LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უჭირთ ადამიანებს ოჯახში არსებულ ძალადობაზე საუბარი – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

6
ისაკაძე

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ოჯახებში ძალადობის ფაქტების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ძალადობაზე არასწორი წარმოდგენის გამო, ადამიანები ძალადობის ფაქტებს არასწორ შეფასებას აძლევენ. ძალადობის რა ფორმები არსებობს და რატომ ვერ საუბრობენ ოჯახში ძალადობაზე – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი თამუნა ისაკაძე.

რამდენად ხშირია ოჯახში ძალადობის ფაქტები?

საქართველოში ფაქტობრივად ოჯახში ძალადობის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა არსებობს ემპირიული დაკვირვების შედეგები და მცირე მასშტაბიანი კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ ძალადობის ფაქტების მაჩვენებელი მაღალია. როდესაც ეკითხებიან ადამიანებს ძალადობაზე, ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ხშირად საზოგადოების ნაწილი ფსიქოლოგიურ, ემოციურ, სიტყვიერ, ეკონომიკურ ძალადობას, უგულებელყოფას, იძულებას და ისეთ ფიზიკურ ძალადობას, როგორიცაა ე.წ „უბრალო წამორტყმა,“  „დაყვირება“, „ჩხუბი“ – ძალადობად არ აღიქვამს, რაც ართულებს ზუსტი სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვებას.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სხვადასხვა უწყებები სხვადასხვა სახის სტატისტიკურ ინფორმაციებს აქვეყნებენ, მაგალითად: შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები უკლებლივ იმ ფაქტებს ეხება, რომლებზეც გამოძიება წარმოებდა (2017 წელს 1000-მდე ოჯახში ძალადობის ფაქტი), შესაბამისად ამ დროს მიღმა რჩება ის რაოდენობა, რომელზეც არ დაწყებულა მოკვლევა და შსს-ს თვალთახედვის არეში ვერ მოხვდა. სხვა კვლევებით, რომლებიც სოციოლოგიურ და ფსიქოლოგიურ გამოკითხვებს ეხება, სტატისტიკა გაცილებით მაღალია . ზოგჯერ ყოველი მესამე ოჯახის წევრი ძალადობის მსხვერპლი გამოდის, თუკი ემოციური ძალადობა, ჩხუბი, იძულება, სიტყვიერი ძალადობა, მუქარა, შანტაჟი და ა.შ ძალადობის ფაქტორებში იქნება გაყვანილი.

ძალადობის რა ფორმები არსებობს?

ფიზიკურ ძალადობაში მოიაზრება ადამიანის სხეულის ფიზიკური დაზიანება, ცემა.
ფსიქოლოგიური ძალადობის სახეებია – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, დაცინვა, მუქარა, ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებები.

ეკონომიკური ძალადობის მაგალითებია – თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლებით შეზღუდვა, ასევე საკვების, საცხოვრებელი და ნორმალური საარსებოს საჭიროებების ჩამორთმევა, საკუთრების წართმევა, საქმიან გარიგებებში შრომის ანაზღაურების შეზღუდვა.

იძულებაც ძალადობის ფორმაა, როდესაც ადამიანის ფიზიკურად ან ფსიქოლოგიურად აიძლებენ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომელიც მის ნება-სურვილს ეწინააღმდეგება.

უგულებელყოფა: მშობლის ან/და კანონიერი წარმომადგენლის მიერ ბავშვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, განათლების უფლების შეზღუდვა, უსაფრთხოების წესების დაუცველობა, როდესაც ამაზე ხელი მიუწვდებოდა.

ხშირად ინდივიდუალური ქეისების განხილვისას ვაწყდებით ძალადობის შერეულ ფორმებს, მაგალითად საქმიანობს დროს იძულება, რომ ადამიანმა ხელი მოაწეროს იმ საკუთრების გაყიდვას, რაზეც მასაც ჰქონდა წილობრივ უფლება, შესაბამისად გახდეს ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი პირისგან ან პირთა ჯგუფისგან, ამ ყველაფერს შეიძლება თან სდევდეს ემოციური ძალადობაც, ასეთი ფაქტები მრავლადაა, თუმცა შესაძლოა სტატისტიკებში ისინი ვერ მოხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ არსებობს როგორც ღია, ისე ძალადობის ფარული ფორმები. მაგალითად, ფარული ფორმაა, როდესაც ადამიანი აიძულებს სხვას ისეთი ქმედების ჩადენას, რაც ამ უკანასკნელის სურვილს ეწინააღმდეგება, მაგრამ ატყუებს, რომ ეს „მომავლისთვის უკეთესის მომტანი იქნება“, როდესაც უგულებელყოფს მის სურვილებს.

რატომ უჭირთ საუბარი ძალადობაზე?

პირველ რიგში ეს დამოკიდებულია იმ სოციალურ და კულტურულ კონტექსტზე, სადაც კონკრეტული ადამიანი ცხოვრობს და ვითარდება. მართალია ყველა ქვეყანაში არსებობს ძალადობის ფაქტები, მაგრამ ქვეყნები განსხვავდებიან ძალადობასთან გამკლავების და პრევენციის გზებით, შესაბამისი კანონმდებლობით, დახმარების გზებით. ბევრ ქცევას, რაც განვითარებულ ქვეყნებში ძალადობის კონტექსტში გადის, ჩვენთან ძალადობის კვალიფიკაცია არ აქვს, ართულებს ძალადობის გამოვლენას და ხელს უწყობს ძალადობის თაობიდან თაობაზე გადაცემას. მსხვერპლს ხშირად ეშინია ან/და რცხვენია იმაზე საუბარი, რომ ძალადობის მსხვერპლია, ფიქრობს, რომ მაინც ვერავინ დაეხმარება და ის საზოგადოების ნაწილისთვის მხოლოდ თითით საჩვენებელი გახდება. მესამე და ყველაზე გავრცელებული და ნეგატიური საზოგადოებრივი კონტექსტი მდგომარეობს თავად მსხვერპლის დადანაშაულების ფაქტორში. ადამიანები ხშირად მსხვეპლს ადანაშაულებენ და მოძალადეს ამართლებენ, მაგალითად, ხშირად მოისმენთ ფრაზას, რომ „სცემდა ცოლს, აბა რას იზამდა, თურმე სახლში დააგვიანა“, ან „არ ჩაეცვა მოკლე კაბა და არ გააუპატიურებდნენ, მისი ბრალია“. სამწუხარო ფაქტია, რომ მოძალადის იდეალიზაცია, გამართლება, დაცვა და მის დადებით პიროვნებად წარმოჩენა ჯერ კიდევ შემორჩენილია ჩვენს მეტყველებაში. მომისმენია, როგორ ამართლებდნენ მოძალადე ქმარს იმ ფაქტებით, რომ “სამაგიეროდ მას კარგი სამსახური ჰქონდა, კარგი სანაცნობო წრე, სიმპათიური იყო” და ა.შ ეს ყველაფერი ძალადობის გამართლებაა და ის ადამიანი, ვინც მოძალადეს იცავს თვითონაც მოძალადეა ან პოტენციური მოძალადე.

როცა ბავშვები ხედავენ ძალადობას…

ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა ბავშვები ზარალდებიან, ერთის მხრივ მათ უჩნდებათ დაუცველობის, შიშის განცდა, შფოთვა და დაბალი თვითშეფასება, ეს პერმანენტულად მეორდება ზეგავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე, შესაძლოა იკლოს შედეგებმა სწავლაში, იმატოს ემოციურმა პრობლემებმა, ბავშვი გახდეს ჩაკეტილი, აღარ უნდოდეს სახლში წასვლა, ადგილს ვერ პოულობდეს, სადაც ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული იქნება, ხდება იზოლირებული თანატოლებისგან. ბავშვს ხომ ორივე მშობელი წესით თანაბრად უნდა უყვარდეს, ოჯახური ძალადობის დროს, ის გაურკვევლობაშია, თითქოს უყვარდება „მსხვერპლი დედა“ და იწყებს „მოძალადე მამის ზიზღს“, უმეტესწილად ამ დროს ბავშვები საკუთარ თავს იდანაშაულებენ, ფიქრობენ, რომ მათი ბრალია რაც ხდება, უჩნდებათ პიროვნული გაორება, კარგავენ პიროვნულ მთლიანობას, სამყაროსთან წონასწორობას, კარგავენ  ნდობას. უმეტესად ძალადობრივ ოჯახში მყოფ ბავშვს უნდა მალე გაიზარდოს და წავიდეს სახლიდან, არაცნობიერად გაექცეს საკუთარ თავს. ზოგი ახერხებს ზრდასრულობაში გადაამუშაოს ეს ტრავმა და ფსიქოლოგიური სიჯანსაღე აღიდგინოს, ზოგს აქვს თანდაყოლილი დამცავი ფაქტორები, რაც ეხმარება თავდაცვის გამომუშავებაში, მაგალითად, მაღალი ინტელექტი, შრომისმოყვარეობა, მოტივაცია, კომუნიკაციური უნარები, თუ ბავშვს აქვს გარკვეული მოწყვლადი მდგომარეობა, ისედაც გამოირჩევა ემოციური სირთულეებით, დასწავლის სირთულეებით, იმპულსურია, ქცევის კონტროლი უჭირს, მაშინ ძლადობრივი გარემო უფრო მეტად აზიანებს და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რაც შეიძლება შემდგომ ზრდასრულობაში გამოვლინდეს სხვადასხვა სირთულეებში, როგორიცაა დეპრესია, აგრესია, თვითრეალიზაციის შეუძლებლობა, კონფლიქტი კანონთან, ვერ მიიღოს შესაბამისი განათლება, ვერ მოახერხოს დასაქმება და სხვ.

ამიტომ ენიჭება დღეს უდიდესი მნიშვნელობა ფსიქოლოგიაში ცნებებს: „გადამუშავებული ტრავმა“ და „გადაუმუშავებელი ტრავმა“, რაც იმას ნიშნავს რომ თუ ადამიანმა საკუთარი რესურსით ან სხვისი დახმარებით, მოახდინა მიღებული ბავშვობის დროინდელი ტრავმის გადამუშავება, ის ჩვეულებრივ შესაძლოა იყოს ბედნიერი, წარმატებული, რეალიზებული ადამიანი.

არსებობს სხვადასხვა მაგალითები და კვლევები, მაგალითად, თუ თქვენ ხართ მასწავლებელი და აღმოაჩინეთ, კლასში მოძალადე ბავშვი, აუცილებლად გაარკვიეთ, თავად ეს ბავშვი ხომ არ არის ძალადობის მსხვერპლი მშობლებისგან, როგორც წესი ფსიქოლოგიაში ხშირად საუბრობენ ძალადობრივი ქცევების დასწავლაზე, ფსიქოლოგმა ალბერტ ბანდურამ საუკეთესო კვლევა ჩაატარა, თუ როგორ ხდება ძალადობის მიბაძვით, არაცნობიერად დასწავლა ბავშებში.

რა უნდა გავაკეთოთ ძალადობის ფაქტების შესამცირებლად?

ხმამაღლა საუბარი უდავოდ მნიშნელოვანია, ფსიქოლოგიურად ძლიერ ადამიანებს ძალუძთ დაუპირისპირდნენ ძალადობას, მოყვნენ საკუთარი მაგალითის შესახებ, თუ რას განიცდიდნენ, როგორ გადალახეს პრობლემა, ამით მისაბაძი ადამიანები გახდნენ მილიონოთ სხვა დაზარალებულისთვის. ადამიანები, რომლებიც არ უშინდებიან ძალადობასთან დაპირისპირებას ძალიან დიდი გავლენას ახდენენ საბოლოო ჯამში არაძალადობრივი საზოგადების შექმნისკენ.

მნიშვნელოვანია, ადრეული ასაკიდან ვასწავლოთ ბავშვებს ურთიერთობების მოგვარება არაძალადობრივი გზით, ჩავრთოთ ისინი ისეთ აქტივობებში, რომლებიც ხელს შეუწყობს ერთმანეთის პატივისცემის განვითარებას, ერთმანეთში ღირსებების აღმოჩენას და დაფასებას. ყველაზე კარგი და დროული გზა, ეს არის პრევენცია, ხოლო თუ მასწავლებელმა, აღმზრდელმა, ნებისმიერმა სხვა ადამიანმა დავინახეთ ძალადობის ფაქტი, თავი ვალდებულად უნდა ჩავთვალოთ, რომ მივუთითოთ სხვას ამის შესახებ, მაგალითად, მე მითქვამს ქუჩაში მშობლისთვის, არ შეიძლება რომ ურტყავ შენ შვილს, ეს კანონით ისჯება და მე მაქვს უფლება დავრეკო პოლიციაში. ამით შემიჩერებია ძალადობა, არ უნდა დავხუჭოთ თვალი თუ ვხედავთ მსგავსს ფაქტს.

როგორ შეიძლება თავი დაიცვა მოძალადისგან?

ყველაზე მეტად დაუცველები ბავშვები არიან, ისინი ემოციურად, მატერიალურად, მთლიანად დამოკიდებულნი არიან მშობელზე, ამიტომ ძალაუნებურად უწევთ მოძალადე მშობლის ან მშობლების ატანა. ეს ზიანს აყენებს მათ ფსიქიკურ მდგომარეობას. ამიტომ აუცილებელია არსებობდეს ბავშებისთვის დამცავი სისტემა, ბაღში უნდა არსებობდეს ისეთი სტრუქტურა, სადაც შეძლებს ბავშვი მიმართვას, ამ დროს მნიშვნელოვანია კონფიდენციალობის და ეთიკური პრინციპების დაცვა, შესაძლოა კვალიფიციური ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის დახმარებით მოგვარდეს ოჯახში პრობლემა, ინფორმაციის მიწოდების და ცნობიერების ამაღლების ფორმები უნდა არსებობდეს სკოლებში მშობლებისთვის და ქმედითად მუშაობდეს. მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება ასევე მნიშვნელოვანია ამ კუთხით.

მნიშვნელოვანია, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან დაიწყოს ძალადობისგან დაცვის სწავლება, ადრეულ ასაკშივე უნდა ვასწავლოთ ბავშვს ვის შეიძლება მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ, ვის წაყვეს, ვის-არა, ვის მიმართოს ძალადობის აღმოჩენის დროს.

ძალიან რთულია, როდესაც მსხვერპლი მატერიალურად არის დამოკიდებული მოძალადეზე, ამიტომ უწევს ხშირად მთელი ცხოვრება ძალადობის ატანა, მნიშვნელოვანია ამ დროს ადამიანმა აღმოაჩინოს რესურსები საკუთარ თავში, ისწავლოს, დაკავდეს იმ საქმიანობით რაც გამოსდის და სცადოს ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელება. ამ დროს მნიშვნელოვანია სხვა სოციალური ქსელის გაფართოება, კავშირების დამყარება იმ ადამიანებთან, რომლებიც მას მხარდაჭერას გამოუცხადებენ. მიმართოს იურიდიულ დახმარებას, ფსიქოლოგს, მეგობრებს.

7 რჩევა თამუნა ისაკაძისგან:

  1. ასწავლეთ ბავშვებს პრობლემების მოგვარება არაძალადობრივი გზით,
  2. თუ მოგმართათ ადამიანმა, რომელიც ძალადობის ფაქტებს გიყვებათ, ყურადღებით მოუსმინეთ, აღმოუჩინეთ სიტყვიერი მხარდაჭერა, დაარწმუნეთ, რომ მას კანონი იცვას, დაიცავით კონფიდენციალობა.
  3. არ დაადანაშაულოთ მსხვერპლი, ეცადეთ ჯერ სიტუაციაში გაერკვეთ.
  4. თუ მასწავლებელი ხართ, მოუსმინეთ ბავშვს ყურადღებით, ცალკე მოიწვიეთ ბავშვი მშობლებთან ერთად, ესაუბრეთ მშობლებს ბავშვის ძლიერ მხარეებზე, უთხარით, რომ ძალადობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა, შესთავაზეთ მშობლებს გაეცნონ შესაბამის ლიტერატურას, ან გაიარონ ტრენინგები, მიმართონ ფსიქოლოგს,
  5. თუ მშობელი ხართ, ეცადეთ ბავშვს ყოველთვის მშვიდად აუხსნათ, არ გამოიყენოთ ძალადობრივი ფორმები, აკონტროლეთ საკუთარი ემოციები.
  6. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ განიცდით ძალადობას ოჯახში, დაელაპარაკეთ მოძალადეს მშვიდ გარემოში, აუხსენით თქვენი ემოციები, ჯერ სცადეთ მოლაპარაკება, შეთანხმება, გარიგება, შესაძლოა ისეთი გამოსავალი მოიძებნოს, რომელიც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნებოდა.
  7. არ დააიგნოროთ ძალადობის ფაქტი, ცხელ ხაზზე დარეკვით თქვენ შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინოთ.

 

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები