LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რევოლუციური გარდატეხა C-ჰეპატიტის მკურნალობაში

6

180 მლნ. ინფიცირებული და ყოველწლიურად 350 ათასი დაავადებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით – ასეთია C-ჰეპატიტის გავრცელების შედეგები, რის გამოც დაავადება სამართლიანად ითვლება გლობალური ჯანმრთელობის უმწვავეს პრობლემად. თუმცა დღეს, 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ C-ჰეპატიტი განკურნებადია და ის ერთადერთი ინფექციური დაავადებაა, რომელიც სრულად ექვემდებარება მკურნალობას.

რამდენიმე წლის წინ უკვე გაჟღერდა, რომ იქნებოდა მნიშვნელოვანი წინსვლა, პრინციპულად ახალი მედიკამენტები გამოჩნდებობა ბაზარზე, რომლებიც დიდ გარდატეხას მოახდენდნენ დაავადების მკურნალობის სფეროში და პროგნოზი გამართლდა.

ბოლო ხუთი წლის მანძილზე მსოფლიოში ახალი გენერაციის პრეპარატების წარმოების ბუმია. ყველაზე ცნობილი მათ შორის სოფოსბუვირია, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ ”გილიარდი” შექმნა, წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ კი, შარშან დეკემბრის თვეში დაარეგისტრირა.

სოფოსბუვირი სრული განკურნების გარანტიას იძლევა, მას ან ძალიან ნაკლებად ან საერთოდ არ გააჩნია გვერდითი მოვლენები, იოლია მიღება და ნებისმიერი სიმძიმის პაციენტს შეუძლია მისი გამოყენება. მართალია სიძვირის გამო მედიკამენტი მხოლოდ მდიდარი და განვითარებული ქვეყნის მოსახლეობისთვისაა ხელმისაწვდომი, მაგრამ საქრთველოსთვის ხელმისაწვდომობის პრინციპულად ახალი და განსხვავებული პრეცენდენტი შეიქმნა.

შემუშავდა C-ჰეპატიტის ელიმინაციის (მთლიანად აღმოფხვრა) პროექტი, რომელიც გულისხმობს კომპანიის მიერ მედიკამენტის უფასოდ ან სიმბოლურ ფასად მიწოდებას ქვეყნისთვის იმ შემთხვევაში, თუ ის აიღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, გამოავლინოს C-ჰეპატიტით დაავადებული ყველა პაციენტი, უმკურნალოს მათ და ამ გზით აღმოფხვრას დაავადება ქვეყანაში. თუ პროექტი ამ ფორმით განხორციელდა, ეს იქნება პირველი პრეცენდენტი მსოფლიოში, როცა ერთმა ქვეყანამ შეძლო C-ჰეპატიტის სრული აღმოფხვრა.

საქართველოს შერჩევა ერთდროულად რამდენიმე ფაქტორით მოხდა, პირველ რიგში, ქვეყნის მთავრობის და ძირითადად ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მზაობა იყო, აეღო საკუთარ თავზე პროექტის წარმატებით განეხორციელების პასუხისმგებლობა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მაღალ დონეზეა მოწესრიგებული დაავადების დიაგნოსტიკის და მისი მკურნალობის საკითხები, კარგადაა განვითარებული ინფრასტრუქტურა და არიან კვალიფიციური მედიკოსები. გათვალისწინებულ იქნა მოსახლეობის მოთხოვნა და ის წარმატებული გამოცდილება, რომელიც საქართველოს უკვე აქვს ლოკალური პროექტების გატარების კუთხით. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს შიდსით დაავადებული პაციენტების გამოვლენის და მათთვის უფასო სამკურნალო კურსის ჩატარების მიმართულებით.

სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გამოცდილი ქართველი და ამერიკელი მედიკოსები შევიდნენ, უკვე შეიქმნა ჯანდაცვის სამინისტროში და მუშაობს ყველა მიმართულებით. სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში შემუშავდება სამოქმედო გეგმა და შესაძლოა პროგრამის განხორციელაბა თებერვალ-მარტშიც დაიწყოს.

აუდიო ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები