LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ნიშნავს სასკოლო მზაობა – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

27

გადაცემის ლაივი LIVE

პირველი კლასი ბავშვებისთვის განსაკუთრებული ემოციების მომტანია. რამდენად მნიშვნელოვანია სასკოლო მზაობა მშობლების და სკოლის მხრიდან, როდესაც ბავშვებს პირველ კლასში უწევთ მისვლა – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი თამარ ისაკაძე.

რას ნიშნავს სასკოლო მზაობა?

ზოგჯერ მშობლებს ჰგონიათ, რომ თუ ბავშვს აქვს გარკვეული სირთულეები, განსაკუთრებით მეტყველების, ყურადღების კონცენტრაციის, მეხსიერების, ნატიფი მოტორიკის და სხვა, ეს სირთულეები გამოსწორდება სკოლაში შესვლის შემდეგ. რეალურად აღნიშნული სირთულეები ბავშვს პირველ კლასში მთელ რიგ ბარიერებს უქმნის, მაგალითად, ყურადღების დეფიციტის გამო ვერ ახერხებს დავალებაზე კონცენტრირებას, ავიწყდება ინსტრუქცია, ვერ მიჰყავს დავალება ბოლომდე, მეხსიერების სირთულეების გამო უჭირს დასწავლა, ვერ პასუხობს მასწავლებლის შეკითხვებს, ნატიფი მოტორული და ვიზუალურ სივრცითი სირთულეების გამო კი წერა-კითხვის დაუფლების სირთულე იჩენს თავს, ბავშვს დიდი ხნის მანძილზე უძნელდება სიტყვების გამთლიანება, ასოების ვიზუალური გარჩევა და ცნობა, საბოლოოდ კი აზრის გამოტანა და ჩამოყალიბება.

ამიტომ, მნიშვნელოვანია პრევენცია და არა იმის  ლოდინი, რომ თითქოს ყველაფერი თავისით გამოსწორდება.

სკოლაში წარუმატებლობის განცდა და შენიშვნები კი უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვის თვითცნობიერების განვითარებაზე, ემოციურ განვითარებაზე, თვითშეფასებაზე, საკუთარი ძალების რწმენაზე. თუკი, ბავშვს აქვს გარკვეული სუსტი მხარეები სასკოლო მზაობაში, მაგალითად უჭირს მეტყველება, სურათის აღწერა, ყურადღების კონცენტრაცია ან სხვა, ამ მიზნით საჭიროა დროული სწორი შეფასება და დამატებითი განვითარების ხელშემწყობი აქტივობების დაგეგმვა და ჩატარება.

სასკოლო მზაობა განიმარტება, როგორც ბავშვის მზაობა ფიზიკურ, შემეცნებით, სოციალურ და ემოციურ სფეროში, ასევე ბავშვის სასკოლო მზაობაში იგულისხმება ოჯახის მზაობაც, აღმოუჩინოს ბავშვს მხარდაჭერა სწავლის პროცესში.

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბავშვი იყოს მომზადებული ემოციურად, ჰქონდეს განვითარებული ისეთი წინა სასკოლო უნარ-ჩვევები, რომელიც მას დაეხმარება წერა კითხვის, მათემატიკის და სხვა საგნების ათვისებაში, ასევე ნატიფ მოტორულ მზაობაზე, ნებისყოფაზე, ქცევასა და მოტივაციაზე, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ბავშვი არის ინდივიდუალური და ხშირად უნდა ვახსენოთ ტერმინი „სკოლის მზაობა“, რაც გულისხმობს სკოლების მომზადებას, მიიღონ ბავშვები ისეთები, როგორებიც არიან და ამავდროულად ხელი შეუწყონ მათ ჰარმონიულ განვითარებას.  აქ იგულისხმება, როგორც მასწავლებელთა მომზადება, ისე დამოკიდებულება, მასწავლებელს უნდა სჯეროდეს და ჰქონდეს კომპეტენციები და მზაობა იმისთვის, რომ „ჩაწვდება“ ყველა ბავშვს და შეძლებს გადალახოს ყველა ბარიერი, რომელიც მას სწავლების პროცესში ხვდება, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ბავშვების უნარებსა და მათ კომპეტენციებზე, სასწავლო მასალასთან მათ მორგებაზე, თუმცა სწავლების მთავარი ამოცანაა თავად პროცესის, მეთოდების, სწავლების ტექნიკების და განწყობების დარეგულირება. ბავშვის სასკოლო მზაობა და სკოლის მზაობა ბავშვისადმი ერთდროული პროცესია.

პირველ კლასში შესვლა, სასკოლო ცხოვრების დაწყება ყველა ბავშვისთვის ცხოვრების ახალი ეტაპია…

6 წლის ბავშვს რაც უფრო ძლიერად და ასაკის შესაბამისად აქვს განვითარებული კოგნიტური, წინაააკადემიური, მოტორული და სოციალური უნარები, მით უფრო წარმატებით დაძლევს ის სასკოლო ამოცანებს

პირველ რიგში აღსანიშნავია წერისა და კითხვის ათვისების მზაობა:

  • წერის ჩვევის ჩამოყალიბებისთვის ბავშვს შესაბამისად უნდა ჰქონდეს განვითარებული ნატიფი მოტორიკა, ეს ვლინდება კონტურებში გაფერადების, მაკრატლით გამოჭრის, ხატვის, დიდი ზომის და დეტალებიანი ნახაზების და ნახატების გადახტვის უნარში.
  • აქ საჭიროა ვიზუალურ სივრცითი უნარები, მარჯვენა-მარცხენა, ზემოთ ქვემოთ და სხვა, არა მარტო დასახელება ამ მიმართებების, არამედ, მაგალითად ფურცელზე გადახატვის დროს სწორი ორიენტირება.
  • ასევე ისეთი კოგნიტური უნარები, როგორიცაა აღქმა, ყურადღების კონცეტრაცია, ყურადღების შენარჩუნების და მართვის უნარი დავალებაზე, მეხსიერება. დავალების დაწყება და დასრულება; დავალებაზე კონცენტრირება 5-7 წუთის მანძილზე, ინსტრუქციების დამახსოვრება და შესრულება, ამბის თხრობით გადმოცემა როგორც სურათებზე დაყრდნობით, ასევე სხვის მიერ წაკითხული ტექსტის შინაარსის გადმოცემა, კატეგორიალური აზროვნება, კლასიფიკაცია მსგავსება-განსხვავების მიხედვით, საერთო და ზედმეტი ნიშნების მიხედვით.

 სოციალური მზაობა

ძალიან მნიშვნელოვანია ემოციური მზაობა და ქცევითი მზაობა სკოლის რუტინისადმი, ბავშვს განვითარებული უნდა ჰქონდეს მოსმენის ჩვევა, ასევე ინიციატივის გამოხატვის უნარი, მაგ. გასცეს პასუხი კლასში მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვას, ჩაერთოს თამაშში ან რაიმე აქტივობაში ბავშვებთან ერთად, შეეძლოს რიგის დაცვა, მშობლის გარეშე დარჩენა, საჭიროების შემთხვევაში დახმარების თხოვნა.

მოტივაცია

მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა და ოჯახის წევრებმა ხელი შეუწყონ ბავშვის მოტივაციის გაღვივებას სასკოლო ცხოვრების მიმართ, უამბონ საინტერესო ამბები საკუთარი გამოცდილებიდან, დაუშვებელია წინასწარი ნეგატიური განწყობის შექმნა, ასევე ძალიან მნიშნელოვანია სწავლის დაწყებამდე 1-2 კვირით ადრე სკოლამ ირველკლასელებისთვის დაგეგმოს და ჩაატაროს გაცნობითი სახის ღონისძიებები, ბავშვებს ქონდეთ სკოლაში ვიზიტის, დათავლიერების, გარემოს გაცნობის და იქ დაახლოებით 40 წუთი, 1 საათი ყოფნისა და სახალისო შემეცნებითი აქტივობის განხორციელების საშუალება, მაგალითად ეზოში ხატვა, თუ სხვა, ამ შემთხვევეაში არ არის დაშვებული კონკურენტული აქტივობის დაგეგმვა, რადგან თუ ბავშვმა შემთხვევეით წააგო თამაში, შესაძლოა უარყოფითი დამოკიდებულება გაუჩნდეს. გაცნობითი ვიზიტების დროს, ბავშვები ძალიან კმაყოფილები უნდა დარჩნენ და იქ მეორედ მისვლის სურვილი გაუჩნდეთ

თუ არსებობს შეფასების ტესტები, რომლის ჩატარების შედეგად მივიღებთ პასუხს აქვს თუ არა ბავშვს განვითარებული სასკოლო მზაობა?

იმ მიმართულების ფსიქოლოგმა, რომელმაც იცის ბავშვის განვითარების თავისებურებები, კოგნიტური ფსიქოლოგია, ნეიროფსიქოლოგია და განათლების ფსიქოლოგია, შეუძლია ჩაატაროს 6 წლის ბავშვის სასკოლო მზაობის შეფასების ტესტირება. შეფასების შედეგები გააცნოს მშობელს და მასწავლებელს, ეს შედეგები არავითარ შემთხვევაში არ უნდა წარმოადგენდეს ბავშვის სკოლიდან იზოლირების მექანიზმს, არამედ პირიქით,  დაიგეგმოს მანამდე ჩასატარებელი სამუშაო ბავშვთან და სკოლის დაწყების დროს კი მასწავლებემა გამოიყენოს შესაბამისი სტრატეგიები.

7 რჩევა თამარ ისაკაძისგან:

  1. ხელი შეუწყეთ 6 წლამდე ასაკის ბავშვის ნატიფი მოტორიკის განვითარებას.
  2.  წაახალისეთ აღწეროს სურათები, გადმოსცეს მომხდარი ამბები, წაუკითხეთ და განუმარტეთ ახალი სიტყვები, მაგალითად ათამაშეთ რაიმე სიტყვის მიხედვით წინადადების მოფიქრება, სურათების მიხედვით ამბის მოფიქრება და სხვ.
  3. სოციალური უნარების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, ერთობლივი თამაში, რიგის დაცვა, ინსტრუქციების შესრულება, მისალმება, დამშვიდობება, ბოდიშის მოხდა, ნებართვის თხოვნა, თანატოლის დახმარების მზაობა და ემპათია.
  4. სკოლაში წასვლამდე ბავშვი ავარჯიშეთ სახლის გარემოში, დაახლოებით 10-15 წუთი იყოს კონცენტრირებული ერთ დავალებაზე, რომელიც უფრო აკადემიური ხასიათის იქნება, ეს დავალება კოგნიტური უნარების ჩართულობას და ნებისყოფას მოითხოვს, წაახალისეთ ბოლომდე მიიყვანოს დავალება, დაათვალიეროს  წიგნი, შეძლოს წაკითხულის მოსმენა და მოყოლა, სხვადასხვა საგნების კლასიფიკაცია, წერამდელი ხაზების გამოწერა.
  5. სკოლის დაწყებამდე მნიშვნელოვანია სკოლამ ხელი შეუწყოს ბავშვების რამდენჯერმე ვიზიტს სკოლაში გარემოს გაცნობის მიზნით და პოზიტიური განწყობის შექმნას, თუნდაც დაახვედროს მულტფილმის გმირები, მოუწყოს შემეცნებით-გასართობი აქტივობები
  6. სკოლისადმი მზაობის შეფასება ფსიქოლოგთან და ფსიქოლოგისგან შესაბამისი რეკომენდაციების მიღება მშობელს დაეხმარება განუვითაროს ბავშვს ის უნარები, რომელიც შედარებით სუსტი აქვს.
  7. აუცილებელია თავად მასწავლებლების პროფესიული გადამზადება და მშობლების მომზადება ბავშვის საჭიორებებიდან გამომდინარე.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები