LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად მნიშვნელოვანია სპორტსმენებისთვის ფსიქოლოგიური მომზადება – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

40

ფართო მასშტაბის ოლიმპიური თამაშები და მომრავლებული მსოფლიო ჩემპიონატები სულ უფრო და უფრო ზრდის სპორტისადმი ინტერესს. გარდა ამისა, სპორტი სიჯანსაღის საუკეთესო საშუალებაა, ამიტომ სპორტში მოღვაწე ახალგაზრდების ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა მნიშვნელოვანია. გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი ნანა ვაშაკიძე.

 

რამდენად მნიშვნელოვანია სპორტსმენებისთვის ფსიქoლოგიური მომზადება?

XX საუკუნის 20-იან წლებამდე მიჩნეული იყო, რომ სპორტში წარმატებისათვის მხოლოდ ფიზიკური და ტექნიკური თვისებების განვითარება იყო საჭირო. მოგვიანებით ყურადღება მიაქციეს სპორტსმენის ტაქტიკური მომზადების საჭიროებასაც. ბოლო ხანებში კი,  განვითარებული ქვეყნების მწვრთნელები და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მხოლოდ ფიზიკური, ტაქტიკური და ტექნიკური მომზადება სპორტში მაღალი შედეგის მისაღწევად საკმარისი არ იყო და საწვრთნო პროცესში აქტიურად დაიწყეს ფსიქოლოგიური კომპონენტების ეტაპობრივი გამოყენება და მისი მეცნიერული შესწავლა.

დღეს უკვე  დადასტურებულად ითვლება, რომ უმაღლესი კვალიფიკაციის სპორტსმენთა აღზრდა აუცილებლად საჭიროებს მის ფსიქოლოგიურ გაწრვთნასაც. სპორტსმენის მომზადებაში ფსიქოლოგიური კომპონენტების გამოყენება იმდენად ნაყოფიერი აღმოჩნდა, რომ დღეს განვითარებულ ქვეყნებში სპორტსმენთა წვრთნა ფსიქოლოგიური მომზადების გარეშე არც კი განიხილება. ფსიქოლოგების, სპორტსმენებისა და  მწვრთნელების მხრიდან  აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, თუ რამდენადაა დამოკიდებული სპორტსმენების წარმატება მის პიროვნულ თვისებებზე, მოტივაციაზე, ფსიქოლოგიურ მომზადებაზე, ყურადღების კონცენტრაციასა და გონებრივ შესაძლებლობებზე. ამ პერიოდისათვის უკვე ყველა განვითარებულ ქვეყანაში წვრთნის აუცილებელი კომპონენტი გახდა – ფსიქოლოგია.

რას ნიშნავს სპორტის ფსიქოლოგია?

ეს არის ინდივიდის ქცევის მეცნიერული შესწავლა სპორტში და მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება. სპორტის ფსიქოლოგია ახდენს სპორტში ფსიქოლოგიის პრინციპებისა და სახელმძღვანელო წესების განსაზღვრას, რაც სპორტში მოღვაწე პროფესიონალებს ეხმარება იმუშაონ მოზრდილებსა და ბავშვებს და დაეხმარონ მათ, სპორტული აქტივობებიდან მიიღონ სარგებელი.

ამიტომ სპორტის ფსიქოლოგიის შესწავლისას უნდა გავიაზროთ შემდეგი ორი მიზანი: გავიგოთ როგორ მოქმედებს ფსიქოლოგიური ფაქტორები ფიზიკურ ან მოტორულ აქტივობაზე.  ასევე, სპორტულ აქტივობაში ჩართულობა მოქმედებს თუ არა პიროვნების ფსიქოლოგიურ განვითარებაზე, მათ ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე.

არსებობს კლინიკური სპორტის ფსიქოლოგი, რომელიც ემოციურ დარღვევებზე კონცენტრირდება და სპორტის ფსიქოლოგი, რომელიც ძირითადად სპორსმენის ფსიქოლოგიური უნარების სწავლების ახდენს.

უნდა აღინიშნოს, რომ სპორტის ფსიქოლოგია ფართოდაა გავრცელებული და სპორტის ფსიქოლოგებს უწევთ სპორტის სხვადასხვა დონეზე მუშაობა, ზოგიერთი მათგანი მუშაობს მაღალი მიღწევების (ელიტარულ) სპორტსმენებთან და ეხმარება მათ უმაღლესი მიზნების მიღწევაში, ზოგიერთი სპორტის ფსიქოლოგი ორიენტირებულია ბავშვებზე. ფიზიკური ძალა, ამტანობა, სისწრაფე, მოქნილობა, მოხერხებულობა – არ წარმოადგენენ პიროვნების ქცევის მხოლოდ ფიზიკურ მხარეს, არამედ ისინი მჭიდროდ არიან დაკავშირებული პიროვნების ინტელექტუალურ და ნებელობით თვისებებთან. ფიზიკური ძალა ინტელექტუალური, პიროვნული და ნებელობითი კომპონენტების გარეშე რჩება მხოლოდ უხეშ ფიზიკურ ძალად, რომელსაც არავითარი წარმატება არ მოაქვს  სპორტში. სპორტში შეჯიბრების სახეობებიდან უმრავლესობა მოითხოვს ელვის სისწრაფით ტაქტიკური ამოცანების გადაჭრას, შეჯიბრების პროცესშივე ბრძოლის ახალი გეგმის შედგენას, მოსაზრების სისწრაფეს, სწრაფ გადანაცვლებას, შეჯიბრების დროს სიძნელეების გადასალახავად ნებელობის ძალას, ამტანობას, შექმნილი არახელსაყრელი პირობებიდან თავის დასაღწევად მოხერხებულობას. სპორტული ქცევის თითქმის ყველა შემთხვევაში სხეულის მოტორული თვისებები ერთიანობაშია ფსიქიკურ თვისებებთან.

დამწყები და პროფესიონალი სპორტსმენების კოგნიტური და პიროვნული თვისებები მუდმივად ქმნადობის პროცესშია, შესაბამისად, საჭიროა მათ თვალი ვადევნოთ და რაიმე სახის პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, მივიღოთ ზომები მის აღმოსაფხვრელად, ზოგჯერ ასევე საჭირო ხდება საკორექციო მუშაობის ჩატარებაც კი. არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული შეჯიბრებისათვის მზადების ან უშუალოდ შეჯიბრების პროცესში სპორტსმენებს უჩნდებათ ფსიქოლოგიური სახის სიძნელეები (შეჯიბრების და კონკურენტის მიმართ შიში, ფრუსტრაცია, საკუთარი შესაძლებლებლობებისადმი რწმენის დაკარგვა), მათი დაძლევა სხვადასხვა ფსიქორეგულაციური და აღდგენითი მეთოდების გამოყენებითაა შესაძლებელი, თუმცა სანამ აღმოცენებული სიძნელეების დაძლევა მოხდება, საჭიროა იმის ცოდნა, თუ რა სახისაა და რამდენად სერიოზულია სპორტსმენის ფსიქო-მოტორული მდგომარეობა. სპორტსმენის ეფექტური მომზადებისათვის მწვრთნელს სჭირდება სპორტსმენების კომპლექსური ფსიქოლოგიური შესწავლით მიღებული მონაცემები და სპორტსმენის  მახასიათებლების ცოდნა.

სპორტსმენი, სანამ ის შეჯიბრზე გადის, წვრთნის ხანგრლივი დროის განმავლობაში ავითარებს თავის ფსიქო-ფიზიკურ შესაძლებლობებს შეჯიბრში წარმატების მისაღწევად, ახდენს ყველა მის ხელთ არსებული ფსიქიკური რესურსების მობილიზებას. ის, თუ რამდენად წარმატებული იქნება ამ სპორტსმენის მომავალი შედეგი, განპირობებულია იმით, თუ როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება, როგორ მოახდენს საკუთარი ინტელექტუალური პროცესების გამოყენებას. გარდა ამისა, ხანგრძლივი წვრთნის პროცესში ხშირად საჭირო ხდება სპორტსმენის ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობის მართვა, რადგან დროში გაწერილი ვარჯიშის დროს ხდება მისი ფსიქიკური და ფიზიკური მოდუნება. იმისათვის, რომ ეს რთული პროცესი სპორტსმენმა ადვილად გადალახოს, საჭიროა მწვრთნელს საფუძვლიანად ჰქონდეს შესწავლილი სპორსმენის პიროვნული და მენტალური თვისებები. მხოლოდ ეს ცოდნა დაეხმარება მწვრთნელს შეძლოს მისი აღსაზრდელის კარიერის სწორად დაგეგმარება და  გაგრძელება.

როგორ მოქმედებს წვრთნის პროცესი?

წვრთნა ავითარებს ახალგაზრდა სპორტსმენისთვის საჭირო ფიზიკურ ძალას, მაგრამ ხშირად წვრთნის და ვარჯიშის მნიშვნელოვან ეტაპზე  დგება პრობლემა.  ვარჯიში სასურველ ეფექტს ვეღარ იძლევა, ანუ  ჩვევის შემუშავების პროცესში  მოულოდნელად წარმოიქმნება ე.წ. პლატო (სპორტსმენი ვარჯიშობს მაგრამ ეფექტია ნოლი).  აქ  უნდა  მოხდეს მწვრთნელის  მუშაობის ეფექტურობის დადგენა.  შესაძლოა წვრთნის მეთოდიკა იყოს არასწორი ან  სპორტსმენის ფსიქიკაში მიმდინარე ძვრები (მოტივაციის შესუსტება, შიში, ჟინიანობის დაცემადა ა. შ.). ამ შემთხვევაში აუცილებელია მისი ფსიქოლოგიური პროფილის გადამოწმება და მისი მწვრთნელისთვის მიწოდება. ამის საფუძველზე კი უნდა მოხდეს ცვლილებები წვრთნის პროცესში.

განსაკუთრებულად აუცილებელია სპორტსმენების ფსიქოლოგიური პროფილის ცოდნა  გუნდის შემთხვევაში. რადგან ინდივიდების მიზანი აუცილებლად ერთი უნდა იყოს.  სპორტის  გუნდურ სახეობებში ხშირად სოციალურ ფსიქოლოგიური პრობლემები წამოიჭრება, ამ პრობლემებს განაპირობებს რამდენიმე მიზეზი:  გუნდის წევრებს შორის შეუთავსებლობა, პატარა ჯგუფების ურთიერთდაპირისპირება, მოთამაშეთა და თავად მწვრთნელთა შორის დაძაბულობა ან კიდევ ჯგუფის წევრების /ან თუნდაც ერთი წევრის ფსიქოლოგიური პრობლემა. სიტუაციის კონტროლი და პრობლემის გადაჭრა მწვრთნელის კომპეტენციაა. თუმცა თითოეული სპორტსმენის ფსიქოლოგიური პროფილის და მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის ცოდნის გარეშე მწვრთნელი გუნდში სიტუაციის გამოსწორებას ვერ შეძლებს.

თანამედროვე სპორტის ფსიქოლოგიას გააჩნია სხვადასხვა მიმართულებები, სადაც პროფესიონალებს შეუძლიათ მოღვაწეობა: კვლევითი საქმიანობა, სწავლება და კონსულტირება.

1980 წლებიდან ამერიკელმა მეცნიერებმა სპორტსმენების გონებრივი და პიროვნული თვისებების აქტიური შესწავლა და პრაქტიკში დანერგვა დაიწყეს. ფსიქოლოგებმა შექმნეს ფსიქოლოგიური მახასიათებლების მოდელი. მათ დაამტკიცეს, რომ ამ თვისებების განვითარება სპორტსმენის წარმატებას განაპირობებს.

  • მიღწევის მოტივაცია;
  • თვით-განვითარება;
  • პროდუქტიული აზროვნება;
  • საკუთარ თავში დარმწუნებულობა;
  • კოგნიტური უნარები;
  • ყურადღების კონცენტრირება;
  • ენერგიის მენეჯმენტი;
  • მიღწევის იდენტიფიცირება;
  • ინტერპერსონალური ურთიერთობა;

 

7 რჩება ნანა ვაშაკიძისგან:

  1. წაგება – წაგების შემთხვეევაში მოახდინეთ თვით-ანალიზი და არა თვით-დადანაშაულება; მწვრთნელთან და სპორტის ფსიქოლოგთან გააანალიზეთ არსებული სიტუაცია და ერთად დაგეგმეთ შემდგომი სამოქმედო სტრატეგია.
  2. მიზნები – ფიზიკური და ფსიქოლოგიური უნარების გასავარჯიშებლად შექმენით მოკლე, გრძელვადიანი კონკრეტული, გაზომვადი და დროში გაწერილი მიზნები. მიზნის მიღწევისას შეაქეთ თქვენი თავი.
  3. პოზიტიური საუბარი – გამოიყენეთ პოზიტიური საუბარი, შექმენით პოზიტიური ფრაზები და გამიყენეთ მაშინ, როდესაც იგრძნობთ საკუთარ თავში დაურწმუნებლობა. ეს საშეჯიბრო სიტუაციაში დაგეხმარებათ მართოთ საკუთარი აზრები, ემოციები და ქცევები და კონცეტრირდეთ მოცემულ სიტუაციაზე.
  4. წარმოდგენა – გააუმჯობესეთ სხეულის მართვა, კონკრეტული ტექნიკა წარმოდგენის საშუალებით. გონებაში შექმენით სიტუაციის, მოძრაობის დეტალური, სპეციფიური და რეალური სურათ-ხატები.
  5. სუნთქვა – გამოიყენეთ სუნთქვა როგორც რელაქსაციის და სხეულის მართვის საშუალება.  
  6. კონცენტრაცია – ისწავლეთ ყურადღების კონცეტრირება „ახლა და ამჟამად“ მდგომარეობაში.
  7. გამოიყენეთ მწვრთნელის და ფსიქოლოგის რესურსი, როგორც წარმატების მიღწევის საშუალება.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები