რატომ არის საჭირო ფსიქოთერპევტთან ვიზიტი – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

6

გადაცემის ლაივი

ფსიქოთერაპია არის ფსიქოთერაპევტსა და კლიენტს შორის არსებული ურთიერთობის ფორმა, რომელიც რეგულირდება გარკვეული ეთიკური წესებითა და შეთანხმებებით. თერაპიის მიზანი, მიმდინარეობა, პროცესი და მეთოდები განსხვავდება იმ თერაპიული სკოლისა და მიმართულების მიხედვით, რომელსაც თერაპევტი მიეკუთვნება. რატომ არის საჭირო ფსიქოთერპევტთან ვიზიტი – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე.

რა ძირითადი მიმართულებები არსებობს?

გამოყოფენ სამ ძირითად მიმართულებას: ფსიქოდინამიკურს, კოგნიტიურ-ბიჰევიორულს და ჰუმანისტურ–ეგზისტენციურს. ფსიქოდინამიკური თერაპია ფროიდის სახელს უკავშირდება, თუმცა თანამედროვე ფსიქოდინამიკური სესიები ფროიდის საქმინაობისაგან ძალიან განსხვავდება. ფსიქოდინამიკური თერაპიის მთავარი მიზანია კლიენტის ფსიქიკაში მიმდინარე არაცნობიერი პროცესების გამოვლენა შინაგანი კონფლიქტების ამოსახსნელად.

კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია ხანმოკლე, მიზანზე ორიენტირებული თერაპიაა, რომელიც პრაქტიკული მეთოდებით ეხმარება ადამიანებს, შეცვალონ მათთვის პრობლემური ფიქრები ან ქცევა.

ჰუმანისტურ–ეგზისტენციური თერაპიის მიზანია, დაეხმაროს ადამიანს საკუთარი პიროვნების უკეთ გაცნობიერებაში, ემოციების გათავისებაში, სიცოცხლის საზრისის ჩამოყალიბებაში.

მე გეშტალტთერაპევტი გახლავართ. გეშტალტთერაპია ფსიქოდინამიკურ ფესვებზე აღმოცენდა და ჰუმანისტურ–ეგზისტენციური მიმდინარეობის ნაწილი გახდა. ეს პროცესზე ორიენტირებული თერაპიაა: მნიშვნელობა ენიჭება იმას, რაც ხდება აქ და ამჟამად, რას განვიცდით, რას ვფიქრობთ, რას ვგრძნობთ სხეულებრივად. ფოკუსირება ხდება ადამიანის მიერ ფსიქიკური პროცესების გაცნობიერებაზე, ხოლო ცვლილება ამ გაცნობიერებას მოჰყვება.

გეშტალტთერაპიისთვის ამოსავალი წერტილი კლიენტისა და თერაპევტის ურთიერთობაა. ეს არის ნაკლებად ფორმალური, გულახდილი და ორმხრივი კონტაქტი, სადაც თერაპევტი კლიენტზე მაღლა არ დგას და მიყვება კლიენტს, კლიენტთან ერთად იკვლევს შინაგან სამყაროს. ამას თერაპიული დიალოგისა და ექსპერიმენტების მეშვეობით აღწევს. საბოლოო მიზანი ის კი არ არის, კლიენტს ჩვენ, თერაპევტებმა ვუთხრათ ან დავანახოთ რამე, არამედ მან თავად გააკეთოს აღმოჩენები და შემდეგ თავადვე მოახდინოს ამ აღმოჩენების საკუთარ ცხოვრებაში ინტეგრირება.

ვის სჭირდება ფსიქოთერაპია?

ეს სერვისი ღიაა ყველასათვის, ვინც გამოწვევების წინაშე დგას და სჭირდება დრო და ადგილი, რომ ეს გამოწვევები უკეთ გააცნობიეროს, მაგალითად, მათ,  ვისაც სტრესი ამძიმებს ან რაღაცის ეშინია, ვინც გლოვობს, ვისაც უჭირს ურთიერთობის დამყარება, ემოციების აღიარება, ან უბრალოდ თვითგანვითარებას აფასებს და სურს, მეტი იცოდეს საკუთარი თავის შესახებ.

რატომ უჭირთ ადამიანებს ფსიქოთერაპიაზე სიარული?

ადამიანებს ფსიქოთერაპიაზე მისვლის ეშნიათ, რადგან მცდარი წარმოდგენები გააჩიათ. ადამიანებს მიაჩინიათ, რომ რაკი ფსიქოლოგთან მივიდნენ, ე.ი. ძალიან ცუდად არიან. ასევე, ეშინიათ სტიგმის და თავი სუსტი ჰგონიათ.

სინამდვილეში კი ფსიქოთერაპია სიტყვასიტყვით ფსიქიკაზე ზრუნვას ნიშნავს. ზრუნვას და არა მკურნალობას ან დახმარებას, ამოყვანას, შველას. ეს ზრუნვა კი გარკვეული ჩარჩოების ფარგლებში ხდება: ის ფასიანია, ტარდება კონკრეტულ დროსა და სივრცეში, ეყრდნობა განსაზღვრულ მოლაპარაკებას და ეყრდნობა სხვადასხვა მეთოდებს.

შესაბამისად, ფსიქიკაზე ზრუნვისთვის წესდება კონკრეტული დრო, ამიტომ კლიენტი ვეღარ მოიმიზეზებს, რომ არ სცალია და პრობლემებთან გამკლავებას ვეღარ გადადებს.  ის ქაოსურად კი არა, განსაზღვრული წესების თანახმად ხდება, რაც კლიენტს მაქსიმალურად უწყობს ხელს, კონცენტრირდეს თავისთვის მნიშვნელოვან საკითხზე. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ფსიქიკაზე ზრუნვა მიმდინარეობს დაცულ, უსაფრთხო გარემოში.

რამდენი ხანი გრძელდება ფსიქოთერაპია?

შეხვედრების რაოდენობაზე მოლაპარაკება ყველა კლიენტთან ინდივიდუალურად ხდება. არსებობს შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ საკითხზე სამუშაოდ ოთხი შეხვდერაც კმარა. ამავე დროს, შესაძლებელია ფსიქოთერაპიას წლებიც დაეთმოს. გრძელვადიანი ფსიქოთერაპია ორიენტირებულია სიღრმისეული პროცესების კვლევაზე და პიროვნულ ზრდაზე, ხოლო მოკლევადიანი – უფრო კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტაზე.

7 რჩევა ლიკა ბარაბაძისგან:

1.პრევენცია ყოველთვის ჯობია ინტერვენციას. არ დაელოდოთ პრობლემის გამწვავებას, მიმართეთ თერაპევტს მაშინ, როდესაც გასამკლავებლად ბევრი რესურსი გაგაჩნიათ.

2.ფსიქოთერაპევტი ფეხსაცმელივითაა – ზოგი დიდი, ზოგი პატარა, ზოგი ფერადი, ზოგი სადა, ზოგი ძვირი და ზოგი ნაკლებად. მონახეთ თქვენთვის შესაფერისი, რომელიც კარგად მოგერგებათ.

3.საკუთარ თავზე ზრუნვა ეგოზიმი არაა. საკუთარ თავზე ზრუნვა – აუცილებელი და ადექვატური საქციელია.

4.ფსიქოთერაპია სუსტებისთვის არ არის, პირიქით მხოლოდ ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ გამოწვევებთან გამკლავების პროცესს არ შეუშინდნენ და ამ პროცესის დროს ამოტივტივებულ ტკივილის გაუკლავდნენ.

5.ნუ მოელით რჩევებს: საკუთარ თავს ყველაზე უკეთ თავად იცნობთ. თერაპევტი დაგემხარებათ მის უკეთ შეცნობაში, მაგრამ თქვენს ცხოვრებაზე და გადაწყვეტილებებზე თქვენს ნაცვლად პასუხისმგებლობას არ აიღებს.

6.თერაპიის დროს, ღია იყავით თქვენი ემოციებისადმი, დააკვირდით და შეიცანით თქვენი განცდები და რაც მთავარია, ყურადღება მიაქციეთ სხეულს და მის გზავნილებს.

7.თერაპევტის არ შეგეშინდეთ: თერაპიაზე წამყვანი ფიგურა თავად ბრძანდებით, ამ სერვისს თქვენ უკვეთავთ, შესაბამისად, პროცესიც თქვენი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა წარიმართოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები