LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად რთულია ურთიერთობა ნარცისთან – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

21

გადაცემის ლაივი LIVE

ნარცისი ხშირად  წარმატებული, ძლიერი და ერთი შეხედვით საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანია. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ მიუხედავად გარეგანი სიძლიერისა, ნარცისები სინამდვილეში ძალიან მოწყვლადები არიან. რამდენად რთულია ურთიერთობა ნარცისთან – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე.

როგორ დაახასიათებდით ნარცის ადამიანს?

ნარცისისტული თვისებები ბევრ ადამიანს აქვს, განსაკუთრებით კი წარმატებულ ადამიანებს, ხელმძღვანელებს, ხელოვანებს, სპორტსმენებს, ისეთ პოზიციაზე მომუშავე ადამიანებს, რომლებიც მუდამ ყურადღებას იღებენ და ეს სიამოვნებთ. ასეთი ადამიანები ხშირად თავიანთი სფეროს ლიდერები ხდებიან და ხელს უწყობენ საზოგადოების გავითარებას. თუმცა, არსებობს ამ მდგომარეობის უკიდურესი ფორმაც – პიროვნული ნარცისისტური აშლილობა.

ამ დროს ადამიანებს საკუთარი მნიშვნელობის გაზვიადებული განცდა აქვთ, საჭიროებენ სხვების მიერ გაცემულ ყურადღებასა და აღფრთოვანებას, უჭირთ ურთიერთობების მართვა, ვერ განიცდიან ემპათიას. ამავე დროს, ვერ იტანენ მცირე კრიტიკასაც კი. ეს ყველაფერი კი ხელს უშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ურთიერთობების აწყობაში, სოციუმში ფუნქციონირებაში.

რამდენად რთულია ურთიერთობა ნარცისთან?

ძალიან ადვილია შეგვიყვარდეს ნარცისი. ურთიერთობის პირველ სტადიაზე, ნარცისი ყოველთვის ცდილობს თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს – ისევე, როგორც ყველაფერ დანარჩენში, აქაც პირველობას ცდილობს.  ამ  დროს, ნარცისის პარტნიორი, როგორც წესი, მზრუნველი ადამიანია, რომელსაც სჯერა, რომ სიყვარულს დამსახურება სჭირდება. შესაბამისად, ის ძალიან ბევრს გასცემს, ის საზრდოობს გაღებით.  ნარცისს აუცილებად სჭირდება ისეთი პარტნიორი, რომელიც მისთვის ბევრ რამეს გააკეთებს, საკუთარ მნიშვნელობასა და ეგოს გაუძლიერებს. სხვანაირად ნარცისი ვერ კმაყოფილდება, რადგან არა აქვს უნარი, თავად გაძლიერდეს ემოციურად.

დასაწყისში ნარცისიც ბევრს გასცემს, თუმცა, როგორც კი რწმუნდება, რომ პარტნიორის გული მოიგო, წყვეტს სასიმოვნო ჟესტებს, კომპლიმენტებს, მხარდაჭერას, ითხოვს მეტ და მეტ ყურადღებას და საბოლოოდ პარტნიორზე ემოციურად ძალადობს კიდეც – ამცირებს, შეუძლებელს სთხოვს, მუდამ უკმაყოფილოა ყველაფერით, რასაც პარტნიორი მისთვის აკეთებს. ამავე დროს, ნარცისი „ძვალს გადმოუგდებს“, რომ მზრუნველი, მოსიყვარულე და მეხოტბე ადამიანი არ დაკარგოს.

საბოლოო ჯამში, ნარცისთან ურთიერობით სტაბილურობის, დაცულობის მიღწევა შეუძლებელია. ნარცისი ვერ კმაყოფილდება, რადგან ვერავინ აუვსებს შინაგან სიცარიელეს, რომელიც სტანჯავს. ნარცისის გარშემომყოფნი კი წლების განმავლობაში იტანენ უპატივცემულობას, უარყოფას, ემპათიის ნაკლებობას, რაც საბოლოოდ ანადგურებს მათ თვითშეფასებას.

7 რჩევა ლიკა ბარაბაძისგან:

  1. ნარცისი ყველაფერს პარტნიორს აბრალებს – ნარცისებს უყვართ ადამიანზე ინფორმაციის შეგროვება და შემდეგ ამ ინფორმაციის მანიპულირება ისე, რომ ყველაფერში და ყოველთვის დამნაშავე პარტნიორი გამოდიოდეს. შეუძლებელია ურთიერთობაში მხოლოდ ერთი მხარე იყოს დამნაშავე, თუმცა ნარცისები ყველანაირად ეცდებიან პასუხისმგებლობა პარტნიორს დააკისრონ.
  2. ნარცისს სჯერა, რომ ყველაფერს იმსახურებს. ზუსტად ამიტომაც ხშირად პროფესიულად ძალიან წარმატებულებია. მაგრამ, ეს თვისება ურთიერთობაში დამანგრეველია. ნარცისი მუდამ მოელის, რომ მისი საჭიროებები პარტნიორის საჭიროებებზე უფრო მნიშვნელოვანია და პრიორიტეტი ყოველთვის მას უნდა მიენიჭოს.
  3. ნარცისს სჯერა, რომ გამონაკლისად მნიშვნელოვანია. ნარცისს ჰგონია რომ სამყაროში უმნიშვნელოვანესი როლი უკავია და შესაბამისად საუბრობს და იქცევა. ამ თვისებას მისი კომუნიკაციის სტილიც ამჟღავნებს: ნარცისი დიალოგებს მონოლოგებად აქცევს ხოლმე. ის ყოველთვის ბევრად მეტს საუბრობს, ვიდრე სხვები.
  4. მისთვის წესები არ არსებობს. ნარცისი ისე იქცევა, გეგონება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვეულებრივ მოკვდავთათვის არსებული წესები მასზე არ ვრცელდება. საკუთარ თავს გამონაკლისად მიიჩნევს და ითხოვს, რომ გარემო შეიცვალოს და მას მოერგოს.
  5. ნარცისმა ძალიან კარგად იცის, როგორ მიაღწიოს საწადელს, შესაბამისად, ურთიერთობის დასაწყისში ან პარტნიორის დაკარგვის საფრთხის დროს, ნარცისი მზრუნველ, ყურადღებიან და საინტერესო ადამიანად იქცევა, მოიფიქრებს გრანდიოზულ რომანტიულ წამოწყებებს, იქნება მომხიბვლელი, აქტიური. მაგრამ, როგორც კი საწადელს მიაღწევს – ინტერესს კარგავს.
  6. გადამეტებული ყურადღება იმაზე, რაც გარედან ჩანს – ბევრ ნარცისს ლამისაა აკვიატებამდე უყვარს გარეგნობაზე ზრუნვა, ძვირადღირებული ნივთების შეძენა და გამოჩენა, მჩქეფარე სოციალური ცხოვრებაში ჩართვა, კარიერული მიღწევებით ტრაბახი.  ნარცისი აგროვებს ნივთებს, წოდებებს, სტატუსებს, რომელთა მეშვეობით უფრო შთამაბეჭდავი გამოჩნდება.
  7. ნარცისი მანიპულატორია – ჭეშმარიტი ნარცისი საშიშია, რადგან ხალხით მანიპულაციის ოსტატია. მისთვის პრიორიტეტი საკუთარი ბედნიერებაა და ამის მისაღწევად სხვებს იყენებს. პარტნიორთან ურთიერთობაში ნარცისი ცდილობს მაქსიმალურად ააწყოს ურთიერთობა ისე, რომ თავად იყოს ბედნიერი და არასდროს უფასებს პარტნიორს გაწეულ ძალისხმევას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები