შეუძლიათ წაახალისონ და განამტკიცონ ჯანსაღი დამოკიდებულებები და ქცევები. როცა ზრდასრულმა იცის, რა არის ასაკობრივი განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით,  მოსალოდნელი პრობლების, ან საყურადღებო მომენტების არსებობის შემთხვევაში, შეუძლია დროული რეაგირების მოხდება.

ბავშვები ზრდის პროცესში სწავლობენ სოციალურ ნორმებს, იმას, თუ რა არის მისაღები თუ მოსალოდნელი ინტერაქციასა და ურთიერთობებში.  განვითარების სხვადასხვა სტადიაზე ბავშვის სექსუალური განვითარების სხვადასხვა გამოხატულებები ჩნდება, რაც ხშირად უცოდინრობის შემთხვევაში, ზრდასრულოს მიერ პრობლემად აღიქმება და ხდება ბავშვის ქცევის, ინტერესების, ცოდნის არასათანადო მართვა.

როგორია ის ქცევა, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, როგორც პრობლემას?

არის შემთხვევები, როცა  ბავშვებში სექსუალური ქცევა უფრო მეტია ვიდრე უბრალო ცნობისმოყვარეობა და თვითაღმოჩენა. ასეთი ქცევები მიიჩნება პრობლემურ სექსუალურ ქცევად. პრობლემური სექსუალური ქცევა რისკის ქვეშ აყენებს, ბავშვის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას. პრობლემურ სექსუალურ ქცევად ითვლება ნესმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც აშკარად არ არის ასაკის შესაბამისი ქცევა (მაგალითად 3 წლის ბავშვი ცდილობს შეეხოს ზრდასრულის გენიტალიას), რომელიც მოიცავს მუქარას, ძალდატანებას, აგრესიას, რომელშიც ჩართულია დიდი ასაკობრივი სხვაობის მქონე ბავშვები (მაგალითად 12 წლის ბავშვი თამაშობს 4 წლის ბავშვთან, ეხება პატარას სხეულის ინტიმურ ზონებში და მსგავსი) და მოქმედებები, რომლებიც ბავშვში აგრესიას, სიბრაზესა და შფოთვას იწვევს.

ქცევები, რომლებიც გვანიშნეს, რომ საჭიროა ყურადღების მიქცევა და დამატებით მხარდაჭერა.

 

როგორ უნდა მოქცეს ზრდასრული მაშინ, როცა ბავშვი სვამს შეკითხვას?

ამ დროს აუცილებელია ზრდასრულმა შეინარჩუნოს სიმშვიდე, როცა ბავშვი სვამს შეკითხვას, სასურველია ჯერ შევუბრონოთ ბავშვს შეკითხვა, ,,შენ რა იცი ამის შესახებ?’’ ,,შენ როგორ ფიქრობ?’’.  ამით ვიგებთ რა ინფორმაცას ფლობს ბავშვი, როგორია მისი მზაობა ინფორმაციის მისაღებად. აუცილებელი გავითვალისწინოთ, რომ ბავშვისათვის მიწოდებული ინფორმაცია იყოს სიმართლე, თუმცა რეკომენდებულია ინფორმაცია ნაწილ-ნაწილ მივაწოდოთ და გავითვალისწინოთ მისი ასაკობრივი ემოციური და შემეცნებითი განვითარების თავისებურებები. დაუშვებელია ბავშვის გალაძღვა, შერცხვენა, დაცინვა ან აბუჩად აგდება. ბავშვს პატივისცემით უნდა მოვეპყრათ და თუ ვგრძნობთ, რომ იმ წუთას არ ვართ მზად პასუხისათვის, ან არ ვიცით როგორ მოვიქცეთ, სჯობს ვუთხრათ, რომ ახლა არ იცით როგორ უპასუხოთ და შემდეგ გაესაუბრებით. დაპირება აუცილებლად უნდა შესრულდეს. მითია, რომ სექსუალობასა და სქესობრივ, თუ სექსუალურ განვითარებაზე მოზარდთან საუბარი ახალისებს მას და სტიმულს აძლევს გახდეს სექსუალურად აქტიური, ანუ ადრეული გარდატეხის ასაკში დაიწყოს სექსუალური ურთიერთობა.

ფაქტია, ის რომ თინეიჯერებს შორის ჩატარებული კვლევები ცხადყოფს,  10-დან 9  თინეიჯერი ამბობს, რომ ღია და გულწრფელი საუბრები მშობლებთან გადაავადებინებდა სექსუალური ცხოვრების დაწყებას. ბავშვებთან სექსუალურ საკითხებზე საუბრისას საჭიროა ისეთ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ბავშვებს უსაფრთხოების და დაცულობის შეგრძნებას ასწავლის, გაუზრდის პასუხისმგებლობის შეგრძნებას და საკუთარ ინტიმთან დაკავშირებით სათანადო ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას. დასჯა, აკრძალვა, შეზღუდვა საპირისპიროს იწვევს.

7 რჩევა ცირა ბარქაიასგან:

  1. მშობლებმა და მზრუნველებმა აუცილებელია შექმნათ პოზიტიური, ღია კომუნიკაციის შესაძლებლობა და სივრცე თქვენი შვილებისათვის. შექმენით სივრცე და განწყობა, რომ ბავშვებმა იცოდნენ, რომ ნებისმისმიერ დროს შეუძლიათ მოგმართონ შეკითხვით, გაგიზიარონ თავიანთი განცდები, წუხილები, ინტერესები.
  2. ეცადეთ ყოველთვის მიაწოდოთ ბავშვს სიმართლე, იყოთ გულწრფელი და გაუზიაროთ თქვენი ღირებულებები და დამოკიდებულებები ისე, რომ არ შეარცხვინოთ და არ დაამციროთ ის. იყავით მომთმენი, მიეცით ბავშვებს ჰქონდეთ პირადი სივრცე, მოექეცით პატივისცემით. დაუშვებელი და მიუღებელია, დაცინვა, გაშაყირება, მისი სურვილების და ქცევების გასაჯაროვება, ყველასთვის მოყოლა და არ მოატყუოთ.
  3. დააკვირდით თქვენს ქცევას, იყავით როლური მოდელი, ნუ ჩაეხუტებით და ჩაკოცნით ბავშვს ძალით, თუ მას ეს არ უნდა. ასწავლეთ, რომ მათ აქვთ უფლება ჰქოდეთ პირადი სივრცე/ზონა საკუთარი სხეულისადმი და მათ აქვთ სხვების იგივე სივრცის პატივისცემის პასუხისმგებლობა.
  4. აუხსენით ბავშვს, რომ არავის აქვს უფლება შეეხოს მას ზედმეტად.  გააძლიერეთ, უთხარით, რომ ყოველთვის შეუძლია თქვას ის, რაც მას აწუხებს ან არ სიამოვნებს და მას აუცილებლად დაუდგებით გვერდში.
  5. შეეცადეთ დაფიქრდეთ, ხომ არ ხარ გენდერულად დისკრიმინაციულები, გაიაზრეთ თქვენი დამოკიდებულებები. დაფიქრდით საიდან მოდის ეს დამოკიდებულებები და ღირებულებები. შეეცადეთ გადააფასოთ. “გოგოების სათამაშო არის თოჯინა, ბიჭების მანქანა. გოგოები სახლობანას თამაშისა სახლს ალაგებენ და ჭურჭელს რეცხავენ, ხოლო ბიჭები კი ,სამსახურში დადიან და ოჯახის შემომტანები არიან.  ბიჭმა არ უნდა იტიროს ის ვაჟკაცი არაა, ან გოგო ხომ არა რომ იტიროს” –  ასეთი ფრაზები ხომ ხშირია, რეალურად ეს  გენდერულად დისკრიმინაციული გამონათქვამები და დამოკიდებულებებია. უფრო მოზრდილ (პუბერტატის) ასაკში აქტუალური ხდება გოგონას და ბიჭის სექსუალური ცხოვრების დაწყების შესახებ გამოთქმული დისკრიმინაციული დამოკიდებულებები.
  6. ყველა ზრდასრული და ზოგადად, საზოგადოების წევრები აუცილებელად უნდა განუდგნენ არაჯანსაღ ქცევებსა და დამოკიდებულებებს. უსაფრთხოების, თანასწორობის პატივისცემის მხარდაჭერა პირველი ნაბიჯია ძალადობისა და ბულინგის შესამცირებლად.  როცა ბავშვის თავს ხდება ისეთი რამ, რაც გადარდებთ, გაშფოთებთ, თქვით, გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისთან, გაესაუბრებთ ბავშვს, მის მშობელს. დაიცავით ბავშვი და მისი უფლებები.
  7. მასწავლებლებმა, აღმზრდელებმა და სხვა ბავშვთან მომუშავე სპეციალისტებმა აუცილებელია მიიღოთ განათლება ბავშვის სქესობრივი და სექსუალური განვითარების შესახებ. ეს თქვენ შესაძლებლობას მოგცემთ იყოთ მომთმენი, ყურადღებიანი და კომპეტენტური ბავშვთან და მოზარდთან. იქეცით ,,რესურსად’’ ბავშვებისა და მათ ოჯახის წევრებისათვის. დაუკვირდით და დაინტერესდით რას კითხულობს ბავშვი, როგორ თამაშობს, როგორც ურთიერთობს სხვებთან. დარწმუნდით, რომ ბავშვი აცნობიერებს საკუთარი და სხვების პირადი სივრცის მნიშვნელობას.

გადაცემის ლაივი

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1915421465149340/

გადაცემის ჩანაწერი:

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები