რატი წითელაძე: „დავტოვე სპორტი და იმ სფეროში გადავედი, რომელიც ძალიან მომწონს და მაინტერესებს”

რატი წითელაძე: „დავტოვე სპორტი და იმ სფეროში გადავედი, რომელიც ძალიან მომწონს და მაინტერესებს”

11 ოქტომბერს, რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემის ”არტ-FM”-ის ეთერში რატი წითელაძემ თავის ახალ პროექტზე – დოკუმენტურ ფილმზე ”17 მაისი” ისაუბრა.

– რატი, რაზე იქნება ფილმი და ვინ მიიღებს მის შექმნაში მონაწილეობას?

– ფილმის პროექტმა აზიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფესტივალზე გაიმარჯვა, რაც ჩემს ცხოვრებაში ჯერჯერობით ყველაზე დიდი წარმატებაა. შემოთავაზება თანამშრომლობაზე ცნობილი პროდიუსერებისგან მივიღე, თუმცა, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ მათი დასახელებისგან და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ საკმაოდ მასშტაბური პროექტია, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველო კავკასიის რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც იმ თემებზე საუბარობს, რაზეც სხვები თავს იკავებენ. ვფიქრობ ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენი ქვეყნისთვის.

1l4a1801– ვის გამოარჩევდით ქართველ მსახიობებს შორის და ვისთან ითანამშრომლებდით სიამოვნებით?

– ამ ეტაპზე ჩემი მთავარი კოლაბორატორი ნინო ვარსიმაშვილია, რომელთანაც რამდენიმეწლიანი თანამშრომლობა მაკავშირებს. გარდა იმისა, რომ ნინო ჩემი ფილმების პროექტების ავტორია, ის ჰოლივუდის ერთ-ერთ პრესტიჟულ ფესტივალზე მთავარი როლის შემსრულებლის ნომინაციაზეცაა წარდგენილი. რაც შეეხება სხვა მსახიობებს, კონკრეტულად ვერავის დავასახელებ, რადგან ვთვლი, რომ თუ ადამიანს სურვილი აქვს და არც მუშაობა ეზარება, ნებისმიერი როლის შესრულებას შეძლებს, რადგან პერსონაჟის შერჩევა და მსახიობისთვის სწორი მიმართულების მიცემა პირველ რიგში რეჟისორის მოვალეობაა.

– რატი, როგორი იყო გარდამავალი პერიოდი სპორტიდან კინემატოგრაფიაში?

– სიმართლე ვთქვა, სპორტი ყოველთვის ნაკლებად მიზიდავდა. სხვათაშორის უცხოელი პროდიუსერებიც სწორედ ამით დაინტერესდნენ. ბევრი გაოცდა, როცა გაიგო, რომ ჯერ სპორტსმენი ვიყავი, ახლა კი, ფილმებს ვიღებ. ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ადამიანის პროფესია, ბევრად უფრო საინტერესოა რას წარმოადგენს ის პიროვნულად, რამდენად ნამდვილი და გულწრფელია. ჩემი აზრით, უკეთესია თუნდაც ცუდად აკეთო ის რაც გინდა, ვიდრე იყო წარმატებული იმ სფეროში, რაც არ გაინტერესებს. ჩემი მთავარი პრობლემაც სწორედ ეს იყო, ამიტომ დავტოვე სპორტი და იმ სფეროში გადავედი, რომელიც ძალიან მომწონს და მაინტერესებს.

გადაცემის ჩანაწერი

12 ოქტომბერი, 2016

სხვა ჩანაწერები