LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ხდება მოზარდი ჩაკეტილი – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

51

ჩაკეტილობა ძირითადად გარდატეხის ასაკს ახასიათებს. გარდატეხის ასაკი ეს არის ადამიანის ცხოვრების ის ეტაპი, რომელიც სხვადასხვა სახის ბიოლოგიურ, ინტელექტუალურ და სოციალურ ცვლილებებს უკავშირდება და შესაბამისად, გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს. ეს არის გარდამავალი პერიოდი ბავშვობასა და მოზრდილობას შორის. მოზარდი იცვლება ფიზიკურად და ხასიათითაც, ზოგი ამ ცვლილებებს გამოხატავს ჩაცმის სტილით, ქცევით, შეცვლილი ვარცხნილობით. ყველაზე ხშირად ამ ფაქტს მშობლები განიცდიან. გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარი საგანმანათლებლო დაწესებულების, მანდატურის სამსახურის ფსიქლოგიური მომსახურეობის ცენტრის ფსიქოლოგი, რუსუდან სამხარაძეა.

რა თავისებურებით გამოვლინდება გარდატეხის ასაკი მოზარდებში?

გარდატეხის ასაკის დასაწყისი გოგონებსა და ბიჭებს შორის განსხვავდება. ეს პერიოდი გოგონებში 9-10 წლიდან, ხოლო ბიჭებში 11-12 წლიდან იწყება და დაახლოებით 14-18 წლამდე მერყეობს.

გარდატეხის პერიოდს უწოდებენ ეგოცენტრულ ხანას. ამ პერიოდში ადამიანებს უჭირთ სხვისი პოზიციიდან მოვლენების შეფასება, მოვლენებს აღიქვამენ მხოლოდ საკუთარი თვალთახედვით. როდესაც რაიმე პრობლემა ექმნება, მოზარდს ჰგონია, რომ ეს მხოლოდ მას გადახდა და მსგავსი პრობლემა არასოდეს არავის ჰქონია. გარდა ამისა, ამ პერიოდში უჩნდებათ სურვილი მშობლებისაგან დამოუკიდებლად მოსინჯონ საკუთარი ძალები. რაღაც მომენტში სურთ ჩაიდინონ “გმირობა”, შეიცვალონ გარეგნობა. ეს გარკვეულწილად არის თვითდამკვიდრების გზა და სურვილი, მიიქციონ ყურადღება. მოზარდი თავს აღიქვამს ზრდასრულ ადამიანად, რომელსაც გარკვეული მოთხოვნილებები და ინტერესები გააჩნია, თვითგამორკვევის პროცესშია, აანალიზებს რა მოსწონს, რა არ მოსწონს, რა აინტერესებს, რა შეუძლია და ა.შ. გარდატეხის პერიოდში მოზარდებისთვის კომპეტენტურები არიან მისივე თანატოლები. ამ დროს მშობელი კარგავს ავტორიტეტს, მოზარდისთვის მისაღები და მნიშვნელოვანი მისი მეგობრის აზრი ხდება.

რა იწვევს  მოზარდის  ჩაკეტილობას?

წლების მანძილზე იცვლება ღირებულებები, გარემო პირობები, სოციალური და ეკონომიური პირობები, რაც გავლენას ახდენს გარდატეხის ასაკის გამოვლინებებსა და  თავისებურებებზე, თუმცა შესაძლებელია ბევრი საერთო მახასიათებლის დანახვა: ამბოხი, ოპოზიციური გამოვლინებები, რადიკალიზმი, მაქსიმალიზმი და ა.შ.

მნიშვნელოვანი ფაქტორი, რატომაც უჭირთ მშობლებს შვილის გაგება არის ის, რომ დღევანდელი ცხოვრების ტემპი გაცილებით ჩქარია, ვიდრე იყო წინა თაობების დროს. გარდა ამისა, ისინი ყოფითი პრობლემების გამო ვერ ახერხებენ  შვილებთან ურთიერთობას.

ჩაკეტილბის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს მუდმივი კონფლიქტი ოჯახში ან განქორწინება. ამ დროს საჭიროა მშობლებმა შვილებს სწორად მიაწოდონ ინფორმაცია და განქორწინების მიუხედავად, ორივე მშობელმა სათანადო ყურადღება დაუთმოს შვილს.

აღზრდის რომელ მეთოდს უნდა მიანიჭოს მშობელმა უპირატესობა?

მნიშვნელოვანია, როგორი აღზრდის მეთოდს იყენებს მშობელი შვილთან ურთიერთობისას. ფსიქოლოგიაში  ოთხი სახის აღზრდის სტილს განიხილავენ: 1. ავტორიტარული სტილი  რაც გულისხმობს მაღალ კონტროლს, მკაცრ წესებს და მოითხოვს უსიტყვო მორჩილებას. 2. ავტორიტეტული სტილი  მშობლები, რომლებიც ამ სტილს მისდევენ არიან თანმიმდევრულები, ბავშვებს უწესებენ წესებს, მაგრამ ითვალისწინებენ მის მოთხოვნებს, სურვილებს და უნარებს. შეგნებული აქვთ საკუთარი პასუხისმგებლობა და აძლევენ ბავშვს  საშუალებას გამოხატოს თავისი პოზიცია. 3. ლიბერალური სტილი – ამ სტილის მიმდევრები ზედმეტ ტოლერანტობას იჩენენ ბავშვის მიმართ, არ აკონტროლებენ და ნაკლებ ყურადღებას უთმობენ შვილებს. 4. ინდეფერენტული სტილი – მშობლები არ უთმობენ დროს ბავშვებს, ისინი  თითქოს იგნორირებულნი არიან, არ ინტერესდებიან ბავშვის მოთხოვნებით და ინტერესებით. ჩამოთვლილი ოთხი სტილიდან ფსიქოლოგები უპირატესობას ანიჭებენ ავტორიტეტულ სტილს , რომელიც ითვალისწინებს ზომიერ კონტროლს, ყურადღებას,  ბავშვის ინტერესებს და სურვილებს.

7 რჩევა რუსუდან სამხარაძისგან:

  1. პირველ რიგში აუცილებელია მშობლებს ჰქონდეთ კონტაქტი შვილებთან (ფიზიკური და ემოციური).
  2. შესაძლოა მიხვიდეთ სახლში დაღლილ-დაქანცული, მაგრამ აუცილებლად დაუთმეთ შვილებს 15 წუთი მაინც.
  3. უთხარით შვილებს ( ყოველ დღე და დღეში რამდენჯერმე) რომ გიყვართ და თქვენთვის ძვირფასები არიან.
  4. ჰკითხეთ რა მოხდა სკოლაში, რა იყო იმ დღეს მისთვის მნიშვნელოვანი. აუცილებელია ამ დროს იყოთ მასთან და არ იყოთ სხვა რამით დაკავებული.
  5. ძალიან მნიშვნელოვანია, მშობელმაც გაუზიაროს პრობლემები შვილს, მოისმინოს მისი აზრი და ა.შ.
  6. გარდატეხის ასაკში მშობელმა შვილს თავი უნდა აგრძნობინოს თანატოლად, რადგან ამ დროს აქვს დიდობის მოთხოვნილება.
  7. თუ გსურთ თქვენი შვილი რეალიზებულ, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულ, მყარი ღირებულებების მქონე ადამიანად აღზარდოთ, პირველ რიგში კარგად უნდა გაიცნოთ ისინი. დაინტერესდით მოზარდის ცხოვრებით, მოუსმინეთ, პატივი ეცით  მის აზრს  და გაუზიარეთ თქვენი შეხედულებები.

გადაცემის ჩანაწერი:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები