LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად მნიშვნელოვანია თვითგახსნა ურთიერთობებში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

13

ფსიქოლოგები სწავლობენ ადამიანის ურთიერთობების მრავალფეროვნებას, რათა აღმოაჩინონ ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც ყველა ურთიერთობას მიესადაგება. ნებისმიერი ურთიერთობის ძირითად თვისებას წარმოადგენს ის, რომ ორი ადამიანი ზეგავლენას ახდენს ერთმანეთზე, ან უფრო ტექნიკური ტერმინები რომ გამოვიყენოთ, ურთიერთდამოკიდებულია.  რაზეა აგებული პიროვნული ურთიერთობები – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარი ფსიქოლოგი ნუცა საღარაძეა.

 

რას მოიცავს სოციალური ურთიერთქმედება?

სოციალური ურთიერთქმედება მოიცავს ურთიერთდამოკიდებულ ინდივიდებს შორის რესურსების გაცვლასა და კოორდინაციას. სოციალურ ურთიერთობებს ხნის ურთიერდამოკიდებულების თეორია, რომელიც ურთიერთობის ძირითად პრინციპებს ჯილდოსა და დანახარჯების ტერმინებში განიხილავს, ანუ იმის მიხედვით, თუ რას გასცემს და იღებს ინდივიდი. ჩვეულებრივ, ადამიანები ცდილობენ მაქსიმალური ჯილდოს მიღებას და დანახარჯების მინიმუმამდე დაყვანას. თუმცა იმისათვის, რომ მიიღო ჯილდო, ასევე საჭიროა გასცე ის. ბავშვობიდან ვსწავლობთ მიგების (რეციპროკულობის) ზოგად წესსა თუ ნორმას. ჩვენგან მოელიან, რომ დავაჯილდოებთ მათ, ვინც ჩვენ გვაჯილდოებს. თუ სხვები გვეხმარებიან, ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, დავეხმაროთ მათ.

 

რამდენად მნიშვნელოვანია თვითგახსნა ურთიერთობებში?

 

თვითგახსნა საუბრის სპეციფიკური ტიპია, რომლის დროსაც ჩვენს ინფორმაციასა და გრძნობებს სხვას ვუზიარებთ. ზოგჯერ ჩვენ ვამჟღავნებთ ფაქტებს ჩვენს შესახებ კონკრეტულ ადამიანებთან, მაგრამ არა ყველასთან. ეს შეიძლება ეხებოდეს ჩვენს სამუშაოს, ან იმას, თუ ვის მივეცით ხმა არჩევნებში. ეს ,,აღწერითი თვითგახსნის” სახელით არის ცნობილი, რადგან ჩვენს მიერ გაცემული ინფორმაცია აღწერს ფაქტებს ჩვენს შესახებ. სხვა სახის თვითგახსნასთან გვაქვს საქმე, როდესაც ჩვენს შეხედულებებს და გრძნობებს ვამჟღავნებთ – ჩვენს მიერ ვიღაცის მოწონებას, ზედმეტი წონით გამოწვეულ დანაშაულის გრძნობას, ან იმას, თუ როგორ ვერ ვიტანთ ჩვენს სამუშაოს. ამას ,,შეფასებით გახსნას” უწოდებენ, რადგან ამ შემთხვევაში ხაზგასმულია ადამიანებისა და სიტუაციის ჩვენეული შეფასება. სოციალურ ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანია თვითგახსნა.

ქვემოთ ჩამოთვლილია თვითგახსნის ძირითადი მიზეზები:

* სოციალური მოწონება. ჩვენ გავცემთ ინფორმაციას ჩვენს შესახებ იმისათვის, რომ უფრო მეტად მიგვიღონ სხვებმა და მათი მოწონება დავიმსახუროთ.

* ურთიერთობის განვითარება. პირადი ხასიათის ინფორმაციის და პატარა საიდუმლოების გაზიარება მნიშვნელოვანია ურთიერთობის დაწყებისა და მისი გაღრმავებისათვის.

* თვითგამოხატვა. ზოგჯერ ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს გრძნობებზე იმისათვის, რომ ვიგრძნოთ შვება. გრძნობების გამოხატვით შესაძლებელია სტრესის შემცირება.

* საკუთარი თავის უკეთ გაგება. გრძნობებისა ან გამოცდილების გაზიარების შედეგად, ჩვენ შეიძლება მივაღწიოთ საკუთარი თავის უკეთ გაგებას და გავზარდოთ თვითცნობიერება. მეგობართან ჩვენი პრობლემის შესახებ საუბარი შეიძლება დაგვეხმაროს გრძნობებში გარკვევაში. ორივე შემთხვევაში, მსმენელები გვაწვდიან სასარგებლო ინფორმაციას სოციალური რეალობის შესახებ.

* სოციალური კონტროლი. ჩვენ შეიძლება გავამჟღავნოთ ან დავმალოთ ინფორმაცია ჩვენს შესახებ სოციალური კონტროლის მიზნით. მაგალითად, შეიძლება შეგნებულად თავი ავარიდოთ საუბარს საკუთარი თავის შესახებ, პრივატობის დაცვის მიზნით. ან, შეიძლება, ხაზგასმით ვილაპარაკოთ იმ საკითხებზე ან იდეებზე, რომლებიც ჩვენი აზრით კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს მსმენელზე.

თვითგახსნას შეუძლია გაზარდოს მოწონება და ხელი შეუწყოს ურთიერთობის განვითარებას, მაგრამ ის ასევე შეიცავს გარკვეულ რისკს. პიროვნული ხასიათის ინფორმაციის გაზიარება ზრდის ჩვენს მოწყვლადობას.

თვითგახსნას შეიძლება თან ახლდეს შემდეგი რისკები:

ინდიფერენტობა – ჩვენ შეიძლება სხვას გავუზიაროთ ინფორმაცია ურთიერთობის წამოწყების მიზნით. ზოგჯერ ჩვენ თვითგახსნას მოყვება მეორის თვითგახსნა და ურთიერთობა ვითარდება. მაგრამ შეიძლება ასევე დავინახოთ, რომ მეორე ადამიანი ჩვენი თვითგახსნის მიმართ ინდიფერენტულია და სულაც არ აინტერესებს ჩვენი გაცნობა.

უარყოფა – ინფორმაციამ, რომელსაც ჩვენ საკუთარი თავის შესახებ გავცემთ, შეიძლება შედეგად ჩვენი სოციალური უარყოფა გამოიწვიოს.

კონტროლის დაკარგვა –  ზოგჯერ, სხვები იყენებენ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ მათ ვუზიარებთ იმისათვის, რომ ზიანი მოგვაყენონ ანდა გააკონტროლონ ჩვენი ქცევა.

ღალატი –  იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვინმეს ვუზიარებთ პირადი ხასიათის ინფორმაციას, ჩვენ ხშირად ვუშვებთ, რომ ეს ინფორმაცია ჩვენს შორის დარჩება ანდა ვითხოვთ, რომ ეს ასე მოხდეს. სამწუხაროდ, ზოგჯერ ხდება კონფიდენციალობის დარღვევა.

თვითგახსნის შესაძლო რისკების გამო, ჩვენ ზოგჯერ ვმალავთ ჩვენს ღრმა გრძნობებს, არ ვუმჟღავნებთ საიდუმლოს იმათ, ვინც გვიყვარს და ჩვენი ცხოვრების ნაწილს სხვებისგან ვიცავთ. მოკლედ რომ ვთქვათ, შეიძლება არსებობდეს დაძაბულობა თვითგახსნის სურვილსა და საკუთარი პრივატობის დაცვას შორის. ჩვენს მიზანს ხშირად წარმოადგენს იმ ინფორმაციის კონტროლი, რომელსაც სხვები ჩვენ შესახებ ფლობენ – კონტროლი იმაზე, რომ სხვას გავუზიაროთ ის, რის გაზიარებაც გვსურს, მაშინ როდესაც გვსურს ამის გაკეთება.

 

 

ურთიერთობის შენარჩუნება:

დროთა განმავლობაში ახლო ურთიერთობის შენარჩუნება ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვრეაგირებთ პრობლემებზე და უკმაყოფილებებზე, რომლებიც ურთიერთობაში წარმოიშობა. კვლევებმა დაადასტურა ისეთი კოგნიტური პროცესების მნიშვნელობა, როგორიცაა ურთიერთობაზე დადებითი ილუზიების შექმნა, წარსულის იმგვარი გახსენება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ურთიერთობა უმჯობესდება, მაცდუნებელი ალტერნატივებისათვის ნაკლები მნიშვნელობის მინიჭება. ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ახდენენ პარტნიორები ერთმანეთის ქცევის ინტერპრეტაციას – ურთიერთობის გაძლიერების თუ სტრესის შენარჩუნების ჩარჩოებში.

 

7 რჩევა ნუცა საღარაძისგან:

  1. შეაფასეთ როგორი სახის ურთიერთობა გსურთ – როდესაც ადამიანთან გადაწყვეტთ ურთიერთობის დაწყებას დაფიქრდით თუ როგორი სახის ურთიერთობას აპირებთ. მაგალითად, გსურთ მასთან ერთად გართობა, გრძნობების, შეხედულებების გაზიარება, რაიმეს სწავლა და ა.შ. თუ მხოლოდ საქმიანი ურთიერთობას აპირებთ?  ამის გაააზრება დაგეხმარებათ ურთიერთობაზე და ამ ურთიერთობისგან მიღებულ სარგებელზე/დანაკარგზე  სწორი წარმოდგენა/რეაქცია გქონდეთ.
  2. მნიშვნელოვანია ურთიერთობაში კომპრომისზე წასვლა ისწავლოთ – ნებისმიერ უთიერთობას ხშირად თან ახლავს გარკვეული დაძაბულობა/ უსიამოვნება, ამიტომ ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია გარკვეულ კომპრომისზე წასვლა თუ ცხადია, ეს ურთიერთობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
  3. ურთიერთობაში ეცადეთ ყოვეთვის გაუზიაროთ/გასცეთ საუკეთესო – თქვენი გამოცდილება, ცოდნა, ემოციები, შეხედულებები და ა.შ.
  4. ურთიერთობაში მნიშველოვანია ენდობოდეთ, გჯეროდეთ და  იყოთ კეთილგანწყობილი– ცხადია არ არის ადვილი, მაგრამ უნდა ვეცადოთ ვიყოთ კეთილგანწყობილი ნებისმერ ურთიერთობაში, ვაჩვენოთ ჩვენი დადებითი დამოკიდებულება, ნდობა და ვაგრძნობინოთ რომ გვჯერა მისი.
  5. იყავით ემპათიური. ეცადეთ გაუგოთ ადამინებს – ურთიერთობაში მნიშვნელოვანია თანაგანცდა, როდესაც მეგობარი, ახლობელი და.აშ. გვიყება თავის ამბავს/ პრობლემას უნდა გამოხატოთ თანაგრძნობა (ადამიანი უნდა ხედავდეს რომ ნამდვილად განვიცდით მის პრობლემას) და ვეცადოთ საკითხს შევხედოთ მისი პოზიციიდან.  რამდენადაც შესაძლებელია დავეხმაროთ პრობლემის მოგვარებაში და ნუ დავიწყებთ განსჯას თუ როგორ მივიდა აქამდე და ა.შ.
  6. ეცადეთ იყოთ ბუნებრივი, გულწრფელი ურთიერთობებში და ასევე ნაკლებად თქვათ ტყუილი – ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობაში ვიყოთ ბუნებრივები ის რაც სინამდვილეში ვართ, რასაც რეალურად ვფიქობთ, ვგრძნობთ განვიცდით, რა შეხედულებები/ მოსაზრებები გვაქვს და არ ის რაც ტენდენციურია და მოწონს საზოგადოების დიდ ნაწილს! ყოვეთვის პირდაპირ და გულწრფელად ვთქვათ ჩვენი სათქმელი და შევეცადოთ არ მოვიტყუოთ.
  7. ეცადეთ ისწავლოთ პოზიტიურად ფიქრი თქვენს ურთიერთობაზე – თუ რამდენად კარგია ეს ურთიერთობა, რამდენი რამ ისწავლეთ და ა.შ. ეს დაგეხმარებათ ურთიერთობების შენარჩუნება/ გაუმჯობესებაში.

გადაცემის ჩანაწერი: 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები