რას გულისხმობს მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა და როგორ დაგვაჯარიმებს „ფარული პატრული“

რას გულისხმობს მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა და როგორ დაგვაჯარიმებს „ფარული პატრული“

გადაცემის პირველ ბლოკში :

მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის შემოღების შემთხვევაში არცერთი კონკრეტული დარღვევა 100 ქულის მთლიანად ჩამოწერას არ ითვალისწინებს, ამის შესახებ „რაკურსის“ ეთერში შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

„დარღვევებზე ქულები იმგვარად არის განაწილებული, რომ მთელი წლის განმავლობაში ვთქვათ 10 ან 7 სხვადასხვა დარღვევამ, სიმძიმიდან გამომდინარე გამოიწვიოს მართვის მოწმობის გაუქმება. მაგრამ ქულების პრინციპი აძლევს ყველა მძღოლს საშუალებას, წლის განმავლობაში რამდენჯერმე დაარღვიოს მოძრაობის წესები ისე, რომ არ ჩამოართვან მართვის მოწმობა,“ – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

რაც შეეხება ფარულ პატრულირებას, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პოლიცია კვლავ კამერებით დააფიქსირებს დარღვევას და შუქნიშნებზე დამაგრებულ კამერებს „მოძრავი კამერები“ შეცვლის:

„მძღოლმა, შესაძლოა, ვერ შენიშნოს დღესაც კამერა, რომელიც შუქნიშანზეა განთავსებული. იგივე პრინციპით მოხდება ამ შემთხვევაშიც, უბრალოდ იქნება გამოყოფილი სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი მანქანები, რომლებიც იმოძრავებენ და მოძრაობაში დააფიქსირებენ დარღვევებს ისევე როგორც ამას აფიქსირებს დღეს შუქნიშნებზე დამონტაჟებული კამერები. ეს იქნება კამერები მოძრაობაში,“ – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

გახდება თუ არა სავალდებულო ტექდათვალიერება  – გადაცემის პოდკასტიდან შეიტყობთ.

გადაცემის მეორე ბლოკში :

213-ე ბაგა-ბაღში მომხდარი შემთხვევა, რომლის დროსაც ერთ-ერთი აღსაზრდელის მამამ შვილს ცეცხლსასროლი იარაღი მისცა და მოუწოდა ესროლა მისთვის, ვინც არ მოსწონდა, გამოძიების შესწავლის საგანია, ამის შესახებ „რაკურსის“ ეთერში ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ განაცხადა. მისი თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით საბავშვო ბაგა-ბაღებში მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა, ბაღების უმეტესობაში არ იყო ღობეები, ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია. ამასთან, 159-ვე საბავშვო ბაგა ბაღში შიდა და გარე პერიმეტრებზე განთავსდა კამერები. 2016 წლის ბიუჯეტში კი, თორდინავას ინფორმაციით, დამატებით თანხებია ჩადებული რომ უსაფრთხოების დონე გაიზარდოს.

ამასთან, ბაღებს ჰყავს დარაჯები, რომლებიც აკონტროლებენ დღის და ღამის განმავლობაში უცხო პირების შესვლას.

 

აუდიო ჩანაწერი

4 დეკემბერი, 2015

სხვა ჩანაწერები