LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზი არველაძე: „ფეხბურთი ძალიან რთულად პროგნოზირებადი თამაშია, თუმცა ვფიქრობ, მაინც „რეალი“ გახდება ჩემპიონი“

5

გადაცემის ლაივი LIVE

7 მაისს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ ვეტერანი ფეხბურთელი რეზი არველაძე სტუმრობდა.

პროფესიონალური კარიერა რეზომ თბილისის „დინამოში“ დაიწყო და ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში ევროპის კლუბებში გააგრძელა, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კი, 11 მატჩი ჩაატარა. 2009 წელს რეზომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის პოსტი ჩაიბარა, მოგვიანებით კი, საქველმოქმედო ორგანიზაცია Arveladze Foundation დააფუძნა.

– რეზო, როდის დაარსდა საქველმოქმედო ორგანიზაცია Arveladze Foundation და რა არის მისი მთავარი მიზანი?

– საქველმოქმედო ორგანიზაცია დიდი ხანია არსებობს, თუმცა ბოლო სამ წელიწადში უფრო ორგანიზებული სახე მიიღო. მართალია, ფონდი მხოლოდ საფეხბურთო თემებზე მუშაობს, მაგრამ როგორც ყველა საქველმოქმედო ორგანიზაციას, ჩვენც შეგვიძლია გამონაკლისის დაშვება. ფონდის საქმიანობას ძირითადად ქვეყნის ნაკლებად განვითარებულ რეგიონეში უფასო საფეხბურთო სკოლების გახსნა წარმოადგენს, უამრავ ფეხბურთზე შეყვარებულ გოგონასა და ბიჭუნას სურს ჩვენს სკოლაში სწავლა, 500-ზე მეტმა კი, უკვე გაიარა ერთგვარი „საფეხბურთო თერაპია“. გარდა ამისა, ყოველწლიურად ვმართავთ გრანდიოზულ ფესტივალებს, გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იქნება და ივნისის დასაწყისში ყველას მუხრანში დავპატიჟებთ.

– მრავალწლიანი კარიერის მანძილზე, რომელ კლუბს გამოარჩევდით ყველაზე მეტად?

– რა თქმა უნდა, საქართველოს უძლიერეს კლუბს – თბილისის „დინამოს“, სადაც საუკეთესო წლები გავატარე და არაჩვეულებრივი მეგობარი შევიძინე. უმარავი გამარჯვება მოვიპოვეთ და ვფიქრობ, ღირსეულად გაავაგრძელეთ მათი გზა, ვინც დღეს ქართული ფეხბურთის სიამაყედ ითვლება.

– რატომ გადაწყვიტეთ ფეხბურთელობა?

– არჩევანი ფეხბურთის სიყვარულმა და იმ გარემომ განაპირობა, რომელშიც გავიზარდე, რადგან შეუძლებელი იყო 1970-1980-იანი წლების თბილისში ფეხბურთი არ გყვარებოდა. საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ფეხბურთის სწავლასთან შეთავსება, განსაკუთრებით ინსტიტუტში ჩაბარების წელს გამიჭირდა, თუმცა, ნიჭის, შრომისმოყვარეობისა და ფეხბურთის სიყვარულით ყველა სირთულე დავძლიე, უმაღლესშიც ჩავაბარე და „დინამოშიც“ მოვხვდი, მერე კი, საზღვარგარეთ გავაგრძელე თამაში.

– რამდენიმე წლის წინ, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მოხვედრას ნატრობდით. დღეს როგორ შეაფასებთ ქართულ ფეხბურთს?

– ვფიქრობ, გათამაშების ახალი რეგლამენტის წყალობით, 2020 წელს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის მართლაც უნიკალური შანსი გავქვს, რომლის ხელიდან გაჩვება არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება.

– რამდენად დამღლელია თქვენთვის პოპულარობა?

– ვფიქრობ, მხოლოდ ის იღლება, ვინც ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარ პოპულარობას. ჩემი აზრით, პოპულარობა ერთის მხრივ, პატივისცემის და დაფასების გამოხატვის, მეორეს მხრივ კი, ამ დაფასების უკან დაბრუნების საუკეთესო საშუალებაა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი ყოველთვის ის დაუბრუნო ადამიანს, რასაც მისგან გრძნობ.

– რა პროფესიას შეითასებდით სიამოვნებით?

– ზოგადად, ფეხბურთის მართვა საკმაოდ რთულია და უამრავ პროფესიას აერთიანებს. თუმცა, სიამოვნებით ვიმუშავებდი დიპლომატიის სფეროში. მართალია, ისეთ რთულ რეგიონში როგორიც ჩვენია, გამოუცდელობის გამო ცოტა გამოიჭირდებოდა, მაგრამ განვითრებულ ქვეყანაში, სადაც უამრავი კულტურული და სპორტული ღონისძიება ეწყობა, სიამპოვნებით გავაცნობდი ჩემს ქვეყანას უცხოელებს.

– ყველასთვის კარგადაა ცნობილი თქვენი იუმორის გრძნობა, საინტერესოა, როდის კარგავთ ხუმრობის ხალისს?

– მიზეზი საკამოდ ბევრია. როცა ბარსელონა, შოთის გუნდი ან არგენტინის ნაკრები მარცხდება ხუმრობის ხასიათზე ნამდვილად არ ვარ, თუმცა საკუთარი თავის კონტროლს არასდროს ვკარგავ.

– რა შეკითხვა  გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?

– ძალიან მაღიზიანებს, როცა მეკითხებიან, გვეშველება თუ არა რაიმე.

– გიყვართ თუ არა კერძების მომზადება?

– ჩემი ქალბატონები – მეუღლით დაწყებული, დედით და სიდედრით დასრულებული, ყველა ჩემს გამოკვებაზე ზრუნავს და საბედნიეროდ, არასდროს მიწევს კერძების მზადება.

– გაქვთ თუ არა საყვარელი კერძი?

– ძალიან მიყვარს ქართული სამზარეულო, თუმცა სიამოვნებით გადავფრინდებოდი ევროპის რამდენიმე ქალაქში, კარგ ფეხბურთს ვუყურებდი, გემრიელად ვივახშმებდი და უკან დავბრუნდებოდი.

– ხართ თუ არა კოლექციონერი?

– არაფრის შეგროვება არ მიყვარს, თუმცა აჩემება მჩვევია. მაგალითად, თუ ავტორის ერთ ნაწარმოები წავიკითხე, მერე დანარჩენებით ვინტერესდები და მათაც აუცილებლად ვკითხულობ.

– რას აფასებთ ადამიანში ყველაზე მეტად?

– ძალიან მიყვარს კეთილი, მოსიყვარულე ადამაინები კარგი იუმორის გრძნობით და ძალიან არ მიყვარს უმადურები, ან ისინი, ვინც თანამდებობის მიღებასთან ერთად იცვლებიან და „ფუჭდებიან“.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ძალიან სწრაფად. ვფიქრობ, ყოველთვის სწრაფად უნდა გადაწყვიტო და არ შეგეშინდეს შეცდომის დაშვება, რადგან უშეცდომო არავინაა.

ბლიცკითხვები:

– ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი ვისაც, მოედანზე შეხვედრიხართ?

– ძალიან ბევრია ასეთი როგორც ქართველ, ისე უცხოელ ფეხბურთელებს შორის.

– რატომ  ვერ მიაღწია თქვენმა თაობამ იმ წარმატებას, რასაც მისგან ელოდნენ?

– საკმაოდ რთული შეკითხვაა, რომელსაც ასე სწრაფად ვერ ვუპასუხებ. მართალია, ჩვენმა თაობამ უზარმაზარი სიამოვნება მიანიჭა გულშემატკივარს, მაგრამ ვერ უზრუნველყო სასურველი შედეგი.

– დღეს რომ თამაშობდეთ გექნებოდათ თუ არა წარმატების მეტი შანსი?

– არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს ჩვენ ყველაზე კარგები ვართ, თუმცა უდავოდ მეტი შანსი გვექნებოდა.

– რომელია თქვენი საყვარელი მატჩი?

– რა თქმა უნდა, „რეალისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირება.

– თქვენი აზრით, რამდენბად გამართლებულია თანამედროვე ტექნოლოგიების ფეხბურთში ჩარევა?

– ვფიქრობ, მხოლოდ ნაწილობრივაა გამართლებული, რადგან ყველაფრის ტექნიკისთვის მინდობა და ადამაინის სრულად უგულველყოფა – დაუშვებელია.

– ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგის ფინალს, „რეალი“ თუ „ლივერპული“?

– ფეხბურთი ძალიან რთულად პროგნოზირებადი თამაშია, თუმცა ვფიქრობ, მაინც „რეალი“ გახდება ჩემპიონი.

– კლუბის მფლობელი რომ იყოთ, რომელი სამი ფეხბურთელის ხილვას ისურვებდით საკუთარ გუნდში?

– სიამოვნებით ვითანამშრომლებდი ლიონელ მესისთან, ნეიმართან და დევიდ დე ხეასთან.

– წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე თუ გყავთ ფავორიტები?

– უამრავი კარგი ნაკრები თამაშობს, თუმცა რთული სათქმელია ვინ აღმოჩნდება უძლიერესი.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– არაფრის ხატვა არ მეხერხება, მხოლოდ ფეხბურთის კარის ხატვა გამომდის კარგად.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– მთავარი ნიჭი, დაუღალავი შრომა და საკუთარი საქმის სიყვარულია. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია კარგი და კეთილი საქმეების კეთება, რადგან თუ ადამიანს თავი ნეგატიური აზრებით აქვს დატვირთული, როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყოს, მაინც ვერ შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზებას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები