LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეცენზია, რომელიც სიყვარულის ახსნას უფრო ჰგავს

6

24 მაისს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”-ს მწერალი ელენე ბოჭორიშვილი და ლიტერატურათმცოდნე ლევან ბერძენიშვილი სტუმრობდნენ.

– ქალბატონო ელენე, კანადაში თქვენს შემოქმედება საკმაოდ კარგად იცნობენ, საქართველოში კი, ნაკლებადაა ცნობილი. ახლა სწორედ ახალი წიგნის წარსადგენად ჩამობრძანდით. ვინ დაგეხმარათ წიგნის გამოცემაში და როგორ შედგა თქვენი თანამშრომლობა ლევან ბენძენიშვილთან?

– მე ალბათ ერთადერთი ქართველი ვარ, ვინც ბატონ ლევანს მხოლოდ ლიტარატურათმცოდნედ იცნობს. ვუსმენდი მის ლექციებს და ვოცნებობდი გაცნობაზე. ძალიან მინდოდა მეკითხა, იყო თუ არა ჩემი მკითხველი და ზოგადად, რა წარმოდგენა ჰქონდა ჩემს შემოქმედებაზე. ბატონი ლევანი ის მაღალი დონის, მომთხოვნი მკითხველია, რომელზეც ყველა მწერალი ოცნებობს, რადგან მან ძალიან კარგად იცის, როგორ იწერება წიგნი. ჩემი ახალი ნაშრომი გამომცემლობა ”სეზანმა” გამოსცა. სამი მცირე ზომის წიგნი ერთ კრებულში გაერთიანდა და ”სტენოგრაფიული რომანები” ეწოდა.

IMG_4753– ბატონო ლევან, რამდენადაც ვიცი, ქალბატონი ელენეს რომანები  ფრანგულ ენაზე გქონდათ წაკითხული, როგორ შედგა თქვენი ნაცნობობა?

– ქალბატონ ელენეს დიდი ხანია შორიდან ვიცნობ. მეტიც, ორივე ბათუმელები ვართ, თუმცა ჩვენი გზები აქამდე არასდროს გადაკვეთილა. ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიებმა დაგვაკავშირა. ელენე ჯერ ჩემი ლექციებით, მერე კი, წიგნით დაინტერესდა და ვირტუალური ნაცნობობაც შედგა. მართალია, დღეს პირველად ვნახე, მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ბავშვობის მეგობრები ვართ. დიდი ხნის წინ დავინტერესდი მისი შემოქმედებით და ყველაფერი წავიკითხე, რაზეც ხელი მიმიწვდა. ძალიან მიხარია, რომ ახალი წიგნისთვის სწორედ მე დავწერე რეცენზია, რომელიც სიმართლე ვთქვა, სიყვარულის ახსნას უფრო ჰგავს. ელენე ძალიან ნიჭიერი მწერალია, რომლის შემოქმედება ყველასგან გამოირჩევა. მისი მცირე მოცულობის ნაწარმოებები სირთულით ძალიან ჰგავს ბორხესის შემოქმედებას და რამდენჯერმე ჭირდება წაკითხვა, რადგან საკმაოდ ტევადია და ინფორმაციაც გაფანტულია. დარწმუნებული ვარ, ელენე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქართულ ლიტერატურაზე და მალე გამოჩნდება მიმდევრები.

– ქალბატონო ელენე, ახლო მომავალში მრავალი ღონისძიება გაქვთ დაგეგმილი. კონკრეტულად ვისთან აპირებთ შეხვედრას?

– დეტალები ჯერ დაზუსტებული არაა. ქალბატონი მანანა კარტოზია, გამომცემლობა ”სეზანის” მთავარი რედაქტორი უკეთაა ამ საკითხებში გარკვეული, რადგან სწორედ მისი დაგეგმილია ყველა პრეზენტაცია. მე მხოლოდ 26 მაისის ღონისძიებაზე შემიძლია ვისაუბრო, რომელიც წიგნის ბაზრობაზე გაიმართება. ყველას ველოდები, ვისაც ჩემი წიგნი და ზოგადად ლიტერატურა აინტერესებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პრეზენტაცია, რადგან დიდი ხანია ველოდები ქართველ მკითხველთან შეხვედრას. პირველი წიგნი 1997 წელს დავწერე, მრავალ ენაზე ითარგმნა, თუმცა საქართველოში ნაკლებად იყო დაინტერესება. ახლა კი, ბედნიერი ვარ, რომ, როგორც იქნა ქართულ საზოგადოებას შევხვდები.

– ბატონო ლევან, თქვენი აზრით, რატომ უნდა გაეცნოს ქართველი მკითხველი ელენე ბოჭორიშვილის ახალ ნაშრომს?

– ელენე ერთდროულად სამ ცივილიზაციას ეკუთვნის. ის ქართველი, კანადელი და რუსულენოვანი მწერალია. გამომდინარე აქედან, სამ სამყაროსთანაა დაკავშირებული. თუმცა, მისი ნაწარმოებების უმრავლესობა სწორედ საქართველოში იღებს სათავეს. მართალია, ელენე დიდი ხანია ემიგრაციაშია და აბსოლუტურად სხვა სამყაროში ცხოვრობს, მაგრამ ის მაინც ქართველ მწერლია, რომელმაც ყველგან შეინარჩუნა საქართველო. მაშინაც კი, როცა სიუჟეტი ჩვენს ქვეყანაში არ ვითარდება, მაინც იგრძნობა ქართული ფერები. მისი სტილი – მცირე ფორმა კი, ახალი სიტყვაა ქართულ ლიტერატურაში, რადგან არასდროს გვქონია მწერლობა მოკლე და სხარტი სიტყვით ნათქვამი. ელენემ უზარმაზარი სამყარო და ინფორმაცია, დიდი სიყვარული და ტკივილი ჩაატია მცირე მოცულობაში, რაც ქართულ მწერლობაში გარკვეულწილად რევოლუციადაც შეიძლება ჩაითვალოს.   

– ბატონო ლევან, თქვენს შემოქმედებაში რა სიახლეებია?

– ვამზადებ წიგნს ”წმინდა წყვდიადი”, რომელიც ჯერ რუსულ ენაზე გამოვა, მერე კი, სავარაუდოდ, სხვა ენებზეც ითარგმნება. როგორც იცით,  მე რუსეთში მოვიხადე სასჯელი და წიგნშიც იქაური სამყარო გადმოვეცი, ამიტომ ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, წიგნის რუსეთში გამოქვეყნება. რომანის გამოცემაში ძალიან დიდი წვლილი ელენემ შეიტანა. სწორედ მან მოძებნა აგენტი, რომელმაც ამ რთულ საქმეს მოკიდა ხელი. წიგნის ქართულიდან რუსულად თარგმნა არც ისე მარტივი იყო, ამიტომ ძალიან მაინტერესებს, როგორ შეხვდება მას რუსული საზოგადოება. გარდა ამისა, გასულ წელს ”ილიადას” თარგმანი გამოვეცი, ცოტა ხნის წინ ჩემი ”წიგნიერების ევოლუციის” პრეზენტაცია შედგა, ახლა კი, რამდენიმე თარგმანზე ვმუშაობ.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები