რატომ რჩება ბულინგი დაუძლეველ პრობლემად – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

რატომ რჩება ბულინგი დაუძლეველ პრობლემად – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

ბულინგი 21 საუკუნის პრობლემად რჩება. მოზარდებს შორის ძალადობის ფაქტები მთელ მსოფლიოშია გაზრდილი. თბილისში რამდენიმე დღის წინ მოზარდების დაპირისპირების შედეგად, ორი მოსწავლეა მოკლული. რატომ არის ბულინგის შემთხვევები გაზრდილი, რა როლი აქვს ოჯახს და როგორია მოძალადე მოზარდის ფსიქიკა, გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარია თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ გაგოშიძე.

რატომ რჩება ბულინგი დაუძლეველ პრობლემად?

სკოლა და ოჯახები ვერ თანამშრომლობენ, ჩაგვრა კი ისეთი ფენომენია, რომელსაც სჭირდება თანამშრომლობა. ჩვენი ცხოვრება არის საზრისი, უსაზრისო ცხოვრება სისასტიკეს იწვევს. ჩვენ ვართ მაგალითები ჩვენი შვილებისთვის, რა მაგალითს ხედავენ ისინი ჩვენგან? ისინი ხედავენ ჩვენს ძალადობას ერთმანეთზე, ფიზიკურად შეიძლება არა, თუმცა ფსიქოლოგიური ძალადობა არ ჩამოუვარდება ფიზიკურს. გარდა ამისა, ხშირია ინტერნეტბულინგი, Facebook – ი, მედია არის აკლებული ერთმანეთის სიძულვილით. მე, ადამიანს, არ მაქვს საშუალება ვნახო პოზიტიური მაგალითი. ბავშვები ჩვენი მიმბაძველები არიან. ბავშვები არიან მსხვერპლი უფროსების არასწორი დამოკიდებულებებისა და „ვითომ“ ღირებულებების. ადამიანების დიდ ნაწილს ემოციური რეგულაციების პრობლემა აქვს, ჩვენ პოსტ-ტრავმატული საზოგადოება ვართ, დეპრესიული ნიშნებით. მშობელს და მასწავლებელს, რომლებსაც ცხოვრება არ უხარიათ და აქვთ შეხება ბავშვთან, გავლენა აქვთ მასზე, შედეგად არც ბავშვს უხარია ცხოვრება.

შესაძლებელია მშობელმა დაიცვას საკუთარი შვილი ბულინგისგან?

მშობელი უნდა გაერკვეს რა ხდება, მას უნდა ჰქონდეს მჭიდრო კონტაქტი მასწავლებელთან, ჩვენ არ ვიცით ფაქტებზე დაფუძნებული ურთიერთობა, თანამშრომლობა და საუბარი, მშობელი წინასწარ განწყობილი მიდის საჩხუბრად სკოლასთან. ბავშვისთვის იმის შეთავაზება, რომ მან საკუთარი პრობლემები თვითონ მოაგვაროს, არ არის სწორი, მით უმეტეს მცირეწლოვანი ბავშვი ამ პრობლემას ვერ მიხედავს. რას ვასწვალით სკოლაში და ოჯახში ბავშვს? უნდა იყოს იყოს პირველი, უნდა ჩამოიშოროს ყველა, უნდა გახდეს მდიდარი, ჰყავდეს გავლენიანი მეგობრები, მთავარი კი გვავიწყდება –  ჩვენ არ ვიცით, რას გრძნობს ბავშვი.

ხშირად მშობლები მუშაობენ და არ აქვთ საკმარისი დრო შვილებთან ურთიერთობისთვის…

მშობლები არიან რთულ მდგომარეობაში, ისინი ბევრს მუშაობენ, რომ შვილებს უზრუნველი მდგომარეობა შეუქმნან, ამისთვის არაფერს იშურებენ. თუმცა, ჩვენ ისიც არ ვიცით რა არის განათლება. ჩვენმა შვილმა უნდა იმეცადინოს, ვატარებთ კერძო სკოლაში, პირველი კლასიდან სხვადასხვა წრეზე, არ ვუტოვებთ თავისუფალ დროს და ეს არის უკვე შეცდომა, ეს არის ძალადობა ბავშვზე. მშობლები ჩივიან, რომ ბავშვმა ინტერესი დაკარგა, და რატომ უნდა აინტერესებდეს? როცა პირველი კლასიდან დადიოდა ყველა შესაძლო წრეზე, სად შეუძლია პირველ კლასელს ამდენი, მშობლები თავისულ დროს არ უტოვებენ შვილებს, იმიტომ რომ თვითონ არ აქვთ თავისუფალი დრო, ისინი არ იცნობენ არა თუ შვილებს, არამედ საკუთარ თავს. როცა მშობლებს ვეკითხები „რას გრძნობ?“, მიყურებენ როგორც უცნაურ ადამიანს, მათ იციან რას ფიქრობენ, მაგრამ არ იციან რას გრძნობენ. როცა მშობელს არ აქვს რეგულირებული ემოცია, შვილსაც არ ექნება რეგულირებული ემოცია. ეს არის დამღუპველი, დღეს დასავლეთში დიდ ძალისხმებას ხარჯავენ, რომ ბავშვებს ასწავლონ ემოციური რეგულაცია, ეს არის სხვისი და საკუთარი ემოციის გაგება და სიბრაზის მართვა, ჩვენმა საზოგადოებამ სიბრაზის მართვა არ იცის და მოვედით ბულინგამდე.

როგორია მოძალადე მოზარდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა?

მოძალადე ბავშვიც და მოზრდილიც არის მსხვერპლი. მოძალადეები არ ხდებიან კარგი ცხოვრების გამო, მათ აქვთ ცუდი გამოცდილება ადამიანებთან ურთიერთობის, ისინი თვითონ შეიძლება იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი, არ ჰქონდეთ სტრესთან მდგრადი გამკლავების უნარი. განსაკუთრებით ბიჭებს ეხებათ, რადგან ბიჭები, სტრესის და დეპრესიის დროს,  აგრესიით პასუხობენ სიტუაციას. ბევრი შემთხვევა მაქვს, როცა მშობლები ჩივიან სკოლებში ბულინგის ფაქტებზე, სკოლები ვერ აგვარებენ ამ სიტუაციას, რადგან თანამშრომლობა ერთმანეთის დაბრალებაში გადადის. ადამიანები ძალადობის წინააღმდეგ იბრძვიან, თუმცა საბოლოო ჯამში ერთმანეთს ებრძვიან და ისევ ძალადობრივ სტრატეგიებს იყენებენ. ჩვენს საზოგადოებაში ვერც მასწავლებელი და ვერც მშობელი ვერ იტყვის რომ შეეშალა, ბავშვსაც არ აძლევენ იმის თქმის უფლებას, სისუსტედ თვლიან. ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ, უნდა ვაღიაროთ შეცდომა.

როდის უნდა ჩაერიოს მშობელი შვილის ცხოვრებაში?

საქართველში მშობლები თვლიან, რომ ბავშვი არ უნდა გაანერვიულონ მოთხოვნის დაკმაყოფილების გამო, რომ  ბავშვი არ უნდა დაიჩაგროს, ყიდულობენ სათამაშოებს, უსრულებენ ყველა მოთხოვნილებას, მაგრამ საბოლოოდ დამოუკიდებლად არჩევანის და ცხოვრების საშუალების უფლებას არ აძლევენ. მშობლების  ლოგიკა შემდეგია: მე ყველა მოთხოვნილებას ვუკმაყოფილებ, მაგრამ იმ წესით უნდა იცხოვროს, რა წესითაც მე მინდა, ვატარებ ცეკვაზე, მუსიკაზე, იმიტომ რომ ასე მინდა. სანამ ეს არ დამთავრდება, გაიზრდებიან მოძალადე ბავშვები.

რატომ რჩება ბულინგი დაუძლეველ პრობლემად – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან გადაცემის სტუმარია ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on 2017 წლის 5 დეკემბერი, სამშაბათი

რა იქნება თქვენი რჩევები მშობლების მიმართ?

ბაღში ან სკოლაში მშობელი ბავშვს ეკითხება რა ჭამა, მასწავლებელსაც ამას ეკითხება, თუმცა მთავარი ავიწყდება, ჰკითხოს რა ისწავლა, რა ეწყინა ან გაუხარდა მის შვილს. არც საკუთარ თავს ეკითხება მშობელი, რა უხარია და ცხოვრობს ასე. ამიტომ ვურჩევ მშობელს, ნახევარი საათი გამოყოს და ემოციურად მისაწვდომი გახდეს საკუთარი შვილისთვის.

შევხედოთ ჩვენს თავებს, სარკეში ჩავიხედოთ, დავაკვირდეთ, როცა ვლაპარაკობთ რა სახე გვაქვს და რა ტონით ვსაუბრობთ. ჩვენი საზოგადოება როგორია იცით? საფრთხის განცდა აქვს. არაფერს უპირებ და მაინც თავდაცვით მდგომარეობაში დგას. სანამ წაგება-მოგების ენით ვსაუბრობთ, რჩევებსაც არ აქვს აზრი. საკუთარ გრძნობებში ჩავიხედოთ და ვისწავლოთ სიბრაზის მართვა… დღეს ამერიკულ და ბრიტანულ სკოლებში შეტანილია საგნად ემოციური ინტელექტის მართვა. ეს აღმოჩნდა მთავარი ცოდნის მიღებისთვის, კარიერის გაკეთებისა და ზოგადად, ცხოვრებისთვის. ისინი ჩვენზე უარეს მდგომარეობაში იყვნენ, ეს პრობლემა დაინახეს, აღიარეს და მუშაობენ.

სკოლაში, სადაც სწავლობდნენ მოკლული მოზარდები, ერთი კვირის წინ იყო კვირული: „არა ბულინგს, არა ძალადობას“, გამოდის, რომ ლოზუნგი რჩება ლოზუნგად, ეს არის ფასადი. ჩვენ ვართ მატერიაზე მიწებებული, მშობლები 24 საათი მუშაობენ, რომ შვილი უზრუნველყონ, ამაში არ არის ბედნიერება. ერთმა უცხოელმა პროფესორმა, როცა ნახა ჩვენთან ახალგაზრდები საკუთარი მანქანებით გადადგილდებიან, ჩემ ნაცნობ პროფესორს უთხრა, რა წარმატებული ახალგაზრდები გყოლიათო. როცა გაიგო, რომ ხშირ შემთხვევაში მშობლები ყიდულობენ ამ მანქანებს, გაოგნდა, რადგან ასეთი რამ დაუშვებელია. ამას მშობელი ვერ აცნობიერებს, უნდა რომ გაუკეთოს საკუთარ შვილს ყველაფერი, მაგრამ ამავდროულად უნდა შვილი მისი ოცნებებით ცხოვრობდეს, ყველაფერს უსრულებს და ასეთი ფორმით ერთგვარი გარიგება აქვს შვილთან.

 

გადაცემის ჩანაწერი:

 

5 დეკემბერი, 2017

სხვა ჩანაწერები